კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ახლა, უკვე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და სჯერა, რომ თბილისი გვერდით დაუდგება. რაც შეეხება კონკურენტებს და შანსებს, კალაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ხმები კანდიდატებს შორის.
„არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, თუმცა ვიბრძოლებ და მჯერა, რომ თბილისი ჩემ გვერდით დადგება. ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ ჩემ ოჯახთან ერთად და ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, მაწუხებს მეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში მთავრობის სხდომას ბოლოჯერ დაესწრო და ენერგეტიკაში გაწეული მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრისგან მადლობაც დაიმსახურა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს.
„კახას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე.
ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კახა კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რომლის შეფასებითაც კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს თბილისი.
„კახას წარმატებები პოლიტიკაში თვალსაჩინოა. ასევე, დიდი წვლილი აქვს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში. საკმაოდ ბევრი გააკეთეს მან და მისმა გუნდმა, რომ ქვეყანა მოხვედრილიყო ევროპის ენერგოგაერთიანებაში. ძალიან მნიშვნელოვანია კახის და მისი გუნდის წვლილი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებში. დეტალებში აღარ შევალ. მე კახის მხარს ვუჭერ ძალიან. დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამით თბილისი გაიმარჯვებს. რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა კახი უკონკურენტო, კონკურენტები, ალბათ, არიან, მაგრამ მე მჯერა, რომ კახა ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის კონკურენტებს, ესენი არიან - „ნაციონალური მოძარობა“ - ზაალ უდუმაშვილი; „ევროპული საქართველო“ - ელენე ხოშტარია; დამოუკიდებელი კანდიდატი - ალეკო ელისაშვილი; მერობის კანდიდატების წარადგენას არ ჩარობენ „ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა“ და უსუფაშვილის - „შენების მოძრაობა“.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მეორობის კანდიდატების სრული შემადგენლობა დასახელებული არ არის, ოპოზიცია მთავარ კონკურენტად მმართველი გუნდის კანდიდატს, კახა კალაძეს ასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ უფრო შორს წავიდა და წამებულის მანტიას ირგებს. პარტიაში აცხადებენ, რომ კალაძე სუს-ის დახმარებით მათი კანდიდატის მიმართ პოლიტიკური დევნას აწარმოებს. მოკლედ, „ნაციონალები“ ირწმუნებიან, რომ მათი კანდიდატის დევნა მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
რაც შეეხება თავად ფაქტს, საქმე ეხება კორუფციულ სკანდალს - სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს.
როგორც გამოძიებით ირკვევა დაკავებული ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა თავისი ნაცნობის - აფხაზეთის ა-რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით გადავადებას, რის სანაცვლოდაც მოქალაქეს 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა მოთხოვნილი 1000 აშშ დოლარის ოდენობით და განუმარტა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობას, რომელშიც იქნებოდა სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ შესაბამისი მონაცემი. დაპირების თანახმად 5 ივლისს ინალიშვილმა მოქალაქეს გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ამსახველი სამხედრო-სააღრიცხვო წვევამდელის ყალბი მოწმობა, რის შემდეგაც იგი სუს-მა ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზეც. სწორედ ამ მიზეზით ჩხრეკა ჩატარდა გოჩა კოკაიას საცხოვრებელ სახლში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ დრომდე აფხაზეთის ა-რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლია. for.ge-ს ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატად წარდგენამდე კოკაია კუთვნილ შვებულებაში გავიდა და, სწორედ, ამის შემდეგ გახდა ცნობილი აფხაზეთის მთავრობისთვის, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყრიდა კენჭს.
თავად გოჩა კოკაია აღნიშნავს, რომ ხშირად შეუმჩნევია უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საკუთარ ეზოში, რასაც პოლიტიკურ დევნად აფასებს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, კოკაია ფაქტს უარყოფს.
„უშიშროების მანქანები ჩემი სახლის ეზოში ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, იმის გარდა ჩემი ნებისმიერი გადაადგილება, უშიშროების სამსახურიც მომყვებოდა უკან და იმის შემდეგ ვაკვირდები, რომ ყველანაირად ცდილობენ ჩემზე პოლიტიკური დევნა განახორციელონ“, - განაცხადა გოჩა კოკაიამ.
კოკაიას სახლში ჩხრეკა სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ სასამართლო განჩინება აგებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტის ჩვენებაზე. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„ჩხრეკა დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა. ადგილზე მისულ კანდიდატსა და ჩვენ თანაგუნდელებს მათ განუმარტეს, რომ ჩხრეკის საფუძველი ვინმე ინალიშვილის ჩვენება იყო, რომელიც კოკაიას ისეთ სამსახურეობრივ მაქინაციაში ადანაშაულებდა, რომელთანაც შეხება არ ჰქონია. გუშინ ღამე კი, ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ - ინალიშვილის ადვოკატი და ნათესავები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. უფრო მეტიც, ინალიშვილზე სუს-ის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, რათა მან კოკაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. საქმე ეხება სასამართლო განჩინებაში არსებულ უზუსტო გარემოებებს.
ეს არის კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი სუს-ის მეშვეობით ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ჩვენ კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლა მოახდინოს. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას - მსგავსი ზეწოლა და შანტაჟი არ გაგივათ!“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ოპონეტების პრეტენზია მიუღებელია „ქართული ოცნების“ დეპუტატ, დავით მათიკაშვილისთვის, რომლის განცხადებით, ეს უფრო პოლიტიკურ თამაშებს ჰგავს და არსებული სიტუაციის მორგებას ქულების დასაწერად, რაც თავშივე განწირულია და ეს უახლესმა ისტორიამაც დაასაბუთა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, ჩირქი მისცხონ და სათავისოდ გამოიყენონ არსებული მდგომარეობა, არც ერთ პარტიას არ გამოსვლია და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოუვა.
„თუკი კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, რაღაცა კითხვის ნიშნები არსებობს კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით და ტარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენ, მადლობა ღმერთს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან, არსებობს როგორც თავისუფალი სასამართლო, ასევე თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი. ამ ყველაფრის ფონზე, სასაცილოა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები, რომ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება კონკრეტული ფაქტების გამოყენება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით მათიკაშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია შეფასებით, ამ შემთხვევაში კალაძის შანსები ძალიან კრიზისულად შეფასება, არადეკვატურია. მისივე თქმით, კალაძის შანსები ძალიან მაღალია, შესაბამისად, პარტიისთვის პოლიტიკური დახმარება, სხვების შევიწროების ხარჯზე, ძალიან არადამაჯერებელია.
„პროპაგანდის ტექნოლოგიაში არსებობს ასეთი მეთოდი - ამომრჩევლებზე კარაგად მოქმედებს კერები, რომელიც იწვევს ემპათიას. ანუ, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი შევიწროვებულად გამოჩნდება, ამომრჩეველს უფრო მეტი სოლიდარობით აღავსებს-ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ჩვენთან ძალიან ხშირად პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ შევიწროვებულის როლში გამოვიდნენ და ამომრჩეველს მოუწოდონ მხარდაჭერისკენ.
ეს მეთოდი გამახსენა ამ კონკრეტულმა შემთხვევამ. ხელისუფლებამ შეიძლება ნებისმიერი ოპონენტის სისუსტე გამოიყენოს, ეს სრულიად გასაგებია, ეთიკური არ არის, მაგრამ ოპონენტები არ უნდა იყვნენ კრიმინალთან ასოცირებულნი. ამ შემთხვევაში, როგორც საკრებულოს კანდიდატის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ, რამდენად ეთიკურად მოქმედებს ხელისუფლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდიამ.