ალექსანდრე ელისაშვილის მხარდასაჭერად თბილისის ქუჩებში ხელმოწერები გროვდება. მოქალაქეებს ეცნობიან როგორც ელისაშვილის მხარდამჭერები, იწერდნენ მათ პერსონალურ მონაცემებს და შემდეგ უკვე ბლანკს ავსებენ. ამ ჯგუფთან კავშირს უარყოფს თბილისის მეორობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და რეაგირებისთვის პოლიციას მიმართავს.
ხელმოწერების შეგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკომ ელისაშვილის ერთი კვირის ვადაში 10 ათასი ხელმოწერის წარსდგენა მოსთხოვა და ამისთვის მას მხარდაჭერა მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაალ უდუმაშვილმა გამოუცხადა. ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ელისაშვილს სტილისტიკა ბევრი თვალსაზრისით ერთნაირია და იმის მიუხედავად, ენდომება თუ არა ალეკო ელისაშვილს, ამ მხრივ შეიძლება ადვილად იპოვონ საერთო.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო ხელმოწერების წარსადგენად ერთთვიანი ვადა მიეცა, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირა მისცა, შესაბისად თვლის, რომ ხელისუფლება ასეთი მეთოდით ებრძვის მას. ელისაშვილს მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობამ“ გამოუცხადა - დაეხაროს, რათა უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა. დაეხმარო კონკურენტ კანდიდატს, ეს ახალი სტილია მსოფლიო პოლიტიკისთვის?
რამაზ საყვარელიძე: არჩევნებში ლამის ყველაფერია დასაშვები, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში არითმეტიკამ ითამაშა როლი. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით ელისაშვილს აქვს შანსი, იმ ამომრჩევლის ხმები მიიღოს, ვინც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, კონკურენტებთან შედარებით შეიძლება აღმოჩნდეს მომგებიან მდგომარეობაში.
თუ კონკურენტების მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდნენ და ამას ამბობდა უდუმაშვილი -„ჩვენი მიზანია შევცვალოთ ხელისუფლებაო“ - ამ სტრატეგიით თუ შევხედავთ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ მათ გადაალოგონ თავიანთი მოქმედებები და იპოვინ ის, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს. როგორც ჩანს, ამ ფაქტორის გამო უდუმაშვილმა ჩათვალა, რომ უფრო მეტი შანსი შეიძლება ჰქონდეს ელისაშვილს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NDI-ის კვლევის თანახმად ელისაშვილის და უდუმაშვილის პირადი რეიტინგები დაახლოებით თანაბარი იყო...
- ამავე დროს, ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ზე მეტი არც ერთი პარტიისთვის არ აპირებს ხმის მიცემას. ამ ფონზე, ელისაშვილი როგორც იმ 30%-თან ასოცირებული პირი, შეიძლებაუფრო მეტი შანსის მქონედ ჩათვალა ნაციონალურმა მოძრაობამ. აქ უკვე მოქმედებს ის პრინციპი, რომ „გავერთიანდეთ ყველა ერთის წინააღმდეგ“. ალბათ ამ შემთხვევაშიც მოქმედებს წინააღმდეგობის და დაპირისპირების მოტივით გაერთიანება.
თვითონ ფაქტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა მხარდაჭერა და არა სხვა კანდიდატებმა, ეს აძლიერებს ამომრჩეველში იმის განცდას, რომ ელისაშვილი დაკავშირებული არის ნაციონალურ მოძრაობასთან? მით უფრო სულ უფრო ხშირად საუბრობენ ნაციონალების და ელისაშვილის კოჰაბიტაციაზე...
- რა თქმა უნდა, ზაალ უდუმაშვილის ეს მხარდაჭერა პოლიტიკურ შინაარსს გულისხმობს. ელისაშვილი ამ შემთხვევაში ბრმა იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს ნაციონალების ხელში, რადგან თვითონ ხედავენ იმის პრესპექტივას, რომ ასეთ იარაღად შეიძლება ელისაშვილი გამოიყენონ. სხვა თუ არაფერი, სტილისტიკაა ბევრი თვალსაზრისით ერთნაირი, აგრესიული სტილი, ხმამაღალი განცხადებები, ადვილად წასვლა დაპირისპირებებზე და ა.შ. ეს უფრო ნაცების სტილისთვის არის დამახასიათებელი, ამ მხრივ შეიძლება ადვილად იპოვონ საერთო. ვიმეორებ: მიუხედავად იმისა, ეს ენდომება თუ არა ალეკო ელისაშვილს. აი ამ თვალსაზრისით, საერთოობამ შეიძლება შექმნას ასეთი გაუფორმებელი ალიანსი.
ეს გაუფორმებლობა შეიძლება აწყობს ნაცონალურ მოძრაობას. მოგეხენებათ, რომ მან რამოდენიმე პარტია წარმოშვა, მათ სტილში ახალი არის სახელების შეცვლა, პოლიტიკა თითქმის ერთია. ამ შემთხვევაში სახელი და პერსონა შეცვლილია, ოღონდ მისი პოლიტიკური დაპირისპირების სტილი, ემთხვევა ნაციონალების სტილს. ძალაუნებურად, როდესაც ორ სუბიექტს შორის ბევრია საერთო, მერე ერთნაირად მოქმედებს, ერთმანეთს ეხმარებიან კიდეც.
ელისაშვილი ამბობს, რომ მისი, როგორც რეალური კანდიდატის წინააღმდეგ, მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა...
- ყველა პოლიტიკოსი თავის თავზე ამბობს, რომ რეალური კანდიდატია. ამას უნდა შევეჩვიოთ. მაგრამ ამ განცხადებების მიუხედავად, რეალურ კანდიდატად უნდა ჩავთვალოთ კახა კალაძე, სოციოლოგიური გამოკვლევებით მისი რეიტინგი ძალიან ახლოს არის 50%-იან ბარიერთან, უფრო დაშორებულია ელისაშვილი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ პირველ ტურში გადაწყდეს პრობლემა. მთავარია, რომ საზოგადოებამაც მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ პირველ ტურში გადაწყდეს პრობლემა. პრობლემის მეორე ტურში გადატანა საზოგადოებისთვის არის სახიფათო.
რატომ?
- სწორედ იმიტომ, რომ უკვე იკვეთება ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასა და ელისაშვილს შორის. ამიტომ, მეორე ტურში პრობლემის გადატანამ შეიძლება გააძლიეროს ნაციონალური მოძრაობა. ეს ცნობიერება არის მოსახლეობაში და რომც არ იყოს, უდუმაშვილის რეაქცია წესით ამაზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. ასე, რომ სიზარმაცე, რაც ჩვევია ქართველ ამომრჩეველს და ადგილობრივ თვითმმართველობას, ისევე დაუშვებელია, როგორც 2014 წელს.
პასიურობა დაუშვებელია, მაგრამ მოსახლეობის ნაწილის პასიურობის შემთხვევაშიც კალაძე არის ყველაზე რეალური კანდიდატი. მისი პიროვნული რეიტინგი, მინისტრად ყოფის გამოცდილება, ის, რომ მის უკან გუნდია და მისი დაპირებების რეალიზაციისთვის მთელი გუნდი იმუშავებს, ეს ყველაფრი ზრდის იმის შანსს, რომ მერის თანამდებობაზე კალაძის პროდუქტიულობა მეტი იქნება.
რაც შეეხება სოციოლოგიური კვლევას, 37% ამბობს, რომ არც ერთი პარტიის მიმართ არ აქვს სიმპათიები, 62%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას. ამომრჩეველი, რომელიც აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ აძლევს ხმას და საერთოდ არ წავა არჩევნებზე... ეს ამომრჩეველი რამდენად სახიფათოა ხელისუფლებისთვის და მომგებიანი ოპოზიციისთვის, ამ შემთხვევაში - ელისაშვილისთვის? მით უფრო, რომ ამომრჩევლის იმედგაცრუება „ქართული ოცნებით“ აშკარაა.
- როდესაც მოგახსენეთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება საკითხი და გაიმარჯვებს კალაძე-თქო, მოგახსენეთ სწორედ იმაზე დაყრდნობით, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნების“ მოქმედებაში, გაუბედაობასთან, რიგ შემთხვევაში - უნიციატივობასთან და ა.შ. ეს ნიშნები კალაძეს ყველაზე ნაკლებად ახასიათებს. ყველა აღნიშნავს, რომ ის იყო ენერგიული მინისტრი. გარკვეული იმედგაცრუება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ არ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი.
მაგრამ რაშიც კრიტიკულები არიან „ოცნების“ მიმართ, სწორედ იმ ხასითის მქონე ადამიანი, როგორც კალაძეა, მაგ მინუსებს უფრო შეამცირებს. რაც შეეხება იმედგაცრუებას - ბოლო ხანებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას შევხედით: საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ახლა უკვე 14%-ი აქვს მხარდაჭერა, დონალდ ტრამპზე არაფერს ვამბობ. რეიტინგებში მხარდაჭერის ვარდნა ტიპიური მოვლენაა ყველგან, ყველა ქვეყანაში. ბუნებრივია, ამ კანონზომიერებას ვემორჩილებით ჩვენც.
