„თუ ქართული მხარე დასაბუთებულ მოთხოვნას გააგზავნის, სააკაშვილს ყველა ქვეყანა გადმოგვცემს“

„თუ ქართული მხარე დასაბუთებულ მოთხოვნას გააგზავნის, სააკაშვილს ყველა ქვეყანა გადმოგვცემს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოლიგარქები მისი საქართველოში ექსტრადიციისთვის ყველაფერს გააკეთებენ. რაც შეეხება მიზეზებს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამას მთავარი პოლიტიკური ოპონენტის მოშორების მცდელობას უკავშირებს.

„თუ პრეზიდენტის ოფისი ასე ღიად აყალბებს დოკუმენტებს, ეს შემაშფოთებელი ზარია. გარდა ამისა, აქ მორალური მხარეც არის. ის ლაჩარივით მოიქცა. თუ მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდოდა მაშინ უნდა გაეკეთებინა როცა ქვეყანაში ვიყავი“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს და მისი აშშ-ში წასვლა არ ყოფილა გამოწვეული მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხით.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ რომ თუ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს, ამისათვის ახლა საკმაოდ კარგი შანსია.

საკითხის მეორე და მთავარი მხარეა სამართლებრივი თემა - თავის დროზე, როდესაც სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, დასავლეთის მრიდან გაისმა მკაფიო მესიჯები, რომ თუ ბრალდებები გამყარებული იქნებოდა უტყუარი მტკიცებულებებით, ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩებოდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თემა არ ჩაითვლებოდა პოლიტიკურ დევნად.

ცხადია, ეს საკითხი კვლავ ღიად არის დარჩენილი. როგორც იურისტი, ლია მუხაშავრია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ასეთ საკითხებში გადამწყვეტია, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა რამდენად არის დასაბუთებული - განაჩენი, რომელიც დაუსწრებლად გამოუტანასააკაშვილს მოსამართლემ, რამდენად არგუმენტირებულია და კანონის საფუძველზეადამყარებული.

„ახლა უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოტანილი სააკაშვილის მიმართ; თუ ეს განაჩენი დასაბუთებულია და გამყარებულია უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, არც ერთი სახელმწიფო უარს არ იტყვის მის გადმოცემაზე. მაგრამ თუ ეს განაჩენი არის დაწერილი ისე, როგორც იციან ჩვენმა მოსამართლეებმა - ზერელედ, დასკვნებისა და მტკიცებულებების გარეშე, ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას. მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ეს ადამიანი არის ასეთი დანაშაულების ჩამდენი და გადმოგვეცით, რათა მას პასუხი ვაგებინოთ“ -აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისივე განმარტებით,დღეს ჩვენ არ ვიცით, რას წერს იუსტიციის სამინისტრო, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ახლა უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები აშშ-სთან, მუხასვრია მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულებები არსებობს სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, თუ დასაბუთებული მოთხოვნა იარსებებს, არც აშშ-ს ექნება პრობლემა, რომ სააკაშვილი დააკავოს და საქართველოს გადმოცსეს.

რაც შეეხება ექსტრადირების თემაზე ქართულ და ამერიკულ მხარეს შორის მიმოწერას, როგორც ლია მუხაშავრია აცხადებს, ამ საკითხში მედიას შეუძლია, გარკვეული როლი შეასრულოს და მოითხოვოს ამ ინფორმაციის გასაჯაროება. რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს რეალურად რა ხდება.

„ქართული საზოგადოების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რა ბრალდებები იყო წაყენებული, რაში დაუმტკიცდა ბრალი და რის საფუძველზე. სააკაშვილი ხომ დასცინოდა ქართულ სასამართლოს, პიჯაკებისთვის მედავებიანო, თუ ეს მართლაც ასეა, მართლაც სასაცილოა და ასეთი განაჩენის გაგზავნით არანაირი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“,- აცხადება ლია მუხაშავრია.

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ  გუშინ სასამართლომ სწორედ პიჯაკების საქმე განიხილა და არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა საქმის უვადოდ გადადების შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ პიჯაკების საქმის წამოწევას აპირებს ქართული მხარე, თუმცა რამდენად ეფექტურად, ჯერ კიდევ საკითხავია.

ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევითობები არ ხდება, თუმცა მისივე განმარტებით, თავის დროზე სერიოზულად შეგვირყია იმიჯი იმან, რომ მერაბიშვილი ერთ საქმეში გამართლდებოდა, მეორეში - გამტყუნდებოდა და ა.შ.

„ერთდროულად უნდა მოხდეს ყველა ბრალის წარდგება და არა პორცია-პორცია და ნაბიჯ-ნაბიჯ. თუ სააკაშვილის შემთხვევაშიც ასე ხდება, ეს უკვე ძალიან ცუდად გამოჩნდება საერთაშორისო დონეზე და ნორმალურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ მიიჩნევა ასეთი განაჩენები დასაბუთებულად“, - მიიჩნევს მუხაშავრია.

რაც შეეხება საკაშვილის განცხადებებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, ლია მუხაშავრია თვლის, რომ უცნობია, რამდენად შეიძლებოდა შემდგარიყო ასეთი მოლაპარაკება ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ პოროშენკოს ვიზიტის შემდეგ ძალიან მალე მოხდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

ისიც უცნობია, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან თუ განიხილეს მსგავსი თემა, მაგრამ როგორც მუხაშავრია ვარაუდობს, თუ გადმოცემის პროცედურა დაიწყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველ პირებს შორის ასეთი საუბარი მართლაც შედგა საქართველოში ვიზიტის დროს.

„რა თქმა უნდა ასეთ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მიიღება, მაგრამ პროცედურულად ამ საკითხებზე რეალური გადაწყვეტილებები მხოლოდ სასამართლოს ყველა წესის დაცვის შემდეგ მიიღება. სასამართლოში თუ ეს საკითხი დასაბუთდება, პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ ვერ დასაბუთდა, რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ პირველმა პირებმა, სასამართლოში ეს ვერ გავა; მითუმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ს სასამართლოზე, სადაც ვიცით, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაც კი გააუქმა სააოპელაციო სასამართლომ. ეს არ არიან ჩვენი მოსამართლეები, ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სამართლებრივად არ აფორმებენ“, - აცხადებს მუხაშავრია.

რაკი აშშ-ს მოუწევს სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა, როგორც ჩანს, ეს იქნება საკმაოსდ კარგი ტესტი, იმისათვისაც, რომ დასავლურ სამყაროს არ დარჩეს კითხვები და ეჭვები სააკაშვილთან დაკავშირებით - მოხდა თუ არა მისი პოლიტიკური დევნა საქართველოს ან თუნდაც უკრაინის მხრიდან, იყო თუ არა ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ სააკაშვილს რეალური დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი.

როგორც ლია მუხაშავრია ამბობს, თუ გადმოგვცეს, კითხვები საერთოდ არ იქნება, თუ უარი გვითხრეს, იქნება უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა მოგვიწევს.

როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში - გადმოცემის თუ არგადმოცემის, ხმაურიანი პროცესის მოწმენი გავხდებით, თუმცა როგორც მუხაშავრია ამბობს, მსოფლიოს ახსოვს, სხვა უფრო პოპულარული პრეზიდენტები განსასჯელთა სკამზეც და მსჯავრდებულადაც.