იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება და კონსენსუსი უკვე ლამისაა მითიურ თემად გადაიქცეს, საკონსტიტიციო პროცესი მაინც გრძელდება - ყოველ შემთხვევაში,უმრავლესობა ცდილობს,შექმნას განცდა, რომ შეთანხმების მისაღწევად ის ყველაფერს აკეთებს - ამჯერად არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობის თხოვნით, კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე პარტიათა პოზიცია დააფიქსირეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა ასე გამოიყურება: გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი), მანდატები განაწილდეს დონტის ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას; შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე (კონსტიტუციის 50-ე მუხლი); შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა (კონსტიტუციის 50-ე მუხლი); შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (კონსტიტუციის 70-ე მუხლი).
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ასეთი მიწერ-მოწერა საკონსტიტიციო პროცესში კლიმატს ვერ შეცვლის, რადგან ვიდრე საკონსტიტუციო რეფორმა დაიწყებოდა, ოპოზიციის მოთხოვნა მანამდე იყო ცნობილი.
„ის რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ შემთხვევაში ერთ პოზიციაზე დგას, სრულიად ლოგიკურია და ახალიც არაფერი არ არის, გარდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისა, რადგან ამ თემაზე უბრალოდ, არ იყო ხოლმე ლაპარაკი. ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვს ოპოზიცია, საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც, ამ თემაზე ლაპარაკი 2000 წლიდან დაიწყო“- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დავუშვათ, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ეს პოზიცია, საკითხავია, რას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და რამდენად მიეცემა მომავალ საპარლამემნტო არჩევნებზე საკუთარი თავის რეალიზების შანსი. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი - საკმაოდ მცირე რეიტინგი და ანალოგიური ფინანსური შესაძლებლობები.
ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, ამით რას მიიღებს ოპოზიცია, რადგან მაჟორიტარული სისტემით თითო კაცის გაყვანის შანსი მაინც აქვთ, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში კი მათი შესაძლებლობები ალბათ, ნულს არ აღმატება.
„პროპორციული წესით წარმატება პარტიის რეიტინგზეა დამოკიდებული და იმ პარტიებს, რომლებიც ხელს აწერენ, რა რეიტინგი აქვთ“?! - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
წერილში, რომელსაც ხელს აწერს 11 პოლიტიკური პარტია, ნათქვამია, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას იყენებენ იმის გათვალისწინებით, გაიზიარებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ დასახელებულ საკითხებს.
საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ლეიბორისტული პარტია“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.
როგორც ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, შესაძლოა ოპოზიციას ეს არაფერს აძლევს, მაგრამ ხელისუფლებას აკარგვინებს, დღეს თუ არა ხვალ მაინც, რადგან თუ რაღაც ძალა გამოჩნდა და ოპოზიცია ძლიერი მოწინააღმდეგის სახით იქნება წარმოდგენილი, მოთხოვნების ამ სახით გადაწყვეტა მას სერიოზულ შანსებს გაუჩენს.
როგორც რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, ეს მოთხოვნები მათ რეიტინგს თუ არ შეამცირებს, ნამდვილად არ გაზრდის, რადგან არსად ჩანს მოქალაქის ინტერესი, ანუ მოქალაქისთვის არაფერი იცვლება იმით, პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ თუ არა; ბარიერი 3% იქნება თუ 5%; მაჟორიტარული წესით აირჩევენ თუ პროპორციულით, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს ყველაფერი არის მხოლოდ პარტიული ინტერესები.
„როდესაც საზოგადოება უყურებს, რომ ეს პარტიები მხოლოდ საკუთარი ინტერესით მოქმედებენ, ასეთ შემთხვევაში მათ რეიტინგზე ეს ვერ აისახება. მათ შეიძლებოდა, ისეთი მოთხოვნები დაეფიქსირებინათ, რომლის მომხმარებელიც მერე ხალხი გახდებოდა“,- თვლის რამაზ საყვარელიძე.
