გაიზრდება თუ არა თბილისის მოსახლეობისთვის დენის ტარიფი ან რამდენით, ამას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია დეკემბერში გაგვიმხელს. სემეკი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეროვნული ვალუტის კურსია. ყოველთვის, როდესაც ტარიფის გაზრდაზე მიდგება საქმე, ჩნდება კითხვა - შესაძლებელია თუ არა, რომელიმე კომპანია პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენოს არამეგობრულად განწყობილმა ქვეყანამ. თეორიულად და კანონით, ეს შეუძლებელია, თუმცა მრავალი წელია, საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში იმდენი წყალქვეშა დინება შეინიშნება ხოლმე, რომ გამორიცხული ალბათ არაფერია. სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ და ტარიფის გაზრდის მოთხოვნა ზუსტად იმ დროს, როდესაც რუსეთთან პოლიტიკური ვითარება საკმაოდ იძაბება - შესაძლოა მოვლენათადამთხვევაც იყოს და სრულიად გააზრებული სვლაც თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაიმეს მტკიცება საკმაოდ რთულია - ამ და სხვა თემებზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
ბატონო დემურ, თეორიულად, შეიძლება თუ არა უცხოური კომპანია გახდეს ზეწოლის იარაღი სხვა სახელმწიფოს ხელში?
- საქმე იმაშია, რომ დავის საგანი თუ საერთშორისო დავების მომწესრიგებელ ორგანიზაციაში ან საქართველოს კანონმდებლობით იხილება, ზეწოლის იარაღად ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული მარტივი მიზეზის გამო - თუ უსაფუძვლოა დავა, იგი ვერაფერს ვერ მიიღებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ.
თუ კომპანიას აქვს საფუძველი და საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია ხელმოსაჭიდი თავისი ინტერესების დასაცავად, მაშინ შენ ვალდებული ხარ, დააკმაყოფილო მისი მოთხოვნა, ან საერთშორისო არბიტრაჟი გააკეთებს ამას. ამიტომ უსაფუძვლო დავა უპერსპექტივოა, მითუმეტეს, კომერციული სტრუქტურისათვის.
თუ კომერციულ დავას საფუძველი არ აქვს, ვერანაირი ზეწოლა ვერ მოხდება, ეს გამორიცხულია. თუ აქვს, მაშინ ვალდებულია ქართული მხარე, ქართული კანონმდებლობის ფარგლებში დააკმაყოფილოს ის, რამაც კომპანიას ზიანი შეიძლება მიაყენოს. ამ შემთხვევაში კომპანია ქართულია, რუსულია თუ სომხური, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ადრე ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო ის ფაქტი, რომ რაკი საქართველო ინვესტიციების სიმწირეს განიცდიდა, თუ სხვა მიზეზით, ქართული მხარე ხშირად თანხმდებოდა ინვესტორთან საკმაოდ კაბალური ხელშეკრულების გაფორმებას. დღეს არის შესაძლებელი ასეთი ხელშეკრულებების გადახედვა?
- ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია, რა წერია თავდაპირველ ხელშეკრულებაში და რა ვალდებულებები აქვს ქართულ მხარეს. თუ სერიოზულ კომპენსაციებთან არის დაკავშირებული, რაც, მაგალითად, სიტი-პარკის შემთხვევაში იყო - იმდენად ძიმე ჯარიმებიშეიძლება იყოს, მთავარი პირობის შეცვლის შემთხვევაში, რომ ქართულ მხარეს ეს შეიძლება, ძალზე ძვირი დაუჯდეს.
თუ ქართულ მხარეს გააჩნია ხელმოსაჭიდი პირობები ხელშეკრულების შესაცვლელად, იგი ამას გააკეთებდა კიდეც, მაგრამ რამდენადაც ვიცი, საკმაოდ მძიმე პირობებია.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ინტერესი იკვეთება საქართველოში - ვიცით, რომ ამერიკული კომპანიაც კი შემოვიდა ანაკლიაში, არის ჩინური, რუსული, ინდური და ა.შ. ინტერესები. ასეთ სიტუაციაში როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა -ანუ არსებობს თუ არა, რისკები ინვესტიციების შემოსვლისას და შესაძლებელია თუ არა ამ რისკების გათვალისწინება?
- საქმე იმაშია, რომ როდესაც დიდი მასშტაბის პროექტებზეა ლაპარაკი, იქ ვერასდროს ვერ ჩაჯდება ინტერესი მხოლოდ ეკონომიკურ ფარგლებში. ანაკლიის პორტის მაგალითი რომ ავიღოთ - ასეთი პროექტი ყოველთვის იქნება სტრატეგიული პარტნიორის ინტერესის სფეროში. ხელისუფლებაც ყოველთვის იგნორირებას ვერ მოახერხებს მეგობარი ქვეყნების ინტერესების, მითუმეტეს - სტრატეგიული პარტნიორების.
ხელისუფლებები, როგორც წესი, საკმაოდ ზომიერად მოქმედებენ ანუ ითვალისწინებენ სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს. ამიტომ როდესაც პოლიტიკა და ეკონომიკა ერთადაა, ასეთი პროექტები ცხადია, პოლიტიკის გარეშე ვერ იქნება განხილული. თუმცა ეს შეეხება მხოლოდ დიდ პროექტებს და არავითარ შემთხვევაში მცირე, საშუალო ან შედარებით მსხვილ ბიზნესს.
რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესინტერესებს, პოტენციური საფრთხე არსებობს ყოველთვის, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საფრთხეები ავიცილოთ, არსებობს ხელისუფლება ქვეყანაში, რომელმაც არ უნდა დაუშვას ისეთი მოცულობის ინვესტიციები, როდესაც რომელიმე ქვეყანას ექნება დომინანტური გავლენა ეკონომიკურ სიტუაციაზე - ესეც რეგულირების სფეროს განეკუთვნება და ხელისუფლების გონიერებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება საქართველოს მთავარ პრობლემას სოიციალურ მდგომარეობას, რომლის მოწესრიგების გზას სწორედ ინვესტიციების ზრდაში ხედავენ - ახლა მაინც თუ გაჩნდება შანსი, რომ რაკი საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, ცხოვრების დონე გაუმჯობესებისკენ შეიცვალოს?
- ჯერჯერობით რა ინვესტიციებიც ხორციელდება, ეს ვერ წყვეტს სიღარიბის პრობლემას. ანუ სოციალურ ფონს ვერ შეცვლის ვერც ანაკლიის პროექტი, ვერც ცალკეული ქვეყნებიდან ინვესტიციები. იმისათვის, რომ ეს შეიცვალოს, შიდა პოლიტიკაა საჭირო, განვითარებაზე ორიენტირებული. ეს კი მრავალპარამეტრიანი პროცესია.
როდესაც ქვეყანაში ასიათასობით სტაბილური სამუშაო ადგილია საჭირო სიტუაციის შესაცვლელად, იქ ანაკლიის მშენებლობაზე დროებით დაკავებული ადამიანები ან სხვა ინვესტიციები საერთო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ტექნოლოგიების, ინოვაციების მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მთლიანობაში შიდა პოლიტიკის შეცვლაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ - ვერც ტურიზმის ამ ფორმით განვითარება გვიშველის,რომელთა გამოსაკვებად ჩინეთსა და თურქეთში გარბიხარ, რომ რაღაც იყიდო და შემოიტანო. ეს არარის ამ შემოსავლების ეფექტური გამოყენება.
ის, რაც არ არის შინაგან პროგრესზე დაფუძნებული, სოციალურ ფონს ვერ აუმჯობესებს. არადა, შეგვიძლია სულ სხვა პოლიტიკით, საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა შევქმნათ
ყველა ამბობს, რომ რაღაც არასწორად კეთდება, მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს?
- არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სადაც გაწერილია, როგორ უნდა გადავიდეს ეტაპობრივად ქვეყანა უახლოესი 8-10 წლის განმავლობაში ინოვაციურ რელსებზე, როგორ უნდა მოხდეს განათლების მოდერნიზაცია, რომლის გარეშეარანაირი ეკონომიკური წინსვლა ქვეყანში არ იქნება.
ამ სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია როგორ უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, აგრარული სექტორი, როგორი მიმართულებებით უნდა მოახდინოს სახელმწიფომ სტიმულირება და არა რომ იტყვიან, სახელმწიფოს ხარჯზე მეწარმის შექმნა მოხდეს; თავისუფლების რა ხარისხის საჭირო, როგორი ბიუროკრატია, რამდენად მკაცრი წესები, რატომ არ უნდა იყოს ჩინოვნიკი დომინირებული ქვეყანაში და ა.შ.
არსებობს წარმატების სტანდარტული ხერხი, რომელიც ყველა ქვეყანაში თავისებურია; კარგად ცნობილია, როგორ განვითარდნენ ქვეყნები, მაგრამ ჩვენ და ეს არაერთხელ აღმინიშნავს, არაფერს ვაკეთებთ.
30 წლის განმავლობაში ეკონომიკური მეცნიერების მძლავრი განვითარების ფონზე დეტალურად იყო გააანალიზებული, თუ რატომ არიან ზოგიერთი ქვეყნები განვითარებული, ზოგი კი - არა. ჩვენ ისევ იმ განუვითარებელი ქვეყნების სეგმენტში ვართ იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებთ რამაც განავითარა ცალკეული ქვეყნები.
ეს ცალკეული პროექტები არასერიოზული საქმეა, რომელიც ვერ მოიტანს ქვეყნისთვის სოციალურ კეთილდღეობას.
ვიდრე 2012 წლის არჩევნები ჩატარდებოდა, ივანიშვილმა მანამდე გააკეთებინა სპეციალისტებს სტრატეგიული განვითარების გეგმა; გამოდის რომ ეს გეგმა გვრდზე გადადეს?
- ეს ყველაფერი 2012 წლის ბოლოსთვის, როცა კოალიციის კონტურები მოიხაზა, უკვე გვერდზე იყო გადადებული, იმიტომ რომ პრიორიტეტი არა ქვეყნის მოდერნიზაცია, არამედ კვოტების განაწილება იყო - მთავრობაში, პარლამენტში და ა.შ. და რა შედეგიც მივიღეთ, სახეზეა.
საკმაოდ კარგი მიზნით დაიწყო ამ დოკუმენტზე მუშაობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პრიორიტეტები გამოიკვეთა, ყველაფერი აირია და ეს უზარმაზარი ნაშრომი გვერდზე გადაიდო სრულიად შეგნებულად. ეს იყო იმ პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის ხარისხის დამსახურება, რომლებმაც გარკვეული პერიოდი ისარგებლეს ხელისუფლებაში მოსვლით და მერე სად გაქრნენ, კარგად იცით.
ანუ შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ,გააცოცხლონ?
- ვერავინ ვერ დადებს ალტერნატივას - შეიძლება რაღაც მიმართულებები დავამატოთ, დეტალები დავაზუსტოთ, მაგრამ ფუძეს, რაც გაკეთებულია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ქვეყნის განვითარების მოდელი იმ რესურსზე დაყრდნობით რა რესურსიც გაგვაჩნია და მინდა გითხრათ, რომ ეს არის შესანიშნავი რესურსი როგორც ადამიანური, ისე მატერიალური და ფინანსური, რომ დღეს ჩვენ ამ მდგომარეობიდან გავიდეთ;
მაგრამ არ არის პოლიტიკური ნება და ამბიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ეს საკითხი აინტერესებს. სამწუხაროდ, ანგლოსაქსური ამბიციური მიდგომები საკუთარი ქვეყნისადმი ქართველებს არ აღმოაჩნდათ.