აუდიტის სამსახურის ინფორმაციას, რომ მმართველ გუნდს საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმით ხსნის, რომ ოპოზიცია, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები შემოსავლებს და ხარჯებს მალავენ. როგორც კობახიძე ამბობს, ოპოზიციას, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა უკვირდეს, როცა ბიზნესი „ქართულ ოცნებას“ 8 მილიონ ლარს წირავს.
„თუ ოპოზიციას უკვირს ის, რომ დაახლოებით 8 მილიონი მიიღო ქართულმა ოცნებამ ბიზნესისგან, ეს მათი პრობლემაა. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში 2012 წლამდე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. დღეს ბიზნესი თავისუფალია და იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი 8 მილიონ ლარს წირავს ქართულ ოცნებას საარჩევნო მიზნებისთვის, ეს ოპოზიციას, განსაკუთრებით კი ნაციონალურ მოძრაობას, ბუნებრივია, არ უნდა უკვირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემომწირველი მმართველ გუნდს ჰყავს. შემოსავლებით პირველ ადგილზე არის „ქართული ოცნება“, მეორეზე „ევროპული საქართველო“ და მესამე „პატრიოტთა ალიანსი“. აუდიტის სამსახურში უკვე მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა და დგინდება შემომწირევლთა შემოსავლების წყაროები.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შეფასებით, ნორმალურია ის, რომ მმართველ გუნდს ყველაზე მეტი შემომწირველები ჰყავს. კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღებია.
აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნებას“ ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს მიღებული შემომწირველების სახით, მერობის კანდიდატის განმარტებით, უცნაური არაფერია.
„ნორმალური არის ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ ვართ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, ჩვენ ეს გვესმის, ვაანალიზებთ ყველაფერს და ვგეგმავთ მოგვარების გზებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ასე არ ფიქრობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, როცა 12 მილიონი ლარიდან 11 მილიონს „ქართული ოცნება“ მიიღებს შემოწირულობის სახით, საუბარი სამართლიან არჩევნებზეა არ შეიძლება. გოცირიძის გათვლებით, „ქართულ ოცნებას“ სულ მცირე 100 მილიონი ლარი აქვს დახაჯული არალეგალურად.
„აქედან ნაწილი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ფავორიტი კომპანიების შავი ფულია, ნაწილი - ბიზნესისათვის დაშინებით ხარკად შეწერილი ხარკი.ის მწირი თანხები, რაც აუდიტის სამსახურის მიერ არის ნაჩვენები „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის საწარმოებლად, პარტიის ერთგული შემომწირველების თანხებია, ხოლო დანარჩენი არის პარტიის ქონების გაყიდვის გზით მიღებული შემოსავალი. გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი.
იყიდება სხვა ოფისებიც, მათ შორის პარტიის მთავარი ოფისი აეროპრტის გზაზე. ხელისუფლებას დატერორებული ჰყავს ბიზნესი და სჯის ოპოზიციის კანონიერად დაფინანსების შემთხვევაში. არჩევნები არასამართლიანია უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას, არამედ ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ რომელმაც აუდიტის სამსახურის ინფორმაციით 931,083.95 ლარი მიიღო, პარტიის წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, თანხა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეწირა, დეპუტატებმა კი მნიშვნელოვანი სესხიც აიღეს.
„საქმე გვაქვს კოლოსალურ დისბალანსთან, როცა 90%-ზე მეტი ყველა შემოწირულობისა მიემართება ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. არაერთი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ ხშირად რამდენიმე დღის შექმნილი კომპანიები, რომლებიც უტენდეროდ იღებენ კონტრაქტებს, შემდეგ ახდენენ შემოწირულობებსქართული ოცნების მისამართით და ეს არის კორუფცია.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ - პარტიას დაახლოებით 13 000 წევრი ჰყავს და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოტივირებული წევრები გვყავს, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა, ზოგმა - 500, ზოგმა 1 000 ლარი, პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხიც აიღო, რადგან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ კატაკლიზმების გარეშე ჩამოშორების გზაზე“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ოპოზიციური პარტიების მიერ შემოსავლების და ხარჯების არასათანადოდ დეკლარირებასთან, დაკავშირებით, აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებას აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი არ გამორიცხავს ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის არსებობს. მისივე თქმით, უწყება მისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც აქტიურად მუშაობს.
„შესაძლებელია, რომ პოლიტიკაში არსებობს შავი ფული. ვმუშაობთ ამის აღმოჩენაზე, მაგრამ იმის დიდი რესურსი არ გვაქვს, რომ ადგილზე შავი ფული აღმოვაჩინოთ. გვაქვს გარკვეული საკითხები, მცდელობები ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე არის სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც ვსწავლობთ და რომელზეც შესაძლებელია იყოს არადეკლარირებული ხარჯი გაწეული“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
ქართულ პოლიტიკურ ველზე შავი ფულის არსებობას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, გასაკვირი იქნებოდა, რომ შავი ფული არ იყოს იმ ქვეყანის პოლიტიკაში, როცა ყველგან შავი ფულია,
„მეორეს მხრივ, დაფინანსების დამალვა არ უნდა აწყობდეს პარტიებს იმიტომ, რომ პარტიისთვის ეს ირიბი რეკლმაა. პარტია, რომელსაც ბევრი დამფინანსებლები ჰყავს, მინიმუმ ბიზნესწრეების ყურადღებას იმსახურებს. თუ პარტიას ცოტა დამფინანსებელი ჰყავს და იცით, რომ ერთ-ერთ პარტიას 25 ლარი ჰქონდა შეწირული, ეს უკვე მიუთითებს, რომ პარტია არ ვარგა. რომ აზვიადებდნენ, ეს უკვე გასაგები იქნებოდა. მაგრამ დამალვა? - ეკონომიკური თვალსაზრისით აზრი აქვს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან წამგებიანია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ყოველთვის იყო შავი ფული, თუმცა მისი თქმით, შავი ფულის საჭიროების წინაშე არ დგას მმართველი პარტია, რომელიც სერიოზულად დაფინანსებული პოლიტიკური მოძრაობაა.
„მმართველი ძალა ნაკლებად სჭიროებს შავი ფულის გამოყენებას. ბუნებრივია, რომ ოპოზიციას ამის საჭიროება აქვს და, როგორც ჩანს - შესაძლებლობაც. ცხადია, სამართალდამცავმა სისტემამ და იგივე აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლონ ეს საკითხი. აუდიტის სამსახურის ვადებულებაა საარჩევნო თანხების კონტროლი და ეს აშკარაა.
შავი ფულის როლი პოლიტიკური მნიშვნელობის არ უნდა იყოს. იმდენად მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, არჩევნებზე ზეგავლენა რომ მოახდინოს. არა მგონია, რომ იმდენად დიდი ფაქტორი იყოს, რომ ამან არჩევნების შედეგებში რამე შეცვალოს. რა თქმა უნდა, შავი ფული არის საქართველოში. მაგრამ დემოკრატიის განვითარების კვალდაკვალ შავი ფულის მოძრაობა შეცოტავდება დაეს გზები გადაიკეტება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.