„რვიანის“ პერსპექტივა

„რვიანის“ პერსპექტივა

[თეონა ხარაბაძე]

„რვიანის“ წინადადებებთან დაკავშირებით ხელისუფლება საკუთარ პოზიციას ამ კვირაში დააფიქსირებს. ყოველ შემთხვევაში, მამუკა კაციტაძე პავლე კუბლაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ასეთი პირობა მას კუბლაშვილმა მისცა. 

ხელისუფლებას მიცემული პირობა იმდენჯერ დაურღვევია, რომ დანაპირების არშესრულება მოულოდნელი არც ახლა იქნება. თუმცა, მთავარი ის არის, რომ თავად კაციტაძე ახალ ვადად ივნისის ბოლოს ასახელებს. ამ დროისთვის კი, არამარტო საარჩევნო თემატიკის ბედი უნდა გაირკვეს, არამედ თავად „რვიანის“ მომავალი და ამას ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„სავარაუდოდ ამ თვის ბოლოსთვის საზოგადოება, ალბათ, გახდება მოწმე ამ მრავალთვიანი, გაწელილი, ჩიხში შესული მოლაპარაკებების ერთგვარი დასასრულისა. როგორი იქნება ეს დასასრული, მე ნამდვილად ვერ ვიწინასწარმეტყველებ და პროგნოზებისგან ნამდვილად თავს შევიკავებ, მაგრამ ის, რომ აუცილებლად დასრულდება და საზოგადოებაში ფუჭ მოლოდინებს ადგილი არ ექნება, ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ“, - აცხადებს კაციტაძე.

ფაქტია, რომ ყველაფერი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და კუბლაშვილის ზეპირ განცხადებას თუ დავუჯერებთ, რეალური ცვლილებები თავად ხელისუფლებას სურს.

მაგრამ ასეთი განცხადებები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთებულა. ამიტომ, ვიდრე ხელისუფლება ამ წინადადებებს არ წარმოადგენს, ძნელია იმაზე საუბარი, თუ ეს რამდენად არსებითი იქნება.

ჯერჯერობით კი, საინტერესო ის არის, პროცესები რა მიმართულებით ვითარდება. 

ამაზე საუბრისას ყველაზე აქტუალური მაინც „რვიანის“ დაშლა-გაფართოების საკითხია. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ „რვიანის“ გარკვეულ პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბება საარჩევნო პროცესსაც წაადგებოდა და თავად პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც იქნებოდა მნიშვნელოვანი, რადგან ოპოზიციის ეს ნაწილი საკმაოდ გაძლიერდებოდა, განსაკუთრებით, 26 მაისის მოვლენების შემდეგ.

მაგრამ „რვიანის“ გაერთიანება დასაწყისშივე უშედეგო აღმოჩნდა და რეალურად ამას, ლამის, შიდა დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა, ამ ეტაპზე, მათ ამ პრობლემის დაძლევა იმით მოახერხეს, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკების რეჟიმზე გადავიდნენ, რაც, ცხადია, თავის მხრივ გარკვეულ კითხვებს აჩენს და პირველ რიგში -  დაიშალა თუ არა „რვიანი“.

თავად „რვიანის“ წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად იქნა მიღებული და ეს მათ დაშლას არ გულისხმობს.

„ახლების“ მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ „რვიანი“ პოლიტიკური ბლოკი არ არის და ერთად არიან მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.       

მამუკა კაციტაძის თქმით, შეხვედრის შესახებ დეტალურად არიან საქმის კურსში „რვიანში“ შემავალი პარტიების წარმომადგენლები და ისინი დაპირებულ ზარს ელოდებიან. კაციტაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლების მხრიდან ადგილი ექნება ისევ გაურკვევლობას, „რვიანი“ გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებას, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იმისთვის, რომ ეს საუბარი საუბრად არ დარჩეს და საზოგადოებაში მორიგი ფუჭი მოლოდინები არ გაჩნდეს, სჯობს, ეს პროცესი დასასრულისკენ წავიყვანოთ. რა თქმა უნდა, სჯობს, დასასრული იყოს შედეგიანი და დაერქვას შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ თუ ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს და ამის გამო, შეთანხმება ვერ მიიღწევა, ეს პოლიტიკური ნება არ იქნება არც მომდევნო თვეებში.

„ამასთან, ეს თვეები კიდევ დამატებით პრობლემებს წარმოქმნის საზოგადოებაშიც და ზოგადად პოლიტიკურ პროცესშიც. თქმა იმისა, რომ შედეგით დასრულება ჩვენ არ გვინდა - არის უადგილო, მაგრამ პროცესის უკიდეგანოდ გაწელვას, სჯობს, დამთავრდეს თუნდაც, უშედეგოდ. ეს არის „ახლების“ პოზიცია, რადგან, თუ ახლავე არ შეიცვალა რამე, ეს პროცესი ჩაგვითრევს, მერე მოგვიკაკუნებს არჩევნები და „რვიანი“, რომელიც არ არის პოლიტიკური ბლოკი, დაიშლება და ეს აღძრავს საზოგადოებაში მაღალ ნიჰილიზმს და ამ მოსუფთავებულ მინდორზე ხელისუფლება ისევ შეეცდება, რომ მაღალი მაჩვენებლები აჩვენოს არჩევნებზე“, -აცხადებს კაციტაძე.

