„რელიგიის თავისუფლება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში 2016 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაც მოხდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის.
მოხსენებაში, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით მზადდება, რელიგიის თავისუფლების კუთხით 200-მდე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს სამლოცველოები ციხეში.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში ფავორიტიზმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს.
„რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, მათ შორის იეჰოვას მოწმეების წევრებმა ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი დააფიქსირეს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამავე ანგარიშში საუბარია რელიგიური ნიშნით ჩადენილ 19 დანაშაულზე, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არასათანადოდ არის გამოძიებული.
„წლის განმავლობაში 19 საქმე იყო გამოძიებული, რომელიც შეიცავდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს“, - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებაზე და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე. კერძოდ, ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების საკითხზე. ამავე ანგარიშში ასევე მოყვანილია ყველა ინციდენტი, რომელიც 2016 წელს მოხდა, მათ შორის ბათუმის ქობულეთის და მოხეს შემთხვევები.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ანგარიშში მოყვანილი კონკრეტული საქმეები ადასტურებს, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოში სერიოზული პრობლემებია. ა-ო „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი მარიამ ბეგაძე ხელისუფლებას აშშ-ის ანგარიშში გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებას ურჩევს.
„ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების და იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დღემდე არ გამოსწორებულა. მოხეში მომხდარი ფაქტები, პოლიციის ძალის გადამეტების ფაქტები, საკულტო ნაგებობების მშენებლობა დღემდე პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, არ მოგვარებულა ბათუმში არსებული პრობლემა გადატვირთულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს არცერთი მისი დაპირება არ შეუსრულებია“, - აცხადებს მარიამ ბეგაძე.
ქართული არასამთვრობო ორგანიზანებისგან განსხვავებით, ასე არ ფიქრობს დასავლეთ საქართველოს მუფტი, ბეგლარ ქამაშიძე, რომლის განცხადებით, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მუსლიმთა სამმართველომ 12 ახალი მეჩეთი ააგო, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ საქართველოში რელიგიური კუთხით დევნა და ჩაგვრა არ მიმდინარეობს. მისი თქმით, იყო ცალკეული მცირე ინციდენტები ადგილზე, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა სერიოზული დაპირისპირება მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის.
„შეიძლება პიროვნული დაპირისპირება იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური კუთხით დევნა, შევიწროვება, ასეთი რამ არ მომხდარა. მსგავსი დაძაბულობა და დაპირისპირება რელიგიის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. იმიტომ, რომსაქართველო არის ტოლერანტული ქვეყანა.
რაც შეეხება მოხეს და ბათუმის მეჩეთის თემას, სახელწიფოს ხელშეწყობით მოხეში დავიწყეთ ახალი მეჩეთის მშენებლობა. ის სადაო შენობა ისევ გადაეცა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და დაერქვა სადავო შენობა-ნაგებობის სახელი. შემთახმება ვერ მოხდა მართლმადიდებლებთან და რადგან შეთანხმება ვერ მოხდა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩვენ აგვეშენებინა მეჩეთი და დავიწყეთ მშენებლობა.
რაც შეეხება ბათუმის მეჩეთს, გავქვს შეხვერდა აჭარის მთავრობასთან. უახლოეს მომავალში ეს პრობლემაც მოგვარდება და მეჩეთის პრობლემა არ იქნება ბათუმში. ამიტომ, მე ვერ ვიზიარებ იმას, რომ რელოგიური ნიშნით მიმდინარეობს დევნა, მუსლიმებთან მიმართბეში ასეთი ფაქტი არ ყოფილა. იყო მცირე ინციდენტი, მაგრამ ეს არასოდეს არ გამხდარა სერიოზული დაპირისპირების მიზეზი. იმედია, რომ არც იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბეგლარ ქამაშიძემ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებაზე და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი და თეოლოგი, სერგო ვარდოსანიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების შესახებ მონაცემებით სრულიად არ აქვს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორაზე ქართული იურისდიქცია, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობისათვის.
რაც შეეხება რელიგიური ნიშნით 19 მკვლელობას საქართველოს ტერიტორიაზე, ვარდოსანიძე ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვის სიახლეა და სანამ არ იქნება სრული ინფორმაცია შსს-ს მხრიდან, მანამდე ამ საკითხზე საუბარი მიზანშეწოლი არ არის.
„რელიგიური ნიშნით ჩაგვრის შემთხვევა არ მსემია. ორ მაგალითს გეტყვით - საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეხვდა მის უწმინდესობას, წინასწარ მიულოცა აღსაყდრების 40 წლისთავი და თქვა - „ნება მიბოძეთ ხელზე გემთხვით, ჩემთვის თქვენ განსაკუთრებული ადამიანი ხართ და ეს განსაკუთრებულობა მინდა ასე გამოვხატო.
მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს მაგალითი, მაჰმადიანი შეიხი ჩადიოდეს და მართლმადიდებელ პატრიარქს ასე ეამობორებოდეს და თაყვანს სცემდეს, ჩემთვის თქვენ წმინდა ადამიანი ხართ“, - ასე მიმართა აზერბაიჯანის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარემ მის უწმინდესობას. გამოვრიცხოთ, რომ მუსლიმანების დევნა და რაიმე რელიგიური ჩაგვრა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სიტყვებს არ იყოდა და არ გააკეთებდა იმას, რაც გითხარით.
იგივეა კათოლიკეების მიმართ. არავითარი დისკრიმინაცია არ არის, ამის გამოხატულებაა რომის პაპის შეფასება - „აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნით, კულტურით, ისტორიითო და განსაკუთრებით თქვენი ეკლესიის მეთაურით. უმინდესთან ყოველი შეხვედრა მარწმუნებდა, რომ მე ღვთის კაცს ვხვდებოდი“. რამე ჩაგვრა, რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, რომ მას მიაწოდებდნენ ინფორმაციას და ისიც ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა“, - აცხადებს სერგო ვარდოსანიძე.
