ხაძრის სერიები, რთულად მიუვალ ადგილას გაღვივებული ცეცხლის კერები, ტყეში დატოვებული ბენზინის ბიდონები - ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს, საქმე გვაქვს დივერსიასთან, თუ ბუნებრი სტიქიასთან? ვის და რაში სჭირდება ამ ფორმით გამოუცხადოს ბრძოლა ბუნებას - ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრი ბრაკონიერების მიერ ხის ჭრის პროცესში, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.
for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
ბორჯომის ხეობაში ხანძის გაჩენის ოფიციალურ მიზეზად კლიმატური პირობები სახელდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის სამასზე მეტი კერა დაფიქსირდა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ჩარევის კვალი იკითხება?
ბესიკ ალადაშვილი: ზოგადად, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა და განსაკუთრებით ტყის მასივში და თუ საკურორტო ზონაში. მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კრიმინალის რამდენიმე შემთხვევა კონკრეტული მიზნით. დაფიქსირდა ადამიანური ფაქტორი, ანუ ხელოვნურად ხანძრის გამოწვევა.
საქართველოს რეალობას რომ შევხედოთ - ზაფხულია, წვიმა არ ყოფილა, გადამხმარია ყველაფერი, ამ დროს ხანძრის ალბათობა იზრდება. აქედან გამომდინარე ხელისუფლება მზად უნდა იყოს მოვლენების ასეთი განვითარებისთის. ხანძარი არის უსერიოზულესი სტიქია, რომელსაც უცხოეთში ძალიან სერიოზულად უდგებიან. აკადემიები არსებობს, სადაც მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება.
ბორჯომის მოვლენებმა აჩვენა, რომ პრაქტიკული სწავლება, ისევე როგორც თეორიული, აუცილებელია, ვნახეთ ქარის გამო როგორ გაღვივდა რამდენიმე ჩამქრალი კერა...
- არსებობს ხანძართან ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა, ცალკე - ქალაქის პირობებში, ცალკეა - ტყეში და მინდორში. სამწუხაროდ, საქართველო ამ მხრივ, პროფესიონალიზმის კუთხით, მოიკოჭლებს. ყოველ შემთხვევაში, არ მინდა ამ ხალხზე ცუდი რამე ვთქვა, მაგრამ იხარჯება თუ არა საკმარისი თანხა ტექნიკურ აღჭურვაზე, თეორიულ მომზადებაზე და ვარჯიშებზე, ეს ცალკე გასარკვევია, რადგან ხანძრის ჩაქრობა უშუალოდ საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის პრეროგატივა არის.
ხანძარი შემთხვევით გაჩნდა, ვინმემ დივერსია მოაწყო, თუ შეგნებულად გააკეთა, ქვეყანა მზად უნდა იყოს ხანძრის ჩასაქრობად. როდესაც ვსაუბრობთ ბელორუსულ ვერტმფრენზე და აღფრთოვანებულია ჩვენი ხელისუფლება... რატომ არ მოინახა შესაბამისი თანხა ამ ტექნიკის შესაძენად? ამის შემდეგ მაინც უნდა მოინახოს თანხები რომლითაც მოხდება შესაბამისი ტექნიკის შეძენა.
როგორც მოვლენებმა აჩვენა, ამ კუთხით გვაქვს პრობლემები. მაგალითად, აქტუალურია თემა - მოიკელით პრემიები, დანამატები და აღჭურვეთ სპეციალური ტექნიკით შესაბამისი სამსახურები. ხანძარმა აჩვენა სახელმწიფოს ნაკლოვანება ამ თვალსაზრისით და რამდენად სწორია მოწოდება, რომ სახელმწიფო უწყებებმა მოიკლონ დანამატი და შესაბამისი სამსახური აღჭურვონ შსაბამისი ტექნიკით, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთ სტიქიასთან საბრძოლველად?
- „ურემი, რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“ - ამ სამწუხარო პრინციპით არ უნდა ვიაროთ. ხანძარი უფრო საშიში და პრობლემატურია, ვიდრე მაგალითად წყალდიდობა. წყალდიდობას შეიძლება ებრძოლო, რაღაცა გზები დასახო და მართო პროცესი, მაგრამ ხანძრის მართვა ურთულესი პროცესია. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ვინმე დაჯდეს და დათვალოს მატერიალური ზარალი. ის თანხები, რაც დაიხარჯა ამ ხანძრების ლიკვიდაციაზე, არის თუ არა შესაბამისობაში არსებულ ტექნიკურ აღჭურვასთან.
თავის დროზე რომ გვქონოდა ის ტექნიკა, თუნდაც ერთი ვერტმფრენი, ტექნიკური აღჭურვა, ალბათ ხარჯი ამდენი არ იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხანძარი არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც იყო კალიფორნიაში, ესპანეთში, ან პორტუგალიაში. ასეთ დიდ ქვეყნებსაც უჭირთ ხოლმე მარტო ხანძართან გამკლავება, მეზობელი ქვეყნების დახმარება ბუნებრივი პროცესია.
