ქართველი ავტომფლობელების ასაკი 18-დან 70 წლამდეა. მათ შორის ქალები სულ რაღაც 11 პროცენტს შეადგენენ. ქალების მხოლოდ 10%-ს ჰყავს ე.წ. საბჭოური ავტომობილი, დანარჩენები კი ევროპული ან ამერიკული წარმოების მანქანებით დადიან. საქართველოში არის სულ ხუთი ქალი მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტომობილებზე მუშაობენ. აქედან სამი ქუთაისელია. მძღოლების 70%-ს 30-40 წლის მამაკაცები შეადგენენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ასაკობრივი ცენზი დამოკიდებულია ავტომფლობელის შემოსავლისუნარიანობაზე.
ავტომანქანების რაოდენობა საქართველოში ყოველდღიურად მატულობს და დღეისათვის ჩვენს გზებზე 5-ჯერ მეტი ავტომობილი დადის, ვიდრე 5-6 წლის წინ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების იმპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება. თუ 2003 წელს ყოველ ათას მოსახლეზე 60 ავტომანქანა მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 90-ს შეადგენს. პატარა, საქართველოში დაახლოებით მილიონ ნახევარი მანქანა დადის, რაც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარადოქსად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
აღსანიშნავია, რომ წინა საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში მხოლოდ 70-80 ათასი მანქანა დადიოდა. ავტომანქანების რაოდენობის ზრდა თუ ასეთი ტემპებით გაგრძელდა, სავარაუდოა, რომ დაახლოებით 10 წელიწადში თბილისის ყველა ცენტრალური ქუჩა საცობებით გადაიტვირთება და ქალაქის მერიას ალტერნატიული გზების გაკეთებაზე მოუწევს ფიქრი.
უმუშევრობისა და ეკონომიკური გაჭირვების პირობებში ავტომობილებით ვაჭრობა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად იქცა. უამრავმა ქართველმა მიჰყო ხელი ევროპიდან თუ ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტს. საქართველოს ავტომობილების ბაზრის უდიდესი ნაწილი ამჟამადაც მეორად ავტომანქანებს უკავია, რომელთა ასაკი 10-15 წლებს შორის მერყეობს. უსახსრობის გამო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა შედარებით ახალი, ძვირად ღირებული მანქანების ყიდვას ვერ ახერხებს და იძულებულია, უცხოელების მიერ გამოცვლილ, ხშირად ნაგავსაყრელებზე ნაგდებ ავტომობილებს დასჯერდეს.
მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყანაში გაყიდული მეორადი ავტომობილების 70%-ის ფასი 2.500-4.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
7-8 წლის წინ ქვეყანაში მეორადი ავტომანქანები თითქმის მხოლოდ გერმანიიდან ჩამოჰქონდათ. გერმანიას მოგვიანებით სხვა ევროპული ქვეყნები _ საფრანგეთი, იტალია მიემატა. შემდეგ იმპორტიორთა რუკაზე გამოჩნდა აშშ, დუბაი, იაპონია, კორეა და დღეისათვის ქვეყანაში ავტომობილები უკვე 45-მდე ქვეყნიდან შემოდის. გერმანულ ავტომარკებს დღესაც ბაზრის ყველაზე დიდი წილი უკავია _ იმპორტის 43% გერმანული წარმოების მანქანებზე მოდის.
ქვეყანაში ყოველთვის გაცილებით ნაკლებად შემოდიოდა ამერიკული და იაპონური მანქანები, მაგრამ რამდენიმე თვეა ავტობაზარზე ახალი ტენდენცია შეიმჩნევა, იმპორტში ამერიკული მანქანების წილი გაიზარდა. იმპორტიორები ამერიკული მანქანების შესყიდვას უმთავრესად მისი დაბალი ფასის გამო ამჯობინებენ.
ამის მიზეზია ევროს მიმართ დოლარის კურსის შემცირება. ევროპულ ავტომობილებს იმპორტიორები ევროთი ყიდულობენ, აქ კი მისი გაყიდვა დოლარით უწევთ, რადგან მყიდველს ამერიკული ვალუტა აქვს და ამიტომ საქართველოში ჩამოტანილი ევროპული მანქანის ფასი მაღალი გამოდის, შესაბამისად, იმპორტიორსაც მოგება ნაკლები რჩება. ამერიკიდან შემოტანილი კი ამერიკულ ვალუტაშივე იყიდება და უფრო მომგებიანია. ამ ტენდენციას ბიძგი გერმანიაში ავტომობილებზე დღგ-ს განაკვეთის გაზრდამაც მისცა.
