[მერაბ ბრეგაძე]
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საია-ს მტკიცებით, მაქსიმალური სასჯელის ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა აშკარა არაპროპორციულობაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს 117-ე და 118-ე მუხლებს, რომელიც ეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებებს, ასევე 109 მუხლს - განზრახ მკველობას. ყველა დასახელებულ ნორმაში ცალკე დამამძიმებელ გარემოებებად მოყვანილია მსხვერპლის, ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ქმედების ჩადენა.
ეს ნიშნავს, რომ პოლიციელის ან ხელისუფლების ორგანოს სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფა უნდა დაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი შესაბამისი მუხლებით, რაც ითვალისწინებს გონივრულ სასჯელებს. უვადო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ განზრახ მკვლელობის შემთხვევაშია გათვალსწინებული.
ცვლილების თანახმად კი, ეს სასჯელი შესაძლებელია გავრცელდეს ყველა ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების არსებობისას, მაგალითად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისასაც კი, რაც აშკარად არაპროპორციულ მიდგომას აკანონებს, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება სასჯელის გამოყენების მიზნებს და პრინციპებს.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას ან ხელმძღვანელობას, ანდა მასში მონაწილეობას. კანონპროექტის სიახლე მდგომარეობს დამატებით უკანონო ფორმირების დაფინანსების კრიმინალიზაციაში, რაც მიზანშეწონილია, თუმცა პრობლემას წარმოადგენს თავად ფორმირების ცნების ახლებური განსაზღვრება.
„ახალი რედაქციით, ფორმირების ცნება ფართოდაა განმარტებული. უკანონო ფორმირებაში, გარდა იარაღისა, სხვა ნივთებით შეიარაღებაც იგულისხმება. კერძოდ, დღეს არსებულ ჩამონათვალს ემატება ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით შეიარაღება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად. ფორმირების ცნების ამგვარი განვრცობით იქმნება ნორმის არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაციის საფრთხე, რაც დაუშვებელია“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
განმარტებები ასოციაციამ პარლამენტს გადაუგზავნა.
ამ თემაზე „პრესაგე.ტვ“ ექსპერტ–კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
ვახტანგ ხმალაძე: დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლად პრინციპში ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე შეგვიძლია მივიჩნიოთ. საუბარია ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ორ, განსაკუთრებით მიუღებელ საკითხზე მივაქცევდი ყურადღებას. პირველ რიგში, ეს არის სასჯელის სიმძიმე. ასეთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა.
ქონებისთვის ზიანის მიყენება კი შეიძლება იყოს, მაგალითად, ამ პირთა ავტომანქანის გაკაწვრა, მათი საცხოვრებლისთვის კვერცხის სროლა, რის გამოც შენობა დაისვარება და შეიძლება, ეს ზიანის მიყენებად ჩათვალონ. უმნიშვნელო ზარალის მიყენებაც კი, მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, რაც აშკარად არაპროპორციული დამოკიდებულებაა.
პროპორციულობა აქ როგორ უნდა განისაზღვროს?
– სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის სასჯელის ზომასთან შედარებით. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებით, აშკარად გადამეტებული სასჯელი წესდება.
მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება ისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე სხვა პირის მიმართ. მაშინ, ასეთი პირის მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულიც უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ვიდრე სხვა პირის მიერ ჩადენილი ქმედება.
ასეთი დიფერენცირებული მიდგომა შეიძლება გავრცელდეს ხელისუფლების მხოლოდ ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებზე, მათი საქმიანობის სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე. მაგრამ, ეს არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერი საჯარო მოხელის მიმართ.
დაცვის ამგვარი მაღალი ხარისხის გავრცელება საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, ფაქტობრივად ხელშეუხებელთა კასტის ჩამოყალიბებას ნიშნავს, რაც საზოგადოებისთვის უაღრესად სახიფათო ტენდენციაა.
რა ხიფათს შეიცავს ეს ნაბიჯი?
– საკმარისია ადამიანი ამ კასტის წევრი აღმოჩნდეს, რომ იზრდება მისი დაცვის ხარისხი და სამაგიეროდ, არ ეკისრება პასუხისმგებლობა, ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამით, საზოგადოების ორი სახის მოქალაქეებად დაყოფა ხდება. ვინც საჯარო სამსახურში არიან და ვინც - არ არიან. პირველი უფრო დაცული ხდება, მეორე ნაკლებად.
ასეთი ნორმა საჯარო მოხელეთა უფრო მეტ თავაშვებულობას გამოიწვევს, საკუთარი თავის აღქმას, რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანებად, რომლებიც სხვებზე გაცილებით მაღლა დგანან. მით უფრო, ამ ნორმის გავრცელება ოჯახის წევრებზე არ შეიძლება.
რაც შეეხება უკანონო ფორმირების ცნების გაფართოებას?
– განსაზღვრებაში მითითებულია, რომ უკანონო ფორმირებად ჩაითვლება ნებისმიერი ჯგუფი, რომელსაც აქვს შემდეგი ჩამონათვალი – იარაღი, ცივი იარაღი, ნერვულ–პარალიტური გაზი და სხვ. საუბარია ისეთ საგნებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ან მათი საკუთრებისთვის ზიანის მისაყენებლად.
ამ ჩამონათვალში კი ხვდება ყველაფერი, მათ შორის წვეტიანი ფანქარი, კალმისტარი, სათვალე და ნებისმიერი სხვა საგანი. უტრირებას მოვახდენ, მაგრამ ამ ნორმაში ასეთი უტრირებაც გვხვდება - მაგალითად, ხუთი კაცი სადღაც ერთად მივდივართ. ხუთივე სათვალეს ვატარებთ. შეუძლიათ გაგვაჩერონ, თქვან, რომ სადღაც, დანაშაულებრივი მოქმედების შესასრულებლად მივდივართ, რომ ამის თაობაზე ოპერატიული ინფორმაცია აქვთ (ინფორმაციის წყაროს ამ დროს არავინ ასახელებს) და ჩვენ ჯიბეში ისეთი საგანები გვაქვს, რომლითაც სხვისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეგვიძლია. რა საგანია? ეს არის სათვალე.
ყველას გვახსოვს ფილმი ნათლია, სადაც ერთი პირი მეორეს სათვალის საყურით კლავს. ერთი შეხედვით აბსურდია, მაგრამ აღნიშნულ ნორმაში ამის დანახვაც ადვილად შეიძლება. ამიტომ, მსგავსი ნორმების კანონში ჩაწერა უაღრესად სახიფათოა, ეს ხელისუფლებას კანონიერ შესაძლებლობას მისცემს, რომ უსამართლოდ მოახდინოს დანაშაულის ინკრიმინირება, დანაშაულის დაბრალება სხვადასხვა პირისთვის, თუ პირთა ჯგუფისთვის, ყველაზე ცუდი გაგებით, ამას პოლიციური სახელმწიფო ჰქვია.