ხათუნა ლაგაზიძე: „კალაძე შეიძლება იქცეს განტევების ვაცადაც და „ქართული ოცნების“ წარმატების  სიმბოლოდაც“

ხათუნა ლაგაზიძე: „კალაძე შეიძლება იქცეს განტევების ვაცადაც და „ქართული ოცნების“ წარმატების სიმბოლოდაც“

წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული და კანდიდატებმა საკუთარი თავის გამოვლენაც შეძლეს ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ მაინც რჩება განცდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პოლიტიკოსები განიხილავენ როგორც ტრამპლინს, მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს მომენტი ხომ არ აკნინებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას, როგორ დალაგდება და გადალაგდება პოლიტიკური ფიგურები ამ მეტად მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე აფასებს.

მთელი წინასაარჩევნო კამპანიისას, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში, პოლიტიკური სუბიექტების თუ კანდიდატების წინასაარჩევნო ბრძოლების მიღმა იკითხება, რომ გადამწყვეტი ომი არა რამდენიმე დღეში, არამედ 2020 წლისთვის გველის. ეს ტენდენცია ხომ არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია?

-ვერ ვიტყოდი, რომ ამ არჩევნებს მონაწილეები, მერობის კანდიდატები ან პოლიტიკური სუბიექტები ნაკლებად მნიშვნელოვან დატვირთვას ანიჭებენ; უფრო მეტიც, რაც არჩევნები მახსოვს, კანდიდატები ყველაზე კარგად არიან მომზადებული, ყველაზე კვალიფიციურად და პასუხისმგებლიანად და, სხვათა შორის, არა ერთ რომელიმე კანდიდატზეა საუბარი.

ანუ, ეს არის არჩევნები, სადაც ყველაზე ნაკლები ადგილი ეთმობა პოპულიზმს, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, და ყველაზე მეტი - კონკრეტულ ხედვებს.

თავს არ დავდებ იმაზე, რომ ეს ხედვები ისე აქვთ წარმოდგენილი, ყველა თეთრი აქვთ გაწერილი და იციან, ამ ხარჯებისთვის ფინანსები საიდან უნდა მოიპოვონ - ასე ღრმადაც არ შეუწუხებიათ თავი, მაგრამ პრობლემატიკას რომ ხედავენ, უფიქრიათ მასზე და აქვთ ხედვები, ამას როგორ უნდა მოევლოს, ეს ცხადია.

ვერ ვიტყვით, რომ ვიღაც ზერელედ უდგება ამ არჩევნებს… ვერც ხელისუფლებას დავწამებთ ამას და ვერც ოპოზიციას - ძირითად მოთამაშეებზე ვლაპარაკობ.

ისინი, ვინც საბიუჯეტო დაფინანსებისთვის იბრძვიან და მარტო იმისთვის მონაწილეობენ არჩევნებში, რომ კიდევ ერთხელ კვალიფიციური სუბიექტები გახდნენ, ცალკე თემაა.

როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლება აფათურებს ხელებს ბიუჯეტში, არანაკლებ მზაკვრულად აფათურებენ ბიუჯეტში ხელებს ის ერთკაციანი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ფაქტობრივად, ამომრჩევლის ჯიბიდან იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. წინასწარ იციან, რომ წაგებულ თამაშზე მიდიან, მაგრამ 5-6 პარტია ერთიანდება ბლოკად, რომელიც ხდება კვალიფიციური სუბიექტი და ამ გზით იღებენ ბიუჯეტიდან ფულს. ფაქტობრივად ეს დანაშაულებრივი მიდგომაა ე.წ. ქარვასლის პოლიტიკოსების მხრიდან ამომრჩევლის მიმართ. ამათ წინასაარჩევნო „გასეირნებას“ ყურადრებას არ ვაქცევ და ვსაუბრობ იმ მსხვილ ფიგურებზე, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ არჩევნებისთვის სამზადისს.

ის, რომ ეს არჩევნები საპარლამენტო არჩევნების ტრამპლინად განიხილება, ესეც სრულიად ბუნებრივია იმიტომ, რომ ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე როგორი ფართო ლეგიტიმაციითაც არ უნდა იყოს მოსული, თუნდაც თბილისის მერი, ვერ შეძლებს, განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, თუ მას არ ექნა წვდომა ცენტრალურ ბიუჯეტთან.

