6 ვერტმფრენი, 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 4 მაღალი გამავლობის მანქანა, 400 მეხანძრე, 100 მეტყევე, 500-ზე მეტი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი და სომხეთიდან ჩამოსული 65 მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული. ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. საქმეზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას, ან დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა დივერსიის ვერსია, ასე უპასუხა: „მე, როგორც პოლიციელი, არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“.
რაც შეეხება ერთდროულად სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრებს და იძლევა თუ არა დივერსიაზე საუბრის საფუძველს, სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა ასეთი რამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს.
„ამ ეტაპზე ძალიან ძნელია რამის თქმა. მნიშვნელოვანია, რას დაადგენს გამოძიება. ჩვენ ბოლო პერიოდში ასეთი მოვლენები არ გვახსოვს და ეს არაბუნებრივი სიტუაციაა გარკვეულწილად. ჩატარდება გამოძიება და დაადგენს თუ რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ხელისუფლება ოფიციალურად არ ადასტურებს შესაძლო დივერსიის ფაქტს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ადგილებში ასე ერთდროულად და სინქრონულად ხანძრების გაჩენა, დივერსიის ფაქტად შეიძლება განვიხილოთ. შესაძლოა დივერსიაზე მიუთითებს ფაქტი, რომელიც სოციალური ქსელით სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მაია ქავთარაშვილმა გაავრცელა.
„წაღვერის ტყის დასუფთავებისას ტიმოთეს უბნის გასაყართან, ერთი კვირის წინ ორი ახალთახალი ბიდონი ვიპოვეთ, ბენზის სუნით, ჩამოვიტანეთ და ფერმერს დავუტოვეთ. კაი ხანი ვიმსჯელეთ რას აკეთებდა და ვინ დატოვა ასეთი რამ ტყეში, ახლა უკვე ეჭვები გვაქვს“, - წერს მაია ქავთარაშვილი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, for.ge დაუკავშირდა მაია ქავთარაშვილს, რომლის განცხადებით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მეგობრის, ლალიკო გელაშვილის აგარაკზე ტიმოთესუბანში. გამომდინარე იქიდან, რომ ტყე იყო დაბინძურებული, ოჯახი ყოველ საღამოს თუ არა, დღე გამოშვებით ალაგებდა მიმდებარე ტერიტორას. ერთ-ერთი ასეთი დალაგების დროს ტყეში ორი ახალი ბიდონი იპოვეს, ერთი - ბენზინის სუნით, მეორე ბიდონში კი, სავარაუდოდ, მანამდე ღვინო ესხა.
„საშინელი სიბინძურე იყო, ამაზე საუბარიც კი არ მინდა. ბევრნი ვიყავით, რაღაცა რიტუალივით იყო. ბავშვებთან ერთად ყოველ საღამოს თუ არა, დღეგამოშვებით დავდიოდით ტყის განაპირას და ვალაგებდით. ერთ-ერთი დალაგების დროს, თვითონ დიასახლისი ლალი გელაშვილი თავის 10 წლის შვილთან ერთად შევიდა ტყეში, ცოტა ხნის შემდეგ ჩამოიტანა ნაგვით სავსე ცელოფნები და ორი ბიდონი, ერთი მწვანე, მეორე ლურჯი.
ერთ-ერთი ბიდონი იყო ბენზინის სუნით და შიგნით ცოტა კიდევ ესხა, მეორეს, სავარაუდოდ ღვინისთვის იყენებდნენ. ეს ცოტა უცანაურად ჟღერდა. ის ბენზინიანი ბიდონი აბსოლუტურად ახალი იყო, კაი ხანს ვიფიქრეთ, რა იყო, ვის შეიძლებოდა დაეტოვებინა. როცა ჩამოვედით დაბლა, მიტარბის გზის პირდაპირ ერთ-ერთ ფერმერს აქვს ფერმა, ბავშვები ჩერდებოდნენ ხოლმე იქ, ლალიკომ იქ დატოვა ეს ბიდონები. ვუთხარით, არ გადააგდო, ახალია და ვინმე რამეში გამოიყენებს-თქო“, - იხსენებს მაია ქავთარაშვილი.
როგორც ამბობს, ეს ისტორია ლალი გელაშვილის კომენტარმა გაახსენა, რომელმაც გოგა ჩანადირის ფეისბუქ-სტატუსზე დაწერა ამ ისტორიის შესახებ.
„სწორედ ამის მერე გამახსენდა, რომ ნამდვილად ვნახეთ ეს ბიდონები. ეს ხდებოდა ათი დღით ადრე ტიმოთესუბანში. იქ რომ ვინმეს ბენზინი დაეღვარა, უნდა აალებულიყო, ვერ გეტყვით რა მოხდა. ამ შემთხვევაში ჩემგან ვარაუდის გამოთქმა სწორი არ იქნება. ლოგიკაში არ ჯდება - იქ სადღაც ვიღაცამ მიიტანა ბენზინი და 10 დღის, ორი კვირის შემდეგ ბორჯომის ხეობა აალდა. ამიტომ, არავისთან ამის თქმის და გავრცობის სურვილი არ დამბადებია. ის ბიდონები რომ ფერმერის ყოფილიყო, აუცილებლად გვეტყოდა. ლალიმ დატოვა და ჩვენ გავაგრძელეთ დასუფთავება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მაია ქავთარაშვილმა.
ჩვენ შევეცადეთ ლალი გელაშვილთან დაკავშირებას, რომელიც ამ წუთებში ტიმოთესუბანში იმყოფება, მაგრამ მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება მის კომენტარს, რომელიც გოგა ჩანადირის სტატუსსზე დაწერა, ის ფაქტს ადასტურებს:
„ტყის დალაგების დროს, ათი დღე იქნება გასული, აღმოვაჩინეთ ორი ოცლიტრიანი ბიდონი ბენზინის სუნით. სულ ახალი. მაშინ ეჭვი არ გაგვჩენია და იქვე ფერმერებს ჩამოვუტანეთ და ვაჩუქეთ. ეს არის უდიდესი პრობლემა... შეიძლება დივერსიაც... შეიძლება კვალის დასაფარავადაც შექმნილი სიტუაცია...“, - წერს ლალი გეგლაშვილი.
ალბათ ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს ქვეყნის წინაშე, მაგრამ ამის გამორიცხვაც შეუძლებელია. for.ge-ს შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ რაც შეეხება ამ ფაქტს, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ვინ რა ბიდონი ნახა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
კითხვაზე - სოციალურ-მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის და პიარ-ტექნოლოგის მაია ქავთარაშვილის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადება გახდება თუ არა გამოძიების საფუძველი - შსს-ს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ფეისბუქით საქართველოში რამდენიმე მილიონი ადამიანი სარგებლობს და გამოძიება ვერ შევა ყველა ადამიანის ფესბუქის პირად გვერდზე.
როგორც შსს-ს პრეს-სამსახურში გვითხრეს, ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი თემა, როგორიც არის პოლიციისთვის შეტყობინება. მაგრამ, ინფორმაციის for.ge-ს მიერ გავრცელების შემთხვევაში, ეს უკვე იქნება საჯარო ინფორმაცია და ასეთ შემთხვევაში, როგორც მღებრიშვილის უწყებაში გვითხრეს, გამოძება ამით დაინტერესდება. აქვე განმარტეს, რომ სასურველია ქალბატონმა ოფიციალური შეტყობინება გააკეთოს პოლიციაში.
უახლოეს წარსულს თუ გავიხსენებთ, გაგვახსენებდება გასულის წილის 11 აპრილის ფაქტი, როდესაც ფეისბუქ-სტატუსი, თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძის მიერ ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადება გახდა გამოძიების საფუძველი, წულაძე დააკავეს კიდაც და სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წულაძემ, რომელიც თბილისის ფორუმზე ცნობილია, როგორც იუზერი„სპლიყვი“, გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წერდა. პოლიციამ ის 326-ე მუხლის მეორე ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება „ბიდონების თემით“ უნდა დაინტერესდეს.
„გამოძიება იმისთვის გვყავს, რომ მათ უნდა დააგინონ ეს დივერსიაა, თუ შემთხვევითობა. ორი ვერსია არის - ან შემთხვევით გაჩნდა ხანძარი, ან ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინ. ეს ფაქტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, უნდა გახდეს შესწავლის საფუძველი, თუ ტურისტები არ იყვნენ და იმათ არ დარჩათ ეს ბიდონები, მაშინ ვინ დატოვა და რატომ?
როცა ბაზრობებზე ჩნდება ხანძარი, ეს სხვა თემაა, იქ უფრო ხელშესახებია გამოძიება, მაგრამ, როდესაც ტყეში ჩნდენა ხანძარი, მით უმეტეს ასეთ მიუვალ ადგილებში, აქ უკვე სხვა პრობლემაა. ამიტომ არსებობს გამოძიება, რომ დაადგინონ ეს ფაქტები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
უშიშროების ყოფილი მინისტრი, ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ინფორმაციაა, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს. როგორც ბათიაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მთავარი ამოცნაა, რაც შეიძლება დროულად ნეიტრალიზებული იქნას სტიქიური უბედურებები, არა მხოლოდ ახლა, არამედ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი მომავალში მსგავსი რამისგან.
„ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ მიზეზები მოსაძიებელია. ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, ცნობა, შემოსული - გნებავთ ფესიბუქიდან, გნებავთ - ნალაპარაკევი, საჭიროებს გადამოწმებას. აუცილებელია, დაუძახონ იმ პიროვნებას, გამოკითხონ, აიღონ მისგანახსნა-განმარტება, რა და როგორ იყო. მერე უკვე უნდა დაიწყოს პროცედურა, ეს ინფორმაცია არის თუ არა იმის საფუძველი, რომ შესაბამისი მუხლით აღიძრას საქმე, ანუ, დივერსიის მუხლით თუ არა. ამიტომ, ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, საჭიროებს სერიოზული მუშაობის ჩატარებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ბათაიშვილმა.
დღეს დილით, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი იპოვა მოქალაქემ, აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც სოციალური ქსელით წერს: „დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი რა ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება“.