რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობა მწვავდება. კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს,რუსეთი სანქციებზე კონტრსანქიებტ პასუხობს. კერძოდ, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში რუსეთი აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შემცირებას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აღნიშნული ეხება რუსეთში მომუშავე როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.
„ათასზე მეტი თანამშრომელი, დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი მუშაობს რუსეთში. 755-მა დიპლომატმა და ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა რუსეთში. რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის რაოდენობა გაუტოლდება ამერიკაში რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის რაოდენობას და 455 ადამიანს შეადგენს.
მოსკოვის ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ამერიკულმა მხარემ „არაფრისგან გამოწვეული ნაბიჯი გადადგა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გასაუარესებლად. ჩვენ საკმაოდ დიდ ხანს ველოდით, რომ შესაძლოა რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ჩვენ გვქონდა ამის იმედი. მაგრამ თუკი შეიცვლება, ეს მალე არ მოხდება. ჩავთვალე - ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უპასუხოდ არაფერს დავტოვებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესში კენჭი 25 ივლისს უყარეს. კანონპროექტის მიხედვით, აშშ ახალ სანქციებს უწესებს რუსეთს. ეს შეეხება რუსულ ბანკებს, ასევე ნავთობისა და გაზის კომპანიებს. ასევე, გამკაცრდება სანქციები ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.
კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც. კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.
რუსეთის მიერ კონტრსანქციების ფარგლებში დიპლომატიური პერსონალის 755 ადამიანით შემცირებას გაუმართლებელ ზომად მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკა ახლა ფიქრობს რუსეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს როგორ უპასუხოს. Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჰიზერ ნაუერტი აცხადებს, რომ აშშ ღრმად იმედგაცრუებულია და რუსეთის მიერ მიღებულ ზომას აპროტესტებს.
რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ესტონეთში „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დაყენებას განიხილავს. ამერიკელ პარტნიორებთან ამ საკითხზე მსჯელობა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატამ დაადასტურა.
„საკითხი განვიხილეთ, მაგრამ არ გვისაუბრია დროსა და თარიღზე. ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ ესტონეთის საზღვართან დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე და თუ როგორ უნდა გაუწიონ ერთობლივად პროცესს მონიტორინგი ესტონეთმა, აშშ-მა და ნატომ. მონიტორინგთან ერთად კი, უზრუნველვყოთ ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლა“, - განაცხადაიური რატამ.
ესტონეთთან ერთად ლიტვაც საჭიროდ მიიჩნევს ანტისარაკეტო სისტემის ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებას. ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს. ესტონეთში ყოფნის დროს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს მეხუთე მუხლის ერთგულია და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნატო-ს წევრებსა და აშშ-ს მოკავშირეებს რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან დაიცავს.
„ჩვენ ერთად ვდგავართ აქ და მთელს მსოფლიოში, რადგან ვიცით, რომ ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე კომუნიზმის ჩამოშლის შემდეგ ოდესმე ყოფილა. ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს არ ემუქრება იმაზე მეტი საფრთხე, რომელსაც აღმოსავლეთში არაპროგნოზირებადი მეზობლის აგრესიის აჩრდილი წარმოადგენს.
ამ წუთებში რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს და ცდილობს, გაყოს და ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყოს ევროპის თავისუფალი ერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უარყოფს ძალის გამოყენების, მუქარის, დაშინების ან მავნე გავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ან რომელიმე ჩვენი მოკავშირე პარტნიორის წინააღმდეგ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
როგორ განვითარდება რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა, რომელიც უფრო მწვავდება, ჯერ-ჯერობით პროგნოზირება რთულია. ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შვედოვი, მოლაპარაკებას აწარმოებდა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებისთვის აგარაკებისა და უძრავი ქონების დაბრუნების საკითხზე, მაგრამ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა.
„საპასუხოდ პუტინი უკვე ალაპარაკდა მოსკოვის შემოგარენში ამერიკელი დიპლომატებისთვის აგარაკების ჩამორთმევაზე, წართმევაზე. ეს სანქციები ძალზედ სერიოზულია. ამერიკის კონგრესმა ანგარიში არ გაუწია ევროპელებსაც კი. კონგრესმა იცოდა, რომ ევროპა უარყოფითად იყო განწყობილი ამ სანქციებისადმი, განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართლებით, მაგრამ მათაც არ გაუწიეს ანგარიში და ახლა ევროპელებიც უკმაყოფილოები არიან“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, ტრამპი იძულებული იყო ვეტო არ დაედო კონგრესის გადაწყვეტილებაზე. როგორც ცინცაძე ამბობს, ტილეროსონი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდა კონგრესმენებს და აწარმოებდა მოლაპარაკებას, ხელ-ფეხი არ შეეკრათ პრეზიდენტისათვის საგარეო პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიღების კუთხით, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.
„უპრეცედენტო რამ მოხდა ამერიკის სენატში სადაც უმარვლესობა ტრამპის პარტიაა - რესპუბლიკელები, პრაქტიკულად 52 რესპუბლიკელი სენატორიდან, მხოლოდ 2 გამოვიდა სანქციების წინააღმდეგ. 50 რესპუბლიკელი სენატორი ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა. ეს ყველაფერი ართულებს რუსეთთან ურთიერთობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც რუსეთს ჩამოართვეს რამდენიმე შენობა, და დაახლოებით 50 პირი, მათ შორის დიპლომატები, გააძევეს ამერიკიდან, მაშინ არაერთხელ გაისმა მუქარა რუსეთიდან, რომ რუსეთის მიერ შესაბამისი პასუხი იქნებოდა გაცემული.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც ამ დღეებში მოხდა, იმ უკმაყოფილების გაგრძელებაა, რაც თავს დაატყდა რუსეთს ობამას გადაწყვეტილების შემდეგ. რუსეთის ხელისუფლების ეს ისტერიული ნაბიჯი მიგვანიშნებს სრულიად მარტივ რეალობაზე - რუსეთს არა იმდენად დიპლომატების ბედი აწუხებს, რამდენადაც გაოგნებულია იმით, რასაც ჰქვია დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ აღარ იქნებოდა რაიმე სახის წინაღობები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტმა ორივე საფეხური გაიარა, ამერიკის პრეზიდენტი მზად არის ხელი მოაწეროს კანონს. კანონში, რომელსაც რუსეთის მხრიდან არაადექვატიური რეაქცია მოჰყვა, სრულიად მკაფიოდ არის მოხსენიებული რუსეთის მიუღებელი ქმედება უკრაინასა და საქართველოში, ამას დაემატა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვოიაჟი ბალტიის ქვეყნებში და საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.