აქედან გამომდინარე, ფორმალური იქნება ძალაუფლება, თუ ცენტრალურმა ბიუჯეტმა ტრანსფერები არ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში. ამიტომაც,პოლიტიკოსებისთვის გასაგებია, რომ თუ არ მოიგეს საპარლამემნტო არჩევნები, თუ არ ექნებათ წვდომა ბიუჯეტზე, აზრი არაქვს ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლას და ეს მთელ მსოფლიოში ასეა.

საკმაოდ საინტერესო ფიგურები იბრძვიან დღეს თბილისის მერობისთვის და განსაკუთრებით, დებატების დროს შეძლეს ეს საზოგადოებისთვისაც დაენახებინათ. არ ვგულისხმობ, ვინ მოიგებს არჩევნებს, ვინ - მეორე-მესამე პოზიციაზე გავა - თქვენი შეფასებით, რომელი კანდიდატები გამოირჩევიან?

- ელენე ხოშტარიაზე ვიტყოდი, რომ ის არის მომავლის პოლიტიკოსი, მაგრამ მისთვის მძიმე ტვირთია მისი პარტიის ლიდერების ნაციონალური წარსული; ამ არჩევნებშიც მისი პარტია უფრო ბარიერია, ვიდრე წინსვლის მექანიზმი. თუმცა ის ნამვილად არის იმ იშვიათ პოლიტიკოსთაგანი, რომლებიც მოდიან საქმის საკეთებლად. მართლაც იდეური პოლიტიკოსია და რასაც იტყვის, იმ სიტყვის შემსრულებელია - ქართველი პოლიტიკოსისთვის იშვიათი თვისებებით არის შემკული, მაგრამ როგორც ვთქვი, მისი პარტია მისი ტვირთია, თუმცა, ამ არჩევნებმა უფრო უკეთ დაგვანახა მისი ქარიზმაცა და ინტელექტიც. ამიტომაც ვამბობ, რომ მომავალში ძალიან კარგი შანსები აქვს, თუმცა ვგულისხმობ პერსონალურად მას და არა მის პარტიას.

კიდევ ერთი სახე, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიამ გამოკვეთა, არის გიორგი ვაშაძე, თავისი სრულიად ინოვაციური, დინამიური პროგრამით. დანარჩენი, ყველა კანდიდატის პროგრამა ერთმანეთს ჰგავდა, იმის გამო, რომ აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული თბილისის მერზე, როგორც მეურნეზე და ინფრასტრუქტურული პროექტების იქით არ მიდიოდა არც ერთი.

აქ მოახდინა გარღვევა ვაშაძემ - მან დაინახა თბილისის რესურსი, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთიოს ხიდი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ტექნოლოგიური და ინფორმაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო ნაკადების შემკრების ფუნქცია, რაც შეიძლება, გახდეს ეკონომიკური აღმავლობის ბაზისი.

ვიტყოდი, რომ მისმა საინტერესო ხედვებმა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თამასა რამდენადმე ასწია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ არჩევნებს რამდენიმე გამარჯვებული მერობის კანდიდატი ეყოლება: კალაძე, რომელიც გარანტირებულად თბილისის მერია; გიორგი ვაშაძე, რომელმაც შეძლო სრულიად ინოვაციური ხედვის შემოთავაზება - ამით ადგილი მოინიშნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებში და კვალიფიკაციის თამასაც ასწია და ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც კარგი ბაზისი შეიქმნა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, მათ შორის, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავისი გუნდის წევრებად წარადგინა - ამ ადამიანების მიმართ არავის გაუჩნდება კითხვა, რა უნდათ მათ თბილისის მთავრობაში, მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. თუმცა ამჯერად ისინი თბილისის მთავრობაში ვერ მოხვდებიან, რადგან ელისაშვილი ვერ გახდება თბილისის მერი.

მაგრამ პოლიტიკა დაუსრულებელი მარათონია და ერთწლიანი პერსპექტივით არ იზომება. 2020 წლის არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, ადგილობრივი არჩევნებიდან დამარცხებული არ გამოვა, რადგან ამ არჩევნებზე უკეთეს ბაზისს შეიქმნის ამ დროისთვის.

ზაალ უდუმაშვილს ძალიან მცირე დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ჟურნალისტიდან პოლიტიკოსად გარდაქმნილიყო, პოლიტიკოსად ეგრძნო თავი, ტყავი მოერგო;შესაბამისად, მის წინასაარჩევნო კამპანიასაც ეტყობოდა ეს. თუმცა ბოლო დებატებში მეტი ემოციური მუხტით იყო დატვირთული.

დავით უსუფაშვილსა და მის კანდიდატს რაც შეეხება?

- ერთადერთი, რაც შემოძლია ვთქვა, დავით უსუფაშვილი ყველაზე რაციონალურად და პასუხისმგებლობით უდგება თავის როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში - მან თქვა კიდეც პრეზენტაციისას - რომ დროა, ახალი თაობა შემოვიყვანოთ ქართულ პოლიტიკაში. თუკი ეს მოხდება და ალბათ აუცილებლად მოხდება თაობათა ცვლა პოლიტიკაში, დავით უსუფაშვილი თავისი გამოცდილებით, რაციონალურობითა და პროფესიონალიზმით სწორედ ის პოლიტიკოსი იქნება, რომელიც მომავალს დარჩება, მათგან განსხვავებით, ვისაც დრო თავისთავად ჩარეცხავს.

ამ არჩევნებზე მისმა პარტიამ თავისი სათქმელი ვერ თქვა იმის გამო, რომ მან ვერ მოასწრო განახლება - ანუ ის,რისთვისაც ხელახლა შემოვიდა პოლიტიკაში.

მმართველი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ის ღირსეული კანდიდატია თუ იმიტომ, რომ მმართველმა ძალამ დაასახელა?

- ასე დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ - კალაძე გამარჯვებული კანდიდატია, ვერაფერს გეტყვით, მეორე ტური გახდება თუ არა საჭირო, მაგრამ მას ექნება გამოწვევებით სავსე მმართველობის პერიოდი.

ბოლო დებატებმა აჩვენა, რომ მას ეყოლება ყველაზე მძიმე ოპონენტები კვალიფიკაციის თვალსაზრისით - ისეთი, როგორიც არ ჰყოლია არც ერთ წინამორბედს.

შესაძლოა, თავის დროზე სააკაშვილი უფრო მძიმე ოპონენტი იყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ კალაძეს ელოდება რამდენიმე კვალიფიციური და ძალზე ძლიერი ოპონენტი, რამაც წესით, მას მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს.

ძლიერი ოპოზიციის ხიბლი გონიერი ხელისუფლებისთვის არის ის, რომ მუდმივად ფორმაში ყოფნას აიძულებს და მათრახის როლს ასრულებს. ხელისუფლებაც ცდილობს, რომ ეს მათრახი არ დაირტყას.

რთულია ამ პირობებში იყო ქალაქის მერი თუ სხვა რანგის ხელისუფალი, მაგრამ სწორედ ამ ტიპის ოპონირება გაიძულებს, რაც შეიძლება მეტად დაზღვეული იყო შეცდომებისგან.

მარტივი მმართველობა არ ელოდება, მაგრამ ის, რაც მთავარ გამოწვევად შეიძლება შეფასდეს, მისთვის შესაძლოა, წარმატების მთავარ მაპროვოცირებლად იქცეს. კარგი, თუ ცუდი გაგებით, ჩასაფრებული ეყოლება ყველგან და ყველაფერში.

დამთავრდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კალაძე გახდება მთავარი სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ეცდებიან, მისი ჩაძირვით „ქართული ოცნება“ დაძირონ - ისევ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაინდოს, რომ ვიღაცის დაუსაბუთებელ ამბიციებს არ გადააყოლოს კალაძის მერობა.

რაც შეეხება საკრებულოს, ის ხელისშემწყობი ფაქტორი მისი მერობის გზაზე ვერ იქნება, თუმცა, რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა სახე ნამდვილად შევა „ქართული ოცნების“ სახელით ამ საკრებულოშიც.

ვისურვებდი, რომ კალაძის საარჩევნო კამპანია უფრო დინამიური ყოფილიყო, მეტი ენერგეტიკული მუხტი გამოჩენილიყო და თბილისის განვითარების სტრატეგიული ხედვა რომელიც ვაშაძემ წარმოადგინა, სწორედ კალაძეს წარმოედგინა, მაგრამ ერთია, რას ვისურვებდით და მეორე - მისმა პიარმა რა დაგეგმა.

გასაგებია, რომ აკადემიური კამპანია, რომელიც კალაძეს დაუგეგმეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ რაც უფრო დუნეა კამპანია, მით უფრო ნაკლები ადამიანია მასში ჩართული და უფრო მეტი აქტივობა არც აწყობს კალაძეს ამ არჩევნებზე;

ამიტომაც ჩაიარა აკადემიურად მისმა საარჩევნო კამპანიამ, მაგრამ დებატებმა აჩვენა მისი რეალური სახე - გაცილებით უფრო დინამიური, შემართული და ენერგიული, ვიდრე იყო წინასაარჩევნო პერიოდში; გამოჩნდა ზუსტად ის თვისებები, რაც რეალურად დაჭირდება მერის პოსტზე.