რაც შეეხება ბიუჯეტის სწორად ხარჯვას, ეს ეხება არა მარტო ხანძარს, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ყველა საკითხს. სამწუხაროდ, ჩვენთან არ კეთდება ამის დაბალანსება, ანუ არ კეთდება მონიტორინგი. გვყავს სპეცსამსახურები, მაგრამ საკითხავია მათზე დახარჯული თანხები რამდენად ადეკვატურია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შეფასების სხვა კრიტერიუმი არ არსებობს.
არ ვარ მომხრე კომუნისტურ-პოპულისტურ სისტემას დავემსგავსოთ, მინისტრებს, ან საჯარო მოხელეებს ხელფასები ჩამოვაკლოთ, არ მივცეთ პრემიები... რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი. შევარდნაძეს, როგორც პრეზიდენტს, 400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იყო კორუფცია. საზოგადოება უნდა შეეგუოს, რომ თუ უნდა ეფეტიანი ხელისუფლება, მას უნდა ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება და ეს ანაზღაურება უნდა იყოს უნისონში იმ ქვეყნის ბიუჯეტის რეალურ შესაძლებლობებთან და ასევე მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან.
ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ბიუჯეტის ხარჯები მეტ მონიტორინგს მოითხოვს, საზოგადოებისთვის ღია უნდა იყოს ეს ხარჯები. აქ არა მარტო ტექნიკაზეა საუბარი. ერთია - ტექნიკური აღჭურვა, მაგრამ აუცილებელია ტაქტიკური და თეორიულო მომზადება, თუნდაც მეხანძრეების სხვადასხვა დონეზე, მაგალითად ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროცესებს. როგორც გითხარით ამის გამოცდილება აქვს აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.
რაც შეეხება მიზეზებს, ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე გაჩნდა, თუმცა აქვე გაჩნდა სიტყვა „დივერსია“. ერთი თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უშვებთ დივერსიის შესაძლებლობას?
-მე მესამე ვერსიასაც დავამატებდი, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ ჩვენმა სამართალდამცავებმა. პირველი - ეს არის შემთხვევითობა, დიდი ხნის გვალვების გამო, გამხმარი ბალახის და ხის აალებისთვის საკმარისია პატარა მინის ბოთლიც. ეს დივერსიად არ განიხილება. აქ ზუსტად არის გასაანალიზებელი, სად წარმოიშვა ხანძრის კერები, როგორ ვითარებოდა, მაგრამ თუ ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, გასაგებია, რომ აქ უკვე ადამიანის ხელი და ადამიანის მონაწილეობა იკვეთება. გამოძიების პროცესში ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს. არ ვაპირებ ჩვენი სპეცსამსახურების და სამართალდამცავების საქმიანობაში ჩარევას, მათ მაგივარდ დასკვების გაკეთებას, უბრალოდ ეს ჩემი ვარაუდია, შეიძლება მცდარიც.
მეორე - რომელსაც არავინ განიხილავს, თუ ვნახავთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბორჯომში, არ არის გამორიცხული ხანძარი ბრაკონიერების მიერ ხის ჭრის პროცესში, ან ამ დანაშაულის გამო კვალის დაფარვის მიზნით გაჩნდა. ამაზე არავინ არ საუბრობს, ამ დროს ეს ვერსია აუცილებლად არის განსახილველი.
მესამე - როცა ჩვენ დივერსიაზე ვსაუბრობთ, ასეთ ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებში ყოველთვის არის უცხო ქვეყნის აგენტურის მონაწილეობის კვალი, ეს არის სამი ძირითადი ვერსია. ზუსტად არ ვიცნობ ამ კონკრეტულ ადგილს, რამდენად იყო იქ ტურისტული ბილიკები, ან რამდენად ავიდნენ იქ ტურისტები მწვადის შესაწვავად, ეს ადგილზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა დამსვენებლების დაუდევრობა. ქართველებმა ვიცით ქეიფი, მაგრამ ნაგვის გატანა და ხანძრის ჩქრობა არ ვიცით, რაც ბევრჯერ გამხდარა ხანძრის მიზეზი. სულ ოთხი ვერსია და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურებმა.
რაც შეეხება ბორჯომის ტყეში ე.წ. ბიდონების აღნოჩენას, რომელსაც ბენზინის სუნი ჰქონდა, ასეთი რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა დაახლოებით ორი კვირის ადრე, ვიდრე ხანძარი გაჩნდებოდა. ეს ფაქტები აძლიერებს დივერსიის ვერსიას?
