სააკაშვილის ხელისუფლების რუხი კარდინალი - „სიყვარულის ქალაქის“ მთავარი კონსტრუქტორი, მშენებელი და იურისტი! კაცი, რომელსაც ენაკვიმატებმა ჰარი პოტერი დაარქვეს და კაცი, რომელიც თითქმის არასდროს ჩანს, მაგრამ ბევრს აკეთებს. ვინ არის სააკაშვილის რუხი კარდინალი? საიდან მოდის და სად მიდის? სად აქვს გადგმული ფესვები და სად წვდება მისი საცეცები?
ზურაბ ადეიშვილი, როგორც იურისტი, იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“ შედგა. იგი ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორი და ფირმაში ოქრუაშვილის შემცვლელი იყო. ისინი ერთად მოვიდნენ პოლიტიკაში, ისე, როგორც, ვთქვა -, კობა დავითაშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი და ბევრი სხვა ნაციონალი თუ, თითქმის ნაციონალი. ზურაბ ადეიშვილი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტშია, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი „ახალი საქართველოს“ პირველი იუსტიციის მინისტრი იყო. 2004 წლის ოთხი თვის განმავლობაში სააკაშვილმა მისი ძალები სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტზე გამოსცადა, 2004 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო, 2008 წელს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, 2008 წლის ბოლოს კი - იუსტიციის მინისტრად დანიშნეს.
ეს თანამდებობა არ არის ის, სადაც ადეიშვილი რევოლუციის დასაწყისში მუშაობდა. ამჯერად, იუსტიციას პროკურატურაც ექვემდებარება და სასამართლოზედაც ზედამხედველობს. ანუ, ადეიშვილს განუზომელი უფლებები აქვს და მისი უსაზღვროება სტატისტიკაშიც აისახება. საქართველოს ბიუჯეტს დღეს ზურაბ ადეიშვილი ავსებს. ადეიშვილი ოქრუაშვილის კარგი მოწაფე აღმოჩნდა და სწორედ იმ მეთოდით გააგრძელა ფულის მოხვეჭა, რომელიც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა დანერგა.
სკანდალურად გახმაურებული ებრაელი ბიზნესმენების საქმეში ყველაზე „მომხიბვლელად“ სწორედ ადეიშვილი ფიგურირებს. ადეიშვილის უწყებას აქვს დადებული „თათი“ შესაწყალებელ პატიმართა სიებზე და ამას პარლამენტარი ელენე თევდორაძეც კი არ ფარავდა არასდროს, როცა საპატირმოდან წინასაარჩევნოდ მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულებსაც კი ათავისუფლებდნენ, როცა გირგვლიანის მკვლელები გაათავისუფლეს... და როდესაც პატიმრების ახლობლებს აშანტაჟებდნენ, მაშინ ყველა ოპოზიციური პარტის ლიდერი ზურაბ ადეიშვილის მიმართულებით იშვერდა ხელს.
დაშანტაჟებულ-დაკავებულთაგან არავის ეყო გამბედაობა, საჯაროდ ეთქვათ ის, რაც მათ თავს ხდებოდა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ზურას გათავისუფლებულ პატიმრებს ვანო მალევე აკავებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ლაპარაკობდნენ დაკავებულები, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რაც, რა თქმა უნდა, უკვე გვიანი იყო და მხოლოდ განცხადებების დონეზე იხილებოდა.
ადეიშვილი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი გამოდგა - გარდა იმისა, რომ კარგი იურისტია სააკაშვილმა იგი კარგ მშენებლადაც გამოაცხადა. სიღნაღის ფასადური გადაღებვა ადეიშვილის და მისი პარტნიორს, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს - თემურ ჩარკვიანს „ბრალდება“. ჩარკვიანმა სიღნაღის „განაშენიანებისა და გალამაზებისათვის“ პრეზიდენტისგან ღირსების ორდენი დაიმსახურა და იქ დახარჯული ფულის სანაცვლოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ყიფშიძეზე „ფეშენ ადგილი“ წაართვა.
