მოსკოვისკენ მიმავალ გზას ამჯერად „პატრიოტთა ალიანსი“ დაადგა. უკვე გავრცელდა ფოტოები რუსეთის დუმიდან, სადაც ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გიორგი ლომაია ლეონიდ კალაშნიკოვთან და სხვა რუს დეპუტატებთან არიან გადაღებულნი.
რუსეთის დუმის წევრის, ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის-ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით არაფორმალური ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
„შევთანხმდით, შევქმნათ არაფორმალური ჯგუფი. ოფიციალური ჯგუფის შექმნისთვის საქართველოს პარლამენტი ჯერ მზად არაა. ჯგუფი თვეში ერთხელ შეიკრიბება, ჩვენთანაც და მათთანაც. დღის წესრიგში იქნება მთავარი საკითხები, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა“,-თქვა კალაშნიკოვმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომაიამ კი აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანს ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენა წარმოადგენს- „ჩვენ რაღაცით უნდა დავიწყოთ“.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვოიაჟს უკვე მოჰყვა ტრადიციული შეფასებები, დაწყებული მოღალატეობიდან, დამთავრებული-გზის გამკვალავებით რუსეთისკენ.
მსგავს ხმამაღალ შეფასებებს არ იზიარებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ასეთი ტერმინებით არ ისაუბრებს და მოღალატეს არ უწოდებს ამ ადამიანებს. თუმცა ოპოზიციის მიერ განხორციელებული მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს. უფრო მეტიც, ეს არის ფუჭი მცდელობა, რომელიც რუსულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აღძრავს იმედს, რომ, თუ საქართველოსთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაამკაცრებენ, შესაძლოა, ამან შედეგი მოუტანოთ.
„რუსები მზად არ არიან მოლაპარაკებისთვის. მათ საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა აქვთ. ამ საგარეო პოლიტიკის მიხედვით, საქართველო რუსეთის ნაწილად მოიაზრება და ამას საქართველოდან ჩასული ვერც ერთი ადამიანის ვიზიტი შეცვლის, ვერც -მეორის. მანამდეც ჰქონდათ რუსეთში ჩასვლის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ეს ვიზიტები შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა. როდესაც საუბარია ექსპერტთა ან სახალხო დიპლომატთა შეხვედრაზე, არც ეს მგონია შედეგის მომტანი. თუ სალაპარაკოა რამე, ეს ხელისუფლების დონეზე უნდა გაკეთდეს. რაც ეს ბოლო 30-წლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს, არათუ რუსი პოლიტიკოსებისგან, არამედ რუსული საზოგადოების წარმომადგენლებისგან ერთხელაც არ წამოსულა რეალობის ამსახველი რაიმე განცხადება. რუსული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ელიტა ერთიანია და საქართველოს რუსეთის ნაწილად აღიქვამს“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, რომ რუსეთში ჩასვლას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ ასეთი შეხვედრები აჩენს ყალბ ილუზიებს რუსეთის ხელისუფლებაში, რომ საქართველოში არიან ძალები, რომელთა აყოლიება და დათანხმება რუსულ ორბიტაზე საქართველოს აღმოჩენის თვალსაზრისით, იოლად შეიძლება.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სწორედ ეს ილუზია უნდა გავუქარწყლოთ რუსებს, თორემ არ დაინგრევა ქვეყანა, „პატრიოტთა ალიანსი“ ჩავა მოსკოვში თუ არ ჩავა. ზედმეტი აქტიურობა საზოგადოების მხრიდან კონტრპროდუქტიულია. მით უმეტეს, რუსები გვეუბნებიან, აფხაზეთისა და ცხინვალის თემებს არ განვიხილავთ, ჩვენ ეს თემები საერთოდ დავხურეთო.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია დიალოგის ასეთ ფორმატში ცუდს ვერაფერს ხედავს. ჩვენთან საუბარში ის ამბობს, რომ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ-ქვეყნის შიგნითაც. ამდენად, ჩვენ როგორმე უნდა დავასამაროთ ნაციონალების ნარატივი და ნაციონალების დომინანტურტი ნარატივით არ უნდა იჟღინთებოდეს საინფორმაციო ველი, რომლის მიხედვითაც, თურმე რუსეთში ჩასვლა მოღალატური საქციელია.
„არაფორმალური ჯგუფის შეხვედრები მოსკოვში სწორი საქციელია, რადგან ჩვენ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ფორმალურ დონეზე ვერ შეხვდებით. არაფორმალური ჯგუფის შეხვედრა კი სახალხო დიპლომატიის ნაირსახეობაა. არაფორმალური ფორმატი იმიტომ არის კარგი, რომ პირდაპირი კავშირი გვექნება რუსულ მხარესთან, რათა ინფორმაციის გაცვლა მოვახდინოთ. დღეს იმის საშუალებაც არ გვაქვს, მცოცავი ოკუპაციის და სხვა ტიპის მოვლენები ოპერატიულად აღმოვფხვრათ. ხომ შეიძლება, პირდაპირ ვაცნობოთ რუსულ მხარეს და ვაიძულოთ ისინი, ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ? ორი საკითხი გავმიჯნოთ, ერთი, ეს არის საინფორმაციო არხის გაჭრა და უშუალო დიალოგის დაწყება რუსებთან, რათა ინფორმაციული ველი მაინც გვქონდეს და არ იყოს სხვადასხვა საინფორმაციო ველი დახშობილი. ხოლო მეორეა, სამომავლოდ რა თემებზე უნდა დაიწყოს საუბარი. „პატრიოტთა ალიანსს“ გააჩნია ასეთი დღის წესრიგი. რამდენად იქნება ეს მომგებიანი, ცალკე საუბრის თემაა. მთავარია, რომ არაფორმალური ხაზი გაიჭრა“,-მიიჩნევს ვახტანგ მაისაია, რომლის მოსაზრებითაც, დასავლელი პარტნიორები ასეთ ვოიაჟებს პოზიტივად ჩაგვითვლიან და დააფიქსირებენ, რომ ქართულ მხარეს გააჩნია მშვიდობიანი მოლაპარაკების ტაქტიკა, უნარი, რომ თუნდაც არაფორმალურ დონეზე აწარმოოს მოლაპარაკებები.
თუმცა მოლაპარაკების შინაარსი როგორი უნდა იყოს, ეს უნდა მოხდეს საერთო ეროვნული კონსენსუსის, შეთანხმების საფუძველზე მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის. „პატრიოტთა ალიანსს“ გაჩნია ამის უფლება, რადგან იგი პარლამენტშია წარმოდგენილი, საპარლამენტო ტიპის პარტიაა და მას შეუძლია, წამოაყენოს პოლიტიკური ტიპის საკითხები.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სულ ახლახანს რუსეთში ჩავიდნენ მოღალატეები, ე.წ. პატრიოტები, რომელთაც სავიზო რეჟიმის აღდგენაზე უნდა ილაპარაკონ. ამ დროს რომელ სავიზო რეჟიმზეა საუბარი, როცა რუსეთმა მიწების ნახევარი წაგვართვა.
„რუსეთში მათი ჩასვლა ჩემთვის სამშობლოს ღალატია. სხვებისთვის არ ვიცი, რა არის, მაგრამ გაგიგიათ, ოკუპანტთან სავიზო რეჟიმი? რას მიაღწიეს მოსკოვში ვიზიტით ? თქვენ გგონიათ, რამეს მიაღწევენ? ასე ხომ ჟენევაშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სადაც დასავლეთიც მონაწილეობს? თორემ რუსეთი მარტო ჩაგვყლაპავს. საქართველო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილია და დასავლეთს სულაც არ აწყობს რუსეთის მომძლავრება. აგვისტოს ომის დროს ხომ ეცალა დასავლეთს ჩვენთვის? პირიქით, ახლა უფრო უნდა მოვანდომოთ, ჩვენთვის მოიცალოს. ობამამ საერთოდ გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა და რუსეთი ბევრ რამეში მიუშვა, ეს ობამას ბრალიცაა, მაგრამ კარგია, რომ არავინ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“. მსოფლიო თანამეგობრობა ამას რომ არ აღიარებს, სწორედ ეს ფაქტი უნდა გამოვიყენოთ“,-მიიჩნევს გოგი ხოშტარია.
მისივე აზრით, მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავება შესაძლებელია, თუკი მხარში დაგვიდგებიან დიდი სტრატეგიული მეგობრები, მათ შორის, პირველ რიგში, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. აგვისტოს ომის დროს თბილისი, პრაქტიკულად, გადარჩა იმიტომ, რომ ამერიკამ გემი შემოიყვანა შავ ზღვაში და სარკოზი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ეს ნიშნავს, რომ მარტო ჩვენი თხოვნა რუსეთზე არ ჭრის. შესაბამისად, მოლაპარაკება აუცილებელია რუსეთთან, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, მარტოკა, ერთი-ერთზე რუსეთს ვერ მოვერევით, ვერც სამხედრო თვალსაზრისით.
„აგვისტოს ომის დროს უხეში შეცდომები იქნა დაშვებული, მაგრამ აგრესორი რუსეთი იყო. ერთია, ქართულმა ხელისუფლებამ ხაფანგში თავი ლამის ძალით გაჰყო, მაგრამ მეორეა, რომ ომი წარმოებდა ქართულ ტერიტორიაზე. ერთი სანტიმეტრით არ გადავსულვართ რუსეთში. ჩვენ რომ გადავიდეთ და ჩეჩნეთში ომი დავიწყოთ, რას იზამს რუსეთი? სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო პოლიტიკაც, ეკონომიკაც, სოციალური სფეროც, პროდუქტის წარმოებაც ცუდად მომუშავე მანქანას მაგონებს, რომელიც სულ მუდამ ჩერდება, ფუჭდება, ორმოში ვარდება. ასე მიდის ჩვენი სახელმწიფო მანქანა. ჩვენ საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს“.