კიმ ჩენ ინი, როგორც გარემოვაჭრე

კიმ ჩენ ინი, როგორც გარემოვაჭრე

„თუ ისინი ცეცხლს გაუხსნიან აშშ-ს, ეს ძალიან სწრაფად შეიძლება ომში გადაიზარდოს“, - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა.აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ გამორიცხული არაფერია. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს, ამან შეიძლება ომი გამოიწვიოს.

მისი თქმით, აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოშვებული რაკეტის ტრაექტორიის დადგენა წამების განმავლობაში შეუძლია და თუ ცხადი იქნება, რომ რაკეტა გუამისკენ გაშვებულია, ჩრდილოეთ კორეას პასუხი გაეცემა. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დარტყმა განახორციელონ, თუ ის ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ამბობს, რომ აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო სამხედრო კონფლიქტი.

„აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და აჩვენონ თავისი ქმედებებით, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირება და სამხედრო კონფლიქტის არიდება სურთ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა, რომელიც გაეცნო შეიარაღებული ძალების გეგმებს გუამისკენ რაკეტის გაშვების თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანი არაკეთილგონიერ ქმედებებს განახორციელებს, ვაშინგტონი სამხედრო პასუხს გასცემს. აშშ-ის პრეზიდენტიდონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ სამხედრო ზომები სრულად მომზადებულია იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი არაკეთილგონიერად მოიქცევა. იმედი მაქვს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სხვა გზას აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავენ. გუამის კუნძულზე სამხედრო ავიაბაზა „ანდერსენი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „აპრა-ჰარბორი“ არის განლაგებული.

შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს ევროკავშირი და მხარს უჭერს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პარტნიორებთან დიპლომატიურ მუშაობის გაძლიერებას. კორეის ნახევარკუნძულის გარშემე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებსევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომლის შეფასებით, სიტუაციის დეესკალაცია გადაუდებელ აუცილებლობას და საჭიროებას წარმოადგენს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის პრიორიტეტი. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოვუწოდებს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან, რაც გაზრდის გლობალურ და რეგიონალურ დაძაბულობას.

„ევროგაერთიანება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას, ფხენიანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სერიოზულ და შემაშფოთებელ დარღვევად აფასებს. ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას და ძირითად პარტნიორებთან, გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს დამატებით ზომებს.

საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაზოგოს დიპლომატიური მცდელობა, იმისათვის, რომ არ მოხდეს სიტუაციის დამატებით ესკალაცია. აუცილებელია გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ბირთვული პროგრამის გაუვრცელებლობის რეჟიმს, არამედ აზიას და მსოფლიოს“, - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავრივი, რომლის თქმით, სიტუაციის დარეგულირება საომარი მოქმედებებით მიუღებელია და საჭიროა დიპლომატიური მეთოდები.

„ნახევარკუნძულზე სიტუაცია გამწვავდება თუ სამხრეთ კორეა და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით ჩინელ კოლეგასთან საუბრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთმანეთში კოორდიანციას სიტუაციის დასარეგულირებლად“, - აცხადებს სერგეი ლავრივი.

პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის, თამარ კიკნაძის შეფასებით, სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ შეტაკების ალბათობა დიდია.

„სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ამ შემთხვევაში არა აშშ-ია, რომელიც სხვა კონტიგენტზე მდებარეობს, არამედ სამხრეთ კორეა და იაპონია. ამიტომ, ეს ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ განმუხტონ სიტუაცია, მაგრამ რიტორიკა ძალიან რჩება მძიმე ამერიკის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდანაც.

იცით, რომ დაუწესდა სანქციები, რომელსაც ჩინეთიც შეუერთდა. თუმცა, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას ძლიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.ძალიან მძიმე ვითრებაა შექმნილი. შესაბამისად, პროგნოზირება, როგორ განვითარდება პროცესები, საკმაოდ რთულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე არ არის. მისი თქმით, კიმ ჩენ ინმასამხედროებს ბრძანება მისცა, რომ ყოველ წუთს მზად იყვნენ რაკეტების გასაშვებად, მაგრამ მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ კიმ ჩენინმა რაკეტები მართლაც გაუშვას.

„არც აქვს ამდენი რაკეტები. ტრამპის განცხადების შემდეგ უფრო თავშეკავებული იქნება. რასაკვირველია, დაძაბულობა უფრო სერიოზულია. მაგრამ ის, რომ ბირთვული ომი დაიწყება, ამის საშიშროებას, სიმართლე გითხრათ, მე პირადად ვერ ვხედავ. თუმცა ტრამპის განცხადებები სარისკო ნამდვილად არის.

