„იმპერატორი ალექსანდრე ამბობდა, რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს - ფლოტი და არმია“

„იმპერატორი ალექსანდრე ამბობდა, რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს - ფლოტი და არმია“

სეპარატისტების მიერ სულ ახლახანს შექმნილი „მალოროსია“ უკრაინის წიაღში - ხომ არ იყო ეს დროში დამთხვეული საჩუქარი პოროშენკოს მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთისგან დაჩაგრულ ქვეყნებში ჩადის ანტირუსული კავშირების ძებნის მიზნით და ამჯერად საქართველოსაც ეწვია? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის -ალექსანდრე ზახარჩენკოს გადაწყვეტილებას მალოროსიის შექმნის თაობაზე.

- მალოროსიის იდეა დიდი ხანია მუსირებს და ამას პოროშენკოს ვიზიტების კონტექსტში არ განვიხილავ. აშკარა იყო, რომ უკრაინის უკანასკნელ მოვლენებს მოსკოვი რაღაცით უპასუხებდა, ოღონდ ისე, რომ თვითონ განზე გამდგარიყო. ზახარჩენკომაც ეს იდეა წამოაყენა. ჯერ ერთი, ეს ისტორიული სახელწოდებაა, რომელიც ახლა გამოიყენეს და მე ამას უფრო ვუკავშირებ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, ასევე, მაკრონთან შეხვედრას და უკრაინის თემის გააქტიურებას.

ყოველთვის, როდესაც უკრაინის თემა აქტიურდებოდა, კრემლიც აქტიური ხდებოდა. შარშან და შარშანწინაც ასე მოხდა. როგორც კი მინსკის ოთხეული იკრიბებოდა, სეპარატისტები იწყებდნენ აქტიურობას, იწყებოდა დონეცკზე ახალი შეტევები, მარიუპოლისკენ ავანტიურისტული პროვოკაციული ღია სამხედრო ქმედებები და ახლა მორიგი შეტევა არის ტერმინ „მოლოროსიის“ გახსენება. თუმცა ამას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თვითაღიარებული რესპუბლიკები უკვე ისედაც არსებობს - ლუგანსკი და დონეცკი და ახლა ამას დაარქმევენ მალოროსიას, თუ ველიკაია როსიას, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ელემენტარულად, ეს კიდევ ერთი პატარა ბარიერია უკრაინის პრობლემის გადაჭრის გზაზე.

სეპარატისტებს, იმავე ზახარჩენკოსა და მის კამპანიას რისი გაკეთებაც შეეძლოთ, ისედაც აკეთებენ. როგორც ჩანს, ამ პერიოდში სამხედრო აქტიურობისგან პუტინი თავს იკავებს. ამიტომ პოლიტიკურად გააქტიურებულია. რუსეთს თავისი დამუშავებული გეგმა აქვს უკრაინასთან მიმართებით, რაც შეიძლება, უფრო მეტად გაართულოს სიტუაცია ხან სამხედრო, ხან ეკონომიკური, ახლა კი პოლიტიკური თვალსაზრისით.

მალოროსიის გამოცხადება რუსეთის დერჟავული ძალებისთვის, ალბათ, წამახალისებელი იქნება.

- მალოროსიის გამოცხადება, პირველ რიგში, რუსეთში დუგინის მომხრეებისა და ულტრანაციონალების გააქტიურებას გამოიწვევს. შეიძლება, ამ ე.წ. მოხალისეების ახალი ტალღაც წამოვიდეს, რომლებიც მალოროსიის, რუსეთის ძველი ისტორიული მიწების დაბრუნებას მოითხოვენ, ანუ რასაც დუგინი წერს, „საბირანიე ზემლი რასიისკიე“.

ძველი რუსული მიწების შეგროვება მაინცდამაინც კიევის რუსეთიდან უნდა დაიწყოს, რადგან რუსეთს საფუძველი სწორედ კიევის რუსეთიდან ჩაეყარა?

- ამას თანდათანობით დაიწყებენ. თვითონ კიევიდან ვერ შეძლებენ მიწების შეგროვებას, მაგრამ დონეცკში, ლუგანსკში ეს შესაძლებელია. თანაც, დონეცკი რა არის? უკრაინის მრეწველობის გული. ეს გახლავთ რუსეთის პოლიტიკური ინტრიგები და, რასაკვირველია, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ზახარჩენკო ვერაფერს გააკეთებდა.

იმ ფონზე, როცა სეპარატისტები ახალ სახელმწიფოს უხსნიან მალოროსიის სახით, პოროშენკოს ნათქვამი კეთილ სურვილად შეიძლება დარჩეს, რომ რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას ნაბიჯები დეოკუპაციისკენ, რადგან ის იზოლაციაშია მოხვედრილი. ასეთი იმედები შეიძლება კიდევ ჰქონდეს პოროშენკოს?

- ეს ლირიული განცხადებებია. რუსეთისთვის იზოლაცია არ არის უცხო ხილი. საუკუნეების მანძილზე რუსეთი, ფართო გაგებით, მუდამ იზოლაციაში იყო. მთელი ევროპა მისი წინააღმდეგი იყო. როდესაც ალექსანდრე იმპერატორი ამბობდა, რომ ჩვენ მხოლოდ ორი მოკავშირე გვყავს - ფლოტი და არმია, ეს ნიშნავდა, რომ რუსეთს არასდროს ჰყოლია არც მოკავშირე, არც მეგობარი. რუსეთს ყველა უფრთხოდა, ზოგს ეშინოდა რუსეთის და ეს ის შემთხვევა იყო, როცა რუსთაველის „შიში შეიქმს სიყვარულსა“ არ ამართლებდა.

თუმცა ამ იზოლაციით უფრო მეტს მიაღწია რუსეთმა.

- რასაკვირველია, თვითონ მოსახლეობაა მთავარი. იმპერატორების მთავარი რესურსი - სტალინის, პუტინის მთავარი რესურსი იყო რუსი მოსახლეობა, რომელსაც „ხლებომ ნე კარმიც“, მაგრამ უნდა აგრძნობინო, რომ ძლიერ „დერჟავას“ აშენებ.

პოროშენკოს ვიზიტს როგორ შეაფასებთ? სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მაღალჩინოსანნი არც კი დახვდნენ უკრაინის ხელისუფალს.

- ასეთი დემაგოგიური შეფასებების ასაცილებლად, პრევენციის თვალსაზრისით, შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო, კვირიკაშვილი დახვედროდა პოროშენკოს. თუ ჩვენ უკვე საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაშინ პირველ პირს უნდა ხვდებოდეს პირველი პირი. უკრაინა ჯერჯერობით საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. როგორ ფიქრობთ, მერკელი რომ ჩადის ამერიკაში, მას ვინ ხვდება? მერკელი არ არის გერმანიის პრეზიდენტი, მაგრამ სწორედ ამერიკის პრეზიდენტთან მართავს მოლაპარაკებებს. ასევეა ევროპის ქვეყნებში, როდესაც იტალიის პრემიერი ჩადის გერმანიაში, მას ხვდება პირველი პირი - პრემიერი. აქ კი არავინ იცის, პირველ პირს რა ჰქვია - კანცლერი, პრეზიდენტი, ლორდკანცლერი, როგორც თავის დროზე ინგლისში იყო?! დღეს შეიძლება ისიც იფიქროს კაცმა, ჯეჯელავა საიდან გაჩნდა პოროშენკოსთან დახვედრისას?

ისე, საინტერესოა, რატომ არ გამოიყენეს ეს შანსი, როცა ერთი ამბავია ატეხილი უცხოეთში მაღალი დონის შეხვედრებზე პრეზიდენტი ჩავა თუ პრემიერი?

- მით უმეტეს, როდესაც ეს იყო დიპლომატიური შერიგების ვიზიტი. გავიხსენოთ ის განცხადებები, ღარიბაშვილი რასაც აფრქვევდა ხოლმე უკრაინის ხელისუფლების მისამართით, ასევე, სხვა მინისტრებიც მაშინ, როდესაც სააკაშვილი უკრაინის გუბერნატორად დაინიშნა. მე არ მიყვარს ტერმინი „ისტორიული მნიშვნელობის“, მაგრამ პოროშენკოს ჩამოსვლა ეტაპობრივი მნიშვნელობისაა, ურთიერთობები რეგულირდება უკრაინასთან. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, მას პრემიერი დახვედროდა. ის, რომ სააკაშვილის ექსტრადაციაზე და უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი არ ყოფილა, არ ვიცი, რამდენად რეალურია. ყოველ შემთხვევაში, მე იქ მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ, როცა პოროშენკო და კვირიკაშვილი საუბრობდნენ, შესაძლოა, კვირიკაშვილმა წამოჭრა კიდეც ეს საკითხი, მაგრამ ის, რომ ამას თავშეკავებით შეხვდებოდა პოროშენკო, ეს ცხადია. დღეს სააკაშვილი საჯილდაო ქვასავით იქცა. სააკაშვილის ზურგს უკან, რაც არ უნდა იყოს, მაინც დასავლეთი დგას და, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები. სააკაშვილი მაინც ფიგურაა, გინდ დევნილი და გინდ ასეთი. სააკაშვილი დღეს მაინც 50 ჯეჯელავას უდრის.

პოროშენკოს ჩამოსვლაში, თუნდაც სააკაშვილის კონტექსტში, ინტერესების თანხვედრა იყო, რადგან, მოგეხსენებათ, უკრაინაში რა დღეში აყენებს სააკაშვილი პოროშენკოს. მაინც ფიქრობთ, რომ სააკაშვილს ქართულ მხარეს არ გადმოსცემენ?

- გეთანხმებით, მაგრამ, მეორე მხრივ, პოროშენკოს სააკაშვილთან მიმართებით რაც შეეძლო, ის ნაბიჯები უკვე გადადგა. სააკაშვილი თვითონ გადადგა თანამდებობიდან, თუ აიძულეს, ფაქტია, რომ კარგი ცხოვრებისგან არავინ ტოვებს თანამდებობას, მით უფრო, ბუნებით ისეთი აქტიური პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია. ის აიძულეს, გადამდგარიყო. ისიც არ მჯერა, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც წამოიწყო, მარტო გაუძღვება. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ უკრაინაში ყვავის კორუფცია. სააკაშვილს ბევრი ფაქტი აქვს ხელში. ნებისმიერი ოლიგარქისთვის ძალზე რთულია, იყოს პოპულარული ლიდერი ქვეყანაში, ვინაიდან ოლიგარქისგან ხალხი გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე ოლიგარქს შეუძლია მისცეს ხალხს.

ხომ ხედავთ, ამერიკაშიც ტრამპი რა დღეში ჩააგდეს? ამერიკის ისტორიაში არც ერთ პრეზიდენტს ამდენი ადვოკატი არ დაუქირავებია. ახლა კიდევ ერთი ადვოკატი იქირავა ტრამპმა თეთრი სახლისთვის, ანუ საკუთარი ინტერესების დასაცავად. ყოველ დღე ახალ-ახალი ინფორმაცია ჩნდება. ახლა გამოაშკარავდა მისი შვილის შეხვედრები რუსულ მხარესთან. ტრამპი უკვე იქამდეა მისული, ღიად ამბობს, მერე რა მოხდა, მე კომპრომატებს ვაგროვებდი მოწინააღმდეგის მიმართ, ყველა ასე მოიქცეოდაო.

ერთხელ საინტერესო რამ მითხრა ამერიკის ერთმა ელჩმა საქართველოში. ბრწინვალე ელჩი იყო, მეცნიერი. ვაკვირდები, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთს ჰგავს რაღაცით, ორივეგან ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ ისე, არავინ გაიგოსო. ჩვენთან ქმრები ღალატობენ ცოლებს, ეს მიღებულია, ოღონდ არავინ გაიგოსო. საფრანგეთში ეს ღიად ხდება. ამერიკაშიც კომპრომატებს ყველა აგროვებს ერთმანეთზე, მაგრამ ღიად არავინ ლაპარაკობს ამაზე. მით უმეტეს, ამერიკის ისტორიაში არც ერთ პრეზიდენტს ეს არ უღიარებია, თუმცა, ალბათ, ყველა აგროვებდა წინასაარჩევნო კამპანიისას კომპრომატებს თავის მოწინააღმდეგეზე. თუმცა აქ მთავარია, რა მეთოდებით იმარჯვებ და შენი კომპრომატების წყარო ვინ არის. თუ შენ მტერი სახელმწიფო გაიხადე დროებით მოკავშირედ, ე.ი. შენთვის მთავარია, ყველანაირი მეთოდით გახდე პრეზიდენტი, თუნდაც შენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ამით ამერიკის ეროვნული ინტერესები, იმიჯი დაზიანდა, როცა ტრამპისთვის ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საკმარისი არ იყო და ხელოვნურად კგბ ჩარია საქმეში. ერთი ამერიკელ ხალხს ჰკითხოს, არის თუ არა ეს ცუდი საქციელი?!