რაც შეეხება სხვა კონფესიებს, მისი თქმით, საქართველოში არის სომხური ეკლესია, რომლის ეპისკოპოსს არასოდეს გაუკეთებია განცხადება რელიგიური ნიშნით დევანზე, ისევე როგორც ლუთერანულ და პროტესტანტულ ეკლესიას. მისი თქმით, თუ საუბარია არატრადიციულ რელიგიებზე და სექტებზე, არც აქ არის მსგავსი მაგალითი.
„თუ ვინმე დაგვისახელებს კონკრეტულ მაგალითებს და გამოძიება დაადასტურებს, რომ ვინმე ამ ნიშნის მიხედვით იქნა დევნილი, შეიძლება მერე ვიმსჯელოთ რამდენად სწორია. სახელმწიფო დეპარტამენტს ეს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებმა, იმ ადამიანებმა, ვისაც უნდათ დაარღვიონ ცნობილი ტრადიცია ქართველებთან მიმართებაში, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ ტოლერანტები.
ტოლერანტები რომ არ ვიყოთ, ამდენი განსხვავებული კონფესია, დამისახელეთ განსხვავებული კონფესიის საყდრები და სამლოცაველოები სად არის? არასად, თუ არ ჩავთლით იერუსალიმს და ისრაელს. თუ გადმოგვიგზავნიან კონკრეტულ ინფორმაციას შსს-სგან დადასტურებულად, რომ რელიგიური ნიშნით ვიღაცამ ვიღაცა მოკლა, კი ბატონო.
იქნება და სხვა სახის კრიმინალია და ამაში მოჰყვა ადამიანი რომელიც განსხვავებული კონფესიისაა, ეს რატომ უნდა მივაწეროთ მაინცდამაინც იმას, რომ განსხვავებული რელიგიის გამო დაისაჯა? ვერ დამისახელებთ ქვეყანას სადაც კრიმინალი არ ხდება, კრიმინალს რელიგიური ნიშანი არ გააჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სერგო ვარდოსანიძემ.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველოში შედარებით ნორმალური მდგომარეობაა, როგორც კანონმდებლობის, ასევე ამ კანონმდებლობის რეალურად გატარების თვალსაზრისით. რაც შეეხება ზოგადად რელიგიური ნიშნით შევიწროებას, მისი თქმით, ეს შეიძლება ხდებოდეს ადგილობრივ დონეზე და ინიციატივას იჩენდეს ადგილობრივი ხელისუფლება, ან კონკრეტული სკოლა.
„მაგალითად ბათუმში ამ დრომდე ნებართვა არ არის გაცემული მეჩეთის აშენების თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ბიუროკრატიული პრობლემაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენით აჭიანურებენ. იგივე რუსთავის თემა, ყველანაირი უფლება მიღებული აქვთ კათოლიკური ეკლესიის აშენებაზე, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება სრულიად ხელოვნურად და უკანონოდ არ აძლევს ამის საშუალებას.
ესეც შეიძლება რელიგიური ნიშნით შევიწროებად ჩაითვალოს. იმიტომ, რომ მართმადიდებული ეკლესია, რომ ყოფილიყო, ხელს არავინ არ შეუშლიდა, რადგან კათოლიკურია, ხელს უშლიან. ასეთი ფაქტები არის. ვფიქრობ, რომ სასამართლო ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ამის ნებართვა ადგილობრივ ხელისუფლებას. თუ ვიღაცას აქვს უფლება, რომ ააშენონს ეკლესია ან მეჩეთი, უნდა ააშენოს. ჩვენ ამ პრობლემას უნდა შევხედოთ არამართლმადიდებელი მრევლის თვალით“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.
რაც შეეხება რელიგიური ნიშნით მკვლელობას, თეოლოგი ასეთ ფაქტს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ 19 სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიდოს და სპეციალისტება თქვან, იყო თუ არა რელიგიურ, ან ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა. მისი თქმით, ასეც, რომ ყოფილიყო, ეს საზოგადოების პრობლემაა და არა ხელისუფლების.
„იმიტომ, რომ იოჰოვას მოწმე იყო, ან მუსულმანი და ამიტომ მოხდა მკვლელობა, ასეთი ფაქტი არ ვიცი. კონფლიქტი შეიძლება მოხდა, მაგრამ არა რელიგიის ნიადაგზე, არამედ სხვა ნიადაგზე. სხვადასხვა ქეისები არის განსახილველი. ევროპაში ხდება ასეთი სახის მკვლელოები როგორც არის „ღირსების დაცვის“ საქმე. მაგალითად არის მუსლიმი ოჯახი, გოგოს ჰყავს ბოიფრენდი, ან ცოლად მიჰყვება ქრისტიანს, ძმა, ან მამა მას მოკლავს. ჯობია, რომ მოკვდეს, ვიდრე შეგვარცხვინოსო, არის ეს ველური ტრადიცია.
შეიძლება ასეთი შემთხვევა იყო, ამას განხილვა უნდა. საქართველოში, კერძოდ ლაგოდეხში არის ისეთი სოფელი, სადაც ძალიან ჩაკეტილი არიან. გოგონამ რომ მოინდომს ქრისტიანზე გათხოვება, ეს ძალიან დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თითოეულ ქეისს უნდა განხილვა. შევეცადოთ გავარჩიოთ, ეს მკვლელობა რელიგიას ეხება, ტრადიციებს, თუ სხვა ფაქტთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.