„პუტინს უფრო სერიოზული პრობლემა აქვს, ვიდრე საქართველოში პენსის ვიზიტია“

„პუტინს უფრო სერიოზული პრობლემა აქვს, ვიდრე საქართველოში პენსის ვიზიტია“

8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, შედგებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. დღის ბოლოს გაირკვა, რომ ვიზიტი შედგა და მხარეებმა ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

„რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯინბასთან შეხვედრის შემდეგ.

„გვაქვს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების პოვნა ახალი სამუშაო ადგილების და საგადასახადო ბაზის შესაქმნელად. მანვე აღნიშნა, რომ 2017-19 წლებში რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას და საინვესტიციო პროგრამა 6 მილიარდ რუბლს შეადგენს.

მისი თქმით, თავის მხრივ, ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის განსამტკიცებლად. პუტინის განცხადებით, დღვანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გახდომას გულისხმობს ეფექტური და თვითკმარი ეკონომიკით. მისივე თქმით, იანვარ-მარტში ურთიერთსავაჭრო ბრუნვა 6,5 %-ით გაიზარდა.

ბიჭვინთაში ე.წ. სამუშაო ვიზიტით ჩასულმა კრემლის ლიდერმა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერთან შეხვედრისას ტურიზმის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა.

„აფხაზეთში უნდა იყოს დაცული აფხაზების, რუსებისა და სტუმრების უსაფრთხოება, საიდანაც უნდა იყვნენ ჩამოსულნი ისინი. ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით უსაფრთხოების დონის ამაღლებას შევძლებთ,“-აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ როდესაც აღნიშნული ვიზიტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გაჩნდა ეჭვი, რომ პუტინის ეს ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოხატულ საგანგებო ინტერესს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტსა და ამ ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი საპასუხო სიგნალს უგზავნის ვაშინგტონს, რომ ის არ აპირებს უკან დახევას საქართველოს ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით.

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ უცნობია, რამდენად არის გამოწვეული ეს ვიზიტი იმ რეალობით რაც დღეს საქართველოში არის.

„გეთანხმებით, რომ რუსეთს უყვარს ხოლმე სიმეტრიული ნაბიჯების გადადგმა, ზატულინის კომენტარიც გავრცელდა, რომ პუტინი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის საპასუხოდ ჩადის საქართველოშიო, მაგრამ ვფიქრობ, ზატულინმა ცოტა გადააჭარბა და თანაც, პუტინისთვის ცოტა არ იყოს, საზიანოდ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა დამოუკიდებელ ქვეყანაში, თანაც ევროპული ტურნეს ფარგლებში. პუტინი, რომელიც პრეზიდენტია რუსეთის, ჩადის მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი ციცქნა აფხაზეთში. ეს კი სრულებით არ არის საპირწონე იმისა, რაც მოხდა საქართველოში. თანამდებობრივი ცენზით თუ განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რუსეთმა უფრო დიდი პატივი მიაგო აფხაზეთს, ვიდრე საქართველოში პენსის ვიზიტზე პასუხი იმსახურებდა ამას“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

რამაზ საყვარელიძის განმარტებით, რუსეთს უფრო სერიოზული პრობლემები აქვს ოკუპირებულ რეგიონებში ვიდრე ეს პენსის საქართველოში ვიზიტია.

„მართალია, რუსულ პრესაში კონკრეტული ვადების გარეშე, მაგრამ დიდი ხანია, ლაპარაკი იყო, რომ პუტინი უნდა ჩასულიყო აფხაზეთში და ჩამოთვლილი იყო სულ სხვა მიზეზები: აგრესიული დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ, მათი დაყაჩაღება, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, ხაჯინბას ხელისუფლების შერყევა - ცოტა ხნის წინ მას ლამის დაატოვებინეს პოსტი.

საერთოდ, რუსების მიმართ უკმაყოფილებაა აფზეთში, რადგან აფხაზებმა აღმოაჩინეს, რომ ისევ უმცირესობაში არიან, თანაც ორმაგად, რუსებთან შედარებით. ეს უკმაყოფილება უკვე რუსების მიმართ გადაიტანეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე განმარტებით, არის კიდევ ერთი ყველაზე საყურადღებო მომენტი - ეს ოკუპირებული რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირებაა და ესეც გახდა უკმაყოფილების მიზეზი.

„თანაც ის დაფინანსება, რაც კრემლიდან მიდიოდა, ზედა სართულებზე ილექებოდა და ხალხისთვის აღარაფერი რჩებოდა, ამიტომაცაა სოხუმი ისევ ომის შემდგომ მდგომარეობაში. სავარაუდოა, რომ ამერიკის სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთს კიდევ უფრო გაუჭირდება რეგიონების დაფინანსება“, - მიიჩნევს საყვარელიძე.

მისივე აზრით, რუსეთს უდგას ამოცანა, რომ უფრო ეკონომიურად დახარჯოს თითოეული მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რეგიონები რუსეთისთვის აღმოჩნდება ორმო, სადაც იყრება ეს ფული და შემდეგ იკარგება.

