თამარ მეარაყიშვილი: „სპარტაკ გერსამეს ძე დრიაევი მიჩივის, ის 2008 წლამდე ქართულ ციხეში იჯდა  მკვლელობის გამო“

თამარ მეარაყიშვილი: „სპარტაკ გერსამეს ძე დრიაევი მიჩივის, ის 2008 წლამდე ქართულ ციხეში იჯდა მკვლელობის გამო“

ოკუპირებულ ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 16 აგვისტოს დააკავეს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან მეორე დღეს, გამთენიისას, მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ  გაათავისუფლეს. მას დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ედება ბრალი.

„ამ პარტიის წევრი, სპარტაკ გერსამეს ძე დრიაევი მიჩივის. ის 2008 წლამდე ქართულ ციხეში იჯდა  მკვლელობის გამო“, - ამბობს მეარაყიშვილი.

16 აგვისტოს, როდესაც თამარ მეარაყიშვილი თბილისიდან დაბრუნდა და საცხოვრებელი სახლისკენ მიემართებოდა, დე ფაქტო პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა ყოველგვარი საბუთის წარდგენისა და ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერა. დაკავებისას მან რადიო თავისუფლების „ეხო კავკაზას“ პროექტის კორსპონდენტთან დაკავშირება მოასწრო და აცნობა, რომ მას აკავებდნენ - გამომძიებელს არანაირი უწყისი ან ორდერი არ წარუდგენია და უთხრა, რომ ყველაფერს პროკურატურაში გაიგებდა.

„პირდაპირ ახლა მაკავებს. არავინ არაფერს მიმარტავს, არც ადვოკატი მყავს და მინდა, ეს ყველაფერი ახლავე გაავრცელოთ“ - განუცხადა თამარ მეარაყიშვილმა ჟურნალისტს მოკლე სატელეფონო საუბარში.

თამარ მეარაყიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ დაკავებისას მისთვის არც დოკუმენტები წარუდგენიათ.

„მითხრა, რაც თან გაქვს, ყველაფერი წამოიყოლეო. არადა, საქსოვი ძაფები, რაღაც ქვაბები და პირადი ნივთები მქონდა თან. თქვა, რომ ჩემი ქალიშვილისთვის ამ ყველაფრის გადაცემა მეკრძალებოდა. რისთვის მაკავებდა, არ განუმარტავს, არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენია - დოკუმენტებსაც იქ ნახავო“.

მოგვიანებით, დე ფაქტო პროკურატურაში თამარს დედამ მიაკითხა და ქალიშვილის დაკავების მიზეზების გარკვევა სცადა, თუმცა პასუხად მხოლოდ დაცინვა მიიღო.

პარალელურად დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლები მეარაყიშვილების სახლს ჩხრეკდნენ - როგორც ნათესავებს განუცხადეს,  „ექსტრემისტულ ლიტერატურას“ ეძებდნენ.

ბინის ჩხრეკის დროს, სამართალმდაცავებმა კომპიუტერული ტექნიკის, საბუთებისა და მისი პირადი ტელეფონის გარდა, კნუტ ვოლებეკის უმცირესობების საკითხებში ეუთოს ყოფილი უმაღლესი კომისრის სავიზიტო ბარათი და მისი ბეჭდური გამოცემა წაიღეს.

„ჩხრეკის შემდეგ, ხელმეორე დაკითხვისას განმიცხადეს, კიდევ ბევრ ბრალდებას წარგიდგენთო“, - იხსენებს მეარაყიშვილი.

ამასთან, აქტივისტის თქმით, დაკითხვისას მას უხსენეს ახალგორში 2015 წელს მოკლული დავით ბაშარული და სხვა ფაქტები, რომელთა შესახებაც ის ყოველთვის საჯაროდ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ეს მეარაყიშვილის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პროკურატურას ურუზმაგ ჯაგაევი ჩაუდგა სათავეში, 2016 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში თამარი არაფორმალურ დაკითხვებზე 6-ჯერ ჰყავდათ.

წელს კი ამ დაკითხვებმა განსაკუთრებით ცინიკური ფორმა მიიღო. როგორც მეარაყიშვილი ყვება, გამომძიებლები მას ასეთ კითხვებს უსვამენ: „რატომ არ თხოვდები“?, „რითი არსებობ, ვინ გეხმარება“?, „საერთოდ, ჯანმრთელი ადამიანი ხარ“?…

როგორც თამარი ამბობს, წელს ამ პროცესში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიც ჩაერთო.

რაც შეეხება ბრალდებას, საქმე ეხება რუსულენოვან გამოცემა „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც რესპონდენტი თამარ მეარაყიშვილი, ახალგორის (ლენინგორის) რაიონში ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის დროს დანიშნული კადრების დათხოვნაზე და ახალი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა თანამდებობებზე დანიშვნაზე საუბრობს.

პარტიის სახeლით საჩივარი ახალგორის სატყეო სამსახურის ახალი უფროსმა, სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრმა, სპარტაკ დრიაევმა შეიტანა.

თამარ მეარაყიშვილის დაკავების საქმეს განცახდებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი.

„16 აგვისტოს მომხდარი წარმოადგენს ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება, სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო. მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი. მივმართავ ასევე საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად“,- ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურადაა ჩართული თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებისა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში.

„ინფორმირებული არიან სრულად ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“- აცხადებს ციხელაშვილი.

მინისტრის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქმედებები ხორციელდება მეარაყიშვილის მიმართ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე.  სწორედ ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს“,- აცხადებს ციხელაშვილი.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს.

მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.