რასაც დებატებზე კალაძემ გაუძლო, ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს იყო სწორი არჩევანი, რადგან ამ წუთას „ქართული ოცნების“ რიგებში არ მეგულება სხვა, ვინც ისეთ მასობრივ ცეცხლს გაუძლებდა, რასაც „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე კალაძემ ღირსეულად გაართვა თავი.

კალაძისთვის გამოწვევა იქნება არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მისივე გუნდის ანაქრონიზმში ჩაძირული ელემენტებიც. შესაძლოა, მის ჭაობში ჩაძირვას შეეცადონ მაშინაც კი, როდესაც ის წინსვლას შეეცდება.

ასე რომ, ორმხრივი ცეხლის პირობებში მოუწევს კალაძეს მერობა, რაც მარტივი არ იქნება, თუმცა - არც შეუძლებელი და გადაულახავი.

სავარაუდოდ, დივიდენდებიც შესაბამისი იქნება...

- ვნახოთ, კალაძე შეიძლება იქცეს განტევების ვაცადაც და„ქართული ოცნების“ წარმატების მთავარ სიმბოლოდაც - ორივე ვარიანტს არსებობის თანაბარი უფლება აქვს, იმდენი ბარიერი ექნება გადასალახი.

ვნახოთ, როგორ დააკომპლექტებს მთავრობას; რაც შეეხება საკრებულოს, ის აგებულია ბალანსის პრინციპით და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის კალაძის ან მხოლოდ მის მიერ დაკომპლექტებული სია. მერიაში ალბათ მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს - აქვს კიდეც საკადრო თავისუფლების მოთხოვნის უფლება.

საკრებულოს შემადგენლობაზე მას პასუხს ვერ მოსთხოვენ, მაგრამ აუცილებლად მოჰკითხავენ მერიის შემადგენლობას.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ოპოზიციური სპექტრი დიდ იმედებს არ იძლეოდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიამ ცოტა სხვა სურათი გვიჩვენა და წინ საინტერესო მოვლენები გველოდება?

- ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. კონკრეტულ პოლიტიკოსებზე ამის თქმა შემიძლია - ისინი მიხვდნენ, რომ საზოგადოების განვითარების დონემ მათი განვითარების დონეს გადაასწრო და ცდილობენ, ამას აუწყონ ფეხი.

მთავარია, რომ პრობლემა დაინახეს, დაინახეს - ის უზარმაზარი ნაპრალი, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებსა და მათ შეთავაზებებს შორის იყო და შეეცადენ, ამ არჩევნებზე ეს ნაპრალი ამოევსოთ.

2020 წლამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი იმისათვის, რომ  პოლიტიკოსები მიხვდნენ, რა ელოდებათ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაპრალის ამოვსებას არ შეეცდებიან. ტენდენცია იმედისმომცემია - პოლიტიკური ლიდერები შეეცდებიან საზოგადოების მოთხოვნებს დაეწიონ.

დებატების დროს კალაძემ თანამშრომლობა შესთავაზა ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც საინტერესო პროექტს შესთავაზებს ქალაქის ხელისუფლებას - ეს საკმაოდ მომგებიანი მანევრი იყო წინასაარჩევნოდ, მაგრამ რეალურად თუ არსებობს ასეთი თანამშრომლობის განხორციელების შანსი? დემოკრატიულობის თვალსაზრისით, შესანიშნავი პრეცენდენტი იქნებოდა...

- არაჩვეულებრივი იქნებოდა, უპრეცენდენტო - ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ ერთია, შეთავაზება და მეორე - მივა თუ არა ოპოზიცია ამ იდეებით. თუ მოქმედი მერი გააკეთებს იმას, რაც ოპოზიციას სურდა და ეს ქალაქისთვის მომგებიანი იქნება, ოპოზიციას სალაპარაკოსაც გამოაცლის.

რამდენად რეალურად იქნება განხორციელების შანსი, ეს მხოლოდ კალაეძზე იქნება დამოკიდებული. კალაძისთვისაც ისეთივე ტვირთი იქნება საკუთარი პარტიის ნაწილი, როგორც მაგალითად, ელენე ხოშტარიასთვის.

დაველოდოთ მოვლენებს, ვნახოთ, როგორ წარიმართება გამარჯვებული კანდიდატის მერობა პირველი 6 თვის განმავლობაში, მთლიანობაში კი კალაძის მერობა ბარომეტრი იქნება შემდგომში პოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის - ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მას ძალზე დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს.