ნინო ჩხობაძე: „მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ფიზიკური ძალა - ხალხი, ნიჩბები და ცოდნა, როგორ ჩააქრო“

ნინო ჩხობაძე: „მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ფიზიკური ძალა - ხალხი, ნიჩბები და ცოდნა, როგორ ჩააქრო“

სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება, ხანძრის ზოგიერთი კერა ლიკვიდირებულია, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა. ოპოზიცია უკვე მოითხოვს, სტიქიის შემთხვევებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას.

ნაციონალები მიიჩნევენ, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ უნდა შეისწავლონ, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება ხანძარზე და რა იყო ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.

რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების ქმედება და რა პრობლემაა გადასაჭრელი, იმისათვის, რომ სტიქიის პრევენცია სათანადოდ ხდებოდეს, ამ თემაზე გარემოსდამცველი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.

ქალბატონო ნინო, ფაქტობრივად, მთელ საქართველოში ხანძარია - არსებობს კვალიფიციური ახსნა, რასთან გვაქვს საქმე?

- თითოეულ ფაქტს ნახვა და გამოძიება სჭირდება. ასე, შორიდან შეუძლებელია შეფასება - სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. კლიმატის ცვლილების ფონზე, როდესაც ძალიან დიდხანს გრძელდება გვალვა, ტყის მასივების აალება ძალზე ადვილია - ფაქტობრივად, ხანძრის საშიშროების კერებია და მოსალოდნელია, ნებისმიერი ქმედებით მოხდეს აალება. თუნდაც ნამწვის გადაგდებით, ცეცხლის არასწორად ჩაქრობით და ა.შ. ეს ფაქტები გამოსაძიებელია და იმედია, ამ მიმართულებით მუშაობენ.

ოპოზიცია თვლის, რომ პარლამენტშიც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ხელისუფლების ადეკვატური რეაგირების საკითხს შეისწავლის - ჩვენ ვნახეთ ბორჯომში ჩასული პრემიერი, მთავრობა, მობილიზებულია ტექნიკა, ცოცხალი ძალა, გვეხმარებიან მეზობელი ქვეყნები და ა.შ. თქვენი შეფასებით დროულად არ მოხდა ხანძარზე რეაგირება?

- ისეთი მასშტაბი იყო ბორჯომში, არ უნდა გაგვიკვირდეს, ყველა რომ ჩავიდა. დასაწყისში, ვიდრე გაძლიერდებოდა, საგანგებო ვითარების დეპარტამენტი მუშაობდა, როდესაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იქ არიან.

იგივე მოხდა ატენთან დაკავშირებით და ჯარის გამოყვანა გონივრული ნაბიჯი იყო, რადგან მთელი სახანძრო ტექნიკა მობილიზებული იყო ბორჯომის ხეობაში და ფიზიკურად, საკმარისი ხალხი აღარ იყო იმისათვის, რომ სხვა კერებისთვისაც მიეხედათ - ჯარის გამოყვანაც ადეკვატური ქმედება იყო და რაკი ეს საკითხი დაისვა, სავარაუდოდ, დანარჩენს კომისია დაადგენს.

როგორც ცნობილია, მალევე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, მაგრამ მეზობელი ქვეყნების დახმარება მაინც დაგვჭირდა. დღეს უკვე რამდენად შეესაბამება ტექნიკის ოდენობა სტიქიის მასშტაბს?

- ცეცხლის გარდატეხას შეუწყო ხელი სწორედ საკმაოდ დიდი ოდენობით ტექნიკის მობილიზებამ - გაითხარა თხრილები, უფრო მეტი წყალი ესხმებოდა და ა.შ. მაგრამ ლოკალიზაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, ფიზიკური ძალა - ხალხი და ნიჩბები.

და რაც მთავარია, ცოდნა - როგორ ჩააქრო. ერთია, რომ აქრობ, მაგრამ მეორეა - როგორ აქრობ, რადგან შესაძლებელია, არასწორი ქმედებით უფრო მეტად გააღვივო ცეცხლი. ის, რომ გვაკლია შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვა - მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც მთავარია, გვაკლია გაწვრთნილი კადრები - აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოვიდნენ ტყეზე მომუშავე სპეციალისტები. ბელარუსის თვითმფრონავსაც ათი მეხანძრე ჩამოჰყვა - ბელარუსსაც კარგი გამოცდილება აქვს ხანძრების ჩაქრობისა.

ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ახლა დგება, არის ის, როგორ უნდა იმუშავოს ამ ყველაფერმა - როგორ უნდა მოხდეს კოორდინაცია.

2013 წლის სტრატეგია შეიძლება ავიღოთ, რომელიც ჯერაც არ დამტკიცებულა. ვფიქრობ, სწორედ ამ სტრატეგიის მიხედვითაა მუშაობა საჭირო და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა.

შეგვეძლო თუ არა პრევენციული ღონისძიებები გაგვეტარებინა? არ ვამბობ, რომ ხანძარი არ გაჩნდებოდა, მაგრამ შეიძლებოდა ეს მასშტაბი არ მიეღო?

- შარშანაც გვქონდა ხანძრები და შარშანწინაც - ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ბოლო მომენტში გვახსენდება ხოლმე, რომ ტექნიკა არ არის და მეზობლებს მივმართავთ საშველად.

რაღაც დასკვნები უნდა გამოგვეტანა. 2013 წელს რომ რაღაც სტრატეგია შემუშავდა, ეს ნიშნავდა, რომ  საკითხი აქტუალური იყო. მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა დააყენოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, შემდეგ  განიხილონ და დაამტკიცონ; თუმცა ბორჯომის ხეობასთან დაკავშირებით იყო კონკრეტული პროექტები, რომელიც ხორციელდებოდა.

პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პრევენცია არ ნიშნავს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ქმედებებს. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ დროს. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება არ გვაქვს.

ცოტა უცნაურია, როდესაც გამოცდილების და ცოდნის არქონაზე გვიწევს საუბარი - საქართველოში უამრავი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც მრავალი წელია, საკმაოდ სოლიდურ გრანტებს იღებენ... მოსახლეობის ინფორმირება და განათლება არც ერთი მათგანის საქმიანობის სფეროში არ შედის?

- განათლება შედის, მაგრამ არა ტყის მიმართულებით - ამ მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია თუ მუშაობს. ჩვენ, მაგალითად, ნარჩენებზე ვმუშაობთ - ამ მიმართულებით გრანტი ვერასდროს მოვიპოვეთ და ეს ასე მარტივი არ არის.

უნდა არსებობდეს გეგმა და სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთა, რომ შესაბამისი დონორული მხარდაჭერა გამოჩნდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამას რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციის შესაბამისი კვალიფიკაციაც სჭირდება.

მაგალითად, არსებობდა ეუთოს მიერ დაფინანსებული პროექტი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, რომელიც უშუალოდ სატყეო სექტორში ხორციელდებოდა. როგორც ვიცი, გაეროსაც ჰქონდა პროექტები, ბევრი ადამიანი მუშაობდა - ანუ, საერთოდ შეუსწავლელი სფერო არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, არასაკმარისია.

მოსახლეობასთან ყველზე ნაკლებად მუშაობენ ამ მიმართულებით. ჩვენ დიდი ხანია, გვაწუხებს ეს იდეა - იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილებებია, ხანძრების პრევენციის ღონისძიებების გატარება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან რისკი იზრდება.

ბორჯომის გარდა, ბევრი ახალი კერა გაჩნდა და მთლიანობაში, მასშტაბიც კიდევ უფრო გაიზარდა. ალბათ, დროულად მოხდება ლოკალიზება, მაგრამ საინტერესოა, რა იქნება შემდეგ? ვგულისხმობ მწვანე საფარის განადგურებას, შემდეგ რა პროცესი მიდის?

- ამას კიდევ უფრო სერიოზული პროცესი მოსდევს - ჯერ ზიანი უნდა დაითვალოს, აღირიცხოს; შემდეგ უნდა მომზადდეს შესაბამისი ღონისძიებები, ხელი რომ შეეწყოს ბუნებრივ აღდგენას სადაც ეს შესაძლებელია. სადაც არ არის შესაძლებელი, ხელოვნური ჩარევა უნდა მოხდეს - ლაპარაკია საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებაზე.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ მთავარი - პრევენციული ღონისძიებები. შეტყობინების სისტემაც კი არ გვაქვს ეფექტური - უკეთესად რომ ემუშავა ალბათ ასეთ მასშტაბებსაც არ მიიღებდა ხანძრები.

რას ურჩევდით ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას და მათ, ვინც უშუალოდ არის დაკავებული ხანძრების ჩაქრობით - რისი გათვალისწინებაა აუცილებელი?

- პირველ რიგში, ყველა ორგანიზაციას მივმართავდი, არასამთავრობო სექტორს - მოგვიწევს შედეგების ერთობლივად განხილვა, როგორ უნდა იმუშავოს არასამთავრობო სექტორმა, რა არის მისი ფუნქცია და რა - სახელმწიფო სტრუქტურების; ეს მკაფიოდ გასამიჯნია.

კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი თემაა ექსპერტთა საბჭოს შექმნა, რომელიც დეტალურად გაწერს გეგმებს, რა არის გასაკეთებელი - ძალზე რთული სამუშაოა ჩასატარებელი.

კიდევ ვიმეორებ, არსებობს გაწერილი დოკუმენტი, არსებობს რეკომენდაციებიც - ამ დოკუმენტის განხილვა და დამტკიცება უნდა მოხდეს - არანაირი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო - მსოფლიოს ძალზე დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.