„მარკეტინგის თვალსაზრისით, მომხმარებლამდე მიტანის პრობლემა აქვს ჩვენს ხელისუფლებას“

„მარკეტინგის თვალსაზრისით, მომხმარებლამდე მიტანის პრობლემა აქვს ჩვენს ხელისუფლებას“

რატომ ვერ იზიდავს საქართველო მასობრივად პოტენციურ ინვესტორებს? ამის განმარტებას თავად უცხოელები იძლევიან.

აშშ-ის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორ კენეტ ენჯელს მიაჩნია, რომ დღეს საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საკუთარი თავის გასაცნობად მთელ შესაძლებლობებს არ იყენებს, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ამ ქვეყნისთვის.

კენეტ ენჯელის აზრით, მიუხედავად პატარა ზომისა, საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჰიდროენერგეტიკის თვალსაზრისით.

განსხვავებულად ფიქრობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარი ტომას მელია. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ბიზნესთანამეგობრობაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული.

მისი მოსაზრებით, საკუთრების უფლება საქართველოში შესაბამისად დაცული არაა და ეს თემა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც უკავშირდება. ამაში შედის კომერციული დავების გადასაჭრელად არბიტრაჟის გამოყენება, იმის გადაწყვეტა, უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური ბიზნესსასამართლოები, როგორ უნდა მოხდეს ამგვარი დავების გადასაჭრელად მოსამართლეების მონახვა და გადამზადება. ასე რომ, ტომას მელიას აზრით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად გახდიდა.

ამ შეხედულებას ნაწილობრივ იზიარებს საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენი ფადი ასლი. იგი ამბობს, რომ საქართველოში პრობლემა ექმნებათ უკვე შემოსულ ინვესტორებს, რომლებიც ან პარტნიორებმა მოატყუეს, ან კორუმპირებულმა მოსამართლეებმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე სრულიად ეთანხმება კენეტ ენჯელის მოსაზრებას, რომ საქართველოში არაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნის გასაცნობად უცხოეთში, ანუ ე.წ. აგრესიული მარკეტინგული საინვესტიციო პოლიტიკა ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება მეორე ექსპერტის-ტომას მელიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ დაცული არ არის, პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი შეკვეთილი სტატია, რომელიც სწორედ იმ პოლიტიკურმა ძალებმა შეუკვეთეს, რომელთა გამოცნობაც ძნელი არ არის.

პირიქით, პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ 2012 წლამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ლამისაა, დღეს ქართულ სასამართლოებში გამოტანილი ყველა განაჩენი გამამართლებელია. ეს მაშინ, როცა წინა რეჟიმის დროს გამამართლებელი განაჩენები, პრაქტიკულად, 0,1%-იც არ ყოფილა. მისი თქმით, დღეს არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ ვიღაცისთვის ბიზნესი ჩამოერთმიათ, ან ციხეში გადაებარებინათ ბიზნესი, არც ე.წ. ღამის ნოტარიუსების მიერ ქონების გადაფორმება მომხდარა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ინვესტიციები, კერძო საკუთრება საქართველოში მეტ-ნაკლებად დაცულია. რასკვირველია, ყველაფერი იდეალურად აწყობილი არ არის, მაგრამ „ნაციონალებთან“ შედარებაც კი არ არის. ამდენად, ტომას მელიას სტატია შეკვეთილია.

„სამწუხაროდ, აგრესიულ მარკეტინგულ საინვესტიციო პოლიტიკას ვერ ვეწევით. ინვესტიციების მოზიდვისას არსებობს ორი მიმართულება და ჩვენი ხელისუფლებაც, ალბათ, ფიქრობს პრინციპით -„საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“, რომ მსოფლიოში მათ ნამოქმედარს ყველა დაინახავს, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე კომუნიკაციების პირობებში ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ ესა თუ ის მზა პროდუქტი. თორემ დღესაც არის საქართველოში მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ჰგონია, რომ ის, რაც გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების დაწყებულია. ვგულისხმობ სხვადასხვა გიგანტურ პროექტებს, მათ შორის, ავტობანს, ჰიდროელექტროსადგურებს.

მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტი, რომ ზემო აჭარასა და მთელი აჭარის ფარგლებში ტარდება ჰიდროელექტროსადგურების უნიკალური პროექტი. ეს უცხოური ინვესტიციებით კეთდება, აჭარის წყლის ჰესი კი შენდება ნორვეგიული, ინდური ინვესტიციებით და თურქები მუშაობენ მუშახელად. ასეთი ფაქტები უნდა გაპიარდეს, მით უმეტეს, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური თავისი გვირაბების სიგრძით პირველია ევროპაში. ამ დროს მის გახსნას მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა და ჩინოვნიკები ესწრებოდნენ. არადა, ასეთი საქმეები უნდა გაშუქდეს მსოფლიო მედიით. ამდენად, მარკეტინგის თვალსაზრისით, ანუ მომხმარებლამდე მიტანის თვალსაზრისით, აქვს პრობლემა ჩვენს ხელისუფლებას“,-აღნიშნა პაატა აროშიძემ და განმარტა, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ამ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ კარგ საქმეს სულ სხვა მხარე მიიწერს ისევე, როგორც სწორედ „იმ სხვა მხარემ“ განაცხადა, თითქოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ელიმინაციის პროგრამა მათი პროგრამა იყო.

პაატა აროშიძის თქმით, არა მარტო ტურიზმის მიმართულებაა საქართველოსთვის მთავარი, არამედ გასათვალისწინებლია, რომ მსოფლიო იყოფა ორ ნაწილად. პირველი, ვისაც გააჩნია ენერგეტიკული რესურსები და, მეორე, ვინც ფლობს ამ ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობას. ჩვენ მეორე ნაწილს მივეკუთვნებით და საშუალება გვაქვს, კასპიის აურაცხელი ენერგეტიკული მარაგი-ნავთობი თუ გაზი მსოფლიოში გავიტანოთ. ამას უნდა ჩავეჭიდოთ და ეს ნიშა უნდა დავიკავოთ მსოფლიოში. პლუს ამას, გამოსაყენებელია ჩინეთის კონცეფცია, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი გზაა. აქ მონიშნულია ანაკლიის პორტი და ეს ფაქტორიც უნდა გამოვიყენოთ, რომ მსოფლიოში ჩვენი ნიშა დავიჭიროთ.