სტიქიური მოვლენები დიდ ზიანს აყენებს როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს. ამ მოვლენათა განვითარებას ხშირად ადამიანებიც უწყობენ ხელს, როცა ჩეხავენ ტყეებს ან ცდილობენ დასახლებას იქ, სადაც მოესურვებათ და ამით ბუნებას წინ აღუდგებიან ხოლმე.
ბუნებრივ კატასტროფებს შეუძლიათ შეცვალონ დედამიწის რელიეფი. ამ ცვლილებებს ჩვენი პლანეტა უძველესი დროიდან განიცდიდა და ეს პროცესი ახლაც კიდევ უფრო მტკივნეულად გრძელდება.
საფრანგეთი ევროპას ბუნებრივ კატასტროფებთან საბრძოლველად სპეციალური ქვედანაყოფის შექმნას სთავაზობს. ოფიციალური პარიზის განცხადებით, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრისა და რუსეთის ხანძრების შემდეგ „ბებერმა კონტინენტმა“ შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს. ნიკოლა სარკოზი უახლოეს ხანებში ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს წამოაყენებს.
საფრანგეთი სწრაფი რეაგირების სპეცილაური ევროპული ქვედანაყოფის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ. „ფრანსპრესის“ ცნობით, აღნიშნული იდეა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ეკუთვნის.
„ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრისა და რუსეთის ხანძრების შემდეგ ჩვენ შესაბამისი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და ევროკავშირის ფარგლებში სწრაფი რეაგირების ძლიერი ქვედანაყოფი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც მსგავს კრიზისულ სიტუაციებში დაუყოვნებლივ იმოქმედებს“, – აცხადებს სარკოზი ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟოზე მანუელ ბაროზუსადმი მიწერილ წერილში.
აქვე საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანებში ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ წინადადებებს წამოაყენებს. ამავე წერილში სარკოზი პაკისტანისთვის დახმარების გაწევაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამ ქვეყანას, სადაც წყალდიდობების შედეგად 1000 ადამიანი დაიღუპა 400 ათასი კი უსახლ-კაროდ დარჩა, სერიოზული დახმარება უნდა გამოყოს.
ცნობილია, რომ დედამიწის ზედაპირის ფართობი 10 მლნ. კმ2-ია. აქედან ხმელეთის წილად მოდის 149 მლნ. კმ2. კონტინენტის მეტი ნაწილი მსოფლიო ოკიანის დონეზე მაღლაა (ხმელეთის სახით), ხოლო პერიფერიული ნაწილი მისი წყალქვეშა გაგრძელებაა, კონტინენტური შლეიფის სახით. სტიქიურ მოვლენებს, ბუნებრივი კატასტროფების სახით, ადგილი აქვს როგორც ხმელეთზე, ასევე - წყალქვეშ. ადამიანმა უამრავი კომპლექსი შექმნა ამ კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ბუნებრივია, ყველა სტიქიური მოვლენის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.
დამანგრეველი სტიქიური მოვლემებია: მიწისძვრები, ვულკანიზმი, გრიგალისებური ქარები, ციკლონური ქარიშხლები, ტაიფუნი, თოვლის ზვავები... ბუნებას დიდ ზიანს აყენებს, აგრეთვე სეტყვაც. იყო შემთხვევები, როცა მარტო ცალკეული რაიონები კი არა, მთელი ქვეყნები ისეტყვებოდა. 1788 წლის 13 ივლისს, 70 კმ/სთ სიჩქარის სეტყვის ტალღამ სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ მთელ საფრანგეთზე გადაიარა. დასეტყვის ზოლის სიგანე ზოგან 26 კმ-ს აღწევდა.
სეტყვის ერთი მარცვლის წონა კი 250 გრამს უდრიდა. გზებზე და ღრმულებში ყინულის სისქემ რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია. ხეები გაშიშვლდა, ნათესები განადგურდა, წვრილფეხა საქონელი გაწყდა, მსხვილფეხა პირუტყვი დაზიანდა. ტყეებში ფრინველი დიდი ხნით გაქრა.
უფრო ძლიერი სეტყვა მოვიდა რუსეთში 1843 წლის 27 მაისს. სეტყვის მარცვლის წონა ზოგან 300 გრამს უდრიდა. 1904 წლის 29 ივნისს მოსკოვის აღმოსავლეთ რაიონში მოვიდა სეტყვა 400 გრამიანი მარცვლებით. სეტყვა ვერტიკალურად და ისეთი ძალით ეცემოდა, რომ სათბურებისა და ორანჟერეების მინები ნატყვიარს ჰგავდა, ნიადაგს ექვსსანტიმეტრიანი ღრმულები აჩნდა. ძლიერი სეტყვა მოვიდა ინდოეთში 1929 წლის 11 მაისს. ზოგიერთი მარცვლის დიამეტრი 13 სმ-ს აღწევდა და 1 კგ-ს იწონიდა.
დამანგრეველი სტიქიური მოვლენაა გრიგალი. 1950 წლის ივლისში, საფრანგეთში საშინელი გრიგალი მძვინვარებდა. მის მიერ მიყენებული ზიანი ნამდვილ კატასტროფად იქცა. ქვეყნის ბევრ რაიონში ყურძნის, ხორბლისა და კარტოფილის მოსავალი მთლიანად განადგურდა.
1837 წელს კარიბის ზღვაში, ვირჯინიის კუნძულებზე გრიგალმა დაანგრია სიმაგრე, რომელიც ნავსადგურის მისადგომებს იცავდა, გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე კლდის უზარმაზარი ლოდები გამორიყა. 1881 წელს კი გრიგალმა დიდი გემი ოკეანის დონიდან 3 მეტრზე აზიდულ კლდეებზე შეაგდო.
ციკლონური ქარიშხალი უდაბნოზე გადავლისას ჰაერში იტაცებს ქვიშის მტვრის მასებს და დიდ მანძილზე გადააქვს. 1901 წლის მარტში საჰარის ქარიშხალმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მტვრით დაფარა ქ. ტუნისი. ქალაქში დღის საათებში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. მეორე დღეს ციკლონმა მტვერი გადაიტანა იტალიაში, უნგრეთში, გერმანიასა და დანიაში, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, მოწითალო ფერის მტვერი რუსეთშიც გამოჩნდა. ამ მტვრის გამოჩენა ურალშიც კი აღინიშნა.
ტროპიკულ გრიგალს თან ახლავს ცუნამზე არანაკლებ დამანგრეველი ძალის ტალღები. 1737 წლის ოქტომბერში, ბენგალის ყურეში, მდინარე უგლის ნაპირს თავს დაატყდა ქარიშხლისაგან გამოწვეული ტალღა, რის შედეგადაც 3 ათასი კაცი დაიღუპა. უფრო დიდი ზარალი გრიგალმა 1864 წელს მიაყენა მოსახლეობას. მოვარდნილმა ტალღამ 50 ათასი კაცი შთანთქა.
1949 წელს იაპონიის სანაპიროზე მძლავრმა ტაიფუნმა გადაიარა. 1300 პატარა თევზმჭერი გემი ზღვაში დაიღუპა, ათასობით მეთევზე უკვალოდ გაქრა.
ევროპული კოსმიური სააგენტოს ცნობით კი, პირველად დადასტურდა ამოუცნობი მოვლენის – ათ სართულიანი სიმაღლის ტალღის არსებობა. ამაზე ხშირად „ჭორაობენ“ მეზღვაურები, როდესაც იდუმალი მიზეზებით იძირება ხომალდები. თუმცა, დღემდე არავის სჯეროდა მსგავსი რამის არსებობა. პროექტი Max-Wave მსგავსი ჭორების გადასამოწმებლად იქნა ორგანიზებული. ევროპული კოსმიური სააგენტოს ორი თანამგზავრი ოკეანეს იკვლევდა სამი კვირის განმავლობაში. თანამგზავრის მიერ აღმოჩენილ იქნა 25 მეტრზე მაღალი 10 ტალღა-გიგანტი.
ზვავი დამანგრეველი ძალის სტიქიური მოვლენაა. იგი დიდ საშიშროებას უქმნის მთაში მომუშავე ადამიანებს, დასახლებულ პუნქტებს, სამრეწველო ობიექტებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს. 1987 წლის იანვარში ციკლონების შემოჭრამ დასავლეთ საქართველოს მთებში დიდთოვლობა გამოიწვია. გარკვეულ ადგილებში თოვლის საფარის სიმაღლემ 3-5 მეტრს მიაღწია, რამაც ზვავების არნახული გააქტიურება გამოიწვია. დაიღუპა ათობით ადამიანი, დაინგრა ასობით შენობა, განადგურდა სატრანსპორტო კომუნიკაციები.
