აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო ახალი შესაძლებლობებით მიდის

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო ახალი შესაძლებლობებით მიდის

„საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - საქართველო რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაზე, რომელსაც 400-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი ესწრება, ყურადღება გამახვილდა ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

საერთაშორისო კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გახსნა. მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ეს უკავშირდება უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ენერგოუსაფრთხოებას.

კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ -ს მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკიმ.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველო ევროპულ პროცესში შედის არა მარტო როგორც ევროპული სიკეთის მაძიებელი ქვეყანა, არამედ ის თავისი წვლილით შედის ევროპულ განზომილებაში. პრეზიდენტმა კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს ევროპულ პროცესში შეაქვს უნიკალური ევროპული კულტურა, მრავალსაუკუნიანი კულტურა, რომლის ფუნდამენტიც სწორეც ევროპულ ღირებულებებზე, ევროპულ სიბრტყეში არის წარმოქმნილი.

„საქართველო შედის ევროპულ პროცესში, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მასტაბილიზირებელი, თანამშრომლობაზე, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა. საქართველო ევროპულ პროცესში შედის, როგორც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი და დაინტერესებული მოთამაშე, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქვეყნის მკაფიო ხედვაზე და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა ქვეყნის მიზანია მიაღწიოს ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს, რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გველოდება და მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ახალ შესაძლებლობებზე. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უმთავრესი, საბოლოო მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ მზად ვართ მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმების სრულად და ეფექტიანად განხორციელების გზით. ამავე დროს, ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს ჩართულობა.

გავაღრმავოთ სექტორული თანამშრომლობა და მივაღწიოთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციის უფრო მაღალ დონეს ევროკავშირთან, გავაძლიეროთ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობა. მივესალმებით ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და მზად ვართ შევასრულოთ ამ სტრატეგიის ამოცანების შესაბამისი როლი რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადებით, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობა რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების ისტორიული მისია. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ საინტერესო და სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა“ – მონაწილეებს მიმართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა, რომლის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში თავის ვალდებულებებს ასრულებს და ამის ნაყოფს ევროკავშირი უკვე ხედავს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, იმისთვის, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით ურთიერთობები გამყარდეს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნათლად არის გამოსახული ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საუკეთესო მდგომარეობით. ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა გასულ წელს, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგები. ჩვენ ბევრი სკეპტიკოსი გვყავდა თუ როგორ იმუშავებდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ მათი პოზიცია მცდარი აღმოჩნდა. ჩვენ დავინახეთ როგორ აახლოებს ეს პროცესი ჩვენს ეკონომიკებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ვხედავ ორმხრივი სარგებლობის ნიმუშს. ყველა იმ პროგრესულ რეფორმას ვუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს ნათლად გამოკვეთილ ლიდერად აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.

მშვიდობა არის ის, რომლის ფასი ძალიან კარგად ვიცით ამ რეგიონში. ჩვენც ასევე ვახსენებთ საკუთარ თავს, რამდენად გაგვიმართლა ვიცხოვროთ ისეთ გარემოში, სადაც შეიძლება ყველა პრობლემა მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ვეძებთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმს“, - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.

მაროშ შევჩოვიჩმა, რომლიც ოფიციალური ვიზიტი იმყოფება საქართველოში, აღნიშნა, რომ საჰაერო ხომალდები, რომლებიც საქართველოში მოფრინავენ და პირიქით, გადავსებულია და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, ევროპაში იმოგზაურონ.

„მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ. ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას, რაც გახლავთ სერიოზული რეფორმების ნაყოფი. როდესაც მე სლოვაკეთის ელჩი ვიყავი ევროკავშირში, მესმოდა, რამდენად რთულია უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაკმაყოფილება და მე ვულოცავ ქართველ კოლეგებს ამ წარმატებას.

გუშინ, როდესაც ძველ ქალაქში გავისეირნეთ, ვიხილეთ, რომ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. საჰაერო ხომალდები, რომლებიც საქართველოში მოფრინავენ და პირიქით, გადავსებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, ევროპაში იმოგზაურონ. ეს ამარტივებს ჩვენს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.

უვიზო რეჟიმი ახალი მიმართულებაა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული პროგრესი მიღწეულია ყველა სფეროში: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო, საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკაში, მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა“, - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.