- არ ვიცი, ბენზინი იყო თუ არა, მაგრამ ეს დივერსიას გამორიცხავს, დივერსანტები ღვინით არ დადიან. თუ გინდა დივერსიის ჩატარება, ყველაზე მოუხერხებელია 20 ლიტრიანი კანისტრის თრევა, როდესაც შეიძლება პლასტმასის პატარა ბოთლებში ჩაასხა ბენზინი, სადღაც 10-15 ლიტრი ბენზინი საკმარისია იმისათვის, რომ ცეცხლის 4-5 კერა გაჩნდეს. აქ უფრო ტყის უკანონო ჭრის კვალი ხომ არ არის? ისინი იყენებენ საწვავს ხერხისთვის და ღვინო გასაგებია რისთვისაც უნდოდათ. ანუ ცალსახად სანამ ვიტყვით, რომ ეს დივერსიაა, მანამდე ყველა ნიუანსები უნდა განვიხილოთ.
მაგრამ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ძალიან თამამად დაიწყო საუბარი, რომ არ არის შემთხვევითი ფაქტი, და რომ ყველა ვერსიას განვიხილავენ...
- გასაგებია, მაგრამ ჯერ ფრთხილად უნდა ვიყოთ, სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. ეს ნივთმტიცებები უნდა იქნას შესწავლილი. როდესაც ხდება ასეთი ოპერაციის ჩატარება, მაქსიმალურად ცდილობენ კვალი არ დატოვონ, ამ ე.წ. ბიდონებსაც ცეცხლში დაწვავდა, იქ არ დატოვებდა. ამიტომ, გასარკვევია შემთხვევითობა იყო, თუ ვინმე შეგნებულად კვალის არევას ხომ არ ცდილობს.
შეგნებულად კვალის დაფარვა - საინტერესოა, რომ ყველაფრი იწვის, მაგრამ უვნებლად გადარჩა პლასტმასის ე.წ ბიდონები, ჩნდება კითხვა - როგორ?
- არა მარტო პლასტმასის, არამედ რკინის ბიდონებსაც ვერავინ იპოვიდა. გადააგდებდა ან, სხვა ადგილას დააგდებდა და არა თვალსაჩინო ადგილას. ესეც გამოძიების საქმეა. ვინც აღმოაჩინა ეს ბიდონები, გასარკვევია, რა მანძილით იყო დაშორებული ტურისტული ბილიკებიდან, ეს ნიუანსები უნდა იყოს გათვალისწინებული.
ალბათ გაკეთდება ერთიანი რუქა, სადაც დატანილი იქნება ცეცხლის გაჩენის კერები, როდის და რა პერიოდულობით გაჩნდა, შემდეგ უნდა მოხდეს მათი განვითარების ანალიზი, როგორ გაძლიერდებოდა და რა მიმართულებით. შესაბამისი სპეციალისტები სჭირდება.
ამ მწარე გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არ არის მარტივი პროცესი - მარტო წყალი მიუშვა და ჩააქრო, ასე არ არის. უამრავი ნიუანსია, მაგალითად თხრილების გამოყენება, შემხვედრი ხანძრის გაჩენა. ამ თემას სახელმწიფოებრივად უნდა მიდგომა.
თუ განვიხილავთ ვერსიას, რომ ეს იყო დივერსია, რა შეიძლება იყოს დივერსანტების მიზანი? თუ მიზანი იყო ხელისუფლების უსუსურობის ჩვენება, მაშინ რა ჯგუფის მიერ შეიძლება ყოფილიყო ორგანიზებული?
- სანამ ბორჯომის ხეობაში გაჩნდებოდა ხანძარი, მანამდე რამდენი ხანძრი იყო, ვგულისხმობ ბაზრობებს, და ეს სტატისტიკა თქვენ გქონდათ ჩამოთვლილი, ამ შემთხვევაში უფრო მარტივი უნდა იყოს ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესწავლა, ვიდრე ტყის შემთხვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, გამოძიების შედეგი ჯერ კიდევ არ ვიცით. წინა მაგალითები კონკრეტულად რა შედეგებს და პასუხებს მოგცემდა, ეს უნდა ყოფილიყო დივერსიის, ან შემთხვევითობის გამამყარებელი.
თუ იქნებოდა რამდენიმე საეჭვო ფაქტი, რომ ადამიანები შეგნებულად მონაწილეობდნენ, ეს უკვე თამამი განცხადებაა და აქედან უნდა დაწყებულიყო მუშაობა, მაგრამ არ ვიცით გამოძიების შედეგები. ჩვენ გვაქვს ოთხი ვერსია, ყოველთვის გარე მტერს ვეძებთ და ამით ვნიღბავთ პირად ვალდებულებებს. ყველა სამსახურმა თავისი საქმე ისე უნდა გააკეთოს, რომ გარეშე მტრის ხატის შექმნა არ უნდა ჭირდებოდეს. თუმცა, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ და ისეთი მეზობელი გყავს, არ არის გამორიცხული, რომ შეგნებულად კეთდებოდეს.
