დღეს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილება. მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მიმდინარე კვირას შესთავაზა შეხვედრა. ოპოზიციამ შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნა დააფიქსირა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციამ მმართველ გუნდთან კონსენსუსის წინაპირობად 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება დაასახელა. მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
მმართველი გუნდი ხელახლა სთავაზობს ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას. ახლა მაინც თუ არის მოსალოდნელი რაიმე შეთანხმებამდე მისვლა?
- არ მგონია, შეთანხმებამდე მივიდნენ, რადგან ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციები. ხელისუფლებამ იცის, რა სურს ოპოზიციას, ოპოზიციასაც აქვს წარმოდგენა, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება. მათ რომ რეალურად უნდოდეთ კომპრომისის ძებნა, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე მიაღწევდნენ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნებოდა ორივე მხარისათვის.
თუ შეთანხმებამდე მისვლა უნდათ, ორივე მხარემ უნდა დათმოს, მაგრამ ამას არ აპირებენ და ის განცხადებები, რაც კეთდება, მხოლოდ საგარეო მოხმარებისთვისაა, მაგალითად, ვენეციის კომისიისათვის - მერე რომ არ თქვან, ლაპარაკი არ უნდოდათო.
თავიდანვე გახდა გასაგები, რომ საკუთარი პოზიციის დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებდა, განსაკუთრებით ოპოზიცია. რაიმე კონკრეტული მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში ოპოზიციის გაჯიუტებას?
- მათ უბრალოდ არ უნდათ თქმა, რომ არ სურთ ლაპარაკი - მიდის ერთმანეთზე გადაბრალება. ხელისუფლებას სურს, ოპოზიციას გადააბრალოს რომ არ მიდის კომპრომისზე და ოპოზიციას არც არაფერი აქვს კომპრომისზე წასასვლელი. ოპოზიციას რაც უნდოდა, სანამ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნებოდა, მანამდე თქვა.
როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები თვითონ იყვნენ ოპოზიციაში წინა ხელისუფლებასთან, ისინიც სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვდნენ. მაშინ ნაციონალებს არ უნდოდათ ეს სისტემა, დღეს როლები შეიცვალა, ზოგადად კი ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა: იმის მიუხედავად, ვინ და რა ძალაა ოპოზიციაში, ის აუცილებლად ითხოვს პროპორციულ სისტემას - ხელისუფლება ცდილობს, დატოვოს შერეული სისტემა, ან მიიღოს ისეთი პროპორციული სისტემა, რომელსაც ისევ შერეული საარჩევნო სისტემა ჯობია.
არც ერთ ხელისუფლებას არ სურს, რეალურ ცვლილებებზე წასვლა - არც „მოქალაქეთა კავშირს“ უნდოდა ეს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“.
ისიც რეალობაა - ოპოზიციის შემადგენლობა იცვლება, იცვლება ხელისუფლებაც, მაგრამ ის მოთხოვნები და არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ამ ცვლილებების მიღება, რჩება იგივე.
დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყვირის, არ შეიძლება კონსტიტუცია ერთმა პარტიამ მიიღოსო, 2010 წელს რამდენმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა? - რატომ არავინ ეკითხება ამას? როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ შეიძლებოდა და ახლა აღარ შეიძლება?
ანალოგიურად, როცა „ქართული ოცნება“ოპოზიციაში იყო, მაშინ პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, ახლა ხელისუფლებაში მივიდა და უკვე აღარ უნდა პროპორციული სისტემა. როდესაც ასეთი ვითარებაა, რა კომპრომისი უნდა მოძებნონ?!
ვენეციის კომისია ჩაერევა თუ ტალეირანს გააცოცხლებენ, შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ ძალიან ნათელია ყველაფერი.
არადიპლომატიური, არაეთიკური და არადასავლურია იმის თქმა, რომ ლაპარაკი არ სურთ, ამიტომაც ურჩევნიათ, ერთმანეთს გადააბრალონ, რომ მეორე მხარე არ წამოვიდა სალაპარაკოდ. რეალურად ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთს -თავი გაიმართლონ დასავლეთთან.
კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება - ყოველი ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ხელისუფლება ახალ-ახალ კომპრომისებს სთავაზობს ოპოზიციას - ამჯერად სიახლე ერთჯერადად, 2020 წლისთვის უბარიერო არჩევნების ჩატარებაა; თქვენი შეფასებით, ღირს ამ თემაზე მსჯელობა? ვისთვის მომგებიანია, ვისთვის - წამგებიანი?
- აქ ერთი რამ არის მთავარი - ოპოზიცია ითხოვს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას - ეს არის ნომერ პირველი ამოცანა - ამის შემდეგ იწყება ლაპარაკი ბარიერის დაწევაზე. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ის, რომ პროპორციულზე გადავიდნენ 2020 წლიდან და 3%-იანი ბარიერი დარჩეს, მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ამიტომ სთავაზობს ხან ბარიერის დაწევას, ხან - გაუქმებას, რომ არ გამოჩნდეს, თითქოს ერთი პარტია იღებს კონსტიტუციას.
იმ პარტიებს, რომლებსაც 1%-ის აღების შანსი მაინც აქვთ, მიეცემათ საშუალება, ერთი მანდატი მაინც მიიღონ პარლამენმტში. თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც თანახმა იქნება პროცესში მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლებასთან ერთად, ხელისუფლებას დასავლეთთან სალაპარაკო გაუჩნდება.
იმ ვითარებაში, რაც დღეს არის, ბარიერის მოხსნა ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს არ უქმნის. მთელი პრობლემა ამ ჭიდაობისა არსებული საარჩენო სისატემის შენარჩუნებაა.
მოსახლეობის პოლარიზაცია არ არის იმ მასშტაბის, როგორიც იყო 2012 წელს, 2003 წელს ან 1995 წელს; ასეთ შემთხვევაში არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაში მყოფი ძალისათვის გარანტიას ქმნის, რომ არჩევნები მოიგოს - ამ დავის მთელი ფილოსოფია ეს არის.
ბარიერის მოხსნა ნიშნავს იმას, რომ პატარ-პატარა პარტიები შეიძლება წავიდნენ დათმობაზე და ხელისუფლებას სათქმელი ექნება, რომ სხვა პარტიებმაც მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას მოლაპარაკებათა ახალი ტალღა სტრასბურგში ანგარიშის წარსადგენად ჭირდება, მაგრამ რეალურად რა შედეგს მივიღებთ მთელი ამ პროცესისგან? ის საარჩევნო სისტემა დაკანონდება, რომელიც ხელისუფლებას სურს?
- ბარიერს გააუქმებენ - ეს იქნება ალბათ ერთჯერდი მოვლენა. რომელი პარტიაც დათანხმდება, ისიც არ წააგებს, რადგან პარლამენტში შევა. 7-8 პარტია თუ წავიდა ამაზე, ამ რაოდენობის მანდატების დაკარგვა ხელისუფლებას ნამდვილად არ გააკოტრებს და ამას მაჟორიტარული ოლქებიდან მაინც აინაზღაურებს. ასე რომ, ამ მოლაპარაკებებიდანაც დიდ შედეგს არ უნდა ველოდოთ.