კონკურენტებთან ერთად კალაძეს არასამთავრობოები უპირისპირდებიან

კონკურენტებთან ერთად კალაძეს არასამთავრობოები უპირისპირდებიან

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად 1 ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა, რასაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა. ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 16 საჩივარი შეიტანა, მათგან ერთი დაკმაყოფილდა, 10 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო განხილვაშია 5 საჩივარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა. გიგაური აცხადებს, რომ ეს ადამიანები მმართველი პარტიის შეხვედრებს არასამუშაო დროს ესწრებიან. თუმცა, მისი თქმით, პრობლემურია ის, რომ მათ უწევთ ამ შეხვედრებზე მისვლა და აქვთ შეგრძნება, რომ თუ არ მივლენ, პრობლემები შეექმნებათ.

„ასევე პრობლემატური საკითხია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვების საკითხზე გამოძიების არდაწყება. ეს არის გზავნილი სხვების მიმართ, რომ მათაც შეუძლიათ მსგავსი საქმიანობა გააგრძელონ, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა“, - აცხადებს ეკა გიგაური.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში მოხვდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის მოადგილის ნინო ლომჯარია განთავისულება. ეკა გიგაური ამბობს, რომ ახალი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებამგარკვეული კითხვები გააჩინა, რადგან ლომჯარია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხებს ზედამხედველობდა.

„ეს დადებით გავლენას ვერ მოახდენს პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვა მცირე და დიდ დარღვევებზე იყოს შესაბამისი რეაგირება უწყებების მიერ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეხება ცალკეულ დარღვევებს, ამავე ორგანიზაციის იურისტი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე მეტად პრობლემური იყო.

„ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბურ მობილიზებას. მიუხედავად იმისა, რომ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც საჯაროდ იტყოდნენ, რომ ისინი აიძულეს შეხვედრაზე მისულიყვნენ, ჩვენთან საუბარში რამდენიმე საჯარო მოსამსახურე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მიღებული ინსტრუქციის გამო. საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი მობილიზება, მინიმუმ ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარე „საერთაშორისო გამჭვირვალეობისგან“ ფაქტებით საუბარს ითხოვს.

„სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, რაც ძალიან სამწუხარო, ძალიან არასწორი პრაქტიკაა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქართველოში ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა იყო ერთმანეთთან აბსოლუტურად შერწყმული მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ პრაქტიკას არ მიმართავს "ქართული ოცნება". აქვს ყველანაირი რესური იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ეს არჩევნები ძალიან დამაჯერებლად მოიგოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი არ ადასტურებს ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას. უმარავლესობა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს პარტიულ რესურსს და მაქსიმალურად ცდილობს, კანონი იყოს დაცული. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა სისტემურ პრობლემას ან კანონმდებლობის დარღვევას არ წარმოადგენს. თალაკვაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევის შედეგების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ანგარიშში შესული არ არის ისეთი საკითხები, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კანონმდელობის დარღვევებს ეხება.

„გავეცანი კვლევის მიმოხილვას, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა, რომ კვლევაში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ მედიასთან ხელმისაწვდომობის კუთხით ოპოზიციას რაიმე პრობლემა აქვს. კვლევაში არაფერია ნათქვამი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც როგორც ჩანს, წესრიგშია და ძალიან კარგია.

ასევე არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თბილისში ან რეგიონებში ხელი ეშლება თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართოს შეხვედრები, იქირაოს ოფისები და გააკეთოს ის, რასაც წინასაარჩევნოდ საჭიროდ თვლის. ეს არის უდავოდ მონაპოვარი ბოლო ხუთი წლის, ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მიერ“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმ მთავარი დარღვევების შესახებ, რომელსაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„იკვეთება დარღვევები ოპოზიციის მხრიდან ძირითადად 4 მიმართულებით, ეს არის სააგიტაციო მასალების განადგურება მრავალ მისამართზე, რომელიც დოკუმენტირებულია და ჩვენ გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო მისიას; კვლევაში არაფერია ნათქვამი ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ მადისკრეტირებელ და დეზინფორმირებულ კამპანიებზე სოციალურ მედიაში, რაზეც ათეულობით ლინკი გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო მისიას.

არაფერია ნათქვამი, იმ ფაქტებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩართული არიან კანონის დარღვევით სააგიტაციო კამპანიაში და ზეწოლასაც კი ახდენდნენ რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩეველზე. ასევე, არაფერია ნათქვამი, რომ ჩვენი ოფისების მუშაობის ხელშეშლის რამდენიმე შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფების მხრიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ შუალედური ანგარიშის გამოეხმაურა მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, თუ კონკრეტულ კანდიდატებთან ხალხი არ გამოდის შეხვედრაზე, ეს „ქართული ოცნების“ და პირადად მისი პრობლემა ნამდვილად არ არის.

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ტყუილი. სამწუხაროა, რომ მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდისტული მანქანა ჩართულია იმ კონკრეტული არასამთავრობოების სახით, რომელზეცსაუბრობდით. ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

დღეს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, შეეხება იმ ცრუ ბრალდებებს, პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში წინასარევოლუციო ვითარება შექმნა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში შეკრებილი ე.წ. „ლიდერთა საბჭოს“ წევრები ამბობენ, რომ პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ლიდერთა საბჭოში“ შემავალი პარტიებისთვის პარტიული ინტერესები წინა ხაზზე არ არის წამოწეული. მათი მიზანია მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, რადგან აღნიშნული პარტიებისთვის არსებული პრობლემები საერთოა.

„სრულიად ნათლად ჩანს, რომ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს ყველა შემთხვევაში არჩევნებში გაიყვანოს ბოკერიას პარტია. ვთვლი, რომ ლიდერთა საბჭოს ამ ფორმატს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ერთია, როდესაც ერთი პარტია საუბრობს გაყალბებაზე და სულ სხვა ძალა აქვს, როდესაც რამდენიმე პარტია აფიქსირებს ერთი და იგივე პრობლემას. რატომ ხდება, რომ მერობისა და მაჟორიტარობის მოხსნილი კანდიდატების 90% არასახელისუფლებო პარტიების წევრია. არის პირდაპირი ზეწოლის ფაქტები“, - აცხადებსნინო ბურჯანაძე.