რა მიზანი აქვს დივერსანტს? ფაქტიურად თქვენ ჩამოთვალეთ უკვე მიზეზები - ხელისუფლების სისუსტის და უსურობის ჩვენება. მოდის ადგილობრივი არჩევნები, მოსახლეობის და ხელისუფლების დაპირისპირების ჩვენება შეიძლება იყოს მიზეზი. ხალხს ნაკლებად აინტერესებს ხანძრის გაჩენის მიზეზი, ის ამბობს, რომ სწრაფად ჩააქრეთ ცეცხლი. ჯერ-ჯერობით ალბათ უმჯობესია თავი შევიკავოთ რაღაცეების მტკიცებისგან. თუ ეს საქმეც გაიწელა, ისევე როგორც სხვა ფაქტები, მაშინ ცხადი გახდება, რომ სერიოზული არაპროფესიონალიზმია საქართველოში ყველა დონეზე.
თუ შიდა ძლებს გამოვრიცხავთ, შიძლება განვიხილოთ ჰიბრიდული ომის კონტექსტში?
- ჰიბრიდულ ომს ყოველთვის გარე ძალები იწყებენ. გარე ძალები შიდა აგენტურას და შიდა ძალებს უკავშირდებიან. ვინც იცის გარემო, ადგილმდებარეობა, ვინც არ გამოირჩევა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან და ა.შ. მათ ავალებენ ამ საქმეს, ეს - როცა ვსაუბრობთ დივერსიაზე. რაც შეეხება ჰიბრიდულ ომს, მთელი პრობლემატურობა იმაშია, რომ ჰიბრიდული ომი არის კომპლექსური, ანუ ის მოიცავს განათლების სისტემიდან დაწყებული, შეიარაღებულ კონფლიქტამდე დამთავრებული, მთელ სფეროს.
რაც შეეხება შიდა ძალებს - ამ ეტაპზე ხელსიუფლებას რაც შეუძლია, თავისი ცოდნით და გამოცდილებით იბრძვის. ვერ ვიტყვით, რომ არ ინდომებს, მითუმეტეს ის ხალხი, ვინც უშუალოდ არის ჩართული და ვინც უშუალოდ მუშაობს. ცალკე თემაა, საჭირო იყო თუ არა ამდენი მინისტრების, მოადგილეების და დეპარტამენტების უფროსების შტაბში ყოფნა, მათი მივლინების, წინ და უკან სიარულის ხარჯები კიდევ ცალკე თემაა.
რაც შეეხება პოლიტიკოსების განცხადებებს, ზოგადად, პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ რომ ხელისუფლება აკრიტიკონ. ხანდახან ცუდ მაგალითებსაც და მძიმე ფაქტებსაც იყენებენ, მაგრამ, ეს ნორმალური პროცესია, რას ვიზამთ. ხელისუფლებამ კრიტიკა უნდა მიიღოს და ამ კრიტიკიდან მან რაციონალური მარცვალი აიღოს და გაითვალისწინოს. ოპოზიციაც უნდა ეცადოს რომ კრიტიკა არ იყოს მხოლოდ კრიტიკისთვის. ქვეყანაში არსებული პრობლემა არავის უნდა უხაროდეს, პირიქით.
ჩვენ გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ეჭვმიტანილია ბათუმის მოვლენებში. ამ პოლიტიკური ჯგუფისგან გამორიცხულია მსგავსი ფაქტი, მით უფრო არჩევნების წინ?
- პოლიტიკოსები არ უნდა დაწვრილმანდნენ ისე, რომ ეროვნული უბედურება უხაროდეთ, მით უფრო ასეთი სტიქია. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ცეცხლი მოსახლეობასთან არ გადავიდა და ადამიანები გადარჩნენ. რაც შეეხება ხანძრებთან რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკავშირებას, ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია იმიტომ, რომ ეს არანაიარი ეფექტის მიმცემი მათთვის არ იქნებოდა.
არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ქართველის ხელით არის გაკეთებული, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების, ან ადგილობრივი არჩევნების მოტივით, საკრებულოში ერთი თუ ორი ხმის მოსაპოვებლად. ეს იქნებოდა აბსოლუტური დაცემა არა მარტო იმ პოლიტიკური ძალისა, არამედ საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას ძალიან მუქ ფერებში დახატავდა. ჯერ ისედაც მუქია და კიდევ უფრო გაამუქებდა. სანამ ხელშესახები ვერსიები, ფაქტები არ იქნება, კონკრეტული ბრალდებისგან ჯობს ყველამ თავი შევიკავოთ. დაველოდოთ გამოძიებას. იმედია ეს გამოძიებაც არ იქნება უსასრულო, დროში და სივრცეში გადაკარგული.