ექსპერტი მამუკა არეშიძე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობით, ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოდის. ამ წინადადებას მედიაში და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა. სადავო იდეა უმალვე აიტაცეს რუსულ–აფხაზურ წრეებშიც.
თუმცა, როგორც თავად არეშიძემ მოგვიანებით მედიას განუმარტა, მისი მოსაზრება „არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქდა“:
„ვთვლი, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობით უნდა დაიწყოს. მთავარი ისაა, რომ ეს პროცესი რუსეთის გარეშე დაიწყოს და არა მისი შედეგი. დღესდღეობით შექმნილია ვითარება, როდესაც იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აფხაზეთის ნაწილში ატარებს, პერსპექტივა არ გააჩნია. არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა, არამედ იმდენად, რამდენადაც სანამ საერთაშორისო თანამეგობრობას უაღრესად მნიშვნელოვანი „სხვა ამოცანები“ აქვს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
საერთაშორისო თანამეგობრობამ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარა და ამით დამთავრდა. ბოლო პერიოდში არავითარი განსაკუთრებული ნაბიჯი აფხაზეთის პრობლების მოსაგვარებლად არ გადადგმულა. ამასთან, აფხაზეთში დღეს გვაქვს სურათი, როდესაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ისე დემოგრაფიულ მდგომარეობას ცვლის. დემოგრაფიული საკითხი აფხაზებისთვის ყველაზე პრობლემატურია. ამას ენგურს გაღმაც ხვდებიან.
თურქეთში აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას სერგეი ბაღაფშმა განაცხადა: „თუ თქვენ არ დაბრუნდებით, ჩვენ მიწას და ენას დავკარგავთო“. ბევრი აფხაზი უკეთესი პირობების საძებნელად საზღვარგარეთ მიემგზავრება, რუსეთი კი მასობრივად ასახლებს იქ სხვადასხვა ეთნიკურ და სარწმუნოებრივ ჯგუფებს. ამას ემატება რუსი სამხედროები, რომლებიც სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ იქ მიწას მიიღებენ.
გარდა ამისა, რუსეთმა შესაძლოა, მიაღწიოს იმ კანონის დამტკიცებას, რომლის თანახმად, აფხაზეთში მიწის შესყიდვა რუსული პასპორტის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. რუსებისთვის აფხაზეთის სანაპირო ზოლი ყველაზე გემრიელი ლუკმაა და თუ ის გაიყიდა, აფხაზებს ფაქტობრივად არაფერი დარჩებათ. ბევრ ქვეყანაში ყოფილა ასეთი პრაქტიკა და თუ საბოლოო რუსიფიკაცია მოხდა, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც გეოპოლიტკურად აფხაზური ტერიტორია დარჩება, თუმცა იქ სხვა ქვეყნის მოქალაქეები იცხოვრებენ, რაც აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის პერპექტივას კიდევ უფრო რთულს გახდის“.
შესაბამისად, არეშიძე დარწმუნებულია, რომ სხვანაირი მიდგომების დემონსტრირების დრო მოვიდა და საჭიროა, კერძოდ, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესი შეიქმნას, მაგრამ აფხაზები რომ ამაზე წამოვიდნენ, თამასა მაღლა უნდა ავწიოთ:
დამოუკიდებლობის თემა სწორედ ის საკითხია, რომელიც მათ დააინტერესებთ. ცხადია, მოლაპარაკებების მაგიდას ჩვენი წინადადებების პაკეტით უნდა მივუსხდეთ. მაგალითად, ჩვენი პირობა შეიძლება, რუსეთის ჯარის აფაზეთიდან სრულად გაყვანა, დევნილების დაბრუნება, გალის რაინოს განსაკუთრებული სტატუსი იყოს და ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გარანტიებია საჭირო. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ რუსების გაყვანა ვერ მოხერხდება, რადგან მათ უამრავი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, მაგრამ არ არსებობს დოკუმენტი, რომლის დეზავუირება არ შეიძლება. მაგალითად, არსებობდა სახელმწიფო - მანჯოუ-გო, რომელმაც 1946 წელს არსებობა შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის იგი 26 ქვეყნის მიერ იყო აღიარებული“.
