საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ორ სახელისფლებო შტოს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ამასვე ადასტურებს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც აშშ–ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ არ იძალადონ პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
„მივესალმები პრემიერ მინისტრის წინადადებას კონსტიტუციაზე კონსულტაციებთან დაკავშირებით. მოვუწოდე პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, ქვეყნის გამაერთიანებელი დოკუმენტი.
მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამით შევინარჩუნებთ იმ ღირებულებებს, რასაც დღეს ერთად ვზეიმობთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის მოწოდებას არაობიექტურს და უსამართლოს უწოდებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომლის განცხადებით, აშშ–ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კამათისა და დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი არ არის.
„საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნების დროს აიღო პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის და ამომრჩევლის წინაშე, სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. პირველად მოხდა, რომ ჩვენი საზოგადოების ჩართულობით შემუშავდა ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები.
მიუხედავად ამ პროცესში საზოგადოების უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობისა, და იმისა, რომ პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო ცვლილებები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, გამოთქვამს სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად. თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ კონსენსუსის მიღწევა მხოლოდ პროცესის ყველა მონაწილის რეალურ მზაობაზე გადის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ გააგრძელებს რეფორმებს და დიალოგს ოპოზიციასთან, მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო. როგორც აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, ძლიერი და ლეგიტიმური მთავრობა ეფუძნება ხალხის და მათი წარმომადგენლების თანხმობას.
„ძლიერი და ლეგიტიმური მთავრობა ეფუძნება ხალხის და მათი წარმომადგენლების თანხმობას. სწორედ ამიტომ ვემხრობოდით ყოველთვის ფართო მიდგომას ნებისმიერი საკითხის მიმართ. კონსტიტუცია სახელმწიფოს უმთავრესი კანონია. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა იან კელიმ.
მას შემდეგ, რაც პრემიერმა პრეზიდენტი გააკრიტიკა, პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებისთვის განმარტება გააკეთა. მისი თქმით, რომ არ დავრჩეთ ცალკეული განცხადებების და ურთიერთმოწოდებების ამარა, უკვე საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ძალიან ბევრი გზის გამონახვა შეიძლება იმისთვის, რომ არსებული პროცესი არც სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდეს და მივიღოთ კონსესუსის საფუძველზე შექმნილი დოკუმენტი, გამართული კონსტიტუცია.
„მე მესმის, რომ პრემიერს უწევს ერთგვარი ანგარიშის გაწევა იმ გუნდისთვის, რომელი გუნდიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა კონსტიტუციაზე და პრაქტიკულად, ჩიხური სიტუაცია შექმნა. კრიტიკა ბევრი გვსმენია, მე არ ვაპირებ ახლა ამ კრიტიკაზე საუბარს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მხარეებს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს, თუმცა მმართველი გუნდი პრეზიდენტის შეთავაზებას დიალოგის დაწყების საკითხზე არ იღებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგი და შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს და აქ პრეზიდენტი არაფერ შუაშია.
„დიალოგის ფორმატის შექმნისკენ ის ხალხი მოგვიწოდებს, რომლებმაც კომისიის შექმნამდე გამოუცხადეს ბოიკოტი ახალ კონსტიტუციას და 4 თვის განმავლობაში არც ერთ სხდომაში არ მიუღიათ მონაწილეობა. რაც შეეხება დიალოგს, კონსტიტუციურ პროცესს წარმართავს და ამ ფორმატზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. პრინციპში, აქ პრეზიდენტი ისედაც არაფერ შუაშია, ეს საკითხი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოპონენტები ამ დრომდე არ აფიქსირებენ, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დიალოგში მონაწილეობის მიღების მზადყოფნას გამოთქვამს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგო რატიანი, რომლის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ფორმატი ოპოზიციური სპექტრისთვის საინტერესოა. მისივე თქმით, ჩაერთვებიან ყველა შეხვედრაში, რომელშიც საუბარი იქნება კონსენსუსზე.
„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატი არის საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ყველა ოპოზიციური ძალისთვის ეს არის საინტერესო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდი ადგას მარგინალიზაციის გზას. მან მოატყუა როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება და ქვეყანა შეიყვანა ჩიხში. ხელისუფლება იმყოფება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშ და ახლა მან უნდა იფიქროს, ამას როგორ უნდა დააღწიოს თავი“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დიალოგში ჩაერთვება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, საკონსტიტუციო პროცესი ჩიხში შევიდა და აუცილებელია ამ ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის გამოხმობა. მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არავითარი მხარდაჭერა არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ.
„საქართველოში კონსტიტუციური ძალადობა ცნობილია უკვე ევროპის ქვეყნების მთავრობებისთვის, ვენეციის კომისიისთვის. ერთადერთი გამოსავალია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს თავისი სერიოზული შეცდომები, ეს დოკუმენტი უკან გამოიხმოს, დაჯდეს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და ქართველ ხალხთან ერთად შექმნას საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთადერთი პარტია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
კონსტიტუციური პროექტის გადასინჯვაზე საუბრობს არასაპარალამენტო ოპოზიცია, რომელთა შეფასებით, საკონსტიტუციო პროექტზე ხელისუფლებამ პროცესი ჩიხში შეიყვანა და ახლა გამოსავლის მოძებნაა საჭირო. მმართველ გუნდს დიალოგის დაწყებაზე მოუწოდებს „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.
„სიტუაცია ასეთია, რომ გაღმიდან ისინი იძახიან, მზად ვართ შეხვედრებისთვის, გამოღმიდან ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენც მზად ვართ, მაგრამ შეხვედრა არ ჩანს. მზად ვართ შეხვედრისთვის, გვაქვს ჩვენი ხედვები, ჩვენი წინადადებები, ვიცით ხელისუფლების პოზიციები, მაგრამ თუ ამ სიტუაციის განმუხტვა და პოზიტიურად შეტრიალება გვინდა შედეგის თვალსაზრისით, ამას სჭირდება შეხვედრა“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.