დეპრესიული ფონი, აგრესიული გარემო რომელიც კრიმინალს კვებავს

დეპრესიული ფონი, აგრესიული გარემო რომელიც კრიმინალს კვებავს

უკვე შევეჩვიეთ, რომ საინფორმაციო გადაცემები ძირითადად, კრიმინალური ამბებით იწყება, თუმცა ძნელია, ყურადღების მიღმა დატოვო ტენდენცია, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია - მოქალაქეები კანონის გვერდის ავლით ცდილობენ, ერთმანეთს ანგარიში გაუსწორონ. საქმე უმეტესად, მკვლელობით მთავრდება - ეჭვიანობის თუ შურისძიების ნიადაგზე ქმარი ცოლს კლავს, მეგობარი - მეგობარს. კაცობრიობის არსებობის დღიდან არსებობს კრიმინალი, მაგრამ დამთრგუნველია როდესაც ყოველდღიურად, შენს გვერდით, შენს ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს კლავენ.

იურისტები თვლიან, რომ კრიმინალი ყოველთვის ხდება განვითარებულ ქვეყანაშიც და განუვითარებელშიც; არ არის გამოსავალისასჯელის გამკაცრება; პრობლემა არის სოციალური ფონი, გაჭირვება, ვალუტის კურსი, უმუშევრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის აგრესიულ გარემოს. ქუჩაში აგრესიული, გაბრაზებული ადამიანები დადიან, ყველას თავისი პირადი პრობლემა აქვს, რომელიც შემდეგ ხან ოჯახურ კონფლიქტებში გადაიზრდება და ზოგჯერ კრიმინალში.

არსებობს თუ არა, გამოსავალი პრობლემიდან, რომელიც საუკუნეებია აწუხებს მსოფლიოს - რატომ გახშირდა მკვლელობები - ამ თემაზე, ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ლევან, თითქოს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა იყოს - ძალზე ხშირად დამნაშავეს ცხელ კვალზევე აკავებენ და ეს ინფორმაციაც საჯაროვდება. კრიმინალისტები გახშირებული მკვლელობების ტენდენციას როგორ ხსნიან?

- კრიმინოლოგიურად, ამისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ე.წ. დეპრესიული ფონი საზოგადოებაში, რომელიც თანამდევია სოციალური მდგომარეობისა. როდესაც ე.წ. კონფლიქტური სიტუაციები კი არ განეიტრალდება ადამიანების ურთიერთობაში, არამედ ზოგჯერ უმნიშვნელო კონფლიქტიც კი გადადის ძალადობაში.

როგორც კი ძალადობამდე მიდის საქმე, ძალზე ხშირია ძალის გადამეტება თავდამსხმელის, ან პირიქით თავდაცვის პოზიციაში მყოფის მხრიდან. ანუ პრობლემის ძალით გადაწყვეტის ტენდენციის ფესვები უნდა ვეძებოთ სოციალურ ფონში - მკვლელობა კი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა.

სოციალური მდგომარეობა ახლა არ გაუარესებულა - 25 წელზე მეტია, საქართველოში ეს პრობლემა არსებობს და მისი გადაჭრაც ვერ ხერხდება. თუმცა კრიმინოგენული ვითარება პერიოდულად, უარესად ან შედარებით შემსუბუქებულად გამოიყურება. რაღაც მასტიმულირებელ კომპონენტებში ხომ არ შეიძლება იყოს საქმე?

- მეც ამ პერიოდზე ვმსჯელობ და არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე - სამწუხაროდ, პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრა დიდი ხანია საქართველოს სამწუხარო რეალობაა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ხელისუფლებებიც ძალადობის გზით შეიცვალა -შესაძლოა, ფორმები განსხვავებული იყო - ერთი - ირაღით, ხოლო მეორე - უიარაღოდ, მაგრამ ორივე შემთხვევაში იყო ძალადობა.

რაც შეეხება ციკლურობას, ამ მოსაზრებაშიც მინდა მცირე კორექტივის შეტანა - იყო პერიოდი, როდესაც საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდა და იყო პერიოდი, როდესაც მსგავსი ინფორმაციები უბრალოდ, არ ვრცელდებოდა - ეს არის და ეს, თორემ უეცარი კრიმინოგენული აფეთქებები, რომელიც დამოკიდებულია რაღაც ფაქტორებზე, კრიმინოლოგიაში მსგავსი რამ არ არსებობს.

საზოგადოება არ ყალიბდება მხოლოდ ერთი ან ორი თვის პერიოდში. კი, შეიძლება იყოს რაღაც დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებასთან, მაგრამ როგორც კი ეს პერიოდი მთავრდება, საზოგადოება ხომ ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება.

ბოლო დროს რასაც ვაკვირდებით, ძალიან ხშირია მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით, გამოდის, რომ ადვილად ხელმისაწვდომი გახდა?

- როდესაც ძალადობაზე ვსაუბრობთ, ძალადობის ერთ-ერთი ფორმა არის იარაღის გამოყენებით სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა, აქვე დავამატებდი, რომ არა მხოლოდ ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით ძალადობის შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია და ამ სიხშირის საზომი არ არსებობს, რამდენიმეთვიანი პერიოდიც რომ ავიღოთ განსახილველად, მაინც არ გამოდგება ზოგადი ტენდენციის შესაფასებლად.

ასე რომ, არის ხშირი, მაგრამ რატომ - ვერ გეტყვით. რომელიღაც კონკრეტული პერიოდი რომ ავიღოთ, ამას შეიძლება გამოვუძებნოთ ახსნა; მაგალითად ამა და ამ თვეში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა გახშირდა იმიტომ, რომ რომელიღაც სამხედრო ნაწილიდან მოხდა იარაღის გადინება - მსგავსი შემთხვევები საქართველოშიც იყო ხოლმე, საბჭოთა პერიოდში.

ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ მკვლელობებსაც ვერ განვაზოგადებთ, რადგან მნიშვნელობა აქვს თვითნაკეთია, თუ - ქარხნული, სატაბელო თუ - ავტომატური, სამხედრო-საბრძოლოა თუ - სპორტული; კრიმინოლოგიისთვისაცარ არის ეს საინტერესო  - საინტერესოა დანაშაულებრივი ქცევა - ძალადობა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად.

ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?

- ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური ღონისძიებები, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იყოს სოციალური ფონის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები; რაც შეეხება კრიმინალურ მხარეს - ეს არის პროფილაქტიკური სამუშაოები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობა და ყველა ის მეთოდი, რომელიც ძალადობას, როგორც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას, გახდის მიუღებელს სულ უფრო მეტ ადამიანში.

ძალადობაზე მსჯელობისას საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნება არც ტუ მცირე რაოდენობის ხალხი, რომელიც ამბობს - წინა ხელისუფლების დროს ციხეში ისეთი მდგომარეობა იყო, რომ შიშით დანაშაულს ვინ ჩაიდენდა, ახლა ციხეში შესვლის აღარ ეშინიათ და ამიტომაც გახშირდა ძალადობის ფაქტები. ბევრი ამ მოსაზრებას არ იზიარებს, მაგრამ გამოდის, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი „მკაცრი ხელის“ მომხრეა?

- კანონის ფარგლებში მოქმედება არის სახელმწიფოს ვალდებულება, იქნება ეს ადამიანი გისოსებს გარეთ თუ ციხეში. ის, რომ ციხეში იყოს ძალადობა და ამით გარეთ პრობლემა მოგვარდეს, საფუძველშივე არასწორია და არადემოკრატიული.

გამოდის რომ სახელმწიფომ თვითონვე უნდა იძალადოს კანონზე იმისთვის, რომ გისოსებს მიღმა ძალადობა არ იყოს? საბოლოო ჯამში ხომ ძალადობა ისევ ძალადობას შობს?

„მკაცრ ხელს“ რაც შეეხება - ესეც ტოტალიტარიზმის ასოციაციას ტოვებს. თუ დანაშაულის პრევენციაზეა ლაპარაკი, ან ჩასდენილი დანაშაულის გახსნაზე, ამ მხრივ, არ მგონია სასაყვედურო იყოს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ან მანამდე.

მაგრამ რაც იწვევს ამას, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სხვადასხვა ინტენსივობით ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებს და ა.შ. რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი? მივდივართ ისევ იქამდე, რითაც დავიწყეთ საუბარი და ეს არის სოციალური ფონი.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ის მთავარი განმაპირობებელი, რომელიც გავლენას ახდენს იმ სოციუმზე, რომელშიც ვცხოვრობთ, რომლისთვისაც ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა.

ელემენტარულია - არსებობს საგზაო მოძრაობის წესები, არსებობს საგზაო ნიშნები, რას ვაკეთებთ ძალიან ხშირად? - გადავდივართ გზის იმ ნაწილზე, რომელიც ჩვენთვის კომფორტულია და იმ დროს, როდესაც გვჭირდება - ეს ნიშნავს, რომ ვძალადობთ კანონზე.

სხვა - სხვანაირად ძალადობს კანონზე, იქ სასამართლო გაჭიანურდა და ამიტომ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ თვითონ უნდა გადაჭრას პრობლემა და ა.შ. კრიმინოლოგიურად ეს ძალიან კომპლექსური თემაა და არაერთი კვლევის თუ სამეცნიერო ნაშრომის საგანი ყოფილა.