ელისაშვილი, როგორც ბურჭულაძე

ელისაშვილი, როგორც ბურჭულაძე

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ პროგრესი სახეზე გვაქვს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდება. მისი თქმით, გამოცდილებამაც და წინა არჩევნებმაც მეტ-ნაკლებად აჩვენა, რომ სავარაუდოდ შედარებით უფრო პრობლემური იქნება ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც მეორე ტურის ალბათობა დიდია.

for.geზურაბ ბიგვავას ესაუბრა.

თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებს სიზარმაცე... თუ გამოვალთ ამ ვითარებიდან და არსებული სოციალურ–ეკონომიკური პრობლემებიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიური იქნება ამომრჩეველი?

ზურაბ ბიგვავა: გეთანხმებით, რომ თვითმმართველობის არჩევნები ფართობითად ნაკლებად აქტიურია, ვიდრე საპარლამენტო და  საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც ჩართულები არიან არჩევნებში.

მოტივაცია იმისა, რომ ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ, არსებობს. პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ხალხი არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე,  ვფიქრობ, არ არსებობს. შეიძლება შედარებით ნაკლები ხალხი მივიდეს, მაგრამ საკმარისი იქნება იმისათვის, რომ არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად.

მეორე ტურის ალბათობა გამოირიცხება?

- ალბათ, იქნება მეორე ტური იმიტომ, რომ ბევრი სუბიექტი მონაწილეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაგით არის დამახასიათებელი, რომ უამრავი ადამიანი უნდა ავირჩიოთ: ქალაქის მერი, გამგებლები და ა.შ, ანუ ბევრი ასარჩევი სუბიექტია. შესაბამისად, მეორე ტურის ალბათობას არ გამოვრიცხავ. უფრო მეტსაც გეტყვით - მე მგონია, რომ მეორე ტური იქნება იმაზე მეტი, ვიდრე მოლოდინია. მაგრამ არა მგონია, რომ თბილისში მეორე ტური გახდეს საჭირო.

ანუ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ თბილისში მეორე ტური გამოირიცხა?

- არა, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ ვამბობ, რომ ალბათობა არის ძალიან მცირე, იმდენად დიდია სხვაობა კახა კალაძესა და სხვა კანდიდატებს შორის. მმართველი პარტია მოახერხებს მხარდამჭერების გამოყვანას. გარდა იმისა, რომ მხარდამჭერებს გამოიყვანს, მას საკმაოდ აქტიური საარჩევნო კამპანია აქვს. რომ შევადაროთ მერობის კანდიდატების საარჩევნო კამპანია, ყველაზე აქტიური არის კახა კალაძე. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

მაგრამ რამდენად აქტიურები არიან რეგიონები და რომელი რეგიონი შეიძლება  აღმოჩნდეს პრობლემური მმართველი გუნდისთვის?

- გამოცდილებამაც და წინა არჩევნებმაც მეტ-ნაკლებად გვიჩვენა, რომ სავარაუდოდ ქვემო ქართლის რეგიონი შედარებით უფრო პრობლემური იქნება და აქ შეიძლება მეორე ტური გაიმართოს. არ ვიცი ზუსტად რომელ რეგიონში იქნება მეორე ტური, მაგრამ ბევრ ადგილას იქნება ალბათ. გააჩნია არჩევნების დონეს, რომელი დონის არჩევნებზე იქნება ლაპარაკი.

მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატების გამარჯვების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატის. წინასწარი შედეგები, კვლევები და ანალიტიკოსების მიმოხილვაც ამასვე ვარაუდობს. სიტუაციასაც ასე ემჩნევა.

თვითონ ამ აქტივობების ხასიათი, რომელიც ჩვენ დავინახეთ იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ „ლეიბორისტების“ და ა.შ, არის სასოწარკვეთილი ხასიათის. ეს ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ დიდი იმედი იმისა, რომ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევენ. თბილისის მნიშვნელობა განუსაზღვრელად დიდია, ვიდრე რომელიმე რეგიონის. ამიტომ თბილისში გამარჯვება ბევრ რამეზე მიუთიებს და ბევრ რამეს აჩვენებს. კახა კალაძე ნამდვილად ქალაქის მერია. ალბათობა იმისა, რომ მეორე ტური იყოს, არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს ალბათობა დაბალია.

რომელი კანდიდატი და პარტია გავა მეორე ადგილზე, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორ ფიქრობთ, ვინ გავა მეორე ადგილზე? საუბრობენ იმაზე, რომ მეორე ტურში შეიძლება ალეკო ელისაშვილი გავიდეს...

- ალეკო ელისაშვილის სიტუაცია ცოტა სხვანაირია. ბოლო დებატებმა აჩვენა, რომ ელისაშვილი საკმაოდ სუსტია როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიონალურადაც. მე ვფიქრობ, რომ ელისაშვილი დაკარგავს რეიტინგის გარკვეულ პროცენტს. თუმცა, მეეჭვება, რომ უდუმაშვილს მოემატოს რაღაც პროცენტები. ბოლო დებატებმა აჩვენა, რომ ალეკო ელისაშვილი ცოტა უსუსურად გამოიყურება. დებატები კი, ძალიან მნიშვნელოვანია არჩვნებში. საარჩევნო პრინციპი რომ „მე არ დავანაგვიანებ ქალაქს და არ გამოვაკრავ პლაკატს“, –  ესეც ბევრი რამის მაჩვენებელია.