მაგრამ ტრამპის გარდა, ვაშინგტონში არიან ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ტრამპს ამის უფლებას ასე ადვილიად არ მისცემენ. ისევე როგორც კიმ ჩენინის ამის უფლებას უკვე პეკინი არ მისცემს. მართლა გიჟი თავისუფალია, მაგრამ ეს პრინციპი ბოლომდე არ მუშაობს. იმიტომ, რომ იქ შემაკავებელი ძალებიც არის, ძირითადად ეს არის ჩინეთი. ამიტომ, მე არა მგონია, რომ ბირთვული ომის საფრთხე იყოს რეალური“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, სანქციები, რომელიც ჩრდილოთ კორეას დაუწესა აშშ-მა, ეს მისთვის დამღუპველია, მით უმეტეს, რომ ამ სანქციებს პირველად მხარი დაუჭირა ჩინეთმაც და რუსეთმაც. ცინცაძის შეფასებით, ამ შემთხვევაში კიმ ჩენ ინის მიზანია, ეს სანქციები მოახსენვინოს აშშ-ის კონგრესს.

„მან იცის, რომ ამ სანქციებს ვერ მოხსნის ტრამპი, იმიტომ, რომ ამას კონგრესის გადაწყვეტილება სჭირდება და კონგრესი კიდევ ამას არასოდეს არ დაუშვებს. იმიტომ, რომ ერთი პაკეტით არის - რუსეთი-ირანი-ჩრდილოეთ კორეა. ამიტომ, ეს სანქციები იქნება დიდხანს, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ. მთელი ეშხი ამ ახალი სანქციების სწორედ იმაშია, რომ ინსტიტუციურ ხასიათს ღებულობს.

მაგალითად, როგორიც იყო ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რომელმაც თითქმის 40 წელი იარსება. საბჭოთა კავშირი აღარ იყო, მაგრამ ეს სანიქციები მაინც იყო. იმიტომ, რომ კონგრესი იყო ჩართული, ანალოგიური ვითრებაა. ამიტომ, ჩრდილოეთ კორეა ხელოვნურად ძაბავს ვითარებას, რომ როგორმე კონგრესი აიძულოს უარი თქვას სანქციებზე. იმიტიმ, რომ სანქციები ძალიან სერიზულია. ასეთი დაძაბულობა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი დაიწყება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, სიტუაცია ძალიან დაძაბულია და ამგვარ შემთხვევაში ამბობენ, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. ყოფილი დიპლომატი იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში კეთილგონირება გაიმარჯვებს.

„მიუხედავად იმ დაუფიქრებელი ნაბიჯებისა რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დგამს, ის თვითმკვლელს მაინც არ ჰგავს. ამიტომ, მისთვისთვის საომარი კონფრონტაცია ერთმნიშვნელოვან თვითმკვლელობას ნიშნავს, რა თქმა უნდა პოლიტიკურს და შესაძლებელია ფიზიკურსაც. ამიტომ, არამგონია, რომ მან ეს გაბედოს. თუმცა, მდგომარეობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ პირობებში არაფერი გამორიცხული არ არის“, - აღნიშნა ირკალი მენაღარიშვილმა.

ყოფილი დიპლომატი არ გამორიცხავს, რომ კიმ ჩენ ინის მიზანი იყოს სანქციების მოხსნა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის დღევანდელი მმართველი არის მესამე თაობა, რომელიც ამგვარ თამაშსს ეთამაშება დასავლეთს.

„მესამე თაობაა ამ ოჯახის, რომელსაც ასეთი სტრატეგია ჰქონდათ - დახმარების გამოძალვის. მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღოს ამ ვაჭრობით, ეს არის უკანასკნელ პერიოდში შემოღებული დამატებითი დამსჯელი ნაბიჯების შესუსტება. ხოლო ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ბევრად უფრო მკაცრი კონტროლის რეჟიმს მოითხოვს, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.

იმიტომ, რომ აქ საუბარია არა კვლევით სამუშაოებზე და ექსპერიმენტებზე, ბირთული და სარაკეტო იარაღის კომპონენტების შექმნა-არ შექმნაზე, არამედ საუბარია კონკრეტული საქმიანობის კონტროლზე, რომელიც ეხება თითქმის დადასტურებულ ბირთვულ პოტენციალს და სარკეტო შეიარაღებას, რომლის არსებობა, თვით დასავლეთის შესაბამისი სამსახურების მიერაც არის დადასტურებული. ასე, რომ მდგომარეობა რთულია, ვირდე ეს იყო წლების განმავლობაში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.