კონგრესის უპრეცედენტო ინიციატივა - მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა

კონგრესის უპრეცედენტო ინიციატივა - მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა

კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესში კენჭს 25 ივლისს უყრიან. კანონპროექტს მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. კანონპროექტის მიხედვით, აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთს. ეს შეეხება რუსულ ბანკებს, ასევე ნავთობისა და გაზის კომპანიებს. ასევე, გამკაცრდება სანქციები ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

აშშ-ს კონგრესის მიერ შეთანხმებულ კანონპროექტში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, საუბარია საქართველოზეც. კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, რომ მოსკოვმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან.

„რუსეთის ფედერაცია იყენებდა და კვლავ აგრძელებს საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის, სადაზვერვო ოპერაციებისა და პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებას, რაც წარმოადგენს მკაფიო საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებისთვის“, - ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პროგრამები, რათა ამ სახელმწიფოებში რუსეთის გავლენა შემცირდეს. შესაბამისად, კანონპროექტში „საკოორდინაციო დახმარება და ევროპასა და ევრაზიაში დახმარების შესახებ“ თავში აღნიშნულია, რომ 2018-19 ფინანსური წლების განმავლობაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო ფონდში გამოიყოფა 250 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მ უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.

საქართველოს მხარდასაჭერი კანონპროექტი, რომელსაც აშშ-ს კონგრესმა უნდა უყაროს კენჭი, რუსული ბანკებისა და ენერგოკომპანიების საბაზრო დაფინანსების მაქსიმალური ვადის შემცირებას ითვალისწინებს და პრეზიდენტს აძლევს უფლებას, სანქციები დაუწესოს პირებს, ვინც რუსული ენერგორესურსების საექსპორტო ობიექტების მშენებლობაში ინვესტირებას ან ამ პროექტებისთვის მომსახურების, ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო მხარდაჭერის მიწოდებას გეგმავს.

აქვე საუბარია, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ გაზსადენის მშენებლობას, რადგან ის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაზე და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და უკრაინაში ენერგო-რეფორმებისგატარებაზე მავნე ზეგავლენას ახდენს.

კონგრესის მიერ მომზადებულ კანონპროექტს უკვე მოჰყვა ევროკავშირის რეაქცია. ევროპელი პარტნიორები ვაშინგტონს წინასწარგანუზრახველი, ნეგატიური შედეგების შესახებ აფრთხილებენ, რომლებმაც შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნები და ევროპული კომპანიები დააზარალოს და შეერთებულ შტატებს დიდი შვიდეულის წევრებთან კოორდინაციისკენ მოუწოდებენ.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი, ტომ კოტონი ამბობს, რომ  შეერთებული შტატების უშუალო მიზანი უნდა იყოს რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს და უკრაინის ტერიტორიებიდან.

„საქართველოსა და უკრაინას ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის ფონზე გაურკვეველია, რა ბედი ელის ამ ქვეყნების ნატოს წევრობისკენ მისწრაფებას. ჩვენი მიზანი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა, რათა მან დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, დატოვოს აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონები.

სახლმწიფო მდივანმა რექს ტილესონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მანამდე იქნება ძალაში, სანამ რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე რჩება. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დასავლეთის დესტაბილიზაციას და დაყოფას. ეს მისი ჩვეული ქცევაა და ჩვენ პროვოკაციებს მტკიცე საპასუხო ქმედებით უნდა შევხვდეთ“, - ამბობს ტომ კოტონი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი აცხადებს, რომ კონგრესის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ნათელი გამოხატულება, თუ რა განწყობა არსებობს აშშ-ში მათ მიმართ, ვინც ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას ცდილობს. ელჩის განცხადებით, კონგრესის მიერ მომზადებულ კანონპროექტში მოხსენიებული ქვეყნები, გამოირჩევიან გამუდმებული მცდელობით, დაარღვიონ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი და კანონპროექტიც მათ ქმედებაზე პასუხია.

„ჯერ ეს არ არის კანონი. კენჭი უნდა ეყაროს და შემდეგ ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა, თუმცა ეს არის ძალიან მტკიცე და ნათელი გამოხატულება, თუ რა განწყობა არის ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში და დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი.

განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარია ამ კანონპროექტში, გამოირჩევიან, იმით რომ გამუდმებით აქვთ მცდელობა, დაარღვიონ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი და ზუსტად ეს არის ამის საპასუხო ქმედება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვქონდა მჭიდრო კავშირი და განვიხილეთ ის საკითხები, რომ აღნიშნულმა არ დააზიანოს რაიმენაირად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესები. პირიქით ეს მიმართულია მათ დასაცავად“, - განაცხადა იან კელიმ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ კონგრესის კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, უპრეცედენტო ინიციატივაა იმ მხარდაჭერის კუთხით, რაც ოკუპაციასთან მიმართებაში გამოიხატება.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, ინიციატივაში გაწერილია რიგი ღონისძიებებისა, რომელიც საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით მხარდაჭერას უცხადებს. დეპუტატის განცხადებით, ყოველივე ეს შეერთებული შტატების მკაფიო პოლიტიკას გამოხატავს როგორც ოკუპაციასთან, ისე მის პარტნიორ ქვენასთან, საქართველოსთან მიმართებაში.

„უპრეცედენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც ოკუპაციასთან მიმართებით გამოიხატება. ასევე, მთელი რიგი ღონისძიებებია გაწერილი, რომელიც საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით მხარდაჭერას უცხადებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოხატავს შეერთებული შტატების მკაფიო პოლიტიკურ დამოკიდებლებას ოკუპაციასთან და თავის პარტნიორ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს მნიშვნელოვან მხარდაჭერად აფასებენ ანალიტიკოსები. პოლიტლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ბუნებრვია, რომ მხარდაჭერა არის უპრეცედენტო, მაგრამ ახლა მთავარია, რამდენად ქმედითუნარიანი იქნება კანონპროექტი.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის გამო, კიკნაძე აცხადებს, რომ ასეთი რეზოლუციები ძალიან კარგია, მაგრამ რა პრაქტიკული შედეგები მოჰყვება ამას, ეს არის მეორე მომენტი.

„სხვათა შორის, ეს სანქციები ევროპასაც საკმაოდ დაარტყამს. სიტუაცია მწვავდება. მე მეშინია, რომ რაღაცა გადანაწილებები არ მოხდეს, ანუ ევროპამ სხვა პოზიცია არ დაიკავოს. იმიტომ, რომ ლაპარაკია ნავთოკომპანიებზე, გერმანია-ამერიკის ურთიერთობაზე. იგივე, ტრამპის ვიზიტი პოლონეთში და მისი განცადება. მიმაჩნია, რომ ეს საპირწონეა გერმანიასთან ურთიერთობებში.

ძალიან დივერსიფიცირებული ხდება ეს ურთიერთობები და გაცილებით უფრო რთულდება. ადრე თუ ევროპა და ამერიკა მოიაზრებოდა ერთ მხარეს, წინააღმდეგობები არ არსებობდა, ახლა იგრძნობა ეს წინააღმდეგობები იგივე, გერმანია-საფრანგეთი-ინგლისის და ევროკავშირის ურთიერთობებში.

ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდებით. საქართველო, ისევე როგორც უკარინა და დნესტრისპირეთი, ასეთი ქვეყნები, რომლებიც არიან ბუფერული ზონები; სამწუხაროდ, ყოველთვის არიან ვაჭრობის თემა დიდ ქვეყნებს შორის. მოგეხსენებათ, რომ კვირის ბოლოს საქართველოში ოფიციალური ვიზითი ჩამოდის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. ახლა მნიშნელოვანია რა მესიჯებს ჩამოიტანს მაიკ პენსი“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ საქართველომ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დონეზე უნდა გაააქტიუროს. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის გამო საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელია და ხელისუფლებამ ეს მომენტი უნდა გამოიყენოს.

„სწორედ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა და საქართველო უნდა იყოს რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს, რუსეთსა და აშშ-ს შორის თემა. ამის გარეშე, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, მათი რეინტეგრაცია, საქართველოს წარმატება, ეკონომიკური განვითარება, წარმოუდგენელია“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.