რაც დრო გადის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება სულ უფრო რთული ამოცანა ხდება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მოსკოვი უკან დახევას არ აპირებს და რამდენადაც იზრდება საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევიან პოსტსაბჭოთა სივრცის ის ქვეყნები, რომელთაც განვითარების პროდასავლური გზა აირჩიეს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთის ომის დაწყების 25 წლისთავთან დაკავშირებით; თუმცა სიტუაცია 25 წლის შემდეგაც იმ წერტილშია, როგორც ომის შემდგომ დღეებში.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისა და რუსეთისთვის ამერიკის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემდეგ საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა იმედი, რომ თუკი რუსეთის ეკონომიკა ვეღარ გაწვდება ოკუპირებული რეგიონების ბიუჯეტებს, შესაძლებელი გახდება ეკონომიკური პროექტების დახმარებით კავშირებისა და უღტიერთობების აღდგენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან.
ამერიკის ამ ნაბიჯებს, როგორც ცნობილია რუსეთის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტი მოჰყვა საპასუხო ნაბიჯად, სადაც სწორედ ეკონომიკური პროექტები განიხილეს. For.ge-ს ინფორმაციით, ამ ვიზიტის დროს განიხილეს კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მედიაში არ გასაჯაროვდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო - დევნილთა მხარდაჭერისთვის“ ხელმძღვანელის, დალილა ხორავას შეფასებით, ახლა სულ სხვა ტაქტიკა გამოიყენა პუტინმა, - აფხაზეთში ვიზიტისას ჩამოიყვანა ჯანდაცვის მინისტრი, ვერონიკა სკვარცოვა - მინისტრი, რომელიც საკმაოდ კარგად უძღვება საკუთარ საქმეს რუსეთში.
როგორც დალილა ხორავა აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ ვინც აიღებს ახალ პასპორტს, ავტომატურად მიიღებს სადაზღვევო პოლისს და მას რუსეთის ნებისმიერ ქალაქში შეეძლება ამ პოლისით სამედიცინო მომსახურების მიღება.
„ვფიქრობ ეს ძალზე ცუდია ქართული ინტერესებისთვის აფხაზეთში, რადგან ამ 25 წლის მანძილზე თუ ვინმე ჩამოდიოდა თბილისში, მიზეზი იყო სამედიცინო მომსახურება. ისინი ავტომატურად, იღებდნენ ქართულ პასპორტებსაც. ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ სამედიცინო სერვისები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული ყოფილიყო და სწორედ ახლა მოხდა ასეთი შეთავაზება რუსეთისგან“,- აცხადებს დალიდა ხორავა.
როგორც დალილა ხორავა განმარტავს, მისი ინფორმაციით, ეს ახალი, წითელი პასპორტები, სავარაუდოდ, იანვრიდან გაიცემა მასოვბრივად და არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას. ანუ იმ ადამიანებმა, ვისაც უკვე აქვთ ქართული პასპორტები, მასზე უარი უნდა განაცხადონ. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ ე.წ. წითელი პასპორტების მიღების და, შესაბამისად, რუსეთის ჯანდაცვის პოლისით სარგებლობის უფლება.
„როგორც ვიცი, აფხაზეთის პარლამენმტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან უქმდება პირადობის დამადასტურებელი ყველანაირი დოკუმენტი და დაიწყება ახალი დოკუმენტების დარიგება. კანონში წერია, რომ ან უნდა იყოსაფხაზეთის მოქალაქე, ან საქართველოსი - ორივე ერთად ვერ მოხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ან ახალი პასპორტით დარჩებიან აფხაზეთში ან საქართველოში დაბრუნდებიან ქართული პირადობით, რადგან არა აფხაზეთის მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას არ აძლევენ“, აცხადებს დალილა ხორავა.
როგორც ცნობილია, სამედიცინო მომსახურებისათვის აფხაზეთიდან ბევრი ადამიანი გადმოდიოდა.
„როდესაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროგრამაში, წელიწადში დაახლოებით 2500 ადამიანი გადმოგვყავდა - ეს იყო ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ დაეკარგათ. ქართული მხრიდან ერთადერთი პირობა იყო - ქართული პირადობის მოწმობის აღება.
როგორც ჩანს,ძალიან კარგი მონიტორინგი ჩაატარეს რუსებმა, ძალიან კარგად შეისწავლეს სიტუაცია საქართველოში და ნახეს, რომ 80% აფხაზეთიდან თბილისში შემოდიოდა ჯანდაცვის სერვისის მისაღებად“,- აცხადებს დალილა ხორავა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი ბერკეტი აფხაზეთის მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებისთვის იყო განათლება, თუმცა ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მათ რაიმე პრივილეგიებით ესარგებლათ - აფხაზეთის საშუალო სკოლაში, რომელსაც ძირითადად პირობითად შეიძლება უწოდო სკოლა, განათლებამიღებული ბავშვი საერთო კონკურსში მონაწილეობდა და ბუნებრივია, ვერ უწევდა კონკურენციას საქართველოს სკოლებში განათლებამიღებულ ბავშვებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან რომ, ამ მიმართულებითაც უფრო მეტი უნდა გვემუშავა და მეტი გაგვეკეთებინა.
როგორც დალილა ხორავა მიიჩნევს, ჯანდაცვის პროექტის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკულად განულდება აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციის ნებისმიერი მცდელობის შანსი, რადგან ძალიან ძნელია ამ პროექტრს რაიმე მექანიზმი დაუპირისპირო.
„ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების მასშტაბური მუშაობაა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ როგორმე შეაჩეროს რუსეთმა ამ პროექტის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ აფხაზებთან ურთიერთობის არანაირი შანსი აღარ გვრჩება“,- თვლის დალილა ხორავა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობდა ყველაზე ეფექტურად აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის კუთხით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შემუშავებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზემცხოვრები ჩვენი მოქალაქეების C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის პოცედურები რაც მათთვის, ძვირადღირებული მედიკამენტების უფასოდ გადაცემასაც ითვალისწინებს.
აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს გაეროს განვითარების პროგრამის ქვეშ მოქმედი დაჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი„საკოორდინაციო მექანიზმის“ მეშვეობით რეგულარულად მიეწოდება სხვადასხვამედიკამენტები და ვაქცინები, რომელთა თვითღირებულება წელიწადში 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.
საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით აფხაზეთის რეგიონს გადაეცემა სასწრაფო დახმარებისმანქანები, სამედიცინო ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვადასხვა სამედიცინოდანიშნულების ნივთი.
2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისჯანდაცვის მომსახურებაზე დახარჯული თანხების ოდენობამ შეადგინა 5,782,504.96 ლარი (2013-2016 წწ. განმავლობაში ამ თანხამ 14 მლნ. ლარს გადააჭარბა).
ჯანდაცვის მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ზუგდიდთან, სოფელ რუხში, თითქმის დასრულდა 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, საერთო საცხოვრებლის მქონე საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოების გარდა დამატებით მოემსახურება ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ.