ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში გამოვლენილი ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია 11:00 საათზე დაკითხვაზე დაბარებულია „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა, რომელიც ფესტივალის დასრულების შემდეგ მაკედონიაში გაემგზავრა.
სიგუა ამბობს, რომ წესით ასე მალე საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა „ჯემ ფესტის“ საქმიანობით, ამოიღეს დოკუმენტაცია და წაიღეს კომპიუტერები ოფისიდან, სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი. მისივე თქმით, ოფისიდან წაღებულია ყველა სახის დოკუმენტაცია. ამბობს, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ღიაა.
„ამბობენ, რომ თითქოს სახელმწიფო სახსრები გავფლანგეთ, ჩვენ ერთი თეთრიც არ აგვიღია სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს ჩართულობა იყო მცირე ნაწილში. ჩვენ 500-ზე მეტი არტისტი გვყავდა ჩამოყვანილი. რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როცა ყველა არტისტისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფო ხარჯი იყო გაღებული, ჩამოვიდა და დაუკრა? რაშიც იყო სახელმწიფო რესურსი გადახდილი, 100%-ით არის შესრულებული, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები.
ფესტივალი ჩატარდა თავიდან ბოლომდე? - ჩატარდა; 30 დღე მიმდინარეობდა? - ასე იყო; 8 სცენა იყო? - იყო; 500-მა არტისტმა დაუკრა? - დაუკრა. მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ? - იყვნენ. კი ბატონო, ბევრი პრობლემა შეგვექმნა, იყო უამინდობა, იყო ისიც, რომ ბევრმა მოიჯარემ არ გადაიხადა იჯარა, მათ ჩვენი ვალი აქვს“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
გარდა გამოვლენილი ფინანსური ხასიათის დარღვევებისა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სიგუას გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს - ნარკოტიკებია. როგორც ცნობილია, ამ დრომდე დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, „ჯემ ფესტიდან“ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 ახალგაზრდა გადაიყვანეს. ერთ-ერთი, 22 წლის ნათია თავართქილაძე კი, გარდაიცვალა. მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით მობილიზიებული იყო პოლიცია, ნარკოტიკული საშუალება რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყიდებოდა, ამას მოწმობს სტატისტიკა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ჯემ ფესტის“ მონაწილეებისთვის ნარკოტიკის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენდა, სიგუას მოუწევს კითხვა, პოლიციის მიერ მკაცრად კონტროლირებად ტერიტორაზე როგორ, რა გზით და ვის მიერ შედიოდა ნარკოტიკი.
სიგუა ამბობს, რომ მას არ დაუწყია და ვერც დაამთავრება ამ ქვეყანაში ვერც ნარკოტიკების შემოტანას, ვერც გავრცელებას, ვერც მის მიღება-მოხმარებას. მისი თქმით, „ჯემ ფესტზე“ მომხდარი შემთხვევები შესაძლოა დივერსიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, სიგუას განცხადებით, ნარკოტიკების გავრცელებასა და მოხმარებაზე პასუხისმგებლები არიან ისინი, ვინც ამ ნივთიერებას ყიდის და ყიდულობს.
„ხშირად მეკითხებიან, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ნარკოტიკების გავრცელებაზე, მე ვპასუხობ, რომ ამაზე პასუხისმგებელია ის, ვინც ნარკოტიკებს ჰყიდის. ის ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, თვითონაც უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. როცა არის მაღალი რისკი, რომ ნარკოტიკებისგან ადამიანები ცუდად გახდნენ, მსოფლიო პრაქტიკაში არის ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიას, იგი შემოსაზღვრული იყო, პოლიცია მუდმივად პატრულირებდა, კარებში ამოწმებდნენ, დატრენინგებული სამედიცინო პერსონალი იყო. შემთხვევა მოხდა ფესტივალის პიკის დროს. 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფესტივალი და ბუნებრივია, რომ სამედიცინო პერსონალს სამუშაო ექნებოდა“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
ყველა ამ პრობლემასთან ერთად, „ჯემ ფესტის“ ხელმძღვანელობისგან თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან. გიორგი სიგუა ამბობს, რომ ფესტივალზე დასაქმებულ ადამიანებს კუთვნილი ხელფასი ჯერ არ აუღიათ.
„ფესტივალზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 35-მა ადამიანმა ბოლომდე ვერ აიღო გასამრჯელო, მაგრამ არსად არ გავქცეულვარ და ყველა მათგანი თანხას ბოლო კაპიკამდე მიიღებს. რაც შეეხება სახელმწიფოსთვის გადასახდელ გადასახადებს, ყოველი თვის 15 რიცხვში ვიხდიდით და არ გვაქვს დავალიანება“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
სიგუა არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი ჩოგოვაძეს კავშირი ჰქონდა ფესტივალთან. მისი თქმით, „Check In Georgia“-ს ფარგლებში ბლექ სი არენამ გადაიხადა რამდენიმე არტისტის ჰონორარი „ჯემ ფესტზე“ დასაკრავად. მაგრამ ვის ევალებოდა ბლექ სი არენას მიერ გადხდილი ჰონორარზე მონიტორინგი, სიგუა ამბობს, რომ მისთვის უცნობია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ „ჯემ ფესტზე“ გადარიცხულ თანხას მონიტორინგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან არ უტარდებოდა.