ექსპერტის თქმით: „მართალია, ეს საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არ გააჩნია, თუ რუსეთში ისეთი ეკონომიკური კრახი არ მოხდება, როგორიც 1980-იან წლებში, როცა კრემლი თანახმა იყო, დასავლეთის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
ასეთ პერსპექტივას დღეს ვერ ვხედავ, ხოლო რუსეთის ჯარის ასეთი დიდი რაოდენობით ყოფნა რეგიონში საქართველოს სახელმწიფოებრიობას მომავალში საფრთხეს უქმნის. ეს სამხედრო ძალა თუ არ გაიზრდება, არ შემცირდება. ისტორიას რომ გადავხედოთ, რუსეთს სამხედრო დასახლებების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ჯერ გარნიზონს აყენებს, მერე დასახლებებს ქმნის. თუ ვინმე იტყვის, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ასე არ არის“, - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ ზემოაღნიშნული საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის ახალი მიდგომები უნდა შეიმუშავოს.
თუმცა, ინტერნეტ-გამოკითხულთა უმრავლესობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების დაწყების იდეას არ იზიარებს.
სააგენტო „პირWელის“ ონლაინ-გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ, 72.83%-მა კითხვას, „თვლით თუ არა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს“? უარყოფითი პასუხი გასცა. 19.02% თვლის, რომ ასეთი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო 8.15%-ს პასუხის გაცემა უჭირს.
მამუკა არეშიძის ინიციატივის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულემა შეინიშნება ქართულ სოციალურ ქსელებშიც. საინტერესო ამონარიდებს განსჯისთვის, ყოველგვარი კომენტარის და ავტორთა ვინაობის დასახელების გარეშე გთავაზობთ:
„ზაფხულია, მაგრამ არც ისე ცხელა, ეს რომ ილაპარაკო. აფხაზეთის დამოუკიდებლობა კი არა, საერთოდ უნდა შევუერთოთ რუსეთს. უფრო მეტი საბაბი გვექნება საწუწუნოდ და ნამდვილად დავანახებთ მსოფლიოს რუსეთის სახეს“.
„დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო. 3 წლის წინ, ეს აზრი აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ახლა, თანდათან მისაღები ხდება. მოსახლეობასთან კარგი ახსნა-განმარტებითი მუშაობის შედეგად, უკვე ამ აზრის მოწინააღმდეგეები ჩაითვლებიან მარგინალებად. დიდი ხანია ეტყობა, ევროპას, რომ ასე უნდა. ვერც შეეწინაღმდეგები, მთელი იმედები მათზე გვაქვს დამყარებული. ამის მერე ლაპარაკი ნამდვილად გაჭირდება რუსეთის სპეცსამსახურების წარმოამდგენლებთან ან მათ შთამომავლებთან“.
„მოლაპარაკებების დაწყება შეიძლება. მაგრამ აუცილებელი პირობებია მანამდე შესასრულებელი: იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და ქონების დაბრუნება; საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ჩაყენება ოჩამჩირე - სოხუმი - გაგრაში; ორმაგი მოქალაქეობის დაშვება, ქართველებს ექნებათ ქართული + აფხაზური პასპორტი; აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შემცირება, აფხაზეთის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება! მაგრამ ამისათვის საჭიროა აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი. რუსეთის ყოველგვარი ჩარევის გარეშე!“
„ახლა, აფხაზეთი იურიდიულად ჩვენია და გვყავს 250 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც საშინელ პირობებში ცხოვრობენ! ბრტყელ– ბრტყელი „რეჩები“ – „ვის მიწებს ასხვისებ“, გაიგზავნება მოუსავლეთში. მითხარით, რეალურად რა ჯობია თელავში მაცხოვრებელი ძუკუ ადამიასთვის, იცხოვროს პროფტექნიკუმის შენობაში კიდევ 25 წელი, თუ იცხოვროს ჩვენგან აღიარებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში, დაცვის გარანტიებით? ეს მაინც მოხდება, ადრე თუ გვიან! ამიტომაც ჯობია ისე მოხდეს, რომ ამაში ჩვენი მოგებაც ჩავდოთ! ომით დაბრუნება გამორიცხეთ. მშვიდობიანად კიდევ უფრო. გორდიასის კვანძია და საჭიროებს არაორდინალურ გადაჭრას!“
„რატომღაც ქართველები რეალური პოლიტიკის დროულად გათვლის შანსებს ვუშვებთ. ასე იყო დსთ–ში შესვლის დროსაც. აფხაზეთ–ცხინვალიანად უარს ვამბობდით „ესენგეზე“, მერე სისხლი გვადინეს, მიწები აგვახიეს... რომ „თანამეგობრობაში“ შევსულიყავით“.
