„სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც საკონსტიტიუციო ცვლილებების გარშემო დიალოგისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
გიორგი მარგველაშვილთან კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობაზე უარს მმართველი გუნდი აცხადებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უადგილოა კონსულტაციების ხელახლა დაწყება, ვინაიდან კონსტიტუციის ახალი პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები ვეღარ შევა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტს, როცა ამის შეთავაზება ჰქონდა, მაშინ უნდა მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში და არ დაეწყო პარალელური პროცესები, რომელმაც ვერანაირ შედეგამდე ვერ მიიყვანა.
მისი თქმით, მეორე მოსმენით დაბრუნებაზე საუბარი არ არის, რადგან მესამე მოსმენას გააჩნია თავისი კონკრეტული პროცედურა და შესაძლებელია, გარკვეული საკითხების ისე გასწორება, რომ მესამე მოსმენამ ეს სამართლებრივი ბუნებით აიტანოს.
„კონკრეტული მექანიზმები მსჯელობის საგანი უნდა იყოს. აქ საუბარია ორ მხარეს შორის შეთანხმებაზე, რადგან პრეზიდენტი, არ ვიცი, როგორ მიიღებს მონაწილეობას, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეხება არ აქვს ამასთან. პრეზიდენტის ინსტიტუტს როცა ამის შეთავაზება ჰქონდა, მაშინ უნდა მიეღო მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და არ დაეწყო პარალელური პროცესები, რომელმაც ვერანაირ შედეგამდე ვერ მიიყვანა. დღეს უკვე საუბარია პოლიტიკურ კონსენსუსზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თავის მხრივ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის შეჩერებას მიიჩნევს.
პრეზიდენტი ითხოვს კონსტიტუციაში მოხდეს ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი.
„დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა. სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო. მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე.წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამასთან, განმარტავენ, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტურ საკითხებს გადახედვის გარეშე, მესამე მოსმენით მაინც მიიღებს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სტრასბურგში დაგეგმილი სახელისუფლებო გუნდის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ შედგება. „შეხვედრა გადაიდო, რადგან ქართული მხარე თბილისში მოლაპარაკებას აგრძელებს. შეხვედრის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს დასწრების საკითხს, მისი ყოფნა ხვალინდელ შეხვედრაზე არ განიხილებოდა. უცნობია, როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა. ეს თბილისში მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუ პარტიები მოილაპარაკებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეუძლიათ სტრასბურგში ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკეტრიმ.
ჩაშლილი შეხვედრებიდან გამომდინარე ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, შესაბამისად პრემიერ-მინისტრის მხრიდან საუბარი დიალოგზე აბსურდულია.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს არის მესამე მოსმენაზე. მესამე მოსმენა მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებს ითვალისწინებს. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, რომ წარმოდგენილ პროექტში სადმე წერტილ-მძიმე ჩავამატოთ? - ამიტომ უმარტივესი ტესტია - თუ ხელისუფლებას დიალოგი სურს, როგორც მინიმუმ, კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უნდა დააბრუნოს და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, რა შეიძლება შეიცვალოს მეორე მოსმენის ფარგლებში. მათი მხრიდან დიალოგის შეთავაზება ვენეციის კომისიისთვის თვალის ასახვევად გაკეთდა. დიალოგის შეთავაზებას კონკრეტული გარემო სჭირდება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადაუგზავნის. რაც შეეხება ვენეციის კომისიის წევრებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეხვედრის ზუსტი თარიღი არ იცის, მაგრამ ზუსტად იცის, რომ საკონსტიტუციო პროექტში რაიმე ძირეული ცვლილება აღარ შევა.
როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, ორი მოსმენით მიღებულია პროგრესული და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ქვეყნის ძირითადი კანონი, რომლის ტექსტი არის ძალიან კარგი და ეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა და ვენეციის კომისიის სხვა ექსპერტებმაც აღნიშნეს.
„რამდენად სერიოზულია ამ ფონზე ორი მოსმენით მიღებული ქვეყნის ძირითადი კანონის უკან გამოწვევაზე საუბარი, როდესაც მათ დღემდე არ დაუფიქსირებიათ, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ამ პროექტს და რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც მათთვის პრინციპულია, რაც უზრუნველყოფს, რომ კონსენსუსი შედგეს. ამაზე, ალბათ, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მას შემდეგ, რაც ისინი ამ მთავარ კითხვაზე პასუხს გასცემენ, შესაძლებელია, დიალოგი და მსჯელობა ნებისმიერ საკითხზე“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.