„პოლიტიკური შედეგიც კი, როგორიცაა რუსების მიმართ აფხაზების კეთილგანწყობა, ესეც კი არ მოუტანია იმ ფულს, რასაც ხარჯავს მოსკოვი“,- აცხადებს საყვარელიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და პუტინისთვის უკეთესი იქნებოდა, არ გაჩენილიყო ისეთი ასოციაცია, როგოროცაა - პრეზიდენტის პასუხი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმეტრიების მოყვარულმა პუტინმა მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ საგარეო უწყება გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „ვიზიტს“ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყების განცხადება სრულიად ადეკვატური და ობიექტურია - ეს გახლდათ დემონსტრაციული ჟესტი და მასზე რეაგირება მხოლოდ განცხადებებით არის შესაძლებელი.

„უნდა შევეცადოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამაც იგივე შეფასება მისცეს“, - აცხადებს მენაღარიშვილი.

პუტინის ვიზიტის პარალელურად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში, „სამხრეთ ოსეთში“ მოხდა: „რუსეთმა ცხინვალში ოპერაცია ჩაატარა, ვინაიდან ვალდებული იყო თავისი მოქალაქეები დაეცვა“.

როგორც ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნავს, ძნელი სათქმელია, რომ ეს მაინც და მაინც ომისწინა როტორიკას ასახავს, მაგრამ მაინც საყურადღებოა, თუმცა გულში მჯიღის ცემას უფრო ჰგავს წარუმატებელი პოლიტიკოსების მხრიდან.

როგორც მენაღარიშვილი განმარტავს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე არანაკლები მნიშვნელობის მოვლენა გახლავთ ნატო-საქართველოს მრავალმხრივი წვრთნები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოში.

„ეს არის წვრთნები, რომლის მასშტაბი და მონაწილეთა რიცხვი უპრეცენდენტო გახლავთ. ამ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ასეთი რამ ხდება, რუსეთში, ნაკლებად პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსს შეიძლება გასჩენოდა სურვილი, დემონსტრირება მოეხდინა იმისა, რომ აქ რუსეთსაც ეკითხებიან ჭკუას და ამ მოეწყო მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკის ვიზიტი აფხაზეთში“,- თვლის მენაღარიშვილი.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმულირება ყოველი წლის აგვისტოში ამოტივტივდება ხოლმე, თუმცა პუტინიც და მედვედევიც სულ სხვადასხვა ფორმულირებას მიმართავენ - ხან ამბობენ, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვეს, ხან ამბობენ, რომ ნატო-სკენ საქართველოს სვლა შეაჩერეს. ფორმულირებების სიმრავლე კი ნიშნავს, რომ არც ერთი არ არის სიმართლე.

რაც შეეხება საფრთხეს, როგორც საყვარელიძე განმარტავს, ეს ამ განცხადებების გარეშეც დგება - ამერიკის სანქციების შემდეგ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ომით გადაფაროს რუსეთმა საკუთარი ეკონომიკური სიდუხჭირე, თუმცა რამაზ საყვარელიძეს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთმა ახლა გადადგას ამგვარი ნაბიჯები.

„ის სანქციები, რაც ამერიკისგან მას ასე მტკივნეულად მოხვდა, ომის შემთხვევაში, ალბათ, გაორმაგდება და გასამმარგდება. რუსეთს ახლა არ აქვს იმისი საშუალება, რომ კიდევ ახალი დარტყმა გამოიწვიოს საკუთარ თავზე“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რამდენად მოაგვარებს ფინანსურ-ეკონომიკურ პრობლემებს რუსეთი აფხაზეთში, სავარაუდოდ, გარკვეულ პერიოდში გამოჩნდება. თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი აღნიშნავს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია.

ელჩის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, რაც ამყარებს ქვეყნის მდგრადობას და მის შესაძლებლობას, იმუშაოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე.

„საქართველოსთვის ფართო დიპლომატიური მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის ზედმიწევნით დაცვის პირობებში, ასევე ვახორციელებთ ფართომასშტაბიან პროგრამებს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის გასაზრდელად. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული წინსვლა, ისევე როგორც მობილობა და უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის პირობების გაუმჯობესებას“, - აცხადებს ჰერმანი.

რაც შეეხება ტურისტების თემის წინ წამოწევას - ეს შეიძლება ნიშნავდეს თუ არა იმას, რომ აფხაზეთში შესაძლოა, რუსეთმა თავიოს სამხედრო ყოფნას კიდევ უფრო მეტად გაუსვას ხაზი - დამატებითი შეიაერაღება შეიტანოს და ა.შ. რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ასეც რომ მოხდეს, ეს არსებითად არაფერს ცვლის, რადგან რუსეთს განცხადებები არ სჭირდება ასეთი გადაწყვეტილებისათვის.

„ძირითადი პრობლემა უყაირათოდ დახარჯული რუსული ფულია. ამ ყაირათიანობის გაზრდისთვის, შესაძლოა, პუტინმა გაზარდოს არა იმდენად სამხედრო, არამედ ადმინისტრაციული კონტროლი, რაც აფხაზებისთვის, ალბათ, დიდად სასიამოვნო არ იქნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, ეს პროცესი ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც პუტინმა წამოიწყო თავის დროზე.

„დადგება დრო, როდესაც მოუწევს ამ ორი რეგიონის პრობლემის გადაჭრა. მას აღარ ექნება იმდენი ფული, რომ უყაირათოდ ხარჯოს, ან იმის გარკვევა მოუწევს, რაში იხარჯება, ან იმისი, როგორ შეამციროს. ყოველ შემთხვევაში ეს ფული რომ პუტინისთვის ზედმეტი ხარჯია, ეს ამ მოვლენებიდანაც კარგად ჩანს“, - მიიჩნევს საყვარელიძე.