400 მეხანძრე, 100 მეტყევე, 500-ზე მეტი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სამი ვერტმფრენი (2 ქართული, 1 აზერბაიჯანული), გარდა ამისა, ადგილზე მუშაობენ მოხალისეები - ამის მიუხედავად ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, ხელს უშლის კლიმატური პირობები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგებისა კომპანიის მიერ სტიქიის ზონაში 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები. კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან სიახლოვეს, რომ ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, სტიქიის ზონაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა.
კვლავ მაღალია ხანძრის გავრცელების საფრთხეები. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება.ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ მეზობელი სახელმწიფოების გარდა ევროკავშირსაც მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში რამდენიმე საათში 2 თუქრული ვერტმფრენი ჩაერთვება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ევროპის მასშტაბით ყველაზე სერიოზული კატასტროფის წინააღმდეგ ბრიგადები სწორედ თურქეთს ჰყავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩასართავად თურქეთიდან 2 ვერტმფრენი და ასევე თვითმფრინავი დაემატება. გომელაურის განცხადებით, ამ ეტაპზე ძნელია საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია.
„ადგილზე მუშაობს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა. კიდევ დაგვემატება ავიაცია თურქეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან დაემატება ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე. რისი საშუალებაც არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და სტრატეგიული პარტნიორებიდან, რა დახმარების საშუალებაც არის მაქსიმალურად გვეხმარებიან. კანადიდან რომ ვითხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ შეიძლება დაიწვას ნახევარი საქართველო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო შტაბის ყველა კომპონეტი, ყველა შემადგენელი ინსტიტუტი მუშაობს ერთმანეთთან კოორდინირებულად. პრემიერის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, რამდენად ჩქარა მოხდება ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა, ეს დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთიც ერთვება. სომხეთიდან რიგი ეკიპაჟები უკვე გზაშია. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა რუსეთმა.
„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქარსა და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ჩართულია ამ ოპერაციებში, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებლ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სატყეო დეპარტამენტი და მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიური სამუშაო, რასაც ყველა ეს ადამიანი დიდი წარმატებით ართმევს თავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ხანძრის კერები არის უშუალოდ უღრან ტყეში.
„მთელი ძალებით ვართ ჩართული ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად. რა ინფორმაციასაც მაწვდიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ჩვენი თანამშრომლები, აალება ძლიერი არ არის. ადგილ-ადგილ შესაძლოა იყოს, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
დილიდან მობილიზებული გვყვავს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომელიც ჩაერთი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. ასევე მუშაობს სპეცტექნიკა. 3 კილომეტრი გზა გაიჭრა ტყეში, რათა სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს. მთელი ძალებით ვუტევთ ხანძარს. რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საფრთხეებს, ამ ეტაპზე შეიძლება საფრთხე იყოს, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ბუნებაზე და კლიმატურ პირობებზე“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2016 წელს ხანძრის 43-მა შემთხვევამ გაანადგურა 212 ჰექტარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზად უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა, მაღალი ტემპერატურა და ასევე დაუდევრობა სახელდება, თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ უთქვამს, რა გახდა ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძირის გამომწვევი მიზეზები. ხანძრების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გასული თვეების განმავლობაში ხანძარი სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობებში ჩნდებოდა, აგვისტოს თვე კი იმით გამოირჩევა, რომ ხანძარი ძირითადად ტყის მასივში ჩნდება.
კერძოდ, 8 აგვისტო - მთაწმინდა, ხანძარმა 2 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა; 17 აგვისტო - ხანძარი იყო გორის ციხის ფერდობზე, ცეცხლი ცენტრალური ასასვლელის მხრიდან გაჩნდა და ის ხმელ ბალახებსა და ბუჩქებს მოედო; 20 აგვისტო - ლისის ტბა, ცეცხლი დაახლოებით 1500-მდე კვ.მ.-ს მოედო; 20 აგვისტოს - ბორჯომი, ხანძარი სოფელ ახალდაბაში, გაჩნდა. რთული რელიეფის გამო სამაშველო სამსახურს უჭირს ადგილზე მისვლა.
არსებული ინფორმაციით დამწვარია 12 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი; 21 აგვისტო - დიღმის მასივის მეორე კვარტალი, დამწვარია 6 000 კვადრატულ მეტრამდე ბალახი და ბუჩქები; 21 აგვისტო - ბაკურიანში სხვადასხვა ადგილას ცეცხლის სამი კერა გაჩნდა; 22 აგვისტო - გორთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა ზედაველას ფერდობზე. ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დორმდე უცნობია.
ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გვაქვს არა შენობის ხანძართან, არამედ ტყის მასივთან, რომელსაც ჩაქრობის განსხვავებული ტექნოლოგია აქვს, წინაპრევენციული ღონისძიებების კუთხით, აუცილებელია, რომ ტყე ხანძარსაშიშროების კლასების მიხედვით უნდა იყოს დაყოფილი, ასევე უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკები, რომლითაც უნდა შედიოდეს ტექნიკა, წყლის აუზები, საიდანაც შეიძლება წყალის აღება და დროულად ხანძრის ჩაქრობა.
„ეს სისტემა უნდა იყოს ყველა ტყეში. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმა უნდა არსებოდეს, თავისი პრევენციული ღონისძიებებით.ასეთი გეგმები და პრევენციული ღონისძიებები არ გაგვაჩნია და შესაბამისად, არ გატარებულა. შეიძლება წაღვერში გვქონდეს ასეთი დიდი ხანძარი და დაბაში უფრო მეტად ვრცელდებოდეს ხანძრის კერა? სპეციფიურია ხანძრის ჩაქრობა ტყეში. გვგონია, რომ ჩამქარაია, მაგრამ მიწისქვეშა ხანძრით შეიძლება გავრცელდეს ძალიან დიდ ტერიტორიაზე. ტყის ხანძარი უფრო რთული ჩასაქრობია, ვიდრე შენობა.
ამიტომ, აუცილებლად უნდა ყოფილიყო თხრილები გაკეთებული, რომ აღკვეთილიყო მიწისქვეშ ხანძარი. რა სურათი მე ვნახე, ასევე თხრილები არ ჩანს. მესმის, რომ ძალიან ძნელად მისასვლელი ტერიტორიაა, მაგრამ ზუსტად ამ ძნელად მისასვლელ ტერიტორიებზე უნდა ყოფილიყო ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკები გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყოველ წელს ხანძარი გვექნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნინო ჩხობაძემ.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, მთლიანად გადასახედია ხანძარსაწინააღმდეგო პოლიტიკა. ის, რომ კლიმატური პირობები და კლიმატიდან გამომომდინარე ასეთი ხანძრების რაოდენობა მოიმატებს, ეს ფაქტია და პროგნოზირებადიც იყო.
„ამიტომ პრევენციის ღონისძიებები უნდა გატარებულიყო. ალბათ უნდა ვიფიქროთ შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ავიაციის შეძენაზე იმიტომ, რომ ცოტა ხანში ეს ყველაზე პრობლემატური საკითხი გახდება ჩვენთვის. არა მარტო ტყის ხანძრებიდან გამომდინარე, არამედ მაღალსართულიანი შენობებიდან გამომდინარე, რადგან ვერც ერთი სახანძრო მანქანა ვერ აღწევს კერამდე, ანუ ვერტმფრენით უნდა იმოქმედონ. მაღალსართულიანი შენობების დაცვა სხვა სპეციფიკაა.
რა იწვევს ხანძარს, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. ჯერ ერთი, ჩვენ არ გვაქვს ის კულტურა, რასაც ჰქვია ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები. ახალგაზრდებშიც კი არ არსებობს ხანძრის ჩაქრობის კულტურა. არ ვასწავლით ,როგორ უნდა ჩააქრონ ცეცხლი ტყეში, განსაკუთრებით ახლა, როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია და აალების საშიშროება არის მეტი“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე თვლის, რომ ამ ეტაპზე ძნელია იმის დადგენა იყო თუ არა ხელოვნურად გამოწვული, რადგან, ხანძარი წარმოიშვა ისეთ ადგილას, სადაც ტურისტი არ მიდის, რადგან ის მონაკვეთი უკვე გადამწვარი იყო.
„შეიძლება დაუდევრობაც განვიხილოთ. მოგეხსენებათ, რომ ტურისტული სეზონია, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ხანძარი გაჩნდა, იქ ტურისტი ვერ მივა, რადგან ის მონაკვეთი უკვე გადამწვარი იყო. ვფიქრობ, რომ სტიქიური უბედურების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ძალიან ძელია იმის დადგენა იყო თუ არა ხელოვნურად გამოწვეული. როგორც გითხარით, ხანძარი გაჩნდა ისეთ ადგილას, სადაც ტურისტი არ მიდის.
ამ ხანძარში ადამიანური ფაქტორი არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. დაწყებულია გამოძიება და ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტენდენცია მთელს სამხრეთ ევროპაში არის, არ გამოვრიცხავ, რომ მაღალი ტემპერატურა იყოს მიზეზი იმისა, რაც ახლა ხდება. ღამეც კი მაღალი ტემპერატურაა, ეს არის ყველა დიდი პრობლემა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.