4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი, მასშტაბური ოპოზიციური მობილიზაციის წინ, რადიკალების ფლანგზე აშკარად იზრდება დაძაბულობა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ „მშვიდობიანი რევოლუციის“ იდეა ილუზია და ყველაზე დიდი შეცდომაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მკაცრი რეაქცია გამოიწვია.
გახარიას თქმით, პროტესტის „რევოლუციად“ მონათვლა არა მხოლოდ შეცდომაა, არამედ ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. მისი სიტყვებით, „როდესაც ვინმე მშვიდობიან პროტესტს რევოლუციას ადარებს, პირველ რიგში, ეს ამ პროტესტის დელეგიტიმაციაა და პირდაპირ ხელისუფლებას აძლევს ხელს“. გახარიას პარტია აქციის ფორმატს ემიჯნება და აცხადებს, რომ ცვლილების გზა არჩევნებზე გადის და არა ქუჩის დაპირისპირებაზე.
ამ განცხადებას მკვეთრი პასუხი მოჰყვა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მხრიდან. მისი თქმით, გიორგი გახარია „უპასუხისმგებლო და მშიშარა პოლიტიკოსია“, რომელიც ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს: „ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ხელისუფლების ყველაზე მძიმე წლების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ახლა ხალხს პასუხისმგებლობაზე ლექციას უკითხავს“, - აღნიშნა წითლიძემ. მისი თქმით, გახარიას განცხადებები ოპოზიციურ ერთობას ასუსტებს და მხოლოდ მმართველ პარტიას აძლევს სარგებელს.
ხელისუფლებამ ამ დაპირისპირებას განსაკუთრებული ყურადღება არ დააკლო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპოზიციის შიგნით არსებული ასეთი მწვავე განხეთქილება კიდევ ერთხელ ადასტურებს - ოპოზიცია არ არის მზად ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობისთვის. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს: „საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს, რომ ერთი მხრივ, არის ილუზიებზე დაფუძნებული რევოლუციური მოწოდებები, ხოლო მეორე მხრივ - მათივე მოკავშირეები, რომლებიც ამ ილუზიას აფრთხობენ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ერთმანეთთან ვერ თანხმდება და ერთადერთი, რასაც ცდილობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“,-ამბობენ მმართველ გუნდში.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამ დაპირისპირებას რეალურ უთანხმოებად კი არა, უფრო ტაქტიკურ სვლად მიიჩნევს. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის სხვადასხვა სეგმენტი განსხვავებულ ამოცანებს ემსახურება.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქუჩის პროტესტი ერთადერთი, დარჩენილი ბერკეტია, რომლის მეშვეობითაც ცდილობს ხელისუფლებაზე ზეწოლას. გიორგი გახარიას პარტიისთვის კი უფრო მისაღებია ინსტიტუციური გზა - არჩევნები და თანდათანობითი პოლიტიკური პოზიციების გამყარება.
ამავე დროს, ოპოზიციური სპექტრისთვის მნიშვნელოვანია „ლელოს“ პოზიცია, რომელიც ორ სტრატეგიას აერთიანებს - დილით მონაწილეობა არჩევნებში, საღამოს კი - აქციაში. ეს მიდგომა აჩვენებს, რომ ოპოზიციაში არსებობს ორივე სცენარის გათამაშების მცდელობა, როგორც ქუჩის პროტესტისა, ასევე საარჩევნო კონკურენციისა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება ახსნადია: გახარიასგან წამოსული კრიტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასთან ერთიანი საარჩევნო მიზნები აქვთ, საზოგადოებაში ქმნის სურათს, რომ ოპოზიციური ერთობა მოჩვენებითია. სწორედ ეს აზიანებს ენმ-ის მცდელობას, პროტესტის ტალღა საერთო, თანხმობაზე დაფუძნებულ მოძრაობად წარმოაჩინოს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირება ორმაგია: ერთი მხრივ, რეალური ინტერესთა განსხვავება ჩანს, მეორე მხრივ, ამით თითოეული პარტია საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს. გახარია ცდილობს პასუხისმგებლიანი, ზომიერი პოლიტიკური ძალის იმიჯი ჩამოაყალიბოს, ენმ კი - დაუმორჩილებელი და ქუჩის ბრძოლის ლიდერის.
„ხელისუფლება კი ამ ვითარებას საკუთარი უპირატესობის გასამყარებლად იყენებს, საზოგადოებას აჩვენებს, რომ „ოპოზიციას საერთო გეგმა არ გააჩნია“. გახარია და ენმ-ის დაპირისპირება ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალო პოლიტიკური კამათი. ეს ადასტურებს, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგია და ხედვა, როგორ უნდა მივიდნენ ხელისუფლების ცვლილებამდე. ენმ-ისთვის ქუჩის პროტესტი მთავარი ინსტრუმენტია, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. ამიტომ, მათთვის რევოლუციური ნარატივი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესში საზოგადოებას მკაფიო სურათი არ უყალიბდება. მოქალაქეები ხედავენ, რომ ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე ვერ თანხმდება, რაც ხელისუფლებისთვის უდიდესი პოლიტიკური დივიდენდია. „ქართული ოცნება“ ამ დაპირისპირებას მაქსიმალურად გამოიყენებს იმის საჩვენებლად, რომ ოპოზიცია ქაოსშია, მათ არა აქვთ საერთო გეგმა და არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს საკუთარი ძალების შეთანხმებას, მინიმუმ სტრატეგიულ მიმართულებებში, ძალიან გართულდება მათთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. გახარია ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც მომავალმა პასუხისმგებლიანმა პრემიერ-მინისტრმა, ენმ-მ კი, როგორც ბრძოლის ავანგარდმა. ორივე საკუთარ ამომრჩეველს ეთამაშება, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ხელისუფლება იღებს ყველაზე მეტ სარგებელს ამ დაპირისპირებით“, - ამბობს ანალიტიკოსი.