„მირჩევნია ეგ ტერიტორია სულ რუსეთმა შეირეთოს, ვიდრე დამოუკიდებლები გახდნენ. ამიხსენით ვინმემ, რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, აფხაზები გადარჩებიან თუ გადაშენდებიან? ვინ რას დაგიბრუნებს? ეგ კი არა, აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველების სხვა ერებად გადაწერის პროცესი მიდის. მეგრელებს ეუბნებიან, სხვა ერი ხართ და გაგანთავისუფლეთო. მაქსიმალურად ცდილობენ დახურონ საზღვარი გალთან, იზოლაციის შემთხვევაში, მარტივად დაამუშავებენ გალელებს. მიშა ამაში მაგრად ეხმარებათ, ვითომ გალიდან წამოსულ ტერორისტებზე რომ გვესაუბრება“.
„აფხაზეთის აღიარება ერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. გამოდის, რომ იმ მხრის ჩადენილ არაადამიანობებს ამართლებ“.
„დღევანდელი მდგომარეობით, აფხაზეთს მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს. გვინდა თუ არა, ხდება მისი კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთში. უფრო მეტიც, აფხაზი ხალხის ჩანაცვლება ხდება სხვა ეროვნების ადამიანებით. პირობითად რუსებით, რომელთა უმეტესობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელია და რომლებთან დალაპარაკება ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია.
შემდგომი მოლაპარაკებების წარმოებისთვის ეს ბლოკადა უნდა მოიხსნას და აფხაზეთს დასავლეთთან ურთიერთობის საშუალება უნდა მივცეთ. ჩაიდოს დასავლური ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინვესტიციები და ამ გზით იქნებ გამოვძიძგნოთ ხელიდან რუსეთს აფხაზეთიც და აფხაზიც (რომელთა დიდი ნაწილი ქართული, ამ შემთხვევაში მეგრული წარმომავლობისაა). ჩვენც გავიხსნათ, თანდათანობით აღვადგინოთ კულტურული და ეკონომიკური კავშირები (ეს უფრო რთული პროცესია)... ამისთვის მოვითხოვოთ მხოლოდ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება სანაცვლოდ და ნელ–ნელა გავყვეთ პროცესებს. სხვა შემთხვევაში, დავკარგავთ აფხაზეთსაც და პოტენციურ მომლაპარაკებელსაც“.
„აფხაზები დავიბრუნოთ“, სულ ეს ისმის მარჯვნიდან და მარცხნიდან. მე კი გეუბნებით: „დაბრუნებული აფხაზი“ არის რუსის სალდათისგან პანღურამოკრული, სახლიდან გამოგდებული, გასაცოდავებული აფხაზი, რომელიც ენგურს აქეთ გადმოვა და თავშესაფარს გვთხოვს. აი ესაა მართლაც „დაბრუნებული აფხაზი“. აგერ მე და აგერ თქვენ, თუ მოკლე დროში ასე არ მოხდეს. ესაა აფხაზების „გულების დაბრუნება“. სხვანაირად მათ ჩვენ ვერ დავიბრუნებთ. მერე ეს ხალხი პირიქით უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის“.