გაზაფხულზე თოვლის ინტენსიურ დნობას მდინარეების ადიდება მოჰყვა, რამაც მნიშნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა კოლხეთის დაბლობზე მცხოვრებთ. ზაფხულში კი აღინიშნა მეწყერების გააქტიურება სვანეთში, რაჭასა და მაღალი მთის ზემო მონაკვეთზე. მთიანი რეგიონის ქვეყნებში, მიუხედავად გამაფრთხილებელი და დამცავი ღონისძიებების ფართო სპექტრისა, ყოველწლიურად 10%-ით იზრდება ზვავებში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა, ხოლო მატერიალური ზარალი – 5%-ით.
პარიზში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობის მიხედვით, 2004 წელი თანამედროვე ისტორიაში უპრეცენდენტოა (ეს მონაცემები 26 დეკემბრის მიწისძვრამდეა შედგენილი). ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებულმა ზარალმა 150 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2004 წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 300-ზე მეტი ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. ამას 21 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, ფინანსურად ყველაზე მეტად იზარალა აშშ-მ და იაპონიამ. შეერთებულ შტატებში უძლიერესმა ქარიშხლებმა და ციკლონებმა მნიშვნელოვნად დააზარალა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო. ტაიფუნმა იაპონიაც აზარალა.
ყველაზე დამანგრეველ სტიქიურ მოვლენად, ალბათ მაინც მიწისძვრები ითვლება. ჩვ.წ.აღ I ათასწლეულში დედამიწაზე მოხდა 6 ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც 100000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. II ათასწლეულში ასეთი მიწისძვრების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. პირველი ისტორიული ცნობები მიწისძვრების შესახებ ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წლით არის დათარიღებული. ამ წელს ეგვიპტეში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა.
დაფიქსირებული და გაზომილი მიწისძვრებიდან ყველაზე ძლიერი 1960 წლის 22 მაისს მოხდა სამხრეთ ჩილეში. ეპიცენტრში სიმძლავრე 9.5 ბალს აღწევდა. ამ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200 000 და დაშავდა 300 000 ადამიანი, 2.5 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყანამ 550 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი თავს დაატყდა ჰავაის სანაპიროს და 61 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მიწისძვრით გამოწვეულმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმა იაპონიამდეც მიაღწია, სადაც 138 ადამიანი დაიღუპა. დაზარალდა ფილიპინებიც.
კავკასიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1667 წელს მოხდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ შამახაში. დაიღუპა 80 ათასი ადამიანი.
1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მოხდა მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერესთან ახლოს. მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო. საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა. დაზარალდა ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლები.
1988 წლის 7 დეკემბერს, დილის 11:41 წუთზე სპიტაკში მოხდა ერთ-ერთი უდიდესი (როგორც სიძლიერის, ასევე მსხვერპლის თვალსაზრისით) მიწისძვრა, რომელიც 40 წამს გრძელდებოდა და რიხტერის შკალით 7 ბალს აღწევდა. მიწისძვრა განმეორდა 4 წუთის შემდეგ – 6 ბალი, ამას კი მოჰყვა რამდენიმე, წინამორბედებთან შედარებით მცირე ბიძგი, რომელთა საშუალო სიმძლავრე 5 ბალი იყო. მიწისძვრის ეპიცენტრიდან 80 კმ-ის დიამეტრში მდებარე 4 ქალაქი (სპიტაკი, ლენინაკანი, სტეფანავანი და კიროვაკანი) და 48 სოფელი მიწასთან გასწორდა და მოსახლეობის 20% იმსხვერპლა.
ლენინაკანში, 1982 წლის მონაცემებით, 215000 ადამიანი ცხოვრობდა, ქალაქი მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია. სტიქიას გადარჩენილები გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნენ. ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ, როცა ღამით ტემპერატურა – 20 გრადუსს აღწევდა. ცოცხლად დარჩენილთაგან არავინ იყო ისეთი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც არ დაეღუპა. დაზარალებულ რეგიონში განადგურებული იყო საკომუნიკაციო საშუალებები, რაც ძალიან ართულებდა მაშველების მუშაობას. თითქმის ყველა საავადმყოფო დანგრეული იყო, ექიმები კი - დაღუპული.
მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, მაშველებმა ერთი კვირის მუშაობის შედეგად ნანგრევებიდან 19000 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის - 5400 ცოცხალი. მიწისძვრის შედეგად 26000 ადამიანი დაიღუპა, 500000 უსახლკაროდ დარჩა, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა 14,2 მლრდ. დოლარს გადააჭარბა.