მიწა, რომელიც დღეს მილიონები ღირს პროფესორებს ჯერ კიდევ კომუნისტებმა, შემდეგ კი - გამსახურდიამ დაუკანონა. ამ მიწის გამო, უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც იქ სახლს იშენებდნენ, დღემდე უშედეგოდ ჩივიან სასამართლოში. ამასობაში, ჩარკვიანის სამშენებლო კომპანია „თბილისი“ გაკოტრებულად გამოცხადდა. სიღნაღში გაფერადებული სახლები თავიდან გასაფერადებელი კი არის, მაგრამ ამით სააკაშვილის განწყობა არც ადეიშვილისადმი შეცვლილა და არც ჩარკვიანი დაუსჯია ვინმეს.
ადეიშვილის კიდევ ერთი დაინტერესების სფეროა რეგიონები. საქართველოს ცხრა გუბერნატორიდან უმეტესობა ადეიშვილის თანაგუნდელად ითვლება. პირველი ღია დაპირისპირება ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის, სწორედ რეგიონების და გუბერნატორების გამო მოხდა. პირველად მერაბიშვილთან ადეიშვილმა მაშინ წააგო, როდესაც მის დასაყრდენ ძალას, ყოფილ პროკურორს, მიხეილ ჩოგოვაძეს იმერეთის გუბერნატორის სავარძელი გამოაცალეს.
თუმცა, პროკურორი ჩოგოვაძე მაშინ იყო მოსახსნელი, როცა ბონდო შალიკიანს ფულს სძალავდა. სხვა თემაა, შევარდნაძის პროკურატურის ყოფილი და სააკაშვილის მოქმედი პროკურორი რომ ვერ მიხვდა მისივე ძებნილი საუბარს რომ იწერდა, მაგრამ მაშინ ჩოგოვაძეს არავინ არაფერი უთხრა, ნაციონალურ მოძრაობას ფული ჭირდებოდა და დიდი ამბავი, იმერეთის პროკურორის რანგში მყოფი ჩოგოვაძე თვალის დახუჭვის სანაცვლოდ ძებნილს ფულს თუ სთხოვდა. ამ საქმის გამო, ჩოგოვაძე პროკურატურას განარიდეს და როგორც იმხანად ოპოზიცია აცხადებდა, გუბერნატორის „მანტიაში“ დროებით, შემდგომი დაწინაურების მოლოდინში გახვიეს.
გეგმა კი დაისახა მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - საზღვარგარეთ მორიგი ვოიაჟის დროს სააკაშვილს დაებადა იდეა მის ჩამოსვლამდე ქუთაისში აეფეთქებინათ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი. აფეთქება ერთ დღეში უნდა მომხდარიყო. მემორიალის აფეთქებას მსხვერპლი მოყვა. ხელისუფლებამ სხვებთან ერთად ჩოგოვაძესაც შეაწმინდა ხელი. ჩოგოვაძე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ოპოზიციის მტკიცებით, იმერეთს მერაბიშვილის კადრი განაგებს.
ადეიშვილ-მერაბიშვილის დაპირისპირების შემდეგი რაუნდი თბილისის მერის არჩევნებს უკავშირდება. აქ მერაბიშვილს ადეიშვილმა მოუგო. ამ ბრძოლის შემდეგი რაუნდი უკავშირდება სააკაშვილის მოთხოვნას, რომელიც ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე პირადად პრეზიდენტმა დაავალა ადეიშვილს. დავალება ასეთი იყო - ადეიშვილს ხალხისგან უნდა ამოეღო რაც შეიძლება მეტი ფული, რა თქმა უნდა - დაჭერების და საპროცესოების გაფორმების გზით. ადეიშვილმა თავისი ულტიმატუმი წამოაყენა - მის მიერ დაკავებულის გათავისუფლება (ვინც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული), არც მერაბიშვილს და არც სააკაშვილს არ უნდა მოეთხოვათ.
პრეზიდენტმა „კარდინალს“ მოქმედების თავისუფლება მისცა. ადეიშვილმა დაიწყო და პირველ მსხვერპლები მერაბიშვილის კადრები აღმოჩნდნენ. მახეში გაება ეკა ხერხეულიძის ძმა (ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით), გარემოს დაცვის ჩინოსნები და ასე შემდეგ. მართლია ბევრი, მაგალითად - ხერხეულიძის ძმა - გაათავისუფლეს, მაგრამ - ბლომად ფულის გადახდის შემდეგ. ანუ, ადეიშვილმა სააკაშვილის დავალება პირნათლად და კარგად შეასრულა.
