ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. განიხილება დივერსიის ვერსია, მაგრამ ამ მუხლით გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აუცილებლად ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული.
დივერსიის ვერსია მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბორჯომის ტყეში ე.წ. ბიდონები იპოვეს, რომელსაც ბენზინის სუნი ჰქონდა. ოცლიტრიანი ბიდონი იპოვა ბორჯომის ტყეში მოქალაქე აკა სინჯიკაშვილმა, რომელმაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მიიყვანა. სინჯიკაშვილი გამოძიებამ უკვე დაკითხა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და პიარ-ტექნოლოგი მაია ქავთარაშვილმა წაღვერის ტყის დასუფთავებისას ტიმოთეს უბნის გასაყართან, ორი ახალთახალი ბიდონი იპოვა ბენზის სუნით, რომელიც შემდეგ ფერმერს დაუტოვეს.
ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ, რომლის განცხადებით, ბოთლის ნამტვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. ქაცარავამ ნაპოვნი მასალა და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა.
„სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა“, - აცხადებს დავით ქაცარავა, რომელიც შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში უკვე დაიკითა.აღსანიშნავია, რომ ქაცარავას, რომელიც თანმხლებ მოხალისეებთან ერთად ბორჯომის ხეობაში მუშაობდა, ადგილის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ისინი მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდნენ.
გარდა ამისა, ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოებთან „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა ახალი კასრები აღმოაჩინეს. კასრები პოლიციის შენობაშია გადატანილი. სავარაუდოდ, აღმოჩენილი კასრებს ხანძართან კავშირი არ აქვს. მოსახლეობის ინფორმაციით, კასრებში არსებული მასალა ერთ-ერთ ადგილობრივს საფლავის მოსაპირკეთებლად სჭირდებოდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ნივთიერებაა კასრებში.
2017 წლის 16-23 აგვისტოს მდგომარეობით ბორჯომის ხეობის პარალელურად, ხანძარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაჩნდა - თბილისი, გორი, ატენი, დუშეთი, ლაგოდეხი, სურამი, ამბროლაური, მესტია, გარდაბანი, პანკისის ხეობა, ბაკურიანი, წაღვერი. მანამდე იყო, ლისი ტბა და მთაწმინდის ფერდობი. აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა მინისტრი ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავს.
დივერსიის ვერსიას არ გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში და დარწმუნებული არიან, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. ამის მიუხედავად, სანამ ხანძრის ლიკვიდაცია არ მოხდება, მიზეზებზე საუბარი ნადრევად მიაჩნიათ. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ დივერსიის რეალობაზე ფიქრის საფუძველი არსებობს, თუმცა, ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ნაჩქარევი დასკვნები მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრები და საოკუპაციო ძალების მოქმედებები.
„ხანძრების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ოკუპანტებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ეს არის ფაქტი, მოცემულობა, რომ ეს ასე მოხდა. ე.წ. ანტისახანძრო ხნულები გაივლო და ამას დაემთხვა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ არის საჭირო არაფერზე და უნდა შევინარჩუნოთ ის სიმშვიდე, რომელიც ახასიათებს სტრატეგიას და პოლიტიკას. ყველა გარემოება უნდა განიხილოს კომპეტენტურმა ორგანომ. ყველაფერი უნდა იქნას დაშვებულ. შეიძლება, შიდა იყოს, შეიძლება, გარე ფაქტორებით იყოს განპირობებული. ამის უამრავი საფუძველი არსებობს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
შს მინისტრისა და მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიის განხილვა.
„ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიის განხილვა. ჩემი საქმე არის ის, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში სტიქიის შედეგების მინიმიზირება მოვახდინოთ“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ თუ საქმე გვაქვს დივერსიასთან გარე ძალები მონაწილეობით, ასეთ შემთხვევაში ამას საქართველოს მოქალაქის ხელით გააკეთდებდა.
„ჩვენ არ უნდა წავიდეთ სტალინური გზით, როდესაც მავნებლობა იყო სისხლის სამართლის კოდექსში და მავნებლობისთვის ხვრეტდნენ ხალხს. ზოგადად, საქართველოში ყველამ ვიცით რომელი პარტია რას წარმოადგენს, რა დამსახურება, ან დანაშაული აქვს ჩადენილი. ცუდი ის არის, რომ ამ დანაშაულის რეალური შეფასება არ მოხდა. შიდა ძალებისგან არის ჩადენილი თუ გარე ძალებისგან აქ გამოძიების პროცესი დიდად არ შეიცვლება.
თუ გარე ძალები მოქმედებდნენ, უფრო რთული იქნება გამოძიება, იმიტომ რომ პროფესიონალების ხელით იქნება გაკეთებული, ყველა კვალი იქნებაწაშლილი. ან შეიძლება კვალი სპეციალურად დაეტოვებინათ, რომ არაპროფესიონალიზმზე მიენიშნებინათ. რთული პროცესია, მაგრამ გამოძიებამ მაქსიმალურად მოკლე დროში სამართლიანი და მტკიცებულებებით გაჯერებული დასკვნა უნდა დადოს“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.