მიკროსაფინანსოების მოთოკვა იოლი არ იქნება

მიკროსაფინანსოების მოთოკვა იოლი არ იქნება

ბოლო წლებში საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბუმია. მომხმარებლებიც აქტიურად მიმართავენ ასეთ დაწესებულებებს. შესაძლო რისკის თავიდან აცილებს მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მათი რეგულაცია განიზრახა, რასაც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან თავად მიკროსაფინანსოები. ისინი ზოგიერთ მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალი რეგულაციების დაწესების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია შესული, რომლის მიხედვით ასეთი ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალი მომავალი წლიდან ნახევარ მილიონ ლარამდე, 2019 წლიდან კი 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება. დგინდება ჯარიმების მოცულობაც.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ სრული ინფორმირებულობა.

„ამ ცვლილებებით ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ ქვეყანაში ის საქმიანობა, რომელიც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვას გულისხმობს, იყოს რეგულირებული და გამჭვირვალე“, - აღნიშნა კიკორიამ.

ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფულადი რეზერვების შექმნის ვალდებულებას დააკისრებს. ახალი რეგულაცია 2018 წლიდან ამოქმედდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას თქმით, ამით ეროვნულ ბანკს სურს, ბაზარზე ერთიანი სტანდარტები დაამკვიდროს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ტიპის ნორმებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს.

შენგელია კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის ნაწილს ეთანხმება, მაგრამ მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებით აკრძალვა ლოგიკური არ არის.

„კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნას სრულიად ვეთანხმები, თუმცა ამჟამად ფიზიკური პირების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რა აკრძლავაც მოქმედებს, ის ლოგიკურად არ მიგვაჩნია. როგორც იცით, მოზიდული სახსრები 20 ფიზიკურ პირს არ უნდა აჭარბებდეს და თამასუქის მოცულობა არანაკლებ 100 000 ლარის უნდა იყოს. ამ პირობებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ძალიან რთული იქნება თანხების მოზიდვა. თანაც ამ ორგანიზაციებს ლარზე წვდომა არ გააჩნიათ“, - განმარტა ბესიკ შენგელიამ.

მისივე თქმით, ცვლილებების დროს, გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულად მიიღება, რაც აჩენს რისკს, რომ მიკროსაფინანსოებს მაღალი ჯარიმა დაეკისროთ:

„განმარტებები საკმაოდ რთულად ჩამოყალიბებულია, რაც თავის მხრივ ტოვებს რისკს, რომ რომელიმე ჩინოვნიკმა, თუნდაც ეროვნულ ბანკში, ინდივიდუალურად ჩათვალოს, რომ თანხები არასწორად არის დარიცხული და საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაგვაკისროს. ზოგადად, ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია“, - განუცხადა „კომერსანტს“ შენგელიამ.

სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, უნდა იყვნენ ფინანსურად სტაბილურები, რათა მათ ნორმალურად ფუნქციობა შეძლონ.

„ჩვენთვის ამოსავალია ის, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, იყვნენ ფინანსურად სტაბილურები და მათ გამართულად შეძლონ მუშაობა. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რამდენი საფინანსო ორგანიზაცია დარჩება. ამას გვაჩვენებს ბაზარი. მაგრამ ის, რომ რეგულირება აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილის მდგომარეობით საქართველოში სულ 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.