მსოფლიო შეაძრწუნა 2004 წლის დეკემბერში, სამხ. აღმოსავლეთ აზიაში მომხდარმა მიწისძვრამ. ინდონეზიის კუნძულ სუმატრას მახლობლად, ზღვის ფსკერის ქვეშ მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა, უდიდესი ზარალი მიაყენა ინდონეზიას, შრი-ლანკას, ინდოეთს, ტაილანდს, მალდივის კუნძულებს, მალაიზიას, მიანმას. სავარაუდოდ, დაიღუპა 150 ათასზე მეტი ადამიანი, ათობით ათასი უგზო-უკვლოდ გაქრა, მილიონობით კაცი დარჩა უსახლკაროდ. ირანში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც 40000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გიგანტურმა ტალღებმა, შრი-ლანკას სანაპიროზე რამდენიმე კმ-ის არეალში ყველაფერი წალეკა. ამ ზონაში მდებარე უნიკალურ, ბუნებრივ ნაკრძალში ასობით სპილო და ლეოპარდი ბინადრობდა. სტიქიას ყველა ცხოველი გადაურჩა. ჩანს, მათ იგრძნეს საფრთხე და თავს უშველეს. ცუნამმა გაწყვიტა უამრავი თევზი. მოზრდილმა ფრინველებმა მოასწრეს გაფრენა, ბარტყები კი დაიღუპნენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ფრთოსანთა ბევრი სახეობა დიდხანს ვერ გამრავლდება. სპეციალისტების აზრით, მდგომარეობის ნორმალიზებას ნახევარი საუკუნე მაინც დასჭირდება.
სერიოზული ცვლილებები მოხდა ნიკობარის ყველა კუნძულზე, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრის ახლოსაა. კუნძული ტრინკატი შუაზე გაიპო - ერთი ნაწილი წყალში ჩაიძირა, მეორე ჯერ კიდევ მოჩანს. ნიკობარის კუნძულების 20000 მოსახლიდან ნახევარი დაკარგულად ითვლება.
ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, დედამიწის ღერძი 3სმ-ით გადაიხარა, რამაც დედამიწის ბრუნვის აჩქარება გამოიწვია, დღე-ღამე კი წამის მაეთასედით დამოკლდა. ერთ-ერთი კუნძული, რომელზეც უბედურებამდე 3500 კაცი ცხოვრობდა, უკვე უკაცრიელად აღიარეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრებ პრიმიტიულ ტომთა ბედი. მათ შორის არიან ე.წ. ნიგრიტოს ტომის ადამიანები (მათი სიმაღლე 150სმ-ია), რომლებიც პლანეტის უძველეს მკვიდრებად ითვლებიან. სავარაუდოდ, ეს ტომი სტიქიამ შეიწირა.
ცუნამით დაზარალებულ ქვეყნებში დაიწყო სამაშველო ოპერაციები. გაეროს წარმომადგენლების აღიარებით, მათ ადრე არასოდეს დაჭირვებიათ სამაშველო სამუშაოების ერთდროულად 10 ქვეყანაში კოორდინირება და ამ რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა. ბოლო მონაცემებით, პირველ სამ დღეში მობილიზებული იყო 250 მლნ. დოლარი, რასაც ყოველდღე კიდევ ათობით მილიონი ემატებოდა.
მიწისძვრის საძლიერის მეცნიერული გაზომვა XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყეს. მანამდე მომხდარი მიწისძვრების შესახებ კი მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ:
1138 წლის 9აგვისტო, სირია, ქ. ალეპო - დაიღუპა 230000 ადამიანი.
1556 წლის 23 იანვარი, ჩინეთი, ქ. შანსი - დაიღუპა 830000 ადამიანი.
1737 წლის 11 ოქტომბერი, ინდოეთი, ქ. კალკუტა - დაიღუპა 300000 ადამიანი.
1976 წლის 26 ივლისი, ჩინეთი, ტიანშანი - დაიღუპა 225000 ადამიანი.
სტიქიური მოვლენები დიდ ზიანს აყენებს, როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს. ამ მოვლენათა განვითარებას ხანდახან ადამიანებიც ვუწყობთ ხელს, როცა ვჩეხავთ ტყეებს ან ვცდილობთ დასახლებას იქ, სადაც მოგვესურვება და ამით ბუნებას წინ აღვუდგებით-ხოლმე. (ამის არაერთი მაგალითი არსებობს:
ზვავების ან მეწყერის ჩამოწოლა ისეთ ადგილებში, სადაც ადრე ტყე იყო და მერე ადამიანმა გაჩეხა). ბუნებრივ კატასტროფებს შეუძლიათ შეცვალონ დედამიწის რელიეფი. ამ ცვლილებებს ჩვენი პლანეტა უძველესი დროიდან განიცდიდა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.