„ჩემი აზრით, უნდა აფხაზეთი შუაზე უნდა გაიყოს. სოხუმს არ დათმობენ. ზედ სოხუმზე, წითელ ხიდთან უნდა გაკეთდეს საზღვარი და დანარჩენი აფხაზეთი უნდა ვაღიაროთ! დარწმუნებული ვარ, 30-40 წლის შემდეგ ის „აღიარებული“ დანარჩენი აფხაზეთიც შემოგვიერთდება ან ჩვენები იყიდიან იქ ყველაფერს! სხვა გამოსავალი არ არის. თუ არა და იქნება დღევანდელი სტატუს–ქვო და შეიძლება ესეც სანატრელი გაგვიხდეს!“
„იდიოტური ნაბიჯი, რომელიც ზიანის მეტს არაფერს მოიტანს: 1) არავინ დაგალაპარაკებს აფხაზებთან „ტეტ–ა–ტეტ“ ზღაპრები საერთაშორისო ძალებზე და ასობით ათასობით დაბრუნებულ ქართველზე, დარჩება ზღაპრად. მაქსიმუმ გადმოაგდონ „ქეის-ბაი-ქეის“ განხილვის პირობა, რაც დასრულდება 5, მაქსიმუმ 10 ათასი ქართველის დაბრუნებით;
2) ნახევრად ორსული არ არსებობს. წამოვა საშინელი წნეხი ორივე მხრიდან (დასავლეთი-რუსეთი), რომ ვაღიაროთ სოფელი ცხინვალიც.
3) მიეცემათ სტიმული სომხებს ახალქალაქში და რამე რომ იყოს და ხვალ ურთიერთობა გაფუჭდეს, აზერებს - მარნეულში.
4) ამას ცოტათი მაინც ვინც ემხრობით, ერთი კითხვა მაქვს – რომელი გაბედავდით მსგავს რამეზე ხელის მოწერას?“
„აფხაზები არც ჩვენი მიზეზით არ „დაგვიკარგავს“ და ვერც ჩვენ ვერ „დავიბრუნებთ“ ამ მეთოდებით, რასაც ბატონი მამუკა ამბობს (თუ მართლა თქვა ასეთი რამე). რომც „დავიბრუნოთ“ 60 ათასი აფხაზი, ეს აფხაზეთში ამინდს აღარ და ვეღარ შეცვლის, რადგან ისინი აბსოლუტურად უძლურები არიან. „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“ პრინციპი ყველგან მუშაობს და არაერთხელ უმუშავია ამას ჩვენი, ქართველების წინაამღდეგ. ასევე იმუშავებს სხვების მიმართაც. საკმარისია საქართველომ სხვა მექანიზმებით გაიმყაროს ფესვები, დარწმუნებული ვარ უამრავი აფხაზი და არამარტო აფხაზი „დაგვიბრუნდება“. ეს შეურაცხმყოფელი რომანტიული გადახვევები კი, ვითომ ვირეშმაკული და შორს გათვლილი სტრატეგიები არადა არ მობეზრდა ამ ხალხს?
300 ათასი ადამიანი გამოგიყარეს, 70 ათასი დაიტოვეს, ააოხრეს მთელი კუთხე, ამხელა ტერიოტორია წაგართვეს 21 საუკუნეში, დღისით-მზისით და შენი ხელით უნდა მოუწერო ხელი დამოუკიდებლობაზე? ნუთუ ესეთი დეგრადირებულები ვართ? თუ თავი ჩეხოსლოვაკია გვგონია? აფხაზებს თავი გამარჯვებულ ერად მიაჩნიათ და ზემოდან გვიყურებენ, სანამ პატრონის ზურგს გრძნობენ. 200 წელიც რომ გავიდეს, საქართველომ არანაირად არ უნდა მისცეს ვიზა მათ აღიარებას. დღეს აფხაზეთის დაბრუნება შეიძლება შეუძლებლად ჩაითვალოს, მაგრამ ხვალ გამოჩნდება უფრო მეტი შანსი და ვინანებთ, თანაც მწარედ.
როგორც კი, საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ვეღარც რუსებს გააჩერებს მერე რამე და ვეღარც საერთაშორისო ბიზნესს. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ არა 300 ათასი ქართველის ხარჯზე, არც მათი ქონების და დაღვრილი სისხლის ხარჯზე. დედები შვილებს ეზოებში ასაფლავებდნენ საკუთარი ხელით... ვინ უნდა დავიბრუნოთ? არ მეგულება არცერთი თავმოყვარე და შემდგარი ქვეყანა, რომელიც საკუთარი ნებით გადადგამს ასეთ ნაბიჯს. ესეთი იდეების გატესტვა, რომ ხდება გასაგებია, მაგრამ ვინც ამას აკეთებს, ჯობია 4 მილიონს უფრო მეტი პატივისცემით მოეკიდოს, ვიდრე 60 ათასს“.