ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ საგადასახადო პოლიტიკა მკვეთრად გამკაცრდა. გადასახადები გაეზარდათ: კაზინოებს, ტოტალიზატორებს, უმაღლეს სასწავლებლებს (ეს უკანასკნელნი ჯერჯერობით გაურკვევლობაში არიან) და ახლა უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელია გადასახადები ავტომფლობელებსაც გაეზარდოთ. თუ ასე მოხდა, გაზრდილი გადასახადებით, განსაკუთრებით ძველი მანქანების მფლობელები დაზარალდებიან.
ჯემალ გაფრინდაშვილი: ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში: “თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს პირველ რიგში ტაქსისტებს შეუქმნის პრობლემას, რადგან მანქანა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სხვა მძღოლებისათვისაც არ იქნება სახარბიელო სიტუაცია, მაგრამ მათთვის მანქანის გაჩერება ასეთი დიდი უბედურება არ იქნება. ტაქსისტებს ვურჩევდი, რომ აქედანვე დაიწყონ ფიქრი გამოსავალზე.
ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ რამდენიმე (2-3) ტაქსისტი შეამხანაგდება, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები. (კარგი იქნება, თუ აზერბაიჯანში გაყიდიან, რადგან იქ მანქანები საკმაოდ ძვირი ღირს) და აღებული ფულით საზიაროდ ერთი ახალი ტაქსი იყიდონ. მალე თბილისში ტაქსების რიცხვი გამო ძალიან შემცირდება და ერთმა ახალმა, ლიცენზირებულმა ტაქსმა დიდი შანსია, რომ სამ ძველ მანქანაზე მეტი ფული იშოვოს.
ტაქსისტებმა დააწესონ მანქანის მოხმარების განრიგი და სათითაო დღე იმუშაონ ახალნაყიდ მანქანაზე. ამ გზით არც სამსახურის გარეშე დარჩებიან, დასვენების დღეებიც ექნებათ და რაც მთავარია, ეყოლებათ ახალი მანქანა, რომელსაც ნებისმიერ დროს გაყიდიან ნორმალურ ფასად. სულ მალე თბილისში ძალიან გაიზრდება ტაქსით მგზავრობის ფასები. საქართველო ეკონომიკური განვითარებით ყველაფერში თურქეთს ემსგავსება და გამონაკლისი არც ტაქსის ფასები იქნება. ეს შეიძლება მგზავრებისათვის ცუდია, მაგრამ კარგი იქნება ტაქსისტებისათვის, რომლებიც ტაქსების რაოდენობის შემცირების მიუხედავად უმუშევრები აღარ დარჩებიან.
სხვა, არატაქსისტ მძღოლებს რას ურჩევდით?
- ცნობილი ფირმის ახალი მანქანის შეძენა ძალიან ძვირია და მის ფასს საქართველოში ცოტა ვინმე თუ შესწვდება, ამიტომ მძღოლებისათვის უკეთესი იქნება, თუ ახალი, მცირელიტრაჟიანი და რაც მთავარია შედარებით იაფფასიანი მანქანების ყიდვაზე დაფიქრდებიან. მაგალითად კაცს ჰყავს, 1988 წლს გამოშვებული ძველი “მერსედესი” რომელსაც სადღაც 1300-1600 დოლარის ფარგლებში გაყიდის. სანამ დროა მძღოლმა საქართველოში თუ ვერა, აზერბაიჯანში გაყიდოს ეს მანქანა და მასში აღებული ფულით ვთქვათ 1500 დოლარიანი ახალი “დაიჰაცუ” შეიძინოს. რა თქმა უნდა “დაიჰაცუ” ვერასოდეს ვერ მივა “მერსედესის” დონეზე, მაგრამ სულ უმანქანოდ დარჩენას ნამდვილად სჯობს. გარდა ამისა, მცირელიტრაჟიანი მანქანები ძალიან ცოტა საწვავს ხარჯავენ და შესაბამისად იაფი შესანახიცაა, ეს კი უფულო მძღოლისათვის დიდი შეღავათი უნდა იყოს. მერე ეს მძღოლი თუ ფულს იშოვის, იყიდის ახალ ძვირადღირებულ მანქანას, მანამდე კი იაფი იაპონური მანქანით მოუწევს ფონს გასვლა.
