21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 74 მედია ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან დაახლოებით 20 000, ხოლო საერთაშორისო მისიებიდან დაახლოებით 600 დამკვირვებელი დააკვირდება.
ორ დღეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. წინასაარჩევნო გარემო, ყველა სხვა არჩევნებთან შედარებით, მშვიდ გარემოში ვითარდებოდა. ამასვე ადასტურებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი, რომლის განცხადებით, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია და იმედოვნებს, რომ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეს და მათ შორის, არჩევნების დღესაც ყველა შეძლებს ხმის მიცემის უფლების განხორციელებას ძალადობისა და დაშინების გარეშე.
„როგორც წინასწარ ანგარიშში აღვნიშნეთ, გვინდა დავინახოთ უფრო მეტი კონკურენცია, დებატები, რომ უფრო მეტი საკითხი იყოს წამოჭრილი, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ თუ რა არჩევანი აქვთ“, - აცხადებსლორა თორნტონი.
წინასაარჩევნო გარემო შეფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, რომლის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. მაგრამ მისი თქმით, არის გარკვეული პრობლემები, რომელიც სოციალური ქსელებით აგიტაციას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება.
„ფაქტი, რომ საჩივრების რაოდენობა მცირდება, ძალიან კარგი მაჩვენებელია. ძალიან მშვიდია გარემო, თუმცა, არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ძირითადად, უკავშირდება სოციალური ქსელებით აგიტაციის საკითხებს, ამავდროულად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა რეაგირება და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მომავალში კიდევ მეტად გვჭირდება გაუმჯობესება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
კარგ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს აშშ-ის ელჩიიან კელი და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის კიდევ ერთი ნაბიჯი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს, ასევე, ეუთო -ს ჰყავს ძალიან დიდი სადამკვირვებლო მისია, რომელიც დააკვირდება აღნიშნულ არჩევნებს და ჩვენ გვაქვს ახლო თანამშრომლობა და კონტაქტი მათთან. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, იგი არის კარგი, შევაფასებდი ასე. კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მხარეებთან, ასევე, კონტაქტი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხებზე.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მოგეხსენებათ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არის წამყვანი ამ კუთხით და მათ აქვთ კონკრეტული სტანდარტები, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. შესაბამისად, ისინი დააკვირდებიან პროცესებს, შეაფასებენ და ჩვენ შეფასებებში სწორედ მათ დავეყრდნობით“, - განაცხადა იან კელიმ.
მიუხედავად ამ შეფასებისა, ქართული ოპოზიცია არაკონკურენტულ გარემოზე, ძალადობაზე და ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. ასევე, ოპოზიციის ლექსიკონში გაჩნდა ფრაზა - „წინასარევოლუციო ვითარება“. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიცია შეეცდება უმართავი პროცესების აგორებას და ამ გზით ქვეყანაში რევოლუციური ვითარების შექმნას, მაგრამ 2003 წლისგან განსხვავებით, 2017 წელს მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნებათ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეალობას არ უწევენ ანგარიშს. ხშირად ამბობენ იმას, რაც თვითონ უნდათ, მაგრამ დამაჯერებელი არ არის ამომრჩევლისთვის. შედეგად კი როგორც საყვარელიძე აცხადებს, მათი რეიტინგი ეცემა.
„რამდენიც არ უნდა იყვირონ „რევოლუცია!!!“ - თუ მოსახლეობაში არ არის რევოლუციური განწყობა, ვერ მოხდება ვერანაირი რევოლუცია, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ კიდევ უფრო დაეცემა მათი რეიტინგი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა.ზოგადად ხალხში არ არის ისეთი განწყობილება, როგორიც, მაგალითად, მასმედიაში. ამ არჩევნებზე პოლიტიკური ძალების ძალიან დიდი კონცენტრაციაა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამიტომ, სავარაუდოა, რომ დაბალრეიტინგიანი პარტიები ეცდებიან ყურადღების ცენტრში მოექცნენ სწორედ უზრდელობით და უხეშობით“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ ოპოციაცია ავრცელებს ინფორმაციას არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, სრულიად არალოგიკური განცხადებაა.
„არჩევნებს აყალბებს ის, ვისაც წაგების საფრთხე ემუქრება. ყველა რეიტინგებით ხელისუფლებას ძლიერი პოზიციები აქვს. გაუგებარია, რატომ უნდა გააყალბოს არჩევნები. მიუხედავად იმიას, რომ გაუგებარია, ამ განცხადებას მაინც აკეთებენ. რაც აშკარადიმის ძახილია, რომ მერე ქუჩაში გამოვიდნენ და დაიწყონ 2003 წლის სცენარით მოქმედება. 2003 წელს საფუძველიც მეტი იყო და მეორეც, თვითონ მათ მოქმედებას ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა.
გახსოვთ, რამხელა რეიტინგები ჰქონდათ გათვლილი „ვარდების რევოლუციის“ მონაწილეებს, იგივე „კმარა“ და ა.შ. სწორედ იმისთვის, რომ კარგად ჩაეტარებინათ „რევოლუცია“. დღეს, ამ „რევოლუციას“ რომელიც ალბათ ბევრისთვის სასურველია, რომ ამ წელს მოხდეს, მომხრე არ ჰყავს, არც უცხოეთში და არც მოსახლეობის ფართო ფენებში. ასე რომ, „რევოლუციის“ მცდელობა იქნება, შედეგი - არა.ინციდენტები იქნება, იმიტომ, რომ არსებობს დაინტერესებული მხარე, რომელსაც აწყობს ინციდენტები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი ამბობს, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამახასიათებელი არ არის, ისეთი მძაფრი დაპირისპირება და ექსესები, როგორც წინა წლებში. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია ხდება, აღარ არის ის პერიოდი, როცა წესრიგის გარეთ გადიოდა პოლიტიკური დაპირისპირება.
„ბუნებრივია, ეს - პროგრესია. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ეს არის სრულიად ხელოვნური. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამომრჩევლის ყურადღება მიიქციონ. არავითარი რევოლუციური სიტუცია არ არის. ცხადია, რომ თბილისის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ივანიშვილის მიერ ქონების შეძენას გუსიხმობს, ცდილობენ სკანდალის აგორებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საბაბი იმისათვის, რომ მასობრივი საპროტესტო მოძრაობა დაიწყოს. რაც არ უნდა ეცადონ, ასეთ ტალღას ვერ ააგორებენ.
ეს ბოლო აქციამაც დაადასტურა. ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა თავისი მომხრეები, მაგრამ რეალურად ეს ძალიან მცირერიცხოვანი იყო. ნაციონალების მეთოდიც ეს არის - ხალხი დააბნიონ, აიყოლიონ, ბრბოდ აქციონ და ეს ბრბო არის სწორედ ის ძალა, რომელიც მათ ძალა-უფლებისკენ გზას გაუხსნის. მაგრამ ქართველი ხალხი უკვე არ დაიბნევა ისე, როგორც 2003 წელს. შეუძლია მიაღწიონ იმას, რისი იმედიც აქვთ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, უკანასკნელი დღეების რეალობა გვაფიქრებინებს, „ქართული ოცნება „დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენს ლექსიკონში კვლავ აღმოცენდეს ტერმინი ბელადი, რომელიც სტალინის ჰეგემონიის შემდეგ არ გაგებულა ჩვენში. ამ პარტიულ ერთიანობას მკაფიოდ გააჩნია საკუთარი ბელადი. მისი თქმით, მეოცნებეთათვის იმდენად კარს მომდგარი არჩევნები არ არის საინტერესო, რამდენადაც ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რომ ბელადი აღიარებული იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ, რათა მისთვის შემდგომი ნაბიჯები არ გახდეს რაიმე სახის პროტესტის საგანი.