ოფიციალური დეკლარაცია
ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ ადეიშვილი მოკრძალებული ქონების პატრონია. 2004 წლის მონაცემებით, მას დეკლარირებული აქვს 45 ათას ლარად შეფასებული ბინა თბილისში და 12-ათასიანი ავტომობილი, რომლის მარკაც დეკლარაციაში მითითებული არაა. 2004 წელს ადეიშვილს 200 დოლარი ქონდა ბანკის ვალი, სახლში კი - შენახული 5 ათასი დოლარი. 2004 წლის დეკლარაციაში სხვა ქონება მითითებული არაა. 2004 წელსვე შევსებულ დეკლარაციაში, უკვე უშიშროების მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კუთვნილი მანქანა შეფასებულია 6 ათას ევროდ, ვალი აღარ აქვს და სამივლინებო ხარჯებიც, ორი სიტყვით - „მივლინების ანაზღაურება“ - არის აღნიშნული, თანხის კონკრეტიზაციის გარეშე. 2004 წლის შემდეგ 5 წლის განმავლობაში ჩამი-ჩუმი არ ისმის და ადეიშვილი დეკლარაციას მხოლოდ 2009 წელს ავსებს. წინა დეკლარაციებთან შედარებითეს დეკლარაცია უფრო მეტყველია. ამ დეკლარაციის თანახმად, იუსტიციის მინისტრს ერთი წლის განმავლობაში ბანკში შეუნახავს 10. 900 ლარი, მის მეუღლეს მაია მესხიშვილს 7. 423 ლარი, ბანკის ვალი, 200 დოლარი, გაუსტუმრებია... სამაგიეროდ, სახლში შენახული 5 ათასი დოლარი 11 ათასამდე გაუზრდია, ხოლო ხელფასის სახით აუღია - 42 850 ლარი.
ადეიშვილის მეუღლეს, რომელიც საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობს, შემოსავლების სახით მიღებული აქვს 37 431 ლარი, სამკურნალოდ კი დაუხარჯავს 6 ათასი დოლარი. ეს არის ადეიშვილის ოფიციალური ქონება.
როგორია სინამდვილეში საქართელოს „რუხი კარდინალი“? პრესაგე.ტვ-ს ესაუბრება „ქართული პარტიის“ ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი:
დღეს ჩემს რესპოდენტად ერთი ნიშნით შეგარჩიეთ - თქვენ ხართ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ადეიშვილს კარგად იცნობს და, ვისაც თავის დროზე ადეიშვილი ადვოკატის რანგში იცავდა.
- როგორც იურისტი, ადეიშვილი, ახალი თაობის იურისტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი განათლებით. ის ყოველთვის სააკაშვილის გვერდით იდგა, საკანონმდებლო ცვლილებებში ზურა საკვანძო როლს თამაშობდა. სააკაშვილმა არც წერა იცის და არც კითხვა და ამიტომ, იგი იყო პიარული სახე. ზურა და კიდევ რამდენიმე პირი მუშაობდნენ. ამ ჯგუფში ადეიშვილი თავისი მონური ერთგულებით გამოირჩეოდა.
შეგახსენებთ - ადეიშვილი თქვენი ადვოკატი იყო...
- იმ პერიოდში, როცა „რუსთავი-2“-ს პირველად შეექმნა პრობლემა, ადეიშვილი იყო იურიდიული კომპანიის მფლობელი და გარკვეული ტიპის იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევდა. ამ პერიოდში ზურას ისე უჭირდა, 50 თეთრს ვაძლევდით კომპანიის დოკუმენტაცია რომ წაეღო და დაექსეროქსებინა. ამავე პერიოდში იგი პარალელურად, „ინტერნიუსშიც“ იურისტად მუშაობდა.
გამოდის, იმ კომპანიაში აიდგა ფეხი, რომელსაც თქვენი პარტიული ლიდერი ხელმძღვანელობდა...