კახა ფანჩვიძე, მძღოლი, ეკონომისტი: “მანქანის საბუთებს ქართველი მძღოლები ყოველთვის აყალბებდნენ, როცა გასაყიდი ავტომობილისათვის წლების დაკლება სურდათ და ახლა, როდესაც ამის აუცილებლობა მთელი სიმძაფრით დადგება, ყველა შეეცდება თავის ავტომობილს გამოშვების წლები შეუმციროს. ასეთი რაღაცეები ალბათ თავის დროზე ყველა იმ ქვეყანაში ხდებოდა, სადაც ანალოგიური კანონი მიიღეს, მაგრამ ეს საქართველოა და ჩვენთან უფრო ბევრი შეეცდება საბუთების გაყალბებას.
ბევრ მძღოლთან მიწევს ურთიერთობა და ერთი მძღოლიც კი არ მინახავს ისეთი, რომელიც არ ფიქრობდეს ამდაგვარ მაქინაციაზე. თუ ხელისუფლებამ გამყალბებელი მძღოლების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარება დაიწყო, მაშინ ავტომობილის მფლობელებიც არ გაჩერდებიან და შეიძლება აქციებიც კი მოაწყონ. თუმცა საბოლოოდ ალბათ მაინც ბოლოს ყველაფერი ჩაიფარცხება და სწორედ ამიტომ ვურჩევ მძღოლებს, რომ სანამ დროა, იფიქრონ ძველი მანქანების თავიდან მოშორებაზე. მე მძღოლების მხარეზე ვარ და არ მინდა კანონი ისევ მათ შეუტრიალდეს ცუდი მხრიდან”.
სატრანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტი კობა გოროზიაც საუბრობს გამოსავალს არსებული სიტიაციიდან, თუმცა იგი ჯემალ გაფრინდაშვილისაგან განსხვავებით, ქართველ მძღოლებს ძველ მანქანებზე დაწესებული დიდი გადასახადის გადახდას ურჩევს და მიიჩნევს, რომ ბევრი “მარიაჟი” მძღოლისათვის მანქანის სახლში დაყენება უმჯობესია.
კობა გოროზია, სარტანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტი: “უმჯობესია მძღოლები აქედანვე შეეგუონ არსებულ რეალობას და გადაწყვიტონ რამდენად სჭირდებათ მანქანა და რამდენად უღირთ მასზე დაწესებული გადასახადის გადახდა. პირველ როგში უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ასაკის ძველ მანქანაზე ერთნაირი სიდიდის გადასახადი არსად დაწესებულა. 1976 წელს და 1989 წელს გამოშვებული მანქანები ორივე ძველად ითვლება, მაგრამ გადასახადში განსხვავება ნამდვილად არის. 76-წლიანი მანქანის მძღოლმა ეს გადასახადი რომც არ გადაიხადოს, მას ასეთი ძველი მანქანის მოვლაში და მისი ნაწილების ყიდვაში იმდენი ფული მისდის, რომ მეეჭვება დაწესებულ გადასახადზე ბევრად ნაკლები იყოს. ამ მძღოლს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს დაფეხვილი მანქანის ნაგავსაყრელზე გადაგდება.
პირადად მე გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ავტომანქანებით მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ, რომლებიც ამით ფულს შოულობენ. მათი მანქანა ძველიც რომ იყოს, მაინც უღირთ ფულის გადახდა, რადგან მანქანა მათი სამსახურის აუცილებელი ნაწილია. ხოლო მათთვის, ვისთვისაც მანქანა “მარიაჟობასა” და თავმომწონებობას ნიშნავს, გადასახადის დაწესება მართებულია. საერთოდ, ისიც კარგი იქნება, თუ ასეთი ადამიანები სახლებში დააყენებენ მანქანებს. ავარიების უმრავლესობა ხომ სწორედ მათი მიზეზით ხდება. სულაც არაა აუცილებელი ყველა პრანჭია გოგო და მოქეიფე ბიჭი მანქანაზე წამოსკუპდეს. ვისაც მანქანა სჭირდება, ის ძველ მანქანაზე გადასახადსაც გადაიხდის და თუ საჭირო გახდება გაიჭირვებს და ახალ მანქანას იყიდის”