უკვე ამომრჩევლის გამოცდილება გამოიხატება იმაში, იმოქმედოს არა იმდენად წარსულის საყვედურებისა და უკმაყოფილების საფუძველზე, არამედ იმის საფუძველზე, სად არის და რომელ კანდიდატშია დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტის რესურსი. თავის პიროვნული და ენერგიული ხასიათით, პრობლემების გადაწყვეტის რესურსი უფრო მეტად კახი კალაძეშია. სულ ცდილობს მიიწევდეს წინ, ამ წინსვლაში პასუხისმგებელი არის თავის თავთან. ეს არის იმის გარანტია, რომ პოლიტიკურ ემოციებს ნაკლებად აყვება და პრობლემების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის არის გაწონასწორებული კანდიდატი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ხოშტარიას არ აძლევს ხმას მხოლოდ იმიტომ, რომ მის გვერდით დგანან გიგი უგულავა და გიგა ბოკერია. რა შანსი აქვს ხოშტარიას?
- მარათონში, რომელშიც გამარჯვება მხოლოდ ერთ კანდიდატს ეკუთვნის, სადაც მეორე და მესამე ადგილი არ არსეობს, ასეთ მარათონში თითქოს ყველას ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ასეთ მარათონში მონაწილეობა ადამიანს ამკვიდრებს პოლიტიკაში. მან რომც ვერ მოახერხოს მერობა, მერობის სერიოზულ კანდიდატად ყოფნა, უკვე ამახსოვრებს ადამიანებს მის სახეს და სტილს. თქვენ ხოშტარიას გაწონასწორებული სტილი ახსენეთ, რაც არ გამოჩნდებოდა, რომ არ ყოფილიყო ჩართული ამ შეჯიბრში. ხოშტარია პოლიტიკაში რჩება, როგორც პოლიტიკის ერთ-ერთი პოზიტიური ფიგურა. ვთვლი, რომ ანალოგიური რესურსს შეიქმნის ელისაშვილიც იმ ჩართვით, რაც გააკეთა. შეიძლება შეიქმნას უდუმაშვილმაც, რომელთანაც პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ თუკი აზრიანად გამოიყანა ეს შანსი, შეიძლება პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს. მერი ყველა ვერ გახდება, მაგრამ თუ მისმა კონკურენტებმა ამ კონკურენციით თავი დაამახსოვრებინეს ადამიანებს, უდაოდ მოგებული იქნებიან.
„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - კახა კალაძემ საარჩევო კამპანია ამ სლოგანით დაიწყო. არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხელისუფლება ებრძვის ხანძარს, იგივე რკინიგზელთა პროტესტი, რომელსაც ხელოვნურობა სდევს, კალაძე შეიძლებს პირველივე ტურში გახდეს თბილისის მერი? არ ვსაუბრობ რეგიონებზე, სადაც მეორე ტურის ალბათობაზე საუბრობს ხელისუფლებაც...
- რეგიონებში არ დგას ის პოლიტიკური ალტერნატივა, რაც თბილისში. იმ მხრივ, რომ იქ ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი შედარებით დასუსტებულია. თბილისში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ისეთი სახე, რომელიც ლამის რევოლუციით ემუქრება ქვეყანას. ამიტომ, თბილისში სხვა პოლიტიკური ფონი გვაქვს. რაც შეეხება ამ მოვლენებს, რომელიც ბორჯომის ხეობაში და არა მარტო იქ განვითარდა, გვახსოვს, რომ არსებული მდგომარეობა ზოგს ახარებდა და ახარებდა ის, რომ თუ ხანძარი ვერ ჩააქრეს, ე.ი. ხელისუფლებამ წააგო.
ბუნებრივია, მათთვისაც ძვირფასია ბორჯომის ხეობა, მაგრამ იმდენად ძლიერია პოლიტიკურიინტერესი, რომ ივიწყებენ ქვეყანას. ასეთ ადამიანებს არაფერი არ შეცვლის, ისინი იარსებებენ. მაგრამ მთავარია ისინი, ვინც პოლიტიკური მოტივის გარეშე უყურებდნენ მოვლენებს. მათ დაინახეს ერთკვირიანი ბრძოლა ხანძრთან, როცა ადამიანები საკუტარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ სტიქიასთან გამკლავებას. ამ პერიოდმა გამოაჩინა თანამშრომლობის უნარი სხვა ქვეყნებთან, ესეც ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურებაა, როდესაც ის ახერხებს ამ მეგობრობის დროულად და კარგად გამოყენებას.
რაც შეეხება პირველ ტურს, კალაძის რეიტინგი ძალიან ახლოს არის 50%-თან. გავითვალისწონოთ ისიც, რომ მოსახლეობას არც ერთი კანდიდატისგან არ მოუსმენია დალაგებული პროგრამა. როგორც კი მოსახლეობა გაეცნობა პროგრამებს, მერე უკვე გაზომილი რეიტინგები დამაჯერებლად გვიჩვენებს, გადაწყდება თუ არა საკითხი პირველ ტურში. სავარაუდოა, რომ საკითხი გადაწყდება პირველ ტურში.