ფოთელი მეთევზეები პალიასტომის „დასაბრუნებლად“ იბრძვიან

ფოთელი მეთევზეები პალიასტომის „დასაბრუნებლად“ იბრძვიან

ფოთელი მეთევზეების პროტესტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვითარება საპორტო ქალაქში ძალიან დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა კი ვენები გადაიჭრა. ის სასწრაფო დახმარებამ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეთევზეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართეს, რომელსაც „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია შეუერთდა. მეთევზეები დაცულ ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ და ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის მასობრივი პიკეტირებით იმუქრებიან.

მოგვიანებით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მეთევზეებს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. მეთევზეები საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც, მათ პალიასტომის ტბაზე გადაადგილება და თავისუფალი თევზჭერა ეკრძალებათ.

პალიასტომის ტბა 300-ზე მეტი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მაგრამ იგი კოლხეთის დაცულ ტერიტორიაში შედის და შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზჭერა თავის რჩენის ერთადერთი წყაროა და სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ.

„ყველანაირი ბადით თევზაობა არ შეგვიძლია, მისი სიმაღლე და სიგრძე განსაზღვრულია. პრაქტიკულად, ასეთი ბადით სამი თევზის დაჭერაა შესაძლებელი. ნავის ძრავა 30 ცხენის ძალას არ უნდა აღემატებოდეს. როცა ოჯახს თევზჭერით ვარჩენ და სხვა ალტერნატივა არ გამაჩნია, მშიერი უნდა დავიხოცოთ? არ ვიპარავთ, ვშრომობთ და ეს მთავრობა ამასაც გვიზღუდავს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეთევზე ლევან ტაბაღუამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გოგი წულაიას თქმით, ადამიანებს, რომლებიც წლებია მეთევზეობით ირჩენენ თავს, მთავრობა შეზღუდვებს უწესებს.

„მეთევზეების მოთხოვნა სამართლიანია. ფოთელებს ზღვაც აქვთ და ტბაც, თევზს კი ვერ იჭერენ. ვაფრთხილებ ცენტრალურ ხელისუფლებას, ან ამ ადამიანებს მისცენ სიცოცხლის უფლება, ან გადავკეტავთ ფოთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალს. მოვიდნენ და დაგვიჭირონ“, -განაცხადა წულაიამ.

ფოთში მეთევზეები საპროტესტო აქციებს მერიასთან გააგრძელებენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ, - ამის შესახებ მათ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს.

შეხვედრა, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობდა მეთევზეები უკმაყოფილოებმა დატოვეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, კარლო ამირგულაშვილის თქმით, ის ფოთში მეთევზეების პრობლემების მოსასმენად და მათი გადაჭრის გზების განსახილველად ჩავიდა.

„ჩვენ მივიღეთ მეთევზეთა კავშირის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. ვცდილობთ ყველა ადამიანის აზრი მაქსიმალურად გავიგოთ, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ შემდეგ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ერთი მხრივ გარემოს ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ, დაცული იყოს მოსახლეობის სოციალური ინტერესები.

პალიასტომის ტბა არის ერთადერთი ტერიტორია მთელ საქართველოში, სადაც ტრადიციული თევზჭერიდან გამომდინარე დაშვებულია ეს რეგულაციები. საუბარია დამატებით ტერიტორიებზე იგივე რეგულაციების გავრცელებაზე, რაზეც, სავარაუდოდ, შევთანხმდებით. ჯერ შეთანხმება მთავრობის დონეზე უნდა შედგეს, შემდეგ კი მზად ვიქნებით დადგენილებაში შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც გარემოსთვის, ისე მეთევზეებისთვის“, - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კარლო ამირგულაშვილმა.

სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააცნობენ. მეთევზეები კი ამბობენ, რომ ასე მხოლოდ დროს გაყვანა ხდება და რეალურად პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება.