მშენებლობებზე უსაფრთხოების გამკაცრებას საშველი არ დაადგა

მშენებლობებზე უსაფრთხოების გამკაცრებას საშველი არ დაადგა

თბილისში მიმდინარე მშენებლობას მორიგი ადამიანი ემსხვერპლა. დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. წელს ამ ტიპის ფატალური შემთხვევების სტატისტიკა მზარდი არ არის, მაგრამ ვითარება მაინც მძიმეა. 2017 წლის პირველ ხუთ თვეში შრომის პროცესში დაღუპულთა რაოდენობამ თხუთმეტს მიაღწია.

თბილისის მერი, დავით ნარმანია ამბობს, რომ მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია.  ახალი წესებს დაადგენს კანონმდებლობით, რომლის განხილვა პარლამენტში ახლა მიმდინარეობს.

„რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს. მანამდე კი ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, ობიექტს ჰქონდეს უსაფრთხოების ბადეები, იყოს შესაბამისად აწყობილი ხარაჩოები და ა.შ. სამწუხაროა ის, რომ კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან. არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული. ასე რომ, მნიშვნელოვანია გაუფრთხილდნენ თავიანთ თანამშრომლებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა, რომელსაც პროფკავშირები ავრცელებენ, ბევრად აღემატება სასამართლოში შესული საქმეების რეოდენობას. კერძოდ, 2015 წელს სამუშაო ადგილზე 42 ადამიანი დაიღუპა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. 2016 წელს დაიღუპა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 მუშა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე დარწმუნებულია, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექციის პირობებში ასეთი მძიმე ვითარება არ იქნებოდა. შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება კი საქართველოს ეროვკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აქვს აღებუალი:

„ეს ვალდებულება საქართველოს ეწერა 2014-16 წლების სამოქმედო გეგმაში, თუმცა საქართველომ იგი ვერ შეასრულა და ახლა არის მოლოდინი, რომ 2017-19 წლების გეგმაში მაინც მოხდეს მისი სრულად რეალიზაცია. სწორედ ამ პერიოდში საქართველომ ეს ვალდებულება ბოლომდე უნდა მიიყვანოს. რეალურად ქვეყანა აცნობიერებს, რომ მინიმუმ ევროკავშირთან ასოცირების გამო მოუწევს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბმისი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნა, თუმცა სწორედ ამ ვადებს ელოდება და მაქსიმალურად ცდილობს გააჭიანუროს პროცესი“, - ამბობს ღვინიანიძე.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტში დაახლოებით 1 თვის წინათ შევიდა. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში კომპანიებს ჯარიმები დაუწესდებათ. დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება უზრუნველყოს, რაც დაკავშირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან, შრომის იარაღების, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებთან. ასევე, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით სანქციები სხვადასხვაგვარია, მაგრამ მათ შორის ყველაზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, საქმიანობის უფლების შეჩერებით.