ნავთობის ფასი ელვისებურად დაეცა - საქართველოშიც საწვავის გაიაფებას ელოდებიან

ნავთობის ფასი ელვისებურად დაეცა - საქართველოშიც საწვავის გაიაფებას ელოდებიან

მსოფლიოში ნავთობი დიდი სისწრაფით იაფდება. მიზეზი ტრამპის სატარიფო პოლიტიკას და ოპეკი+“ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ორივე ფაქტორის ერთობლიობამ შავი ოქროს ფასი 4-წლიან მინიმუმამდე დაიყვანა და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი.

დონალდ ტრამპის ტარიფებმა, რომელიც უამრავ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ჩინეთს და ევროკავშირს დაუწესდა, მსოფლიო დიდ გაუგებრობაში ჩააგდო. ამასთან, შავი ოქროს ფასზე დიდი გავლენა მოახდინა ოპეკი+“ წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებამ ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წევრებმა მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ დღიური მიწოდება 411 ათასი ბარელით გაზარდონ, რაც ტრეიდერებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. საერთაშორისო ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი 63 დოლარამდეა შემცირებული. ამდენად ფასი ბოლო ოთხი წლის მინიმალურ ნიშნულზეა. როგორც როიტერი წერს, კლება მსოფლიოში სავაჭრო ომების დაწყებას უკავშირდება, რაც ასევე ეკონომიკის ზრდის შენების მოლოდინს აჩენს, ეს კი, თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს.

ჯიპი მორგანის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის შანსი 60%-მდეა გაზრდილი. ეს უფრო მეტად რეალური ჩინეთის საპასუხო ტარიფებმა გახადა, როცა მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ აშშ-ის საპასუხოდ დამატებით 34%-იანი ტარიფი დაუწესა.

ბოლო მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობი ბირჟაზე 63 დოლარი ღირს, რაც ბოლო 5 დღეში თითქმის 17%-იანი კლებაა. ამერიკული ლაითი 60 დოლარი ღირს, 18%-ით ნაკლები, ვიდრე 5 დღის წინ. ნავთობზე ფასის კლებას 2 მთავარი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს სატარიფო ომის დაწყებას უკავშირდება, რაც ეკონომიკური ზრდის შენელების მოლოდინს აჩენს, რაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მეორე ფაქტორი კი ოპეკი+“ განცხადებაა მოსალოდნელზე მაღალი მოპოვების შესახებ, რაც ასევე ზრდის წნეხს.

რაც შეეხება გავლენას ქართულ ბაზარზე, ტენდენცია უკვე დაიწყო და საწვავი ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 5-13 თეთრით გაიაფდა.

ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება ბრენდირებულ სადგურებზე დღეს 2,69 ლარიდან, 2,99 ლარამდე შუალედშია. დიზელის ფასი კი სხვადასხვა სადგურზე 2,59-დან 3,05 ლარამდე მერყეობს. კიდევ უფრო დაბალია საწვავის ფასი არაბრენდირებულ სადგურებზე, სადაც ბენზინი 2.45 ლარის ფარგლებშია.

სენტა პეტროლიუმის გენერალური დირექტორის ზაალ იაკობიძის თქმით, გაიაფებული საწვავი საქართველოში ჯერ არ შემოსულა, თუმცა, მოლოდინის გამო, ფასის კლება მაინც დაწყებულია.

70 დოლარით დაეცა ბენზინის და დიზელის ფასი ბირჟებზე. დღეისათვის ერთი ტონა დიზელი 605 დოლარიმ ღირს, ხოლო ბენზინის პლატცის მიხედვით 651 დოლარია. ეს რომ გადავიტანოთ თეთრებში, ნიშნავს, რომ დაახლოებით 25-30 თეთრით შემცირდა იმ საწვავის ღირებულება, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად რუსეთიდან.

საბითუმო ბაზარზე სრულად არ არის ასახული, თუმცა კლება დაიწყო. გაიაფებული საწვავი ჯერჯერობით არ შემოსულა. ამას დრო უნდა - შეძენა, ტრანსპორტირება, შემოტანა და .. უახლოეს პერიოდში ეს აუცილებლად აისახება საბითუმო ბაზარზე. ცხადია, ეს უკვე გამოიწვევს საცალო ბაზარზე ფასის კორექტირებასაც და ამას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში. საცალო სეგმენტში 10-14-დღიან პერიოდში მოხდება ცვლილება, - განაცხადა საქმის კურსთან ზაალ იაკობიძემ.

სენტას პეტროლიუმის მონაცემებით, დღეს 1 ლიტრი რუსული დიზელისა და ბენზინის საშუალო საბითუმო ფასი 2,25 ლარია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე სტაბილურობა სწორედ ახლა იწყება და ამის გავლენას მალე ქართული ბაზარიც იგრძნობს.

ვფიქრობ, ეს მოვლენები გაგრძელდება. ვნახავთ, სანამდე მივა, თუ მშვიდობა იქნება, აუცილებლად დასტაბილურდება ბაზრები, რაც მერე შიდა სამომხმარებლო ფასებზეც აისახება. ნავთობპროდუქტი არის ისეთი ტიპის სქონელიი, რომლის ღირებულების პროგნოზი ჭირს, თუმცა მოლოდინი მაინც დადებითია, ფაქტობრივად, ყველა პირობაა, რომ ფასი 60-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდეს, თუკი ტენდენცია გაგრძელდება, - განაცხადა იობაშვილმა.