ვფიქრობ, რომ უდუმაშვილს გაუჩნდა უფრო მეტი შანსი იმისა, რომ მეორე ადგილზე გავიდეს, მაგრამ ეს მეორე ტურს არ ნიშნავს. მთელ ამ სიტუაციაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა გიორგი ვაშაძე. ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული თანამშრომლობაც იყოს.

კახა კალაძემ კარგი ჟესტი გააკეთა, როცა თქვა, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო ამ კანდიდატებთან, თუ ექნებათ საინტერესო პროექტებიო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიციები ცოტა შეირყა. შესაბამისად, მეორე ადგილზე შეიძლება ვიხილოთ უდუმაშვილი, რადგან ის არის ორგანიზებული პარტიის წარმომადგენელი. ან შეიძლება აიწიოს გიორგი ვაშაძეს რეიტინგმა.

თითქოს თანაბარია ალეკო ელისაშვილის და ზაალ უდუმაშვილის რეიტინგი. საინტერესოა სწორედ ის, რომ ელისაშვილს, რომელსაც არ ჰყავს გუნდი და არ აქვს საარჩევნო პროგრამა, იგივე რეიტინგი აქვს, რაც უდუმაშვილს. როგორ ფიქრობთ, რა ჯგუფია ეს, რომელმაც ასე თანაზომადი გახადა უდუმაშვილი–ელისაშვილის რეიტინგი?

- კი, თანაბარია და ყველა კვლევა ამას აჩვენებს. მაგრამ რთულია პროგნოზის გაკეთება, როდესაც დაახლოებით 20% ამბობს, რომ ჯერ არა ვარ ჩამოყალიბებულიო. რაც შეეხება ელისაშვილის თანაზომად რეიტინგს, ეს არის სიახლით და დამოუკიდებლობით გამოწვეული. ზოგადად პარტიების მიმართ ნდობა არის დაბალი. ბურჭულაძის ფაქტორი გახსოვთ - მას ჰქონდა მაღალი რეიტინგი, მაგრამ ბოლოს დავარდა, თანაც ძალიან. ვფიქრობ, რომ ელისაშვილის სიტუაციაც ასეთი იქნება და მეორე ადგილზე გასვლის შანსი უფრო მეტად უდუმაშვილს აქვს.

რატომ დაკარგა მეორე ადგილის შანსი ელენე ხოშტარიამ?

- ხოშტარიას არც ჰქონია ეს შანსი. კვლევა აჩვენებდა, რომ ხოშტარიას რეიტინგი 5%–ს არ აცილებია. ეს ბევრი რამით არის განპირობებული. მერის არჩევნებია, აქ დიდი ქალაქის მერის სპეციფიკაა და გულისხმობს ძალიან მყარი გადაწყვეტილებების გამოტანას. ქართულ მენტალიტეტში სიმყარე უფრო მეტად მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი.

გარდა ამისა, ასევე განსაზღვრავს მისი „ნაციონალური“ წარსული. მისი და იმ ჯგუფის მიმართ, ვინც მის გვერდით დგას, როგორც წესი დამოკიდებულება უარყოფითია. ამით არის განპირობებული მისი დაბალი რეიტინგი. ძირითადი მასა, რომელიც ძირეულ პარტიას უჭერს მხარს, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ ის მაინც აძლევს ხმას უდუმაშვილს.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ჰაყავს მერობის კანდიდატი, ამ არჩევნებში არ ჩანს დავით უსუფაშვილის აქტივობა. რითი შეიძლება აიხსნას უსუფაშვილის ეს სვლა?

- უსუფაშვილის სიტუაცია ნათელია. მას არც აქვს რაიმე პრეტენზია. მაინცდამაინც არც დიდი აქტივობა არ გამოუჩენია. უსუფაშვილი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ალბათობა იმის, რომ ახლა გააქტიურდება, დაბალია. საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად გააქტიურდება. არ ვიცი რა წარმატებას მიაღწევს, მაგრამ, რომ გააქტიურდება ეს ფაქტია.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს განაწყენებული ამომრჩეველი. მით უმეტეს, რომ ნარმანიას მიმართ არის ძალიან დიდი კრიტიკა და ამას ხელისუფლებაც აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, რა კატეგორია უჭერსდღეს მხარს „ქართულ ოცნებას“?

- არც იმდენად დიდია ნარმანიას მიმართ განაწყენებული ამომრჩევლის რაოდენობა. ნარმანიას ძალიან ბევრი რამის გასწორება მოუწია. ვინ დაიწყო ეს უაზრო მშენებლობების ნებართვის გაცემა? - ეს წინა ხელისუფლების გაცემული ნებართვებია, მაგრამ ძალიან ეფექტური ნარმანიაც არ იყო. მე არ მგონია, რომ ნარმანიაზე განაწყენებული ამომრჩევლის რაოდენობა იყოს დიდი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, ეს არის ის ამომრჩეველი, რომელიც მას ძველი დროდან მოჰყავება. გითხრათ, რომ ესენი მაინც და მაინც ახალგაზრდები არიან, ასე არ არის. ეს არის ხალხი, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აქვთ მიღებულირაღაცა ბენეფიტები. მარტო ისე არ არის, რომ ამ სიტუაციაში რაღაც სარგებელს ღებულოდნენ. ეს არის ჯგუფი ადამინებისა, რომლებსაც მოწონდათ ნაციონალების პოლიტიკა და იზიარებდნენ იმ ღირებულებებს.