- ჩემთვის მერაბიშვილი უფრო გვერდიდან მოსული იყო, ვიდრე - ადეიშვილი ან ოქრუაშვილი. ადეიშვილი, ფაქტობრივად, ამ ჯგუფის ნაწილი იყო. იმ მომენტში, როცა „რუსთავი-2“-ში უშიშროება შემოვიდა, ჩვენს ინტერესებს უკვე ამავე ფირმის იურისტი, დიმა ქიტოშვილი იცავდა, ოქრუაშვილი კი სააკაშვილის მოადგილე იყო იუსტიციის სამინისტროში.
ადეიშვილს არასოდეს ჰქონდა საკუთარი აზრი, რაც მოგვიანებით კარგად გამოჩნდა. მოგვიანებით გამოჩნდა ისიც, რომ ადეიშვილი თავის ქვემდგომებს ექცეოდა ისე, როგორც მას ექცეოდა სააკაშვილი. ანუ, სააკაშვილთან დღეს დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაულოკონ მას „ერთი ადგილი“ და აკეთებენ ყველაფერს. სააკაშვილთან არ დარჩა არავინ, ვინც მოახერხა განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა. ყველაზე ძლიერი და მიუღებელი მიშასთვის ბოლოს ირაკლი ოქრუაშვილი იყო. რაც შეეხება ადეიშვილს, მისი მონობა იმითაც დასტურდება, რომ იგი ნებისმიერ შეკვეთას იღებს უკრიტიკოდ.
ასეთი ადამიანი ყველა ხელისუფლებას სჭირდება...
- არა! ადამიანი, რომელიც კონკრეტულ დავალებას ასრულებს, ეს ბიუროკრატიის ფუნქციაა. მე გეუბნებით მონობაზე და არა შესრულებაზე. მონობა ნიშნავს იმას, რომ არა გაქვს უფლება გქონდეს საკუთარი აზრი და გააკეთო ისეთი რამ, რაც შენს პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება.
ზურა არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბავშვობიდან დაზიანებული ფსიქიკა. ისე, როგორც - სააკაშვილს, წარსულში მასაც აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვა მიღებული, ყველამ ძალიან კარგად იცის, რატომ არის ადეიშვილი გამოგდებული კახეთიდან. თქვენც იყავით ჩვენთან ერთად წამოსული ყვარელში და თქვენი ყურით მოისმინეთ, რასაც ამბობდნენ ყვარლელები ადეიშვილზე. მისი მშობლიური სოფლიდან გამოგდება იცით, რომ უკავშირდება მის ზნეობრივ გადახრას, რაც სოფლისთვის მიუღებელი იყო და ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა შვილი სოფლისგან განერიდებინათ. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი „პატარა კაცს“ ეძახდნენ.
მაგრამ ახლა ეს „პატარა კაცი“ „რუხ კარდინალად“ ჩამოყალიბდა.
- ასე ხდება და რა გიკვირთ? ადეიშვილი ერთგული კი არა არის, არამედ თავისი მიზნის მისაღწევად პატრონთან მონური ერთგულება აკავშირებს და ვიმეორებ, იგი ზუსტად ისე ექცეოდა თავის ქვეშემრდომებს, როგორც მას მიშა ექცეოდა, ანუ - აგინებდა, პანჩურს ურტყამდა... ამ ტიპის ადამიანი ძალაუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს. რა არის დღეს ადეიშვილი? ბიზნესის უფროსი - ის, ვინც არეკეტებს. ადეიშვილი არის პროკურატურაც, სასამართლოც, ქურდიც, მაფიაც და გაბატონებული ელიტაც! ყველაფერ ამას, დღეს „ადეიშვილი“ ჰქვია.
შესაძლოა, ვიღაცას სიღნაღი გალამაზებულად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში, ისტორიული ქალაქი გაანადგურეს. ჩადით სიღნაღში, სადაც ნახავთ ათასობით ადამიანს, რომლებსაც ქონება წაართვეს. სააკაშვილის ამ პროექტის განმახორციელებელი არის ადეიშვილი! ერთი მხრივ, ზურა ბავშვობაში დაჩაგრული იყო, მაგრამ მეორე მხრივ - იყო ნიჭიერი. ავტორიტარულ რეჟიმში ეს არის კლასიკური კომბინაცია, რომელიც ბადებს მონსტრებს.
