საარჩევნო კამპანია დაიწყო, მმართველი გუნდი ისევ საარჩევნო სიის ძიებაშია

საარჩევნო კამპანია დაიწყო, მმართველი გუნდი ისევ საარჩევნო სიის ძიებაშია

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში უკვე შევიდა.

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს. პარალელურად, ძალაში შევიდა„საარჩევნო კოდექსით“ დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, უკვე ძალაში შევიდა აკრძალვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოქმედებს. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

საარჩევნო რეგულაციების ქვეშ ექცევა მედიასაშუალებებიც.  კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი.

საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. გარდა ამისა, მაუწყებლებმა საარჩევნო სუბიექტებისათვის უნდა გამოყონ უფასო სარეკლამო დრო, რომლითაც ყველა ის პარტია ისარგებლებს, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.

მაშ ასე, საარჩევნო კამპანია ოფიალურად დაიწყო. თბლისის მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს - „ქართული ოცნება“ - კახა კალაძე; „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაალ უდუმაშვილი; „ევროპული საქართველო“ - ელენე ხოშტარია; „მოძრაობა შენება“ - თენგიზ შერგელაშვილი; „პატრიოტთა ალიანსი“ - ირმა ინაშვილი;„დემოკრატიული მოძრაობა“ - „თავისუფალი საქართველო“ კახა კუკავა და დამოუკიდებელი კანდიდატი - ალეკო ელისაშვილი.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორ პარტიამ დაასახელა კანდიდატები - „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია და „დემოკრატიული მოძრაობა“ - „თავისუფალი საქართველო“-დიმიტრი ლორთქიფანიძე. რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატს, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატების სია და საარჩევნო პროგრამა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

საერთო ჯამში მმართველს გუნდს შესარჩევი ჰყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევი ჰყავს 1000-ზე მეტი კანდიდატი. კანდიდატების შერჩევაზე მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება. „ქართული ოცნების“ ცალკეულ თვითმმართველ ქალაქზე ცალკე პროგრამა და შეჯერებული სია აგვისტოს ბოლოს გასაჯაროვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი სრულიად მისაღებია. ჩუგოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის გაიმარჯვებაში და დარწმუნებულია.

„ჩვენ საარჩევნო კამპანისთვის მომზადებული ვართ. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა თარიღი, მთელი რიგი რეგულაციები და საკანონმდებლო შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის, სარეკლამო და საეთერო დროის გამოყენებას უკავშირდება. ეს შეზღუდვები არსებობს, როგორც ჩვენთვის, ასევე მედიისთვის. ჩვენ ყველა ამ წესის დაცვით ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ გამარჯვებაში დარწმუნებული და თავდაჯერებული ვართ“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დამახასიათებელი გამოწვევები ახასიათებთ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ადგილლობრივ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

„თბილისისა და ქალაქებისთვის განსხვავებული გამოწვევები არსებობს. რეგიონებში კიდევ უფრო განსხვავებული გამოწვევებია. თვითმმართველობის სპეციფიკა ისაა, რომ ადგილობრივ საჭიროებებს ერგებოდეს როგორც საარჩევნო კამპანია, ასევე თვითმმართველობის საქმიანობა. საარჩევნო კამპანია ადგილობრივ მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რადგან შემდეგ უკვე თვითმმართველობის საქმიანობა უნდა იყოს მორგებული ადგილობრივ საჭიროებებზე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.