„საქართველო აუცილებლად იქნება მავრთულხლართებს აქეთ -იქით დარჩენილების საერთო სახლი“

„საქართველო აუცილებლად იქნება მავრთულხლართებს აქეთ -იქით დარჩენილების საერთო სახლი“

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო დაიღუპა. ამ დრომდენ ხუთი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 1 747 მოქალაქე მძიმედ დაიჭრა. 30 000-ზე მეტი ქართველი დღემდე დევნილობაში რჩება.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებმა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ, რუსული საოკუპაციო ჯარიდან 400 მეტრის მოშორებით, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეებმა ამ გზით გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია და რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

აქციის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერებით - „მე ვიცი, რომ მშვიდობა უკეთესია, ამიტომ მზად ვართ ომისთვის“; „ძალა ერთობაშია“. ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე მიმდინარე აქციას რიგით მოქალაქეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები შეუერთდნენ. ცოცხალი ჯაჭვი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები პროტესტის დაფიქსირების შემდეგ დაიშალნენ, აქციის ორგანიზატორის დავით ქაცარავას განცხადებით, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე გაბმული ცოცხალი ჯაჭვის პარალელურად ოკუპირებულ ზონაში განთავსებული რუსული ბაზიდან სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიყვანეს.

„რა თქმა უნდა, ეს იყო მიზეზი იმ ხალხმრავალი აქციისა, რომელიც გაიმართა ყარაფილას მონაკვეთზე. ჩვენ უკვე ორი კვირაა აქ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ამ ზონაში ასეთი გადაადგილება სხვა დროს არ ყოფილა. დარწმუნებული ვართ, რომ მათი ეს ქმედება დაკავშირებული იყო სწორედ ჩვენს აქტივობასთან“, - აცხადებს დავით ქაცარავა.

დილიდან ხალხმრავლობა იყო მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად იმყოფებოდნენ: დაღუპულების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი ადამიანები. ყველა თანხმდება, რომ უმძიმესი დღეა, თუმცა ამავე დროს სიამაყის დღეა, რათა საქართველოს ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ერთად მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები. დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და თანაგრძნობა გამოუცხადეს. მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. პირველ რიგში ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, გვახსოვდეს ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და ერთიანობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს და უნდა შევრიგდეთ. პრემიერის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში მშვიდობა იქნას შენარჩუნებული.

„რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის.

რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედიაა, ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველაფერი სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზების და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის განცხადებით, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვცნობთ არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაღუპულმა გმირებმა ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალი სისხლით გადაიხადეს.

„საქართველოს საზღვრების ურყეობა მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. ამ მცდელობაში, რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვცნობთ არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.

რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგავართ იმ სიმტკიცით, რა სიმტკიცითაც, ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მავრთულხლართებს აქეთ - იქით დარჩენილების საერთო სახლი.

„ძალიან კარგად მახსოვს ის სისხლიანი, ცრემლიანი, ბნელი და მშიერი წლები. მახსოვს უცხოეთში გაყოლილი მუდმივი სიმძიმის განცდა. მერე, თითქოს ეჩვევი ტკივილს და ცდილობ გაუძლო, იმ იმედით, რომ ეს აღარ გამეორდება. 2008 წლის აგვისტოში ომი ისევ დაიწყო. ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები. ჩვენ დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები.

ვუსამძიმრებ საქართველოს, ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ომი უშუალოდ შეეხო და უბედურება მოუტანა, მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ჩვენს გმირებს! მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი და ჩვენი ყველასი - მავრთულხლართებს აქეთ -იქით დარჩენილების საერთო სახლი“, - განაცხადა კახა კალაძემ.