გახსოვთ, ადეიშვილი ბერიას კაბინეტში იჯდა... მაშინ მისი ნათქვამი ხუმრობაში გავატარეთ. უშიშროების შენობაში ლავრენტი ბერიას ერთ-ერთი ბოლო კაბინეტია, თავისი ისტორიული ავეჯით, მაგიდაზე ბერიასდროინდელი საწერი მოწყობილობით. ზურაბ ადეიშვილი მე ამ კაბინეტში მყავს ნანახი, მაშინ მან მითხრა, რომ საღამოობით იქ ბერიას აჩრდილი დადიოდა.
თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი პანჩურს ურტყამდა ადეიშვილს, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ - ქვეშერმდომებს...
- მაქსიმალური დამცირების მომენტები იყო. პარლამენტში ვინც მუშაობდა, იმათ ეს იციან. მე ეს ყველაფერი მომიყვნენ, მაგრამ მე ვნახე, როგორ ექცეოდა ადეიშვილი თავის თანამშრომლებს. იყო შეურაცხყოფა, პანჩური... მე ადეიშვილთან ურთიერთობა რევოლუციამდეც მქონდა და მას შემდეგაც. შემდეგ, წავედი და უკან დაბრუნებულმა უკვე სხვა ადეიშვილი ვნახე, თავისი ძალაუფლების ტკბობის ხანაში. მე ვიცი, როგორ სახლში ცხოვრობდა და როგორი ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები ჰქონდა.
ახლაც მოკრძალებულად ცხოვრობს, 2004 წელს ბანკის ვალიც ქონდა 200 დოლარი, დეკლარაციაში კახეთის სახლიც კი არა აქვს მითითებული.
- არ მაინტერესებს, რა აქვს მითითებული დეკლარაციაში. მე ვიცი ერთი რამ - კახეთის ბატონ პარტონები არიან ადეიშვილის მამა და ძმა. როგორც ზღაპარშია - „ყველაფერი მეწისქვილის შვილისაა“. კახეთში ყველაფერი ადეიშვილის სახელს უკავშირდება. ეს არ არის გამოგონილი და ნამდვილად ასეა. რა აქვს ქაღალდზე დაწერილი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ასე, შეიძლება, არც სააკაშვილს აქვს არაფერი.
ადეიშვილმა აქცენტი რეგიონებზე გადაიტანა და თავისი მშობლიური კუთხე ჩააბარა ყოფილ პროკურორს, ღვინიაშვილს. თავისი კადრი ყავდა იმერეთის „გუბერნიაშიც“, შემდეგ, მერაბიშვილის უშუალო ჩარევით, ჩოგოვაძე მემორიალის აფეთქებას გადააყოლეს, საყრდენი ძალა მას აქვს სამეგრელოშიც, აჭარაშიც. ანუ, ფესვები ყველგან აქვს გადგმული.
- შევთანხმდეთ - სააკაშვილის შემდეგ, ხელისუფლებაში არის ორი მთავარი პერსონა. ადეიშვილის და მერაბიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა მონური ერთგულების ნიშნით მოხდა. რევოლუციის შემდეგ, პირველ ეტაპზე, სხვა კონფიგურაცია იყო, დღეს სხვაა და, შესაბამისად, ადეიშვილის ქვეშ არის პირამიდის ერთი სეგმენტი, მერაბიშვილის ქვეშ - მეორე. სააკაშვილი მეფობს, ის არ მართავს.
„ამ ორი მონიდან“ მეფე რომელს აირჩევს ყველაზე კრიტიკულ მომენტში?
- მე არ მაინტერესებს ეს. ვიმსჯელოთ თემაზე მას შემდეგ, როცა ჩვენ ამ მომენტს შევქმნით.
კარგით... მაშინ ასე დავსვამ კითხვას - ადეიშვილს მეტი ძალაუფლება აქვს თუ მერაბიშვილს?
- მათ თანაბრად აქვთ ძალაუფლება, რისი ნიშანიცაა ის, რომ მათ შორის არის ღია კონფრონტაცია, მათ შორის ზუსტად არის გაყოფილი „ეპარქიები“. ადეიშვილზე და მის ფინანსურ და ასე შემდეგ ინტერესებზე როცა ვსაუბრობთ, ნუ აღვიქვამთ ამას ისე, თითქოს, კომფორტისადმი აქვს მიდრეკილება.
