ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აღმნიშვნელი ბანერი რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულის მიღმა დარჩა

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აღმნიშვნელი ბანერი რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულის მიღმა დარჩა

საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო თვის განმავლობაში ე.წ. საზღვარი რამდენჯერმე გადაწია, რის შედეგადაც რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მავთულხლართებში მოექცა. მსგავსი შემთხვევა როგორც აღვნიშნეთ, პირველი არ არის, თუმცა იმითაა გამორჩეული, რომ ოკუპაციის მორიგ ფაქტს საქართველოს მთავრობა მყისიერად და საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. საზღვართან კიდევ ერთი თხრილი გაავლეს. სპეციალური ტექნიკა ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანიდან შემოვიდა. მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, ტექნიკის გამოჩენა იმის წინაპირობა იყოს, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს.

„ჩვენ რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც ოკუპანტი ახორციელებს“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ანალოგიური ხნული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შარშანაც გაავლეს. ადგილობრივები ელოდნენ, რომ შემდგომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟსაც დაიწყებდნენ, თუმცა დღემდე აღარ გამოჩენილან.

„ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობს ჩვენი მოსახლეობა ამუშავებს. ეს მიწა კანონიერად ეკუთვნის ამ სოფელს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო რეჟიმი ამ მიწის მითვისებას შეეცდება და საოკუპაციო ხაზს აქ დააფიქსირებს, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის კასპის მონაკვეთზე ოკუპანტების კონტროლირებადი ტერიტორია დაახლოებით 300 მეტრში აღმოჩნდება“, - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გია გოჭოშვილი.

რაც მთავარია, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აღმნიშვნელი ბანერი რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულის მიღმა დარჩა.

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური ადასტურებს ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე. უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება, ისევე, როგორც ზუსტდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არსებობს გარკვეული წუხილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გარკვეულ მონაკვეთზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრი ე.წ. საზღვართან თხრილის გავლების კიდევ ერთ შემთხვევას „პროვოკაციას“ უწოდებს და განმარტავს, რომ სამუშაოები, რომელსაც სოფლებში საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, საოკუპაციო ხაზის დაფიქსირებას უკავშირდება.

„ჩვენ ამ ფაქტს, ისევე როგორც ყველა წინა ფაქტს ძალიან მკაცრს შეფასებას ვაძლევთ. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი, პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია“- აცხადებს ჯანელიძე.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ პროვოკაციული ქმედებების შეჩება. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ მომდევნო წლის განმავლობაში.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გააჩნია მხოლოდ დიპლომატიური არხები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მოახდინოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, შეაჩეროს რუსეთის აგრესია, ოკუპაცია და იზრუნოს დეოკუპაციაზე.

როგორც ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა და მათი პოზიცია ცნობილია.

„მათი მხარდაჭერა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს პრევენცია მსგავსი პროვოკაციებისა და მეორე მხრივ, საოკუპაციო რეჟიმისა ამ მიზანმიმართულმა პოლიტიკამ არ მიაღწიოს მიზანს“,- აცხადებს ციხელაშვილი.

მისივე განმარტებით, გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება.

საზღვრის გადმოწევის ფაქტს დაემთხვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმის მიერ რუსეთთან დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, რაც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ცალკე დანაყოფების შესვლას.

აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის მარტში მოეწერა. დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იბრაჰიმ გასეევმა აღნიშნა, რომ შეთანხმება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმებით მოქალაქეების სამხედრო სამსახურში აყვანას ითვალისწინებს.

„ამ ტიპის არალეგიტიმური ხელშეკრულებებით, ფაქტობრივად, ხდება შავით თეთრზე გაწერა იმისა, რომ რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ტერიტორიებზე“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია აბსოლუტურად ღია ფორმით მიმდინარეობს. ეს რატიფიკაცია თავისთავად არ წარმოადგენს არანაირ სამართლებრივ და ლეგიტიმურ ინსტრუმენტს. ამ ტიპის არალეგიტიმური ხელშეკრულებებით ფაქტობრივად, ხდება შავით თეთრზე გაწერა იმისა, რომ რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ტერიტორიებზე, ეს არის მათი სამხედრო კონტროლი, სამხედრო ოკუპაცია და ეს არის მორიგი მცდელობა ამ ტერიტორიების რუსიფიკაციისა და ანექსიის“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც ჩანს, მოსკოვი საქართველოს მხრიდან მორიგი პროვოკაციის მოლოდინშია. საინტერესოა, როგორ გამოეხმაურება ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მცოცავი ანექსიის პროცესზე რუსეთთან ნაკლებად საუბრობს.