„თეთრუაშვილი საპატრიარქოში სძულთ. მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება პატრიარქმა სამჯერ მიიღო“, - ასეთი ჩვენება მისცა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, რომელის დაკითხვა Skype-ის მეშვეობით დახურულ სასამართლო პროცესზე 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
სასამართლო სხდომაზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემული ჩვენება მედიას ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა გააცნო. ადვოკატების განმარტებით, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილი ცუდ დამოკიდებულებაში იყო მამა გიორგი მამალაძესთან, მან დეკანოზი სამსახურში დანიშვნის დღიდან აითვალისწუნა და მამალაძის ჩამოშორების მიზნით მის დისკრედიტაციას ცდილობდა.
„რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. ციანიდის საქმეს, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის თავმდებში ჩადგომა სურდა, რათა დეკანოზი ციხიდან გამოეშვათ, მაგრამ ამ საკითხში პატრიარქი მეუფე იაკობმა და კიდევ სხვა მეუფეებმა პატრიარქი გადაარწმუნეს, უთხრეს, რომ მამა გიორგისთვისვე იქნებოდა უკეთესი დარჩენილიყო ციხეში, რადგან გარეთ მის სიცოცხლეს საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა. აქედან გამომდინარე პატრიარქმა პოზიცია შეიცვალა და დეკანოზს ციხეში აღარ შეხვედრია. არც მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დაუყენებია“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
მისივე თქმთ, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილს ახასიათებს თხოვნები, ნებისმიერი საგნის მოთხოვნა. სასამართლო პროცესზე ოხანაშვილმა გაიხსენა როგორ სთხოვა უშუალოდ მას გველის შხამი თეთრუაშვილმა.
„ბუნებრივია ოხანაშვილმა დაადასუტრა, რომ მამა გიორგის მკვლელობის მომზადებასთან არანაირ კავშირი არ აქვს, არანაირი მკვლელობის სურვილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა შორენა თეთრუაშვლის. შორენა თეთრუაშვილი არ იყო ის პირი საპატრიარქოში, რომ სასულიერო პირების დაწინაურება დაქვეითებაზე რაიმე ზეგავლენა მოეხდინა. სოსო ოხანაშვილმა შორენა თეთრუაშვილს უთხრა, რომ გველის შხამს ის ვერ მიუტანდა, მაგრამ გველს დაიჭერდა, თავს მოაჭრიდა და მოუტანდა, შემდეგ კი თავად გამოეწურა შხამი თუ ძალიან უნდოდა.
სოსო ოხანაშვილმა დისტანციური დაკითხვის დროს განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ინტრიგებს ხლართავდა, რის გამოც პატრიარქმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო, თუმცა, გარკვეული მეუფეების თხოვნით ის პატრიარქმა ისევ დააბრუნა თანამდებობაზე“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდება შეეცადა დაესვა კითხვები, რომ საპატრიარქოში დამონტაჟებულ ფარულ მიყურადებაზე მას ხომ არ მიუწვდებოდა ხელი, რაც მისი თქმი, საქმის მასალებში არ ჩანს და საიდან აქვს ბრალდების მხარეს ეს ინფორმაციები, დაცვის მხარისთვის უცნობია. როგორც ადვოკატი აცხადებს, ოხანაშვილმა არ დაადასტურა ფაქტი, რომ შეიძლება მას რამე შეხება ჰქონოდა საპატრიარქოში დამონტაჟებულ ფარულ მიყურადებაზე.
დაკითხვის დეტალებზე ვრცელ განმარტებებს არ აკეთებს საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური, რომელიც კონსპირაციულ შეხვედრებზე საუბრობს, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე, სოსო ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი შორენა თეთრუაშვილს კიბოს მეტასტაზს ადარებდნენ და მის საპატრიარქოდან ჩამოშორების გეგმებს ადგენდნენ.
„ოხანაშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრეა, მანაც ვერ დამალა სიძულვილი და მტრული განწყობა შორენა თეთრუაშვილის მიმართ. სოსო ოხანაშვილი შეეცადა რაღაც გარემოებები შეენიღბა, რომ თითქოს ბრალდებულს ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა შორენასთან, მან ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილით იყვნენ განწყობილი შორენას მიმართ.
იმართებოდა კონსპირაციული შეხვედრები, სადაც სოსო ოხანაშვილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორების საკითხს. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი.
როცა დეკანოზმა მიზანს ვერ მიაღწია, შემდეგ აირჩია ყველაზე რადიკალური მეთოდი და თეთრუაშვილის მკვლელობისთვის მზადება დაიწყო. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი და დანაშაულებრივი განზრახვის შესრულება გადაწყვიტა გერმანიაში. ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა ის, რომ ვერანაირად ვერ ჩამოიშორეს თეთრუაშვილი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
სოსო ოხანაშვილის დისტანციური დაკითხვამდე ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე ტარას შავშიშვილი დაიკითხა. შავშიშვილი ბრალდებული დეკანოზის უახლოესი მეგობარია, ის მამა გიორგის ეხმარებოდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებაში. ტარას შავშიშვილი საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. სწორედ შავშიშვილია ის პირი, რომელმაც ბრალდებული გიორგი მამალაძე აეროპორტში მისვლამდე ნახა და სხვადასხვა ნივთი გადასცა. იყო თუ არა ამ ნივთებს შორის ციანიდი, საქმის პროკურორი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთერთი ადვოკატი, უფლებადამცველმა ეკა ლომიძე აცხადებს, რომ ტარას შავშიშვილმა მამა გიორგის აეროპორტში ღვინო და საიდენტიფიკაციო ბარათი გადასცა. მისი თქმით, შავშიშვილმა უარყო, რომ ოდესმე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მას ციანიდი სთხოვა. ლომიძის განცხადებით, შავშიშვილი და დეკანოზი მეგობრობდნენ, თუმცა მამა გიორგის ვინმეს მიმართ ცილისმწამებლური სტატიის დაწერა არასდროს შეუკვეთია.
„გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა ტარას შავშიშვილის მიმართ თუ რა ნივთები გადასცა დეკანოზს და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადასცა ღვინო და მაიდენტიფიცირებელი ბარათი. ბევრჯერ დაუსვეს კითხვა, კიდევ რა ნივთი გადასცა გამოძიებას - თითქოს გამოძიება ცდილობდა მიეღო მისგან ინფორმაცია, რომ გადასცა ციანიდი, თუმცა არაერთხელ თქვა, რომ მას ციანიდი არ გადაუცია. შავშიშვილმა ისიც თქვა, რომ დეკანოზთან ციანიდის საკითხზე საერთოდ საუბარი არ ჰქონია. გამოძიება ტენდენციურად ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს მოწმეზე, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა ეკა ლომიძემ.
რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილსა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, ეკა ლომიძის განცხადებით, ტარას შავშიშვილმა დაადასტურა, რომ თეთრუაშვილი დეკანოზს ხელს ვერ შეუშლიდა კარიერულ წინსვლაში.
„მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილს შეეძლო გავლენა მოეხდინა ამა თუ იმ სასულიერო პირზე, რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა სასულიერო პირების დაწინაურების საკითხში, ისევე როგორც ხელს ვერ შეუშლიდა ვინმეს კარიერულ წინსვლას. ბრალდება, რომ დეკანოზს ხელი ეშლებოდა კარიერულ წინსვლაში და ამიტომ განიზრახა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა, მოკლებულია საფუძველს“, - აღნიშნა ეკა ლომიძემ.
სკამდალური საქმის, სკანდალური მოწმე აცხადებს, რომ სასამართლოზე კანონსაწინააღმდეგო ჩვენება არ მუცია. შავშიშვილმა სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების შესახებ დეტალურად საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ უფრო ვრცლად სამომავლოდ ისაუბრებს. საქმის პროკურორს, ზვიად გუბელაძეს კი შავშიშვილის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. მისი თქმით, შავშიშვილი არ არის გულწრფელი და სასამართლოზე დეტალურად არ ისაუბრა თუ რა ნივთიერებები გადასცა დეკანოზს, როცა კონსპირაციულ ვითარებაში შეხვდა.
„შავშიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ დეკანოზს გადასცა ღვინო და ბარათი. სხვა დეტალებზე არ საუბრობს მოწმე. ფაქტია, რომ კონსპირაციულად შეხვდნენ ერთმანეთს ღამის 12 საათზე. თუ რა ეჭვები გვაქვს, თუ ვინ მიაწოდა ციანიდი დეკანოზს, ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ. ტარას შავშიშვილი დეკანოზთან მეგობრობდა და დაინტერესებულია, რომ ის გამართლდეს. როგორც მეგობრები ისინი ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა სტრატეგიებს, პიარ კამპანიებს, მათ შორის სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას.
შესაბამისად, ის არის დაინტერესებული პირი. სასამართლოს სხდომაზე არ დამალა და თქვა, რომ მას გული შეტკივა გიორგი მამალაძეზე და სურს, რომ ის გამართლდეს. შავშიშვილი აკეთებდა ბრალდებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას და ასეთმა მოწმემაც კი ვერ დამალა ის ფაქტი, რომ დეკანოზს და შორენა თეთრუაშვილს ჰქონდა არასახარბიელო ურთიერთობა, იყვნენ დაპირისპირებულები“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ტარას შავშიშვილი დაინტერესებული იყო სხვადასხვა სტატიის გამოქვეყნებით, მათ შორის, „სნოს“ წყალის შესახებ სტატია მის მიერ არის მომზადებული, მან გადასცა ჟურნალისტს, თუმცა ამასთან დაკავშირებით პროცესზე შავშიშვილმა იცრუა.