ასე რომ, მსხვილი იმპორტიორების ერთი ნაწილი ევროპულიდან ამერიკულ ბაზარზე გადავიდა. გარდა ამისა, ამერიკიდან ემიგრანტებმა ოჯახის წევრებისთვის ფულის ნაცვლად გასაყიდი მანქანების გამოგზავნა დაიწყეს, გადმორიცხვის ხარჯები რომ აღარ გასწიონ.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აშშ-დან ავტომობილის იმპორტი ევროპულზე იაფი ჯდება. ევროპიდან ავტომობილები ხმელეთითა და ზღვით მოჰყავთ. პირველი მარშრუტით ბულგარეთამდე სახმელეთო ტარნსპორტით, ტრაილერებით მიდიან, ბულგარეთის პორტებიდან ბორნით შავი ზღვის გავლით ფოთში შემოდიან და შემდეგ ისევ სახმელეთო ტრანსპორტზე გადადიან. მეორე მარშრუტით ავტომანქანები საბერძნეთისა და თურქეთის გავლით, სარფის საბაჟოდან შემოჰყავთ; მესამეთი გერმანიიდან უკრაინის საზღვაო პორტ ილიჩევსკის გავლით ფოთის პორტამდე, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე ხარჯიანია და დიდი დროც სჭირდება.
ევროპიდან ერთი მანქანის ჩამოყვანა საშუალოდ 1.000-1.200 ევრო ჯდება. სახმელეთო გადაზიდვა საზღვაოზე ძვირი ღირს, რაც ევროპულ ავტომობილებს კიდევ უფრო აძვირებს (ევროპიდან ავტომობილები უმეტესად სახმელეთო გზით შემოჰყავთ). ზაფხულში გზის ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ევროპაში ტურისტების ნაკადი მატულობს და ტრანსპორტიც გადატვირთულია. ამიტომ ბევრი, ვისაც თითო მანქანა მოაქვს, ზარალობს. ამერიკიდან კი ტვირთი კონტეინერით პირდაპირ ზღვით მოდის. აშშ-დან იმპორტის საშუალო ფასი 1.000-1.200 დოლარია. ტვირთი აშშ-ის ნიუ-ჯერსის პორტიდან მოდის ესპანეთის პორტამდე, შემდეგ თურქეთის სანაპირომდე და ბოლოს ფოთის პორტში შემოდის. ტვირთი საქართველოში დაახლოებით 35 დღეში ჩამოდის.
ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო ხშირად ყიდულობენ ავტომანქანებს ინტერნეტის საშუალებით.
თბილისელმა პაატა მესხმა ორი თვის წინ ინტერნეტის საშუალებით 2004 წელს გამოშვებული ავტომობილი “ოპელ ვექტრა” სულ რაღაც 1500 ევროდ შეიძინა. მისი თქმით, თავიდან არ სჯეროდა, თუკი ასეთ ხელსაყრელ ფასად ინტერნეტში მანქანას გადააწყდებოდა, მაგრამ დღეს ინტერნეტსაით www.auto.de – ს აქტიური მომხმარებელია ინტერნეტში და მანქანებს მეგობრებისათვისაც არჩევს.
პაატა მესხი, ავტომფლობელი: “თავიდან როდესაც მითხრეს, რომ მანქანის შეძენა ინტერნეტით შემეძლო, სიცილად არ მეყო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ გზით ასე იაფად ვიშოვნიდი ავტომობილს. მერე ახლობლის რჩევით, მე და ჩემი მეუღლე შევედით რამდენიმე საიტზე და ბევრი მანქანის ფასი მისაღებად მეჩვენა. როდესაც ჩემი “ოპელი” შევარჩიე, ინტერნეტით წერილი მივწერე მის გერმანელ მფლობელს და ყველაფრის დაზუსტება ვთხოვე. პასუხი მეორე დღესვე მომივიდა. გერმანელი მანქანას 1500 ევროდ მომცემდა. 1000 ევრო გემით ჩამოყვანა მიჯდებოდა და ასეთი ახალი მანქანა ამ ფასად ჩემთვის ძალიან მისაღები იყო.
ტელეფონით დავუკავშირდი იტალიურ საზღვაო ფირმას სახელწოდებით “ლაინე” და იმის გარანტიები, რომ მანქანა ფოთში ჩამომივიდოდა, თვითონ ამ ფირმამ მომცა. მერე 500 ევრო გადავურიცხე მანქანის პატრონს, და როდესაც საზღვაო ფირმიდან დამიდასტურეს, რომ მანქანა უკვე გემზე იყო და მოდიოდა, გერმანელს დანარჩენი 1000 ევროც გავუგზავნე.
მანქანა ზუსტად 2 კვირაში ჩამომივიდა. კუთვნილი 1000 ევრო მერეღა გადავრიცხე საზღვაო ფირმის ანგარიშზე და მანქანა ფოთშივე განვაბაჟებინე 500 დოლარად. ახლა ამ მანქანაში 5000 დოლარს მაძლევენ, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ გაყიდვას. თუ ინტერნეტში კიდევ გადავაწყდი კარგ მანქანას, მერე გავყიდი”.