ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ხანძარი გაჩნდა ახალციხის რაიონის სოფელ სვირში, აბასთუმანის ტყეში და საგარეჯოში. ეს მხოლოდ ორი დღის მონაცემებია, ყველა შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო მეხანძრე–მაშველები და შსს–ს კუთვნილი ერთი ვერტმფრენი.
ხანძრის გაჩენის ყველა ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება შესაძლო დივერსიის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე შს მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს. გიორგიმღებრიშვილის განცხადებით, ახლა მთავარია ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე გაანალიზებენ მიზეზებსაც.
„მოდით, მიზეზებზე ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია და შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
რა არის გახშირებული ხანძრების მიზეზი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ 8 აგვისტოს შემდეგ საქართველოს რეგიონებში ერთმანეთისმიყოლებით ტყის მასივებს ცეცხლი ეკიდება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ საქმე გვქონდეს ეკოლოგიურ ტერორთან, რომელიც ტერორიზმის ერთ–ერთ კვალიფიკაციაში შედის.
„ეკოლოგიური ტერორიზმის ნაირსახეობაა. სხვათაშორის – რუსეთში, ვოლგოგრადში და როსტოვში გაჩენილი ხანძრის კვალზე,რუსულმა მხარემ სისხლის სამართლის საქმე ცეცხლის განზრახგაჩენის ბრალდებით აღძრა. უკვე აქვთ რეალური ვერსია, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. დიდი ალბათობით იგივე ვითარებაა ჩვენთანაც. მით უფრო, თუ გეოგრაფიულად გავავლებთ ხაზს, გამორიცხული არ არის გეოგრაფიული ტერორიზმის ერთიანი სახე იყოს.
ერთი და ორი კერა შეიძლება იყოს სტიქიური მოვლენა, მაგრამ როდესაც 5–ზე მეტ კერაზეა საუბარი და თან ერთმანეთის თანმიმდევრულად, აქ უკვე დიდი დაკვირვებაა საჭირო, ანუ ვისაწყობს, ვის მიერ არის ჩადენილი, რისკენ არის მიმართული და რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი. ერთია ეკოტერორიზმი და მეორეა, როცა ეს ღებულობს კატასტროფის სახეს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია არ გამორიცხავს, როგორც დაუდევრობას, ასევე დივერსიას. ხაბურძანია იმედოვნებს, რომ სათანადო სამსახურები ამ საკითხზე მუშაობენ, რადგან ასეთ ხეობებში სიტუაციის ლოკალიზება –ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა, უფრო დაკვირვებადია.
„ვის აწყობს– არაკეთილისმოსურნეებს, გაღიზიანებულ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება არაორგანიზებულები არიან, მაგრამ შეიძლება სადღაც იყვნენ ერთმანეთთან კავშირში. მე მაგალითად გავიხსენებდი 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის წინაპერიოდში ხშირად იყო აფეთქებები, რომელიც მსხვერპლზე არ იყო გათვლილი, მაგრამ აფეთქებდნენ ე.წ. ხლაპუშკებს, ვიღაცეებს აშინებდნენ და მოედო მთელ თბილისს, რასაც დინამიური ქაოსი ვუწოდეთ მაშინ.
როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ასეთი პროცესები იწყება, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცაზე გაბოროტებული ასეთი ორგანიზებული ჯგუფები,აკეთებდნენ ამას. როდესაც გაიგონეს, რომ იქ სადღაც ხანძარი გაჩნდა და ვერაფერი აღმოაჩინეს, არავინ დაისაჯა, მერე ვიღაცას უჩნდება ცდუნება, რომ სხვაგან გააჩიონოს ხანძარი, ასეთი რამეც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნაfor.ge–სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანიამ.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საგანგებოდ გამოცხადდეს მოსახლეობის აქტივიზაცია და ყველა ყურადღებით უნდა იყოს ასეთი ჯგუფების გამოსავლენად. ხაბურძანიას განმარტებით, მნიშვნელოვანია შსს–მმოსახლეობისგან მოითხოვოს აქტიურობა ამ შესაძლო ჯგუფების გამოსავლენად.