ანუ ლევან რამიშვილის სინდრომი ჭირს - აქვს ფული და ვერ იყენებს. ეს სხვათა შორის მისმა მეგობრებმა თქვეს.
- დიახ, ყველაფერი მისი ახლობლებისთვის ხდება, მაგრამ ძალაუფლებისგან თავად იმდენად დიდ სიამოვნებას განიცდის, რომ არც კი ჭირდება მატერიალური რეალიზება. ის ადამიანები, რომლებსაც „თავისუფალი ბიზნესმენები“ ქვიათ, ადეიშვილს მონებად ყავს ქცეული. მათთვის მთავარია ადეიშვილის სიტყვა და ადეიშვილს, რომელიც ერთი მხრივ დაკომპლექსებული, მონური ფსიქოლოგიისაა და მეორე მხრივ - აქვს ძალაუფლება, ამაზე მეტი სიამოვნება არ სჭირდება. ჩვენ საქმე გვაქვს კლინიკურ შემთხვევასთან და არა მარტო ადეიშვილის შემთხვევაში.
ეს არის ეპიდემია, რადგან ისინი მიშას ნასუფრალს არიან მიმჯდარნი, ცოლების მოყვანიდან დაწყებული და თავისი სიბინძურეებით დამთავრებული. ამ რეჟიმის სახე, სააკაშვილის შემდეგ, არიან მერაბიშვილი და ადეიშვილი, არავინ სხვა - არც უგულავა, ან ბოკერია და ბაქრაძე - მითუმეტეს.
არსებობს ინფორმაცია, რომ ადეიშვილს ალიკანტეში ორი ვილა აქვს, ერთ-ერთი აჩუქა კანონიერმა ქურდმა, ტარიელ ონიანმა, იმის სანაცვლოდ, რომ ადეიშვილის მონდომებით, ონიანი რუსეთიდან ესპანეთში იქნა ექსტრადირებული. რა კავშირები შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან ადეიშვილს?
- ეს ფაქტი არ გულისხმობს მანცდამაინც რუსეთთან კავშირს. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგების შედეგი. ესეც, კალაშოვის ექსტრადიციის მოთხოვნის ანალოგიური საქმეა. რად უნდა ხელისუფლებას საქართველოში კალაშოვი? აქ არის ორი მომენტი - ფული და ანგარიშსწორება, გუდაურთან დაკავშირებული ცნობილი ისტორიის გამო. ტარიელ ონიანის შემთხვევა სხვაა. ონიანი სააკაშვილთანაა დაკავშირებული, იგი 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებს აფინანსებდა, 2003 წლის მოვლენებში გადაიხადა ფული, ამას ემატება ისიც, რომ ონიანი არის სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მეგობარი და დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ახლობელი. სააკაშვილმა ონიანი საქართველოში არ ჩამოუშვა, მაგრამ დაიცვა სხვა ქვეყნებში. ადეიშვილი ამ შემთხვევაში ასრულებდა სააკაშვილის დავალებას და მისთვის მიშას რომ დაევალებინა ონიანის საქართველოში ჩამოყვანა, დავალებას ასეთივე წარმატებით შეარულებდა.
აქ არაფერი პირადული ადეიშვილს არ აქვს, თუ მან ალიკანტეში პრივილეგიის სახით მიიღო ვილა, ეს არ იქნება სააკაშვილისათვის უცხო. მიშა საქართველოში ხელს უწყობს თავისი გარემოცვის მაქსიმალურ გამდიდრებას. ზურაბ ადეიშვილს მომავალი არა აქვს, ის გაქრება სააკაშვილთან ერთად, ის ვერ გადარჩება, გაქრება, მისი ადგილი არის ციხეში. თუ სხვა რომელიმე „ნაციონალს“ აქვს გადარჩენის შანსი, გიგი უგულავასაც კი, ადეიშვილს - არა! იგი ვერ გადარჩება. დღეს კი ადეიშვილი არის ფულის ამომღები, მას აქვს გავლენა პენიტენციალურ სისტემაზე, სასამართლოზე. სწორედ ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, იგი დაპატიმრებულ იქნება!
ანუ საით მიდის ადეიშვილი?
- ადეიშვილიც, მერაბიშვილიც და სააკაშვილიც ციხისკენ მიდიან!