„სამომხმარებლო“ მოთხოვნებით მართლაც ბევრი ვერ დაიკვეხნის, რასაც ნამდვილადვერ ვიტყვით ლეიბორისტების ლიდერზე.
„სხვა თემაა რამდენად აღელვებს ნათელაშვილს ტარიფები, მაგრამ ხომ ლაპარაკობს ამ თემაზე? დაახლოებით მსგავსი რამ სჭირდება ოპოზიციას, რომ საკუთარ რეიტინგს რამით დაეხმაროს. ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა რაღაც მოეფიქრებინათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ აქვთ პოლიტიკური ალღო“ - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, ეს პარტიები ალბათ დარჩებიან პოლიტიკაში, თუმცა მათი ყოფნა უპერსპექტივოა პოლიტიკისთვის.
აქვს თუ არა უმრავლესობასთან მსგავს მიმოწერას რაიმე აზრი, ესეც ძნელი სათქმელია, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ეს წერილიც არ უნდა დაეწერათ ანთუ დაწერდნენ, ისე მაინც უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც ნაციონალები, რომლებმაც დააფიქსირეს ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც კომპრომისზე წამსვლელები არ არიან, დანარჩენი თემები კი სალაპარაკოდ დატოვეს.
როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ეს ჩამონათვალი, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციამ დააფიქსირა, ნიშნავს, რომ ამ თემებზე ისინი კომპრომისზე წამსვლელები არ არიან, რაც შემდგომში მოლაპარაკებებში ჩართვის შანსს კიდევ უფრო უმცირებს.
„ამით შექმნეს დოკუმენტი, რომ ესენი კომპრომისზე წამსვლელები არ არიან, და ამ დოკუმენტს, თუ დაჭირდა, ხელისუფლება გამოიყენებს ვენეციის კომისიასთან საუბრისას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ასევე წინასწარ პროგნოზირებადია, რამდენად იქნება ანგარიშგაწეული ოპოზიციის ეს მოთხოვნები - ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ დღეს ოპოზიციისთვის არ ჩანს არანაირი შანსი, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალის სახით გამოვიდეს.
„დღეს ოპოზიცია ფორმას იძენს, ყალიბდება და სწორედ ეს პროცესი მიდის. ამიტომაც ვამბობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლება ყველა მუნიციპალიტეტს უპრობლემოდ მოიგებს. მეორე ტურები იქნება არა იმიტომ, რომ ოპოზიციას მხარდამჭერები ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩეველი არ იქნება აქტიური. მაგრამ ხვალ და ზეგ რა ფორმას მიიღებს ოპოზიცია და როგორ ჩამოყალიბდება, ძნელია ამ ეტაპზე ამისი განსაზღვრა. მათი განლაგების პროგნოზირება უფრო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. სწორედ არჩევნების შემდეგ გახდება ნათელი, რა ოპოზიცია არსებობს და სად დგას ის.
გარდა ამისა, ქართული პოლიტიკა მოულოდნელობებით არის სავსე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა დაიწყო 2011 წლის შემოდგომაზე, როდესაც ივანიშვილმა თავისი პირველი განცხადება გაავრცელა“, - აცხადებს ძაბირაძე.
მისი შეფასებით, რა ფორმას მიიღებს ოპოზიცია ეს არის გაურკვეველი, თორემ რაღაც ფორმას რომ მიიღებს ეს გარდაუვალია.
„აუცილებლად გაჩნდება რაღაც ძალა და დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც თანდთან კარგავს რეიტინგს“, - მიიჩნევს ძაბირაძე.
როგორც ჩანს, პოლიტიკურ ველზე ნამდვილი ბრძოლა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი და მმართველი ძალაც სწორედ მანამდე ცდილობს, მოასწროს მისთვის მთავარი თემების მოგვარება - სხვაგვარად ძნელი ასახსნელია, რატომ ფარავს საკონსტიტუციო პროცესი მთელ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც, წესით, ძალზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის.