შეიცავს თუ არა ტყვიას ქართული სანელებლები?

შეიცავს თუ არა ტყვიას ქართული სანელებლები?

„ტყვია ქართულ სანელებლებში“, - ასეთი შინაარსის ბრალდება გაისმის ამერიკაში ჩატანილი ქართული პროდუქციის მიმართ. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის კაროლინა როდრიგესის თქმით, ამერიკელები უკვე მრავალი წელია, ამოწმებენ ქართული სანელებლების უამრავ ნიმუშს და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით პოულობენ განსკუთრებულად მაღალი დონის ტყვიის შემცველობას. სულ ბოლოს ამ ტიპის კვლევა ამერიკელებმა 2017 წელს ჩაატარეს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კაროლინა როდრიგესი ირწმუნება, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა იმპორტირებულ ქართულ პროდუქციაში ტოქსიკური ლითონის მაღალი შემცველობის გამო არაერთხელ მიმართა საქართველოს გენერალურ საკონსულოს ნიუ-იორკში, მათ შორის, 2011-2015 წლებშიც, რათა მათ ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ და ამ სახიფათო ინფორმაციის თაობაზე ეცნობებინათ სუნელების სავარაუდო მომხმარებლებისთვის, ასევე, საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის პროდუქციის გამოსწორების მიზნით.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ნორმით, ტყვიის შემცველობა საკვებ პროდუქტში, კერძოდ, ტკბილეულში, არ უნდა აღემატებოდეს 0,1ppm-ს. ამ დროს კი საქართველოდან ჩატანილი შეზავებული სუნელების ნიმუშებში ტყვიის შემცველობა ზოგჯერ ძალზე მაღალია და 27 000 ppm-ს აღწევს.

კაროლინა როდრიგესის თქმით, ნიუ-იორკში დღემდე ფიქსირდება ტყვიით მოწამვლის შემთხვევები საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გაგზავნილ სუნელთა გამო.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ტყვიას, ამ მძიმე ლითონს და კანცეროგენურ, ანუ კიბოს პოტენციურად გამომწვევ ნივთიერებას, ადამიანის ყველა ორგანოს დაზიანება შეუძლია, მაშინ გამოდის, რომ კაროლინა როდრიგესის ბრალდება სერიოზულია. ტყვია აღწევს თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელში, ძვლებში, კბილებში, ორსულის ორგანიზმში ნაყოფს რისკის ქვეშ აყენებს და 6 წლამდე ბავშვისთვის უაღრესად საშიშია. ტყვიით მოწამვლის პროცესი თავდაპირველად შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ტყვია არის ნიადაგში, წყალში, დაბინძურებულ ჰაერში, საკვებში, კოსმეტიკურ საშუალებებში, ინდუსტიულ საღებავებში და სხვა.

შეიცავს თუ არა ტყვიას ქართული სანელებლები?

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტყვიის შემცველი ქართული სანელებლების შესახებ ინფორმაცია ორი-სამი წლის წინანდელია და, უბრალოდ, კვლავაც ხდება ამ ინფორმაციის განახლება, რაც ვიღაცას ზედმეტი აჟიოტაჟისთვის სჭირდება.

ამირან შენგელიას თქმით, ქართულ სანელებლებში ტყვია რომ აღმოჩნდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სანელებლები ან ტყვიის კონტეინერში იყო შენახული, ან ისეთ ადგილას მოყვანილი მწვანილის სახით, სადაც მიწა დაბინძურებულია.

„მოგეხსენებათ, სუნელები მწვანილისგან მზადდება. ჩვენი მწვანილები ნატურალურია, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს სასუქები. სანამ უცხოელები აქაურ სასუქებს წაიღებენ, ათას შემოწმებას გადიან. მართალია, ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ტყვიისა და მძიმე მეტალების შემცველობას ამოწმებს, მაგრამ ამერიკელებმა ნიმუშები რომ წაიღეს, ჯერ შეამოწმეს და ამის შემდეგ იყიდეს სუნელები. უცხოელები სკრუპულოზურად უდგებიან ასეთ საკითხებს. ეტიკეტზე სადმე გრამატიკული შეცდომა თუ იპოვეს, ან აღმოაჩინეს, რომ ანბანის რომელიმე ასო დიდი ნიშნით არ იწყება, იმ პროდუქციას საერთოდ არ იყიდიან და ასეთ საეჭვო პროდუქტებს წაიღებდნენ საქართველოდან?! ჩვენს ნიადაგში მოყვანილი მწვანილები და მისგან მიღებული სანელებლები უსაფრთხოა. უბრალოდ, ეს ბრალდება ჯერ კიდევ 2015 წელს გაისმა, თითქოს ჩვენს სუნელებში იყო ტყვია. შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტებმა ეს თემა კვლავაც ამოქექეს. ეს საკითხი გადავამოწმე და სურსათის უვნებლობასაც არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ასე რომ, ეს ძველი ინფორმაციაა“, - აღნიშნავს ამირან შენგელია.

საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკული მხარის დასკვნა დილეტანტურია, რადგან ფუნდამენტალურად უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული და მათ უნდა დაეწერათ, რომ კონკრეტულად ამა და ამ ნიმუშში ამდენი პროცენტი იყო ტყვიის შემცველობა. მით უმეტეს, რომ ქართულ პროდუქციას უცხოელი არ იყიდდა სერთიფიკატის გარეშე. უფრო მეტიც, უცხოელები ჩვენს პროდუქციას რომ ყიდულობენ, ჯერ იწყებენ ნიადაგის, შემდეგ კი მზა პროდუქციის შემოწმებას. ამიტომ ამერიკელებს უნდა ეთქვათ, მოჰყვებოდა თუ არა ამ სუნელებს შესაბამისობის სერთიფიკატი?!

„ერთი რამ მაინტერესებს, აქვს თუ არ ამ პროდუქციას რაიმე საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც აკრედიტირებულია და ყველგან მუშაობს?! ქართველ მწარმოებლებს ვურჩევდი, ამ სანელებლებს გაუკეთონ შვეიცარიული კომპანიის სერთიფიკატი, რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარება. მისი ფილიალები არის ამერიკაში, მოსკოვსა და საქართველოში, კერძოდ, ბათუმში. ადრე თბილისშიც იყო, მაგრამ დღეს ბათუმშია. ძნელია იმის თქმა, ნამდვილად აღმოჩნდა თუ არა ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობა. შეიძლება, ზოგიერთ ადგილებში ჩვენი ნიადაგი დასვრილი ყოფილიყო. თავის დროზე ტყვიითა და მძიმე მეტალებით იყო დასვრილი ნიადაგები, სადაც სპეციალური დანადგარებიდან ისროდნენ, რათა წვიმა გამოეწვიათ და ჭექა-ქუხილი გაენეიტრალებინათ. ამიტომ მწვანილის ნიადაგები შესამოწმებელია. თუ არის იქ მძიმე მეტალების, პესტიციდების ნარჩენები, მაშინ ეს მზა პროდუქციაზეც აისახება. ამიტომ შესწავლის გარეშე არ შეიძლება კონკრეტულად იმის თქმა, ნამდვილად აღმოჩნდა თუ არა ჩვენს სუნელებში ტყვია“,-აცხადებს თემურ ვეკუა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ყველაფრის შემოწმების საშუალებას იძლევა, რითაც გამოირიცხება, პროდუქციის მიღება ხომ არ ხდება ისეთი ადგილებიდან, სადაც არის გატკეცილი. მით უმეტეს, რომ მანქანის გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, გატკეცილიდან 60 მეტრში კი ყველაფერი დასვრილია ტყვიით.