„მითუმეტეს, რომ აქვთ კოსმოსური საშუალებები, ევროპამაც აღუთქვა დახმარება მთავრობას. ტელეფონები და ადამიანთა გადაადგილება უფრო მეტად კონტროლდება. აბასთუმანში 5-კილომეტრიანი ტყეა,აუცილებლად ასეთი ხალხი ტელეფონით გადაადგილდება, არამგონია, რომ იმდენად მომზადებული იყვნენ, რომ შეცდომა არ დაუშვან. კარგად უნდა იმუშაოს პოლიციამ. ერთი და ორი კაცის გამომჟღავნება უკვე პრევენციაა და თუ ორგანიზებულია, შეჩერდება“, – აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
საქართველოს ურთულეს ვითარებაში უწევდა ხანძართან ბრძოლა. საქართველოსთან ერთად ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართული იყო – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ჰქონოდა რეზერვში რუსეთის დახმარების მიღების საშუალებაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსშორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია.
„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ასევე სხვა პარტნიორიქვეყნებისადმი. ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.
ამის მიუხედავად, „ნაციონალურიმოძრაობა“ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები იტყუებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ არანაირი პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისთვის არ გაგზავნილა.
„უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ ეს ნამდვილად მოხდა. არაფორმალური მმართველობის პირობებში, ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, რუსეთთან კომუნიკაციაც იყოს ან სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბიძინა ივანიშვილს არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა და ამდენად პარლამენტში ვერ დავიბარებთ და ვერ მოთხოვთ პასუხს.
ამიტომ, დღეს ვალდებულები ვართ, რომ დავსვათ მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველომ, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, სრულიად გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას იქამდე, სანამ არ იყო ამოწურული სხვა შესაძლებლობლები. ამიტომ, შეკითხვები გვაქვს ძალიან ბევრი და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გამოცხადნენ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვა გარკვეულ ტკივილებს შეიცავს, რადგან 10 წლის წინ რუსეთმა ეს ტერიტორია დაბომბა, ამიტომ, საზოგადოებისთვის ძნელია მიღება, რომ „დამხმარე და ქველმოქმედი რუსეთი“ მოდის და გიქრობს ცეცხლს.
„თურქეთს, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოსთან ახლოს აქვს გაცილებით მძლავრი ტექნიკა ცეცხლის ჩაქრობის. თურქეთი იქნება, ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ ირანი, არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ეჭვმიტანილნი იმ ტყეების გადაწვაში. რუსეთი კი არის ამ ტყეების გადაწვაში ეჭვმიტანილი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ 2008 წელს რუსეთი ამ ტერიტორიას როგორ ბომბავდა. საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი, ეს ტკივილი ცოცხალია და არ შეიძლება ამ ნოტებზე თამაში. „ქართულ ოცნებას“ არ ესმის არც ტკივილი, არც კონტექსტი და აქვს მექანიკური, გულცივი დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ოპოზიციის პოზიციას იზიარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა.
„ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ინფორმაციის დამალვა. მაშინ, როდესაც მიიღება ესა თუ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და არ ხდებოდეს საზოგადოების უკან რაღაც მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთივე შემთხვევა გვქონდა „გაზპრომთან“ მიმართებაში და ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი იძენს ერთგვარი ტენდენციის სახეს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ოპონენტების ბრალდებას არ იზიარებს მმართველი გუნდი. პარლამენტის საგარეოურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდეს.
„ბორჯომის ხეობაში კონკრეტული ვითარების დროს საქართველოს მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნა საერთაშორისო ფორმატები. ეს არის ევროკავშირი, ნატო და გაერო. ასევე საქართველოს მხარემ მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამასთან დაკავშირებით საუბარი შედგა.
იცით, რომ ზურაბ აბაშიძემ ამაზე გააკეთა დეტალური განმარტება. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება, როგორც იცით, დღის წესრიგში აღარ დადგა. რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული, ოპერატიული, ეფექტური მუშაობის შედეგად კატასტროფა თავიდან ავიცილეთ. რაც შეეხება მოსახლეობისთვის ინფორმაციის დამალვას, არავის არაფერი დაუმალავს და ამაზე ზურაბ აბაშიძემ დეტალური განმარტება გააკეთა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.