როგორც იგი აღნიშნავს, „რვიანი“ გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეთავაზების საფუძველზე მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუკი ხლისუფლებას არ ექნება სათანადო შეთავაზება, დიდი ალბათობით, „რვიანი“ დაიშლება.

ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია კუბლაშვილის განცხადება, სადაც იგი ამბობს: „ბუნებრივია, ხელისუფლება და „რვიანი“ ყველა საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს“.

რაც შეეხება იმას, თუ ხელისუფლება საკუთარ ხედვას კონკრეტულად რა საკითხებზე წარმოადგენს, ეს იქნება „რვიანის“ მთლიანი შეთავაზება თუ მხოლოდ ის ორი საკითხი, რაც ცოტა ხნის წინ „რვიანმა“ მოლაპარაკებების განახლების აუცილებელ პირობად დააყენა, კაციტაძე ამბობს, რომ „აქ არის საუბარი ჩვენს მიერ შეთავაზებულ პაკეტთან დაკავშირებით მათ წინადადებებზე. რა თქმა უნდა, აქ ძირითადი თემა არის საარჩევნო სისტემა და ამომრჩეველთა სიები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სხვა საკითხები დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. ასე რომ, ჩვენ ველოდებით მათ ხედვებს არამარტო ორ საკითხთან დაკავშირებით, არამედ პაკეტში შეტანილ საკითხებზე მთლიანად“.

საინტერესოა ასევე ის გარემოება, რომ კულუარული ინფორმაციით, ხელისუფლება საარჩევნო სისტემასა და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით „რვიანის“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ამიტომაც ჩნდება მოლოდინი, რომ „რვიანი“ საბოლოოდ, სწორედ ხელისუფლების არაარსებითი საკითხების შეთავაზების გამო, დაიშლება. ყოველ შემთხვევაში, კაციტაძე აცხადებს, რომ „რვიანი“ გაადწყვეტილებას თვის ბოლომდე სწორედ ხელისუფლების შეთავაზებების საფუძველზე მიიღებს. 

თუკი მოვლენები მართლა ამ სცენარით განვითარდება და „რვიანი“ დაიშლება, მაშინ მნიშვნელოვანი ის იქნება, აქ შემავალი პარტიები ბრძოლას რა გზით გააგრძელებენ.

უკვე ცნობილია, რომ „ახლები“ არავისთან აპირებენ გაერთიანებას. ყოველ შემთხვევაში, „რვიანის“ პოლიტიკურ ბლოკად გარდაქმნა სწორედ მათ გამო ჩავარდა, რადგან გაერთიანების კატეგორიული წინააღმდეგნი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, სწორედ ისინი გამოვიდნენ.

მართალია, თავდაპირველად ამასთან დაკავშირებით მხოლოდ კულუარული ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში თავად „ახლების“ ლიდრები აკეთებენ განცხადებებს, რომ გაერთიანება მათ არ სურდათ, რადგან ამით „საზოგადოებაში ცრუ მოლოდინები არ შეექმნათ“.

რაც შეეხება დანარჩენ შვიდ პარტიას, წესით, გაერთიანება არც „ქრისტიან-დემოკრატებს“ უნდა აწყობდეთ, რადგან მათ საკუთარი პოლიტიკური ნიშა საკმაოდ მყარად აქვთ დაკავებული. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.

დანარჩენები კი, როგორც ჩანს, თავს ალასანიას გარეშემო მოიყრიან და კულუარული ინფორმაციით, „ეროვნული ფორუმს“, დავითაშვილს და ძიძიგურს ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარი ჯერჯერობით, არც ერთ მათგანს არ სურს.

მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ არაგაცხადებული მუშაობის ნაწილია და საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, ამის თქმა ძალიან ძნელია. იმის თქმა კი მაინც შეიძლება დაბეჯითებით, რომ დღეს ხელისუფლების ინტერესში ყველაზე მეტად „რვიანის“ დაშლა შედის, რათა ოპოზიციის აქტიურობას ყველა მიმართულებით საბოლოოდ დაესვას წერტილი. ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, რომ მათ „რვიანს“ რეალურად არაფერი შესთავაზონ. მით უმეტეს, რომ „რვიანი“ გადაწყვეტილებას სწორედ ხელისუფლების შეთავაზების საფუძველზე მიიღებს.

თუმცა, გაუგებარი მხოლოდ ის რჩება, ამ თამაშით „ახლები“ საბოლოოდ რა სარგებელს ნახავენ, ფაქტია, პროცესები, საბოლოოდ, ამ მიმართულებით სწორედ მათ წაიყვანეს.