ინჯირლიკის სამხედრო ბაზა შესაძლოა ამერიკა-რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდეს. თურქეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დრონის მეშვეობით ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე განლაგებული ერთ-ერთი ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდა.
მოგვიანებით, თურქულმა მედიამ ინჯირლიკის ბაზის აფეთქების მცდელობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქის ფოტო და ვინაობა გაასაჯაროვა. დაკავებულია რენატ ბაკიევი, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი. თურქული მედიის ინფორმაციით, რენატ ბაკიევი პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ წევრთან მიმოწერის დროს გაშიფრა.
მიმოწერაში საუბარი იყო უპილოტო საფრენი აპარატის შეძენაზე, რომლითაც იერიში უნდა მიეტანათ ინჯირლიკის ბაზირებულ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავზე. დაკავებული ინჯირლიკის სამხედრო ბაზის ტერიტორიას ველოსიპედით ზვერავდა. როგორც ირკვევა ბაკიევი სირიის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის თურქეთში ერთხელ უკვე იყო დაკავებული და მისი დეპორტირებაც მოხდა რუსეთში, თუმცა უცნობია, როგორ დაბრუნდა თურქეთში.
ანკარაში რუსეთის საელჩოში მათი ქვეყნის მოქალაქის ტერორისტული აქტის მომზადებისთვის დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა რუსეთის არაადეკვატური ქმედება. კერძოდ, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავის Ту-154М-მა ვაშინგტონში პენტაგონის, თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის შენობებს გადაუფრინა.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, 9 აგვისტოს სადამკვირვებლო ფრენა ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ხელშეკრულების თანახმად, მისი მონაწილე ქვეყნების სამხედრო ავიაციას შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენა დაუბრკოლებრივ შეუძლიათ. CNN-ის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავმა ფრენა დაბალ სიმაღლეზე, შეიარაღების გარეშე განახორციელა. ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას 34-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. რუსეთმა ხელშეკრულების რატიფიცირება 2001 წელს მოახდინა.
რაც შეეხება ინჯირლიკის სამხედრო ბაზას, ეს არის ნატოს სამხედრო ბაზა, რომელსაც იყენებენ არა მარტო თურქები, არამედ ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები და ბრიტანელები. ეს არის ერთ-ერთ მსხვილი ბაზა, სადაც ნატოს დაახლოებით 1600 ჯარისკაცი და 35 ერთეული საფრენი აპარატია განლაგებული.
აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ინჯირლიკის სამხედრო-საჰერო ბაზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა იმ კუთხით, რომ საერთაშორისო კოალიცია და მათ შორის თურქეთი ამ ბაზას იყენებს საჰაერო ოპერაციების განსახორციელებლად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
ანალიტიკოსების შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ტერორიზმის საფრთხე მხოლოდ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ არ არის მიმართული და რადგან თურქეთი ესაზღვრება სირიას, მის წინაშე გაცილებით მეტი საფრთხე დგას, თურქეთი დაინტერესებულია ბაზის უსაფრთხოებით.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს რუსეთის მოქალაქის დაკავება და რუსული სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავის Ту-154М-ის მანევრი პენტაგონის თავზე.
„ძალიან საეჭვოდ დაემთხვევა ეს ორი მოვლენა ერთმანეთს. რაც მეტყველებს იმაზე, რომ უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობები ამერიკასა და რუსეთს შორის. დღეს, თუ ამ ტიპის პროვოკაციების აღმოფხვრა არ მოხდა, არსებობს საშიშროება არ გადაიზარდოს უფრო ფართო დაპირისპირებაში.
აუცილებელია ძალების მობილიზიება, უპირველესად დასავლეთის, რომელიც პასუხისმგებელი ძალაა საერთაშორისო პროცესებზე, მშვიდობის დამყარებასა და ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით. აუცილებელია პროცესების მობილიზება იმისათვის, რომ არ მოხდეს არსებული ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება, რათა არ გადაიზარდოს შეირაღებულ დაპირსიპრებაში“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, რუსეთი არ იცავს საერთაშორისო თამაშის წესებს, საკუთარი თამაშის წესებს სთავაზობს საერთაშორისო საზოგადოებას და არ ტოვებს საშუალებას უფრო ცვლილიზებულ პრინციპებზე დაყრდნობით წარმოჩნდეს საერთაშორისო ურთიერთობებში.
„რუსეთი დაჟინებით ახვევს თავის თამაშის და ქცევის წესებს დანარჩენ სამყაროს. ამ თამაშში დასავლეთს არ სურს აყვეს რუსეთს. ეს არაცივილიზებული და არადემოკრატიული ნაბიჯია, რომელიც არ ჯდება თანამდროვე თამაშის წესებში. რუსეთი გთავაზობს იმ წესებს, რომელიც აუცილდებლად წაგიყვანს უფრსკულისკენ, ეს არის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება.
თუ სამხედრო ძალებით მოხდება ეს დაპირისპირება, ეს არავის კარგს არ მოუტანს. სწორედ ისეთი ქვეყნები დაზარალდება, როგორიც ჩვენ ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტები და არავითრ შემთხვევაში რუსეთის თამაშის წესებზე აყოლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ დაკავებული რენატ ბაკიევი, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი, ვერ გახდება თურქეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი.
„როგორც ჩანს, ეს იყო შურისძიების ფაქტი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მასშტაბურ დაბომბვას. ტერორისტების მიზანი იყო შურისძიება და ტერორისტული აქტის განხორციელება იმ ბაზაზე, საიდანაც ხდება საჰაერო იერიში.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ფაქტი გახდება რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არ გამოვრიცხავ ახალ აგრარულ ომს იმიტომ, რომ რუსეთმა დღემდე არ მოახდინა თურქულ სასოფლო-სამეურენეო პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების გაუქმება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.